თეიმურაზ II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეიმურაზ II - (1700–1762), თეიმურაზ ბაგრატიონი. დაიბადა თბილისში, მამამისი იყო ქართლის მეფე ერეკლე I. იყო კახეთის გამგებელი 1709-1715 წლებში, მეფე – 1734-1744 წლებში, ქართლის მეფე – 1744-1762 წლებში.

მოქნილი დიპლომატიით შეძლო ქართლის და კახეთის შემომტკიცება, კახეთში თავისი ვაჟი ერეკლე II გაამეფა, თვითონ კი ქართლი დაიჭირა და ამ გზით ქართლ-კახეთის გაერთიანებას ჩაუყარა საფუძველი.

ნადირ-შაჰის მკვლელობის შემდეგ (1747) ამიერკავკასიაში დაწყებულ ომებში თეიმურაზ II და ერეკლე II მეტწილად გამარჯვებულები გამოდიოდნენ, რისი შედეგიც იყო ქართლ-კახეთის პოლიტიკური გავლენის გავრცელება განჯის, ერევნისა და ნახჭევანის სახანოებზე (დროებით).

საგარეო პოლიტიკაში თეიმურაზ II რუსეთის ორიენტაციის მომხრე იყო. 1760 წელს იგი დახმარების სათხოვნელად გაემგზავრა რუსეთში, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და პეტერბურგში გარდაიცვალა.

თეიმურაზ II ცნობილია, როგორც პოეტი და მთარგმნელი. თეიმურაზ II ე. წ. „აღორძინების ხანის” ქართული მწერლობის წარმომადგენელია. მისი თხზულებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია პოემა „დღისა და ღამის გაბაასება“, ანუ „სარკე თქმულთა“, რომელშიც ავტორი გვიხატავს საქართველოს ყოფაცხოვრების ამსახველ სურათებს; მათ შორისაა ცნობები ქართული სამხედრო ორგანიზაციისა და სამხედრო ხელოვნების შესახებ, რაც თხზულებას მნიშვნელოვან სამხედრო-საისტორიო წყაროდ აქცევს.

ისტორიული რეალიებია გადმოცემული თეიმურაზ II-ის ავტობიოგრაფიული ხასიათის ლექსში „თავგადასავალი”. მისი ლირიული ლექსების უმრავლესობაში გამოხატულია ქრისტიანული რელიგიური განწყობილება. პოეტის ლიტერატურული მრწამსის გასათვალისწინებლად მნიშვნელოვანია „გაბაასება რუსთველთან” და სხვა. თეიმურაზ II-ს ეკუთვნის იმხანად პოპულარულ თემაზე დაწერილი „ხილთა ქება”, თავშესაქცევი და ფორმალისტური ხასიათის ანბანთქებები, კიდურწერილობა და ა. შ. მან სპარსულიდან თარგმნა იგავ-არაკების კრებული „თიმსარიანი”. დაკრძალულია ასტრახანში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები