ივანიცკი რაფიელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:29, 2 ივლისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაფიელ ივანიცკი

ივანიცკი (ინგილო) რაფიელ ალექსანდრეს ძე - (23.VII. 1887, სოფელი კახი, ზაქათალის ოლქი - 27.VI.1966, პარიზი) - იურისტი, მთარგმნელი, სასულიერო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

თავდაპირველი განათლება თელავის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ დაამთავრა თბილისის გიმნაზია და მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სამშობლოში დაბრუნებული, მუშაობდა პედაგოგად და იურისტად, ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას. 1916 წლიდან ქართულ პერიოდულ პრესაში იბეჭდება მისი წერილები „ინგილოს“ ფსევდონიმით. პუბლიკაციები უმთავრესად მისი მშობლიური კუთხის - საინგილოსა და ქართველ ინგილოთა ცხოვრების ავ-კარგს შეეხებოდა.

რ. ივანიცკიმ 1917 წელს აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში, იყო საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს წევრი და მდივანი. ედპ-ის დამფუძნებელ ყრილობაზე არჩეულ იქნა პრეზიდიუმის წევრად და ყრილობის ერთ-ერთ მდივნად. საინგილოს სახელით მიესალმა ყრილობას და აღნიშნა: „საინგილო ჟამთა ვითარების გამო მოწყვეტილი იყო დედა ქვეყანას - საქართველოს, მაგრამ ქართული სული და გრძნობა იქ არ მომკვდარა. აღდგენილმა საქართველომ უნდა შემოიერთოს მრავალტანჯული კუთხეც. ამას მოელის საინგილო“.

იგი აირჩიეს პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად, იყო ედპ-ის მთავარი ბეჭდური ორგანოს, გაზეთ „საქართველოს“ რედაქტორის თანაშემწე და გაზეთის პოლიტიკური განყოფილების გამგე. ედპ-ის სიით შედიოდა საქართველოს ინტერპარტიულ საბჭოში. 1917 წლის ნოემბერში მონაწილეობდა საქართველოს პირველიეროვნული ყრილობის მუშაობაში, საბჭოს გაფართოებისას, 1918 წლის მაისში, აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, როგორც ზაქათალის ოლქის (საინგილოს) წარმომადგენელი. არჩეული იყო საბჭოს იურიდიული კომისიის წევრად და მდივნად; მისი ინიციატივით საბჭოში შეიქმნა სარწმუნოებრივი კომისია, იყო ამ კომისიის წევრი.

რაფიელ ინგილო გაზეთ „საქართველოში“ ბევრს წერდა ახლად შექმნილი ქართული სახელმწიფოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, მიუთითებდა ამა თუ იმ მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტის გზებზე. აღელვებდა საინგილოს ბედი, რომლის მომავალი მხოლოდ საქართველოს ფარგლებში წარმოედგინა. მისი პუბლიცისტური წერილები გამოირჩეოდა პირდაპირობით, აზრის სიცხადით, მძაფრი პოლემიკური ხასიათით.

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციას რ. ინგილო უარყოფითად შეხვდა, დაგმო საინგილოს აზერბაიჯანისათვის გადაცემა და საქართველოს ეკლესიას ზაქათალის ოლქის მართლმადიდებელ მოსახლეობაზე ზრუნვისაკენ მოუწოდა. 1922 წლის თებერვალში იგი დააპატიმრეს, მაგრამ კათალიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას შუამდგომლობით, ციხიდან გაათავისუფლეს. იმავე წელს, სხვა 62 პოლიტიკურ მოღვაწესთან ერთად, საქართველოდან გაასახლეს. თავდაპირველად ცხოვრობდა გერმანიაში, შემდეგ - ავსტრიაში. 1924-1948 წლებში იტალიაში - რომში გაატარა, შემდეგ კი საფრანგეთსა და ესპანეთში გადაინაცვლა. თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ გამოცემებთან „დამოუკიდებელი საქართველო“ და „სამშობლო“.

ერთა ლიგის ეროვნებათა საბჭოს თავმჯდომარისა და რომის პაპისთვის მიწერილ წერილებში ამხელდა საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოში განხორციელებულ რეპრესიებს, მათ შორის, კათალიკოს-პატრიარქ ამბროსის დევნას. ედპ-ის გათიშვის შემდეგ, რ. გაბაშვილთან, შ. ამირეჯიბთან და დ. ვაჩნაძესთან ერთად, შედიოდა გაზეთ „მამულიშვილის“ ირგვლივ შემოკრებილ ჯგუფში, რომელიც 1929 წელს ა. ასათიანის ჯგუფთან გაერთიანდა. საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭომ მას მიანდო თავისი წარმომადგენლობა რომში, პაპის უწმინდეს კარზე. 1937 წელს იტალიაში წაიკითხა ლექციების ციკლი საქართველოსა და რუსთაველზე. 1942 იტალიის სამეფო კარის შეკვეთით თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ იტალიურ ენაზე. იმავე წელს იტალიურ ენაზე გამოსცა ნაშრომი „საქართველო და მისი მგოსანი შოთა რუსთაველი“ („La Georgia e il suo bardo Scioto Rustaveli“), რომელსაც თან ახლდა „ვეფხისტყაოსნის“ მისივე შემოკლებული თარგმანი.

1948 წელს პარიზიდან მიმართა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძესდა მღვდლად ხელდასხმა ითხოვა. საეკლესიო კანონების თანახმად, საქართველოს ეკლესიის მეთაურს ამის უფლება არ გააჩნდა. რ. ინგილო ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ეკურთხა და მადრიდის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის მართლმადიდებელი ტაძრის წინამძღვრად გამწესდა. ამ ეკლესიაში, რომელიც ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელისა და სხვა ქართველი ემიგრანტების ძალისხმევით დაარსდა, იგი ღვთისმსახურებას ქართულ, რუსულ და ბერძნულ ენებზე ასრულებდა. მალე აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. რ. ივანიცკი-ინგილო თანამშრომლობდა ესპანეთის რადიოსა და რადიო „თავისუფლებასთან“ (მიუნხენი). ცოლ-შვილი არ ჰყოლია. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

ოთარ ჯანელიძე

ლიტერატურა

  • ე. ბუბულაშვილი, რაფიელ ივანიცკი-ინგილოს ბიოგრაფიისათვის, რელიგიის ისტორიის;
  • საკითხები, ტ. I, თბ., 2010;
  • გ. შარაძე, „ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია“, თბ., 2003;
  • დ. ჭუმბურიძე, ისტორიული პორტრეტები: დასაწყისი XX საუკუნისა, თბ., 2008;
  • ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები