იაკობი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იაკობი - ძველი აღთქმის პერსონაჟი ისრაელიანთა მამამთავარი. ისააკისა და რებეკას შვილი, ესავის უმცროსი ძმა, ტყუპის ცალი.

სარჩევი

პირმშოორბა და მამის კურთხევა

ისააკსა და რებეკას შეეძინათ ტყუპი ვაჟები ესავი - ედომელთა მამამთავარი და იაკობი - ისრაელიანთა მამამთავარი.

ესავმა პირველად გამოაღო საშოს კარი. იგი ბანჯგვლიანი იყო, იაკობი - სრული კაცი. ესავი მონადირე გამოვიდა, ველების კაცი, იაკობი - კარვებში მცხოვრები (დაბ. 25:27). ისინი, ცხადია, სხვადასხვა სტილის ადამიანები იყვნენ. მემკვიდრეობა, ტრადიციისამებრ, პირმშოზე, ესავზე, უნდა გადასულიყო. რაც პროგრესისა და ცივილიზაციის გზიდან გადახვევა იქნებოდა, რადგან კულტურა ტყეებსა და ნადირთა შორის, სადაც, ფაქტობრივად ბინა დაედო ესავს, ვერ შეიქმნება. აქ კი თითქოს განგების ხელი ჩაერია... იაკობმა ესავს პირმშოებაც დასტყუა და მამის კურთხევაც (დაბ. 25:29-34; 27).

კურთხევა ასეთი იყო: „მოგცეს ღმერთმა ცვარი ცისა, სინოყივრე მიწისა, უხვი ხორბალი და ღვინო; გემსახურონ ხალხები და თაყვანი გცენ ტომებმა! გახდი ბატონი შენი ძმებისა და თაყვანი გცენ დედაშენის შვილებმა. წყეულიმც იყოს მაწყევარი შენი, კურთხეულ იყოს მაკურთხეველი შენი“.

იაკობის სიზმარი

იაკობმა თავისი მოხერხებით მიიღო პირმშოება და მამის კურთხევაც. ამის შემდეგ გაექცა ესავის რისხვას. გაემართა მესოპოტამიაში, ხარანის სანახებში, დედის ნათესავებთან. გზაზე დაუღამდა, დაიდო ლოდი სასთუმლად და დაწვა ერთ ადგილს - „ესიზმრა: მიწაზე კიბე დგას და თავით ცას სწვდება, უფლის ანგელოზები ადი-ჩამოდიან კიბეზე. აჰა, უფალი დგას კიბეზე და ეუბნება: მე ვარ უფალი ღმერთი აბრაამისა, მამაშენისა და ღმერთი ისაკისა. ეს მიწა, რომელზედაც წევხარ, შენთვის და შენი შთამომავლობისათვის მომიცია. შენი შთამომავლობა ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იქნება და განივრცობი დასავლეთისაკენ, აღმოსავლეთისაკენ, ჩრდილოეთისაკენ და სამხრეთისაკენ, შენითა და შენი შთამომავლობით იკურთხება მიწიერთა მთელი მოდგმა. აჰა, შენთანა ვარ და ყველგან დაგიფარავ, სადაც კი წახვალ, კვლავ დაგაბრუნებ ამ მიწაზე. არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ ყველაფერს რაც გითხარი“ (დაბ. 28, 12-15).

ისრაელის სახლი

ხარრანში იაკობს შერთეს ლია და რახილი, მათთან და აგრეთვე მათ მხევლებთან იაკობს ეყოლა თორმეტი ვაჟი და ერთი ქალი, რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, ზაბულონი, ისაქარი, დანი, გადი, აშერი, ნაფთალი, იოსები, ბენიამინი. მათ წარმოშვეს ებრაელთა თორმეტი ტომი, რომელიც გაერთიანდა ერთი ერის განუყოფელ და თანაც დანაწილებულ სხეულად. ასე შეიქმნა „ისრაელის სახლი“ თორმეტი ძის, თორმეტი გვარის, თორმეტი შტოს შემადგენლობით. მათგან თითოეულს ინდივიდუალური სახე, საკუთარი ბედი და მისია განესაზღვრა.

თორმეტივე თავთავიანთი კურთხევით აკურთხა მამამ ისრაელიანთა წინაპარმა (დაბ. 49:1-28). მამის კურთხევამ ფრთა შეისხა: იაკობის სახლი ერად იქცა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი, რომ ეს მოხდა არა აღთქმულ მიწაზე, არამედ მონობის ქვეყანაში - ეგვიპტეში.

ღმერთთან მებრძოლი იაკობი

იაკობმა ცხოვრების დიდი ნაწილი მსხემობას, მდგმურობასა და სხვის სამსახურში გაატარა, მაგრამ მამისა და პაპის კურთხევა უკაფავდა განსაცდელით სავსე ბილიკებს.

...და, აჰა, „მარტო დარჩა იაკობი და ერკინებოდა მას კაცი ვინმე გათენებამდე. როცა შეატყო, რომ ვერ ერეოდა, შეეხო იგი მის თეძოს სახსარს; და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი მასთან შერკინებისას. უთხრა: გამიშვი, უკვე თენდება. უთხრა: არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ. უთხრა: რა გქვია? მიუგო: იაკობი. უთხრა: ამიერიდან აღარ ითქვას შენს სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთსა და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე. ჰკითხა იაკობმა: მითხარი შენი სახელი. უთხრა: რისთვის მეკითხები სახელს? და იქვე აკურთხა. უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად ფენუელი, რადგან თქვა: პირისპირ ვიხილე ღმერთი და გადავრჩი“ (დაბ. 32:24-30).

„ღმერთთან შერკინების“ ეპიზოდში გაცხადებულია ბიბლიური კონცეფცია ღვთისა და ადამიანის ურთიერთობის შესახებ. უზენაესი თითქოს „თავს უყადრებს“ ადამიანს და შერკინების უფლებასაც აძლევს. ამაზე მიუთითებს სახელი, - ისრაელი (კურთხევასთან ერთად რომ ებოძა იაკობს), რაც ნიშნავს - ღმერთთან მებრძოლი. ეს სახელი იაკობის შთამომავლობაზეც განივრცო, იმ შთამომავლობაზე, რომელმაც მრავალი წლისა და ჟამის შემდეგ არამც თუ ბრძოლა გამოუცხადა განკაცებულ ღმერთს, არამედ ჯვარს აცვა იგი. ამდენად, „ღმერთთან შერკინების“ ეპიზოდი სამომავლო ამბავზეც მეტყველებს.

ეგვიპტეში

იაკობის ძემ - იოსებმა - ეგვიპტეში გადიდკაცების შემდგომ ქვეყნად ჩამოვარდნილი შიმშილობის გამო მამამისი ოჯახით მიიწვია მაღძარ ეგვიპტეში: „უთხრა ღმერთმა ისრაელს ღამეულ ხილვაში: იაკობ, იაკობ! მიუგო: აქა ვარ. უთხრა: მე ვარ ღმერთი, ღმერთი მამაშენისა. ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად. მე ჩაგყვები ეგვიპტეში, მევე ამოგიყვან იქიდან და იოსები დაგიხუჭავს თვალებს საკუთარი ხელით“ (დაბ. 46, 2-3).

ეგვიპტეში ჩასვლის შემდგომ იაკობის ოჯახი დასახლდა მდიდარ მხარეში, რამდენიმე ასეული წლის შემდგომ ის იქცა დიდ ხალხად, მაგრამ დროთა ვითარებაში ეგვიპტელთა მონები გახდნენ - „გამოხდა მრავალი ხანი და მოკვდა ეგვიპტის მეფე. აკვნესდნენ მძიმე შრომისაგან ისრაელიანები, გაჰკიოდნენ და მისწვდა მათი ღაღადი ღმერთს. მოესმა ღმერთს მათი კვნესა და გაიხსენა ღმერთმა აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან დადებული აღთქმა. მოხედა ღმერთმა ისრაელიანებს და იცნო ღმერთმა ისინი“ (გამ. 1. 23-25).



წყარო

პაპუაშვილი, ნუგზარ. მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი]. - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002. ეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე. ქართველთა წინაპრების ბიბლიური ისტორია ადამიდან იესომდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები