იმერეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იმერეთი - დასავლეთ საქართველოს ყველაზე დიდი ისტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეული. იმერეთი საქართველოს ისტორიაში დიდი პოლიტიკური და გეოგრაფიული ერთეულიც იყო (მისი ფართობი 6.442 კვ. კმ.-ს აჭარბებს). აღმოსავლეთ საქართველო თუ ქართულ წყაროებში ამერეთად (ლიხის ქედის ამიერ მხარედ) გაიაზრებოდა და იწოდებოდა, დასავლეთ საქართველოს (ლიხის ქედის იმიერ მხარეს) იმერეთს უწოდებდნენ, რომელშიც საკუთრივ იმერეთის ეთნოგრაფიული რეგიონის გარდა დასავლეთ საქართველოს სხვა ეთნოგრაფიული რეგიონებიც იგულისხმება. ახლაც „იმერელი” აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებთათვის დასავლეთ საქართველოს ყველა მკვიდრია. ამავე დროს, ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ, დასავლეთ საქართველო იმერეთის სამეფოში შევიდა, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ცალკეული სამთავროსაგან შედგებოდა.

სარჩევი

სახელწოდება

ისტორიოგრაფიაში არის მოსაზრება, რომ იმერეთი უნდა მომდინარეობდეს ადრე შუა საუკუნეების ქართლის ანტიკური სახელწოდებიდან „იბერია”. ასეთი ფონეტიკური გადასვლა „იბერისა” „იმერში” არც ლინგვისტური თვალსაზრისითაა ლოგიკური და ისტორიული თვალსაზრისითაც ნაკლებ სარწმუნოა. მხოლოდ შემთხვევითობასთან გვაქვს საქმე. დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები ქართველების აღსანიშნავად ქართველი ისტორიკოსები ხშირად „იმერნი და ამერნი”-ს ხმარობდნენ. მაგალითად, ვახუშტი ბაგრატიონი წერდა: „...ძლიერისა ბრძოლითა მოსწყდნენ მრავალნი იმერნი და ამერნი”. ასე რომ, „იმერეთი” მომდინარეობს სიტყვიდან „იმიერი” (შემოკლებით – იმერ), რაც ქართული საისტორიო წყაროებით გულისხმობს იქითას, გაღმას, გადაღმას, მიღმას. იმერეთი კი, როგორც ქვეყნის ერთი ნაწილის აღმნიშვნელი სიტყვა, იქითა (პირიქითა), გადაღმა, სახელდობრ, ლიხის მთის (ქართველთა სამკვიდროს გამყოფი მიჯნის) გადაღმა მოქცეულ მხარეს – დასავლეთ საქართველოს ეწოდებოდა, ამიერ ანუ აღმოსავლეთ საქართველოსაგან განსხვავებით.

გეოგრაფიული მედებარეობა

ეთნოგრაფიულ იმერეთს აღმოსავლეთიდან ლიხის მთა ქართლისაგან გამოჰყოფდა. სამხრეთით იმერეთს სამცხე ესაზღვრება, ჩრდილოეთით – რაჭა და ლეჩხუმი, დასავლეთით – სამეგრელო, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით – გურია.

იმერეთი ორ ნაწილად – ზემო იმერეთად და ქვემო იმერეთად იყოფა. ზემო იმერეთი ქართლ-იმერეთის ქედიდან იწყება და აღწევს იმ ადგილამდე, სადაც მდინარეები ყვირილა და ხანისწყალი მდ. რიონს ერთვის. ქვემო იმერეთი მოიცავს ტერიტორიას მდ. ყვირილას შესართავიდან ცხენისწყლამდე. ქვემო იმერეთი კოლხეთის დაბლობზეა გაშლილი. ის მეტ-ნაკლებად პლატოა, ვაკეა, ხოლო ზემო იმერეთი მთაგორიანი მხარეა. გარდა ზემო და ქვემო იმერეთისა, იმერეთში გამოიყოფა აგრეთვე ოკრიბა, რომელიც ძირითადად დღევანდელი ტყიბულის რაიონია. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით იმერეთი მოიცავს აგრეთვე წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხარაგაულის, საჩხერისა და ჭიათურის რაიონებს. ოთხი უკანასკნელი რაიონი ზემო იმერეთში შედის. იმერეთის ცენტრია ქალაქი ქუთაისი. XVIII-XIX სს. მიჯნაზე იმერეთში 120 ათასი მცხოვრები იყო.

ზემო იმერეთი

„ზემო იმერეთი” ფეოდალური ხანის გვიან საუკუნეებში გაჩენილი ტერმინია. უფრო ადრე იმერეთის აღმოსავლეთი მხარის სახელწოდება არგვეთი (მარგვეთი) იყო. ლეონტი მროველის ცნობით, არგვეთი (მარგვეთი) მოიცავდა ტერიტორიას რაჭის მთებიდან ფერსათის მთებამდე და ლიხის ქედიდან რიონამდე. თავდაპირველად არგვეთში შედიოდა ოკრიბაც. არგვეთი საქართველოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეული იყო. არგვეთს ერისთავი მართავდა. ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით, არგვეთში ქართლის პირველ მეფეს ფარნავაზს დაუსვამს ერისთავი. ვახტანგ გორგასლის დროს (V საუკუნე) არგვეთი თაკუერთან (შემდეგდროინდელი რაჭა და ლეჩხუმი) ერთად ერთ საერისთავოს შეადგენდა. როგორც ჩანს, თავდაპირველად, ფარნავაზ მეფის დროს, „მარგვი” მთლიანად დღევანდელი იმერეთის სახელწოდებაც იყო: „ერთი გაგზავნა მარგვს ერისთავად, და მისცა მცირით მთითგან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღურდამდე ეგრისისა, რიონს ზემოთ“. შემდეგ თანდათან „არგვეთი” დღევანდელი იმერეთის აღმოსავლეთ ნაწილს ეწოდა. ხოლო დასავლეთ ნაწილს კი „სამოქალაქო”. დავით აღმაშენებლის დროს „დღესა ივანობისასა ასისფორნი და კლარჯეთი ზღვის პირამდის, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგუეთი, სამოქალაქო და ჭყონდიდი აღივსო თურქითა” . რაც შეეხება „ოკრიბას”, ის პირველად XI საუკუნის საბუთში იხსენიება ; ხოლო „იმერეთს” პირველად იხსენიებს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი: „მას ჟამსა მეფე გარდავიდა იმერეთს”. მაგრამ აქ ეთნოგრაფიული იმერეთი იგულისხმება, თუ მთელი დასავლეთი საქართველო, გაუგებარია.

ეთნოგრაფიულად ზემო იმერეთი განსხვავდებოდა ქვემო იმერეთისაგან, რასაც, უპირველეს ყოვლისა, რელიეფი, ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემო და კლიმატი განსაზღვრავდა. პირველი უფრო მშრალია და ხასიათდება გორებისა და ხეობების სიხშირით. ამდენად, ზემო იმერეთში მეტწილად ხევური დასახლებაა. ქვემო იმერეთში დასახლება უფრო გაშლილია, რადგან ის გაშლილ ვაკეზე მდებარეობს და ეზო-კარმიდამო დიდია.

ლანდშაფტი

იმერეთის ლანდშაფტი (უსწორ-მასწორო რელიეფი და ტყე), ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდიდა ქართლიდან და სამცხიდან მტრის შესვლას. ივანე ჯავახიშვილიც აღნიშნავდა, რომ იმერეთის მოსახლეობის მდგომარეობა სახარბიელო იყო და რომ ტყით დაბურვილობა ქართველებს მტერთან ბრძოლას უადვილებდა.

კლიმატი

ზემო იმერეთი განსხვავდებოდა ქვემო იმერეთისაგან, რომელიც კოლხეთის დაბლობის გაგრძელებას წარმოადგენს. ქვემო იმერეთში მეტწილად ზამთარშიც და ზაფხულშიც უფრო თბილა, ვიდრე ზემო იმერეთში, სადაც ზაფხული ზომიერეად გრილია, ხოლო ზამთარი შედარებით ყინვიანი. თუ ქვემო იმერეთსა და, საერთოდ, კოლხეთის ვაკეზე გაბატონებულ მცენარეებს – დაფნა, ლეღვი, ხურმა, მანდარინი, ლიმონი, ჩაი და სხვ. წარმოადგენს, ზემო იმერეთი მეტწილად ყოველივე ამას მოკლებულია.

მეურნეობა

იმერეთის პლატოზე მარცვლეული კულტურები ინტენსიურად მოჰყავდათ, მაგრამ აქ ვაზი ნაკლებად იყო გავრცელებული, რომელიც თავის განვითარების მაღალ დონეს მაღლობ ადგილებში აღწევდა (ვანი, ბაღდადი, საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული).

არგვეთში (ზემო იმერეთში) ძირითადად მევენახეობა და მესაქონლეობა იყო გავრცელებული. იმერეთის პლატოზე ძირითადად მარცვლეული კულტურების მოყვანით იყვნენ დაკავებულნი. როგორც ვახუშტი ბაგრატიონი მიუთითებს, იმერეთში მარცვლეულის ყველა ჯიში ითესებოდა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მოყავდათ ღომეული: „სთესენ ღომსა ფრიად და გამოიზრდებიან მით”-ო. ქართველი მეცნიერი სიმინდს საერთოდ არ ასახელებს. ეს კულტურა მხოლოდ მაშინ იწყებდა შემოსვლას. ვაზის კულტურა მაღლობ ადგილებში კარგად იყო განვითარებული (ვანი, ბაღდათი, ჭიათურა, საჩხერე, ხარაგაული). იმერეთის ჩრდილო-დასავლეთ რაიონებში გვიანობამდე შემოინახა ხორბლის ძველი ჯიშებიც; აქ ეთნოლოგებს დადასტურებული აქვთ მახა, იფქლი, ზანდური კენტეხილა. ამ უკანასკნელს, თურმე, ჯოხებით კრეფდნენ.

მართალია, იმერეთში მესაქონლეობა მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგი იყო და ძროხა იმ რაოდენობით ჰყავდათ, რაც უზრუნველყოფდა ოჯახს რძის პროდუქტებით, მაგრამ ამ ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისათვის არც ცხვარი და თხა იყო უცხო. „იმერული ცხვარი” უდუმო, კუდიანი იყო, რომელიც კარგი გამრავლების უნარით, ნაზი მატყლითა და ხარისხიანი ხორცით გამოირჩეოდა. ამას 1578 წლის „ქუთაისის საყდრის გამოსავალი დავთარიც” ადასტურებს.

იმერეთის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგი მევენახეობა-მეღვინეობა იყო. აქაურ გლეხებს საუკუნეების განმავლობაში ვაზის 75-ზე მეტი ჯიში ჰქონდათ გამოყვანილი. მევენახეობის ფორმები აქ ნაირგვარობით ხასიათდებოდა. იმერეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში ძველთაგანვე გავრცელებული იყო როგორც ბუნებრივ, ისე ხელოვნურ საყრდენზე გამართული ვენახი. გურიასა და სამეგრელოში თუ მხოლოდ მაღლარი ვენახი იყო გავრცელებული, იმერეთში მაღლარს დაბლარი ენაცვლებოდა. მაღლარი ზოგან ორნაირი იყო, ვაზი ხეზეც ჰქონდათ აშვებული და მაღალ ბოძებზეც.

ფრანგი ბარონი დე ბაი იმერეთში მიღებული შთაბეჭდილებების შემდეგ წერდა: „ვაზი ამ ქვეყანაში ყველა მცენარეთა დედოფალია, ხოლო ღვინო ადამიანისათვის ნამდვილ კულტს წარმოადგენს”.

წარმოება

იმერლები, რაჭველებთან ერთად, დახელოვნებული ყოფილან სავარცხლების დამზადებით. მოხარშული ცხოველის რქას ნაწილებად ჭრიდნენ და შემდეგ დანის, ჭოპოსნისა და ხერხის საშუალებით სავარცხელს ამზადებდნენ. იმერეთში სავარცხლები მზადდებოდა გასაყიდადაც და გადასაცვლელადაც. იმერლების ამ სფეროში დაოსტატებაზე მიუთითებს ერთი ხალხური ლექსი, რომელიც ეთნოლოგ ჯუანშერ სონღულაშვილს ჩაუწერია: „გეტყობა იმერელი ხარ, // ზურგზე გკიდია გიდელი, // შიგ სავარცხლები გიწყვია, // ქალაქში გასაყიდელი”.

იმერეთის ოკრიბის მიკრორაიონში უძველესი დროიდან მისდევდნენ რკინის მოპოვებასა და დამუშავებას. მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ აგრეთვე ისეთ ძვირფას მინერალს როგორიცაა, გიშერი. ოკრიბელებს გიშრის ხელობა მამა-პაპით მოსდგამდათ. მეცნიერებს აქ დადასტურებული აქვთ გიშრის ციბრუტით დამუშავების ტექნიკა (სოფელი კურსები). გიშრის წარმოებისათვის დამახასიათებელი იყო სახლიკაცთა გაერთიანება, ამხანაგობა. ოკრიბული გიშერი საქართველოს გარეთაც გადიოდა. გიშრის მიმართ ყოველთვის დიდ ინტერსს იჩენდნენ ქართველი ქალები; მას ავი თვალისაგან დაცვის თვისებასაც მიაწერდნენ. ოკრიბაში უხვად მოიპოვებოდა ქვა, რომლისაგანაც საცეხველს ამზადებდნენ. საცხეველში ძირითადად მარცვლეულს (უფრო ღომს) ცეხვავდნენ. დადასტურებულია აგრეთვე ქვის საცეხველში სელის ცეხვა, მარილის, საჭმლის შესაზავებელი სუნელების, არყის გამოსახდელი საჭირო ხილის დაფშვნა და გაჭყლეტა. ოკრიბელი მეფეხური (მეკვლე) ახალ წელს საცეხველთანაც დაილოცებოდა ხოლმე.

იმერეთში მექვევრეობის რამდენიმე მნიშვნელოვანი კერა არსებობდა. ასეთებია: შროშა, ბოსლევი, დიდწიფელა, ჩხიროული, ნავარძეთი... შროშა დღესაც ხალხური კერამიკული წარმოების უმნიშვნელოვანესი კერაა საქართველოში. შროშის მოსახლეობის ერთ-ერთ უმთავარეს საქმიანობას მეთუნეობა წარმოადგენდა და წარმოადგენს. ჭურჭელს გლეხები მიწათმოქმედებისაგან მოუწყვეტლივ მთელი წლის განმავლობაში აწარმოებდნენ, მაგრამ ეს დარგი პროფესიულ დონემდე ჰქონდათ აყვანილი და შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროც იყო. ამ სოფელში ყველანაირი თიხის ჭურჭელი მზადდებოდა, როგორც საკუთარი მოთხოვნილებისათვის, ისე გასაყიდად. კერამიკული წარმოება შროშაში ძირითადად მეჭურჭლეობით და მეჭურეობით არის წარმოდგენილი. ამზადებენ წითელ და მოჭიქულ ჭურჭელს. მოხმარება-დანიშნულების მიხედვით შროშაში მზადდება საღვინე, სანადიმო, საწყლო, სარძევე, სამზარეულო-სახაბაზო, საწყაო, არყის გამოსახდელი ქვაბის თავები – ზარფუშები და სხვადასხვა დანიშნულების თიხის ჭურჭელი. აკეთებდნენ აგრეთვე „ჟინჟღილებს” (მაშხალა). მოჭიქული ჭურჭლის კეთებას მხოლოდ ერთი გვარი – მოდებაძე მისდევდა. შროშული ჭურჭელი მორგვზე კეთდებოდა. იგივე ითქმის ქვევრზე, ოღონდ მორგვზე მხოლოდ მისი ქვედა ნაწილი ე. წ. „კუნჭული” ამოჰყავდათ. შემდეგ ქვევრის კუნჭულს უძრავად ამაგრებდნენ და ხელით „აშენებდნენ”. მზადდებოდა ოცფუთიანიდან სამასფუთიანამდე ჭურები. შროშულ თიხის ჭურჭელს ახასიათებს ფორმების დახვეწილობა, მოხატვა-მოჭრელების მაღალი გემოვნება, მოჭიქვის დროს ფერთა კარგი შეხამება, ფორმისა და ფუნქციის შერწყმა, პრაქტიკულობა... იმერეთის გარდა შროშული ჭურჭელი, ქვევრები და თონეები გადიოდა ქართლში, რაჭასა და სხვა მხარეებში. Gგარდა ამისა, დადასტურებულია იმერელი მეჭურის სეზონურ სამუშაოზე წასვლა ქართლისა და კახეთის სოფლებში. ასეთი ფაქტები დადასტურებული აქვს გიორგი ჩიტაიას სოფელ ბიწმენდში და გიორგი ჯალაბაძეს სოფელ ლამისყანაში.

ტრანსპორტი

იმერეთის ძირითად ტერიტორიაზე ზემო იმერეთში მთლიანად და ქვემო იმერეთის მაღლობ ადგილებში (აგრეთვე რაჭაში, ლეჩხუმსა და მთიან სამეგრელოში) ძირითად სატრანსპორტო საშუალებას ჩოჩიალა ანუ აჩაჩა ურემი წარმოადგენდა. მის კონსტრუქციულ თავისებურებას თრევისა და გორვის პრინციპის შეერთება წარმოადგენდა. მის წინა ნაწილში მოთავსებული ფრჩხილები, რომელიც მიწაზე ეთრეოდა და სრიალებდა, მუხრუჭის ფუნქციას ასრულებდა. აღსანიშნავია, რომ ფრჩხილები აღმართში სრულიად არ იყო ხელისშემშლელი. „საჭიროების შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადგილმდებარეობა სწორი იყო და ურემიც ნაკლებად იყო დატვირთული, ფჩხილებს ზესადგარზე ააკრავდნენ, რის შედეგადაც ქართული ორბორბლიანი ურმის მსგავსად, სამკუთხოვანი უბე მიიღებოდა, უშუალოდ უღელს დაკავშირებული. ამრიგად, ვაკე ადგილ მდებარეობაზე ფჩხილების ხელისშემშლელი თრევა ამ გზით თავიდან იყო აცილებული”.

არქიტექტურა

იმერეთშია ქართული საეკლესიო არქიტექტურის რამდენიმე ბრწყინვალე ნიმუში, რომელთაგან ბაგრატისა და გელათის ტაძრების, სავანის დასახელებაც საკმარისი იქნება, მაგრამ კაცხის სვეტისა და კაცხის მონასტრის აღნიშვნაც აუცილებლად მიგვაჩნია (სამწუხაროდ, ჩვენამდე ვერ მოაღწია ჯრუჭის მონასტერმა). არც საერო არქიტექტურის ნაკლებობას განიცდიდა იმერეთი – გეგუთის სასახლე-დარბაზი არა მარტო მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია იყო, არამედ სამონადირეო ცენტრიც. ამ ბრწყინვალე შენობებს აშენებდნენ არა მხოლოდ იმერელი, არამედ ლაზი და რაჭველი ხელოსნებიც. აქ ქვის დამუშავების რამდენიმე ცენტრი იყო.

იმერული სახლი

იმერეთში საცხოვრებელი სახლები ძირითადად ხის იყო, რასაც აქაური კლიმატური პირობები და ფლორა განაპირობებდა. ტყის სიხშირე, კლიმატთან (ტენიანობა) ერთად განაპირობებდა იმას, რომ ნაგებობანი ხისაგან აეგოთ. იმერული სახლი // ოდა სახლი არა მხოლოდ ამ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში, არამედ დასავლეთ საქართველოს სხვა კუთხეებშიც – ლეჩხუმში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაშიც იყო გავრცელებული. გვხვდებოდა როგორც ერთსართულიანი, ისე ორსართულიანი ოდა-სახლები. ის დაბალ ხის სვეტებზე იყო დაყრდნობილი, ისე, რომ სახლის ქვეშ სიცარიელე რჩებოდა. ორსართულიანი ოდის პირველი სართული კი ქვითკირით, ან ნაწილობრივ ქვით და ნაწილობრივ ხით არის აშენებული. მეორე სართული კი ფიცრისაგან არის შეკრული. იმერეთში (და, საერთოდ დასავლეთ საქართველოში) სახლების სვეტებზე აღმართვა ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემოთი, კლიმატით იყო განპირობებული. სვეტების წყალობით სახლი სინესტისაგან იყო დაცული. ორსართულიანი ოდის ქვემოთა სართულს პალატი ეწოდება, სადაც ზამთრობით ოჯახი ცხოვრობდა. ქვედა სართულში იყო განთავსებული სამეურნეო დანიშნულების ოთახებიც. ზაფხულობით ოჯახი ძირითადად მეორე სართულზე ცხოვრობდა. ოდა რამდენიმე (სამ-ოთხ) ოთხს მოიცავდა. ოდას წინა მხრიდან და ზოგჯერ გვერდებიდანაც ლამაზი აივანი გასდევდა. აივნის მოაჯირი და სვეტის თავები ლამაზად იყო მოჩუქურთმებული. აივნის ერთ-ერთ კუთხეში ხის კიბე იყო მიდგმული. ოდა სახლის სახურავი ძირითადად ოთხფერდაა, რომელიც ძველად ძირითადად ყავრით, ზოგჯერ კი კრამიტითაც იყო გადახურული.

უფრო ადრე იმერეთისათვის დამახასიათებელი იყო საჯალაბო სახლები, რომელსაც შუაში კერა ჰქონდა მოწყობილი. საჯალაბო სახლის ერთ-ერთ კედელში წალო და თახჩა ჰქონდათ მოწყობილი. სადილობდნენ კერის წინ მოკლე ფეხებიან მაგიდასთან. იმერელი გლეხის კარ-მიდამო, საცხოვრებელი სახლის გარდა, მოიცავდა სხვადასხვა დანიშნულების სამეურნეო ნაგებობებს: მარანი, საბძელი, საქათმე, ნალია, ბოსელი, საღორე, ქართა (ზაფხულში მსხვილფეხა საქონლის სამწყვდევი) და სხვა ობიექტებს. სამეურნეო ნაგებობების ეს სიმრავლე ადგილობრივი მეურნეობის მრავალფეროვნებით იყო განპირობებული (მემინდვრეობა, მევენახეობა-მეღვინეობა, მესაქონლეობა, მეფრინველეობა და სხვ.).

საყურადღებოა, რომ იმერეთის ერთი პატარა ხეობის – ხანის-წყლის – სოფელ ხანში ეთნოლოგ ჯ. რუხაძეს დასავლეთ საქართველოსათვის უჩვეულო „დარბაზულ-ერდოიანი” სახლიც დაუდასტურებია, რაც, უდავოდ, სამცხესთან სიახლოვით უნდა იყოს განპირობებული. ასე ახდენდა საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე ერთმანეთზე გავლენას. საამისოდ კიდევ ერთი ეთნოგრაფიული ფაქტი შეიძლება გავიხსენოთ: იმავე ხანში (და, საერთოდ, დასავლეთ საქართველოში) ხის სახლების მშენებელნი ლაზი უსტები იყვნენ.

ტრადიციები

კოხიჯრობა

იმერეთში მთელი რიგი აგრარული დღესასწაულები იცოდნენ. სამაგალითოდ შეიძლება ზემოიმერული კოხიჯრობა დავასახელოთ, რომელიც ამაღლების ორშაბათს მოდიოდა. კოხიჯრობა დარ-ავდრის თაობაზე შეწირულად მიიჩნეოდა და ამის გამო უქმე იყო. სოფლის მკვიდრი გვარები შეგროვილი ფულით ვერძს ყიდულობდნენ, რომელსაც ეკლესიის ეზოში სწირავდნენ. გვარის ერთ-ერთი მამაკაცი ანთებულ სანთელს ვერძს რქაზე მიაკრავდა და დაილოცებოდა. სხვა მამაკაცი კი ცხვარს სამჯერ წაღმა დაატრიალებდა, შუბლზე ბეწვს შემდეგი სიტყვებით შეუტრუსავდა: „შეეწირე, უფალო კოხისაგან დაგვიფარეო”. დაკლულ და ხეზე ჩამოკიდებულ ცხვარს ნაწილ-ნაწილ ჩამოჭრიდნენ, მარცხენა ფეხს კი სახსარს ზემოთ ხეზე დატოვებდნენ.

ჯვარობა

ეთნოლოგიურ ლიტერატურაში აღწერილია ერთი საინტერესო რელიგიური დღესასწაული – „ჯვარობა”, რომელსაც ოკრიბაში აღნიშნავდნენ. მას ოკრიბელები „ცხრაჯვარსაც” უწოდებენ. სოფელ ძიროვნის მოსახლეობა აღნიშნულ დღესასწაულს საკუთარ სალოცავად მიიჩნევს, მხოლოდ ისინი უწოდებენ მას „ჯვარობას”. დღესასწაულის წინა დღეს აცხობენ პურებს, ტკბილეულს, აპატივებენ საკლავს (უშობელს, ცხვარს), რომელიც წინასწარ ყავთ შეთქმული ვაჟიშვილის ან ოჯახის სხვა წევრის სახელზე. დღესასწაულის წინა დღეს სოფლის წყაროსთან მოაქვთ ღომის მარცვალი, ხაჭაპური, ტკბილი კვერები, ერთი ლიტრა ღვინო. ერთი საერთო ხის გობში – „ჯვარობის გობში” ყველას მიერ მოტანილ ღვინოს ასხამენ და სამ სანთელს აანთებდნენ. კოცონზე საერთო ქვაბში ხარშავენ ღომს. ლხინი გათენებამდე გრძელდება. გათებისას კი სალოცავში ადიან. სადღესასწაულოდ იცავენ აკრძალვებს: მარხულობენ (თევზსაც კი არ ჭამენ), ერიდებიან ცოლქმრულ ურთიერთობას. დღესასწაულს ყავს საერთო ხელმძღვანელი, რომელსაც ხეიბარს ეძახიან. ხეიბარს ირჩევდნენ. სალოცავის ნიშთან მდგარ იფნის ხეზე თავსაფრებს, შალისა და აბრეშუმის ქსოვილებს კიდებდნენ.

სამხთო წირვა

ძველად იმერეთში წელიწადში ერთხელ თითქმის ყველა ოჯახი იხდიდა „სამხთო წირვას”. სამხთო წირვის სუფრაზე ღმერთს ევედრებოდნენ პურ-ღვინის ბარაქას. საანგელოზო ჭური ეწირებოდა ოჯახის მფარველ ანგელოზს. ოჯახის ანგელოზის საპატივცემულოდ მსხვერპლის შეწირვა ხდებოდა ყოველწლიურად მაისის თვეში. ამ დროს ოჯახებში განსაკუთრებული მზადება იყო. აცხობდნენ ხაჭაპურებს, რომელშიც ყველთან ერთად დებდნენ ცხრა სახის დანაყულ ბოსტნეულს. კლავდნენ ქათმებს. კვერებს და ქათამს გობზე დააწყობდნენ. საღამო ხანს მამაკაცები ჭურთან მიდიოდნენ და მის გარშემო იჩოქებდნენ. ოჯახის უფროსი აიღებდა გობს ანთებული სანთლებით და იწყებდა ლოცვას. ოჯახის ანგელოზს თხოვდა ყოფილიყო მფარველი და დამცველი მისი ოჯახისა. ლოცვის დამთავრების შემდეგ ჭურს გახსნიდნენ და იწყებოდა ღვინის სმა.

ფერხაობა

შუაცეცხლიან სახლში, ბარბალობა დღეს, „ფერხაობის” წესი სრულდებოდა: მწარე გოგრას თავს მოაჭრიდნენ და შიგ გაუცეხველ ღომს ჩაყრიდნენ. მის გვერდზე გოდორს/საბუდარს დაამხობდნენ. გოდორზე ერთი ბავშვი შედგებოდა, წაღმა ტრიალსა და კრუსუნს დაიწყებდა. ბავშვს ხელში კვერცხი ეჭირა. გოდორს გარშემო სხვა ბავშვები უვლიდნენ, რომლებიც წიწილებივით წიოდნენ. გოდორზე მყოფი სამჯერ მოტრიალდებოდა, შემდეგ წელში გაიმართებოდა და იტყოდა: „ღმერთო, ასე გაამრავლე ჩვენსას ჭუჭულები და ქათმებიო” და მაშინვე გოდრიდან გადმოხტებოდა; დაჰკრავდა ფეხს გოგრას და „ღომის ჩხო” აქეთ-იქით გაიფანტებოდა. თუ ბავშვი გოგრას ფეხს დააცილებდა, ძალიან გაუჯავრდებოდნენ. სწამდათ, რომ გაფანტული ღომის მარცვალთა რაოდენობაზე იყო დამოკიდებული ოჯახში წიწილების (ქათმების) სიმრავლე.

ჭიაკოკონობა

საქართველოში საყოველთაოდ იყო გავრცელებული ჭიაკოკონობა და, ბუნებრივია, ამ მხრივ არც იმერეთი იყო გამონაკლისი. ის აღდგომის დიდ ხუთშაბათს იცოდნენ. ჭიაკოკონაზე გადამხტარი თან შესძახებდა: „ევერული კუდიანებსა”. მიიჩნევდნენ, რომ ამ ქმედებით ტანში შემჯდარი მავნებელი კუდიანები ცეცხლში ჩაცვივდებოდნენ; ცეცხლზე გადამხტარ პატარებს კი ეშმაკი არ შეუჯდებოდათ. იმერეთში იცოდნენ ჭიშკარზე „პაპაჯვარის” დაჭედება – ეს იყო ტირიფისაგან გაკეთებული ჯვარი. ეს კი ავი თვალის საწინაღმდეგოდ კეთდებოდა. რიტუალური ქმედებები სხვაც ბევრი შეიძლება მოვიყვანოთ, მაგრამ მხოლოდ ერთ მათგანზე შევჩერდებით. ახალი წლის წინა დღეს ქვემო იმერეთში ჭურების თავზე მამალს თავს წააწყვეტდნენ და ლოცვას იტყოდნენ: “ღმერთო, ჩვენს მამულს კარგი მოსხმა მიეციო”. სახლის უფროსი მამაკაცი, რომელსაც თავზე ძველი და დახეული სამოსი ჰქონდა წამოსხმული, თავწაწყვეტილ მამალს ვენახში (რომელიც კარმიდამოში ჰქონდა) შეიტანდა და მის სისხლს ვაზებს მოასხურებდა და უკან მობრუნებისას ძველმანს ვენახში ტოვებდა. ამ წესის შემსრულებლებს ღრმად სჯეროდათ, რომ ვენახი ბარაქიან მოსავლს მისცემდა 34

წყარო

საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები