ისლამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Islami.jpg

ისლამი - სამიდან ერთ-ერთი აბრაამული, მკაცრად მონოთეისტური მსოფლიო რელიგიაა, რომელიც იუდაიზმისა და ქრისტიანობის შემდეგ წარმოიშვა (VIIს.). გარკვეულწილად, ორივე წინარელიგიის წერილობითსა და ზეპირ ტრადიციებს მოიცავს. ეს ტრადიციები, მუსლიმთა რწმენით, შევსებულია ახალი გამოცხადებით და, შესაბამისად, ახალი საღვთო ლიტერატურით. ესაა, პირველ ყოვლისა, ყურანი, რომელიც, თვითშეფასების თანახმად, მანამდე არსებულ ყველა საღვთო გამოცხადებას ავსებს, აზუსტებს და აგვირგვინებს.

მართალია, ისლამი არაბულ გარემოში, ერთ-ერთი არაბული ტომის წიაღში ჩამოყალიბდა. გამოცხადება მოციქულსაც არაბულ ენაზე ეუწყა და საღვთისმეტყველო და საღვთისმსახურო ლიტერატურაც ამ ენაზე დაიწერა, მაგრამ იგი ასპარეზზე მსოფლიო რელიგიის ნიშნით გამოვიდა და სხვადასხვა რელიგიური და კულტურული ტრადიციების ქვეყნებსა და ხალხებში სწრაფად გავრცელდა.

დღეისათვის ისლამი დედამიწის თითქმის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი. ბევრგან იგი, ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, სახელმწიფო ინსტიტუტის რანგშია აყვანილი და პოლიტიკურ-სოციალური და კულტურული გარემოს ხასიათს განსაზღვრავს.

მსოფლიოში მუსლიმთა საერთო რიცხვი ამჟამად მილიარდს აღემატება.

სარჩევი

ისტორია

ისლამი არაბეთის ნახევარკუნძულზე VII საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბდა. იმ დროს ეს მხარე, უპირატესად, არაბებით იყო დასახლებული. ისინი პოლითეისტები იყვნენ და სხვადასხვა ღმერთს ეთაყვანებოდნენ.

წარმართობა არაბეთში წარმოდგენილი იყო როგორც ადგილობრივი, ისე ირანიდან და რომის იმპერიიდან შემოტანილი კულტებით. არაბეთში გადასახლებულთა შორის იყვნენ ებრაელებიც და ქრისტიანებიც, - უმეტესად ის ქრისტიანები, რომელთა მრწამსი საეკლესიო კრებებმა ერესად შეაფასა და, რომლებსაც ბიზანტიის იმპერატორები სდევნიდნენ. როგორც მკვლევარები ამბობენ, იქ სარწმუნოებათა და კონფესიათა ქაოსი იყო. მით უმეტეს, რომ ამ ნახევარკუნძულზე არ არსებობდა ცენტრალიზებული სახელმწიფო და თითქმის არ ვრცელდებოდა რომელიმე ქვეყნის რეჟიმი.

არაბთა შორის ყველაზე მეტად ყურეიშელთა (კურაიშის) ტომი დაწინაურდა, რომელთა ღვთაებას ალლაჰი ერქვა. ეს სახელი ეტიმოლოგიურად, სავარაუდოდ, კავშირშია ებრაელთა უზენაესი ღმერთის სახელთან - ელოაჰ. საქმე ისაა, რომ ებრაელი ხალხი და მათი რელიგია არაბებისათვის ძველთაგანვე იყო ცნობილი. გასათვალისწინებელია, რომ ორივე სემიტი ხალხია და მათ ენებს საერთო ფუძე აქვთ. არაბთა ტომებმა ებრაელებისაგან ისტორიული კონტაქტების შედეგად შეითვისეს მოსეს რჯულის ზოგიერთი ელემენტი, რაც ყურეიშელების კულტმსახურებაშიც უნდა ასახულიყო, კერძოდ, ღვთაების სახელსა და შინაარსში, - ალლაჰი.

ყურეიშელთა წარმომადგენელი იყო ვაჭარი მუჰამედი (მუჰამმადი), რომელმაც კაცობრიობას ახალი რელიგიური სისტემა შესძინა.

ალლაჰის მოციქული

მუჰამედი (მუჰამმად იბნ აბდ ალლაჰ) 570-632 წლებში ცხოვრობდა. იგი ქალაქ მექაში, ჰაშიმის გვარში, ღარიბი ვაჭრის, აბდალაჰის, ოჯახში დაიბადა. თვე და რიცხვი დაზუსტებული არ არის. მეტი ალბათობით ეს 570 წლის 20 აპრილს მოხდა. მუჰამედის დაბადება იმ დღეს დაემთხვა, როდესაც იემენის ეთიოპიელმა გამგებელმა აბრაჰამმა მექაზე წარუმატებლად ილაშქრა. ამ ლაშქრობაში საბრძოლო სპილოც მონაწილეობდა, რომელმაც დამხვდურებზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ იმ წელიწადს „სპილოს წელიწადი“ უწოდეს. მუსლიმები ამბობენ, მუჰამედი „სპილოს წელიწადს“ იშვა და არაბებს გამარჯვება მისმა დაბადებამ მოუტანაო.

მუჰამედი ადრე დაობლდა. მისი აღზრდა ბიძამ, აბუ ტალიბმა იკისრა. მუჰამედმა ბავშვობა მოჯამაგირეობაში გაატარა. იყო მწყემსი, შემდეგ - ქარავნის გამყოლი (აქლემთა გამრეკავი). არსებობს გადმოცემა: იგი იმდენად კეთილშობილი ბავშვი ყოფილა, რომ მას „ალამანი“, ანუ „სანდო“ შეარქვეს.

დაახ. 595 წელს მუჰამედმა მდიდარი ქალი ხადიჯა (ჰადიჯა) შეირთო და ვაჭარი გახდა. მათ შვიდი შვილი შეეძინათ, მაგრამ ვაჟები (კასიმი და აბდ ალაჰი) ჩვილობის ასაკში გარდაიცვალნენ და ოჯახს ოთხი ქალიშვილი შერჩა: ზაინაბი, რუქია, უმ ქულსუმი და ფატიმა. ამ ტრაგედიამ მუჰამედში შინაგანი გარდატეხა მოახდინა - მის არსებას ყოფნაარყოფნის კითხვები დაეუფლა.

მექა და მისი შემოგარენი ერთგვარ რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. წარმართი არაბების გვერდით ებრაელები და ქრისტიანები ცხოვრობდნენ. აქ ყველას თავისი სალოცავი ჰქონდა, მაგრამ ყურადღებას, პირველ ყოვლისა, ტაძარი ქააბა იპყრობდა. ტაძარში ესვენა შავი ქვა. არაბული გადმოცემის მიხედვით, ალლაჰმა სამოთხიდან გამოძევებულ ადამს, წყალობის ნიშნად, ეს ქვა გარდამოუვლინა, რომელიც თავდაპირველად თეთრი იაგუნდი იყო, მოგვიანებით კი ადამიანთა ცოდვების გამო გაშავდა, რათა ვეღარ დაენახათ სამოთხე, მის სიღრმეში რომ ჩანდა. მექელებს მიაჩნდათ, რომ ადამის შვილმა შისმა (სეთმა) მისთვის ტაძარი ქააბა (არაბ. „კუბი“) ააგო. წარღვნისას იგი ზეცაში იქნა ატანილი, შემდეგ დაინგრა, მაგრამ „ალაჰის მეგობრებმა“ - იბრაჰიმმა (აბრაამმა) და ისმაილმა - განაახლეს და დიდი პილიგრიმობაც დაიწყო.

მუჰამედი ქააბას მომლოცველი იყო. იგი ებრაელთა სინაგოგებში და ქრისტიანთა ეკლესია-მონასტრებშიც დადიოდა. ხშირად უდაბნოშიც, მთებსა და გამოქვაბულებში, ბერ-მონაზვნების მსგავსად, განმარტოვდებოდა და ლოცვებს აღავლენდა. ყურანის თანახმად, 610 თუ 612 წელს, როდესაც მუჰამედი ორმოცი წლის იყო, მას ანგელოზი გამოეცხადა და ალლაჰის სიტყვა აუწყა. ყურანის 53-ე სურაში, რომლის სახელია „ვარსკვლავი“, აღნიშნულია: მან (მუჰამედმა) იხილა ქმნილება, რომელიც მის პირდაპირ, ცის კიდეზე დადგა. შემდეგ მოუახლოვდა და დაეშვა. როდესაც უფრო ახლოს მოვიდა, ორი მშვილდის მანძილზე, „ზეშთააგონა თავის მონას, რაც ზეშთააგონა“. მუსლიმური ტრადიციით, ეს „ქმნილება“ მთავარანგელოზი ჯიბრაილია (გაბრიელი). ჯიბრაილს ხელში გრაგნილი ეჭირა და ტექსტს კითხულობდა, მუჰამადი კი იმეორებდა და იმახსოვრებდა. პირველ გამოცხადებას მეორე მოჰყვა და ა.შ. თითოეული სიტყვა, ე.ი. გამოცხადება, მთავრდებოდა მოწოდებით: „მოჰყევ!“ ანუ: სხვასაც უამბე, რაც მოისმინე! მუჰამადი მოხმობას დაჰყვა და ამიერიდან იგი წინასწარმეტყველი (ნაბი) და ერთი ღმერთის - ალლაჰის - მოციქული (რასულ) გახდა.

მუჰამედის გამოცხადებისეული მოძღვრება თავდაპირველად მისმა ახლობლებმა, მეგობრებმა და ნათესავებმა ირწმუნეს, პირველ ყოვლისა, ხადიჯამ და ბიძაშვილმა ვარაკა იბნ ნავ ალიმ, რომელიც, იბნ ისჰაკ ალმუტალიბის (VIII ს.) ცნობით, ქრისტეს რჯულს იცნობდა ან სულაც ქრისტიანი იყო. სწორედ მან დაარწმუნა მუჰამადი, რომ მას ის შეემთხვა, რაც მოსემ სინას მთაზე იხილა და განიცადა.

მალე ხადიჯა გარდაიცვალა და მუჰამედმა ორი ცოლი შეირთო. მათგან უმცროსი ერთ-ერთი პირველი თანამორწმუნის, აბუ ბაქრის ქალიშვილი იყო. ოჯახურ გარემოს მუჰამედის მისიისათვის ხელი არ შეუშლია. მან ალლაჰის ნების შესრულება გადაწყვიტა. გავიდა ხალხში და ალლაჰის სიტყვა - ყურანი - გამოაცხადა. მისი პირველი ერთგული მიმდევრები, ოჯახის წევრების შემდეგ, იყვნენ ბიძაშვილი: ალი აბი ტალიბი, მდიდარი მექელი ვაჭარი აბუ ბაქრი, აბდ არრაჰმან ავთი, ჯაფარი და სხვ. პირველად მათ ეწოდათ მუსლიმები, რადგან „ალაჰს მიცეს თავი“. ასე შეიქმნა მუსლიმთა პირველი თემი.

მუჰამედის ქადაგება იყო მარტივი. ის მექელებს ასაკის, სქესის, სოციალური ფენისა და ეთნიკური წარმომავლობის განუსხვავებლად მოუწოდებდა, რათა მრავალღმერთიანობის რწმენაზე უარი ეთქვათ და თაყვანი ეცათ ერთი და ერთადერთი ღმერთისათვის, რომელმაც სამყარო და ადამიანი შექმნა.

მუსლიმთა ჯგუფმა, როდესაც მისი წევრების რიცხვმა სამ ათეულს გადააჭარბა, საზოგადო ლოცვა ასაფის ბორცვზე, ახალგაზრდა მუსლიმის არკამ არკამის სახლში, მოაწყო, რამაც საყოველთაო რეზონანსი გამოიწვია. ეს, ფაქტობრივად, ახალი რელიგიური თემის პირველი საჯარო მსახურება იყო. მმართველმა ელიტამ და საზოგადოების ზედაფენამ საშიშროება იგრძნო და მექაში მუსლიმთა დევნა დაიწყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ მუჰამედის მოკვლაც განიზრახეს და ამიტომ 622 წლის 24 სექტემბერს მან მექა დატოვა და ქალაქ იასრიბში გადასახლდა. ამ ემიგრაციას, არაბულად - ჰიჯრას, მუსლიმთა, ანუ ალაჰის მორჩილთა პირველი დიდი თემის, უმას, ჩამოყალიბება მოჰყვა - აიგო მეჩეთი და ღვთისმსახურების ახალი წესი დაფუძნდა. ამის გამო ჰიჯრას მუსლიმები იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რომ წელთაღრიცხვას იქიდან, ახ. წ. 622 წლის 24 სექტემბრიდან, იწყებენ.

ახალ რჯულზე თითქმის მთელი ქალაქი მოექცა, რის გამოც მას, იასრიბს, მედინა (მადინა) ანუ „წინასწარმეტყველის ქალაქი“ ეწოდა. მედინას თემი შედგებოდა მუჰაჯირებისაგან, ანუ ჰიჯრის დროს მუჰამადთან ერთად გადასახლებულთაგან და ანსარებისაგან ანუ იასრიბმედინას მკვიდრი მოსახლეობისაგან, რომლებიც მუჰაჯირებს ნებაყოფლობით დაეხმარნენ და მოციქულის ქადაგება ირწმუნეს (ალანსარ - „დამხმარე“). მუსლიმებს არა სისხლით ნათესაობა, არა პოლიტიკური მოქალაქეობა და სოციალური წარმომავლობა, არამედ სარწმუნოება აერთიანებდა. მუჰამედი იუდაიზმსაც და ქრისტიანობასაც გაემიჯნა და ყველასათვის ცხადი შეიქნა, რომ მან ახალ რელიგიას დაუდო სათავე.

630 წელს, ჰიჯრიდან 8 წლის შემდეგ, მუჰაჯირები (ლტოლვილები) მუჰამადის წინამძღოლობით მექაში დაბრუნდნენ, ბრძოლით აიღეს ქალაქი და ზარზეიმით შევიდნენ. ასე შეიქმნა ისლამური სახელმწიფო, რომლის რელიგიური და საერო მმართველისა და მთავარსარდლის მისია ისლამის ფუძემდებელმა მუჰამედმა იკისრა.

მუჰამედს ისლამის გავრცელების ფართომასშტაბიანი გეგმა ჰქონდა და დიდი სამხედრო ექსპედიციისათვის ემზადებოდა, მაგრამ 632 წლის 8 ივნისს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, ალლაჰის წმინდა შუამავალი მექაში გარდაიცვალა. იქ იგი მომლოცველად შევიდა, რის გამოც ამ გზას „გამოსამშვიდობებელი პილიგრიმობა“ უწოდეს.

არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმად მუჰამედი იერუსალიმსაც ეწვია და წმინდა ადგილები მოილოცა. ამიტომ მექა, მედინა და იერუსალიმი მუსლიმთა წმინდა ქალაქებია.

ისლამური სახელმწიფო

მუჰამადის საქმე მისმა ხალიფებმა (ხალიფა არაბულად მოადგილეს ნიშნავს) გააგრძელეს. ესენია: აბუ ბაქრი, ომარი, ოსმანი და ალი. სუნიტები მათ „მართლმორწმუნე ხალიფებად“ მოიხსენიებენ. შიიტების რწმენით, მართლმორწმუნე მათ შორის მხოლოდ ალია, დანარჩენი სამი კი - უზურპატორია. დასახელებული ხალიფები თავიანთ თავს ალლაჰის მოციქულის მოადგილეებად მიიჩნევდნენ, მაგრამ შემდგომდროინდელი დინასტიის ხალიფები, მაგ., ომაიანები და აბასიანები, უკვე ალლაჰის მოადგილეებად იწოდებიან.

ხალიფებმა მუჰამედის ოცნებას - არაბი ტომების

ისლამის დროშის ქვეშ გაერთიანებას - ხორცი შეასხეს. მეტიც, მათ არაბეთის საზღვრები გააფართოვეს და VII-VIII საუკუნეების მიჯნაზე სახალიფო ანუ ხალიფატი შექმნეს - უზარმაზარი იმპერია პირინეიდან ინდოეთამდე. ეს იყო თეოკრატიული სახელმწიფო, რომელშიც საერო და სასულიერო ხელისუფლება ერთსა და იმავე უწყებას წარმოადგნდა. სახალიფოს პროვინციებში ხალიფების ფუნქციას ამირები (მმართველები) ან იმამები (წინამძღვრები, ხელმძღვანელები) ასრულებდნენ. სახელმწიფო კანცელარიებში ლათინური, ბერძნული, სირიული, სპარსული და სხვა ადგილობრივი ენები არაბულმა შეცვალა, თუმცა ნაციონალური სალიტერატურო ენების იგნორირება არ მომხდარა და თითქმის ყველა გამუსლიმებულმა ერმა საკუთარი წერილობითი ტრადიცია შეინარჩუნა. ამასთანავე, დაიწყო კულტურათა დიალოგისა და ურთიერთგამდიდრების პროცესი, რამაც დადებითად იმოქმედა როგორც საკუთრივ არაბულ კულტურაზე, ისე არაბეთის პოლიტიკურრელიგიურ სივრცეში მოქცეული ხალხების კულტურებზეც.

XXI საუკუნეებში არაბთა იმპერია დაიშალა, მაგრამ ისლამური მსოფლმხედველობა საფუძვლად სხვა იმპერიებსაც დაედო - მონღოლების, თურქების (ოსმალების) და ირანელების იმპერიებს, თუმცა ისინი უფრო სამოქალაქო სახელმწიფოები იყვნენ, ვიდრე თეოკრატიული. ამის გამო XX საუკუნის II ნახევარში, როდესაც აზიისა და აფრიკის ისლამური ქვეყნები ინგლისისა და საფრანგეთის კოლონიური ბატონობისაგან გათავისუფლდნენ, რეისლამიზაციის პროგრამა შემუშავდა, შეიქმნა კონცეფციები: „ისლამური სახელმწიფო“, „ისლამური ეკონომიკა“, „ისლამური სოციალიზმი“, „ისლამური რევოლუცია“ და ა.შ., რომელთა მიზანია ისლამური ტრადიციის, იმ პოლიტიკური სისტემისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების აღდგენა, მუსლიმთა პირველ სახელმწიფოს რომ ახასიათებდა. ასეთი კონცეფციების საფუძველზე 1978-1989 წლებში ირანში, აიათოლა ხომეინის (1902-1989) სულიერი წინამძღვრობით, რევოლუცია მოხდა და „ისლამური რესპუბლიკა“ შეიქმნა. ამ და ზოგი სხვა ისლამური სახელმწიფოს კანონმდებლობა შარიათის პრინციპებს ექვემდებარება.

დღეს, XXI საუკუნის დასაწყისში, ისლამი მილიარდზე მეტ მიმდევარს ითვლის. არაბეთი და მისი მიმდებარე ქვეყნები (ეგვიპტე, სირია, ერაყი, ირანი, თურქეთი და სხვ.) ოფიციალურად თუ არაოფიციალურად კვლავაც ისლამური სახელმწიფოები არიან. არაბები მუსლიმთა საერთო რაოდენობის 20%-ს შეადგენენ. აზიის ბევრ ქვეყანაში მუსლიმები უმრავლესობაში არიან (ინდონეზიაში, ინდოეთში, პაკისტანში, ბანგლადეშში და სხვ.), ასევე - აფრიკასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის აღმოსავლეთ ნაწილში. დღითიდღე მატულობს ისლამის მიმდევართა რაოდენობა ევროპასა და ამერიკაში. არაბული ენა, რომელზედაც მუჰამედს ყურანი ეუწყა, ისლამის წმინდა ენად რჩება და მუსლიმები ლოცვებს ამ ენაზე წარმოთქვამენ, თუმცა ნაციონალური ენების საზოგადოებრივ-კულტურულ მნიშვნელობას არავინ უარყოფს.

მიმართულებები

მოციქულის გარდაცვალებიდან ოცდახუთი წლის შემდეგ მუსლიმთა საკრებულოს ერთიანობა დაირღვა. დაისვა კითხვა, თუ ვის უნდა რგებოდა მოციქულის მემკვიდრის, ე.ი. ხალიფის, პატივი. მორწმუნეთა უმრავლესობა პიროვნულ ღირსებას ანიჭებდა უპირატესობას, ნაწილი კი - შთამომავლობას, გენეტიკურ მემკვიდრეობას. გაიმარჯვა პირველმა პარტიამ და მოციქულის მოსაყდრედ ჯერ აბუ ბაქრი გამოცხადდა, შემდეგ ომარი და შემდეგ - ოსმანი. როდესაც მეოთხე ხალიფის არჩევის დრო დადგა, ის პარტია გააქტიურდა, რომელიც მემკვიდრეობითობის პრინციპს გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა. ამ პარტიამ მაშინ წარმატება მოიპოვა. რადგან მუჰამადს ვაჟი არ დარჩა, ხალიფად მისი ბიძაშვილი და სიძე, ქალიშვილ ფატიმას ქმარი, ალი იბნ აბი ტალიბი გამოაცხადეს. დაიწყო სისხლისმღვრელი ომი, რომელმაც ალი შეიწირა: 661 წლის 21 იანვარს ერთ-ერთმა თანამებრძოლმა ქუფის საკრებულო მეჩეთში იგი სასიკვდილოდ განგმირა. ალი მოწამედ გამოაცხადეს და იქვე დაკრძალეს. ეს საფლავი (ქნაჯიფი) დღემდე ალის სულიერ მემკვიდრეთა (შიიტთა) სათაყვანებელი ადგილია.

აღნიშნული (661) წლიდან მუსლიმთა სამყარო ორ ბანაკად გაიყო: სუნიტებად და შიიტებად. ორივე არაბული სიტყვაა: „სუნა“ წმ. გადმოცემას (ტრადიციას) ნიშნავს, „შია“ - პარტიას, ამხანაგობას (მხარდამჭერთა კრებულს), უფრო ზუსტად - მეგობართა პარტიას. პირველნი თავიდანვე უმრავლესობას წარმოადგენდნენ, მეორენი დღესაც უმცირესობაში არიან.

შიიტები კანონიერ ხალიფად მხოლოდ მუჰამედის ასულის, ფატიმას, და მისი მეუღლის, ალის შთამომავლებს მიიჩნევენ. ისინი დღესაც აღიარებენ ალისა და მისი შთამომავალი 12 იმამის (ალიდების) კანონიერ ხელისუფლებას და უკანონოდ აცხადებენ არაბეთის პირველ ხალიფებს - აბუ ბაქრს, ომარს, ოსმანსა და სხვათ. ამ უკანასკნელთა გვერდით მუჰამედის საყვარელი ცოლი აიშა იდგა. ალის მიმდევრებმა (შიიტებმა) არ ირწმუნეს „სუნას“ ის ვერსია, რომელიც პირველი სამი ხალიფის მომხრეებმა ჩამოაყალიბეს და სახელმძღვანელოდ გამოაცხადეს. შიიტებმა შეიმუშავეს „ბიდა“ (სიახლე), რომელსაც ისინი „მართებულ სუნად“ მიიჩნევენ. ანტაგონიზმმა შიიტებსა და სუნიტებს შორის მწვავე ხასიათი მიიღო, რაც არაერთხელ გადაზრდილა რელიგიურ ომებში.

1996 წლის მონაცემებით, სუნიტები მსოფლიო მუსლიმური მოსახლეობის 83%-ს შეადგენენ, შიიტები - 16%-ს. შიიტები უმრავლესობაში სამ ქვეყანაში არიან - ირანში, აზერბაიჯანსა და ერაყში. მძლავრი შიიტური თემებია ლიბანში, ინდოეთში, პაკისტანში, ავღანეთში, იემენსა და თურქეთში, აგრეთვე - დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში. ამ კონფესიის მიმართ საერთაშორისო ინტერესი განსაკუთრებით ირანის 1978-1979 წლების ისლამური რევოლუციის შემდეგ გაიზარდა.

ისლამში სხვა მიმდინარეობები და რელიგიურფილოსოფიური თეორიებიცაა ცნობილი. რომლებმაც რელიგიისა და კულტურის ისტორიაში განსაკუთრებული როლი შეასრულეს.

ხარიჯიტები

ხარიჯიტები (არაბ. „გამოსულები“, „ამბოხებულები“), ანუ ისინი, ვინც ალის გადაუდგნენ. ისლამის ისტორიაში ყველაზე ძველი რელიგიურ-პოლიტიკური პარტიის მიმდევრები არიან. ამ პარტიამ (12 ათასმა მეომარმა) 657 წ. პროტესტი გამოუცხადა ალის, რადგან მან სირიის გამგებლის, მუავიას, წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლაზე გადასვლა ვერ გაბედა და სამედიატორო სასამართლოს დათანხმდა. ისინი, სარდლის უმოქმედობით შეურაცხყოფილნი, შეიკრიბნენ სოფელ ჰარურასთან (აქედან მოდის მათი თავდაპირველი სახელწოდება „ჰარურიტები“), გაწყვიტეს კავშირი ალისთან, მოკლეს იგი და ისლამში ახალი მიმართულება შექმნეს.

ხარიჯიტებმა თეოკრატიული სახელმწიფოს პრინციპები დაამუშავეს. ისინი აღიარებდნენ რელიგიური თემისა და სახელმწიფოს მეთაურის არჩევითობის პრინციპს და, ამასთანავე, კანდიდატის წარმომავლობას არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ (იმამად მონის არჩევაც შეიძლებოდა). პრეტენდენტობის აუცილებელ პირობას ყურანისა და სუნას მითითებათა შესრულება, ადამიანებისადმი სამართლიანი დამოკიდებულება და ტირანიის წინააღმდეგ იარაღით ბრძოლის უნარი წარმოადგენდა. ისინი ისლამის სიწმინდის დამცველებად გამოდიოდნენ და რელიგიურ მოვალეობათა მკაცრად დაცვას მოითხოვდნენ. ამიტომ მათ ხშირად „ისლამის პურიტანებსაც“ უწოდებენ. ხარიჯიტები რჯულგანდგომილთა მიმართ ყოვლად უშეღავათონი იყვნენ და ასეთი ადამიანების სიკვდილით დასჯა მათ რელიგიური მოვალეობის დონეზე აჰყავდათ.

ხარიჯიტთა მოძრაობა ადრევე დანაწევრდა. შეიქმნა სამი მიმართულება: აზრაკიტები (ამირა ალაზრაკის მიმდევრები), იბადიტები (აბდალაჰ ბ. იბადის მიმდევრები) და სუფრიტები (სუფრის ძის, ზიად ბ.ასფარის, მიმდევრები). მათ შორის ხშირად დიდი უთანხმოება იყო, რამაც ეს მოძრაობა დაასუსტა და წარმოშობიდან ორისამი საუკუნის შემდეგ იგი ისტორიის ასპარეზიდან გაქრა.

სუფიზმი

ასკეტურ-მისტიკური მიმდინარეობა, ღვთის შემეცნების სისტემა და მეთოდია ისლამში. სიტყვა არაბულია და ეტიმოლოგიურად „მატყლს“ უკავშირდება. სუფიზმის სინონიმებია „თასავაფი“ („მატყლის ტანისამოსში გამოწყობა“) და „ტარიკა“ („გზა“). სუფიზმს საფუძვლად უდევს ისლამის ერთ-ერთი მთავარი ეთიკური ცნება ზუჰდი, რაც „თავშეკავებას“, „სურვილთა დათმობას“, „ასკეტიზმს“ ნიშნავს. ვინც ზუჰდის გზით დადის ანუ ზნეობრივი და სულიერი სრულყოფილებისათვის იღწვის, ზაჰიდად (ასკეტად) მოიხსენიება. ასკეტებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა ალაჰის ხშირ მოხსენიებას (ზიქრ) და პიროვნულ კათარზისს მიანიჭეს.

სუფიზმის უდიდესი წარმომადგენელი და თეორეტიკოსია ალღაზალი (1058-1111). მან არაბულ ენაზე შექმნა ტრაქტატები, რომლებშიც წარმოდგენილია სულიერი სრულყოფის სისტემა. მიიჩნევა, რომ სუფიზმი არის ისლამის ეზოთერული (დაფარული, შინაგანი) მხარე. მისი არსებითი ნიშანია პიროვნებაში აბსოლუტის აღმოჩენა და ინდივიდის უზენაესთან ერთყოფა. მასწავლებლებს ჰქვიათ შეიხები, მწირმოძღვრებს კი - დერვიშები, მოწაფეებს - მიურიდები. პიროვნება სრულყოფის გზაზე სამ ძირითად ეტაპს გადის:

  1. ტარიკათი, ანუ „გზა“ ნიშნავს მოწაფის მართებულ გზაზე დადგომას, წესების დაცვას, რიტუალების შესრულებას, მედიტაციებისა და მისტიკური სავარჯიშოების ჩატარებას მუსიკისა და საცეკვაო მოძრაობის თანხლებით,
  2. ჰაყიყათი, ანუ ჭეშმარიტებისათვის თვალის გასწორება. ამ დროს მურიდს სულიერი მზერა ეხსნება და ცნობიერება უფაქიზდება,
  3. ფანა, ანუ დანთქმა. ეს განმღრთობაა, რასაც ცოტანი აღწევენ. ამ დროს პიროვნება ქრება და იგი მთლიანად უზენაესს ერწყმის.

სუფიზმი თითქმის ყველა მუსლიმურ ქვეყანაში გავრცელდა. მან განსაკუთრებული გავლენა იქონია კულტურაზე, კერძოდ, კლასიკურ სპარსულ და თურქულ პოეზიაზე, რომლის სახელოვანი წარმომადგენლები არიან: ჯალალ ედდინ რუმი, ომარ ხაიამი, ჰაფეზი, ნიზამი განჯელი, აბდულრაჰმან ჯამი და სხ.

ვაჰაბიზმი

შედარებით ახალი მიმართულება, რომელიც ტრადიციულ ისლამს (სუნიტებსა და შიიტებს) უპირისპირდება. იგი XVIII საუკუნის შუა წლებში საუდის არაბეთში აღმოცენდა. მისი დამაარსებელია მუჰამად იბნ აბდ ალვაჰაბი (აქედან - ამ მიმართულების სახელწოდება - ვაჰაბიზმი). ვაჰაბი თავის მოძღვრებასა და რელიგიურ პრაქტიკას „სუფთა ისლამს“ უწოდებდა და რწმენის ერთადერთ წყაროდ ყურანს მიიჩნევდა. მან გაილაშქრა ტრადიციული ისლამის წინააღმდეგ, რომელიც, მისი აზრით, ისეთ ელემენტებს შეიცავს, რაც ყურანში მოცემული არ არის. ასეთია, კერძოდ, წმინდანებისა და წმინდა ადგილების თაყვანისცემა. ვაჰაბმა მსოფლიოს ისლამიზაციის იდეა წამოაყენა, რაც მისმა მიმდევრებმა აიტაცეს და მეზობელ ქვეყნებშიც დანერგეს.

ვაჰაბიტთა ცნობიერებაში წამყვანი ადგილი უჭირავს ჯიჰადს. ვაჰაბისტები ქმნიან თანამოაზრეთა თემებს - ჯამაათებს, რომლებსაც ცხოვრების მკაცრი რეგლამენტი აქვთ. ჯამაათი უპირისპირდება იმ ისლამურ საზოგადოებას, რომელიც საერო კულტურაზე, ზოგად განათლებაზე, ხელოვნებაზე, სპორტზე უარს არ ამბობს. ჯამაათის წევრებს რჯულისადმი ტოტალური მორჩილება და საბრძოლო მზადყოფნა ევალებათ. ვაჰაბიზმი საუდის არაბეთის ოფიციალური რელიგიაა.

მოძღვრება

საღვთო წიგნები (ქითაბი). ისლამი საღვთო მოძღვრებისა და საღვთო მსახურების ერთობლიობაა, რომელსაც მყარი წერილობითი ტრადიცია აქვს. ისლამური მოძღვრებისა და ღვთისმსახურების პირველწყაროა ყურანი. მუსლიმთა რწმენით, ესაა „ღვთაებრივი ზეშთაგონებების“ კრებული. სახელწოდება, ტრადიციული განმარტებით, „ხმამაღლა წართქმით კითხვას“, „დეკლამაციას“ ნიშნავს. ახალი (მეცნიერული) თვალსაზრისით, სიტყვა მომდინარეობს სირიული ზმნისაგან „ყარა'ა“, რაც „კითხვასთან“, „დარიგებასთან“ არის დაკავშირებული.

მუსლიმთა რწმენით, ყურანი ზეცაში დაწერილი წიგნია, რომელიც ალლაჰმა თავის მოციქულს მექასა და მედინაში გამოუცხადა. მოციქულმა ზეპირად დაისწავლა ტექსტი და თანამოძმეებსაც უამბო, რომლებსაც ასევე უნდა დაემახსოვრებინათ იგი. იყვნენ ისეთებიც, ვინც მთელი ყურანი ზეპირად იცოდა (ჰაფიზები). წმინდა წიგნის პირველი ჩანაწერები, მუსლიმთა გადმოცემით, ინდისხურმის ფოთლებზე, ტყავის ნაჭრებზე, აქლემების ბეჭებზე, თიხისა და სპილენის ფირფიტებზე გაკეთდა. ამ წიგნის საბოლოო რედაქცია ხალიფა ოსმანმა ჩამოაყალიბა (644-656). ერთ-ერთი გადმოცემით მან ხელით შვიდი ეგზემპლარი გადაწერა.

მუსლიმთა რწმენით, ყურანი ალლაჰის წმინდა უწყებაა და მასში არც ანგელოზებისა და არც მუჰამედის სიტყვები არ არის გადმოცემული. აქედან გამომდინარეობს რწმენა იმისა, რომ ყურანის ტექსტი, ანუ „დედა წიგნისა“ ზეცაშია (ყურანი 43:3). ნაწყვეტები ამ წიგნიდან მუჰამადამდე სხვა წინასწარმეტყველებსაც გამოეცხადა, მაგრამ გამოცხადების სისავსე მხოლოდ მუჰამადს მიემადლა.

ყურანი 114 სურის (რიგის, თავის) და 6226 აიასაგან (აიათისაგან, მუხლისაგან) შედგება. ტექსტი მუჰამადის მდივანმა ზაიდ საბითმა სიდიდის მიხედვით დაალაგა. ჯერ მოცემულია გრძელი, შემდეგ კი მოკლე სურები. გამონაკლისებია: პირველი სურა (ფათიჰა), რომელიც, ფაქტობრივად, ლოცვაა, და 113-ე და 114-ე სურები, რომლებშიც არის შელოცვა, მკითხველებსა და მსმენელებს ეშმაკისაგან (არაბულად - შაიტანისაგან), მისი მორჩილი ბოროტი სულებისაგან და ადამიანთა ხრიკებისაგან რომ იცავს.

ყურანი დაწერილია გარითმული პროზით (საჯ). მისი სურები ორ კატეგორიად იყოფა იმის მიხედვით, თუ სად მოხდა ესა თუ ის გამოცხადება - მექაში თუ მედინაში. მექურია 90 სურა, მედინური - 24.

ისლამოლოგიაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ტექსტის ისტორიის საკითხებსაც. როდესაც ოსმანმა ყურანის საბოლოო რედაქცია ჩამოაყალიბა, სხვა რედაქციის შემცველი ნუსხები განადგურდა. კანონიკური (ოსმანისეული) რედაქციის ძველ ნუსხებზე გვხვდება მუქი ფერის ლაქები, რაც, მუსლიმთა რწმენით, ოსმანის სისხლია, რომელიც მან დაღვარა, როდესაც იგი ყურანის კითხვის დროს მოკლეს. ასეთია, მაგალითად, ყურანის სამარყანდული ნუსხა, რომელიც დღეს ტაშკენტში ინახება.

ყურანის გვერდით დგას, მაგრამ მას ვერ უთანაბრდება, სუნა. ეს სიტყვა (არაბ. „ასსუნნა“) თავდაპირველი აზრით „გზას“, „მიმართულებას“ ნიშნავს, გადატანითი მნიშვნელობით - ადათს, ჩვეულებას, გადმოცემას. ისლამოლოგიაში სუნას მიზანია ყურანის ამა თუ იმ ადგილის დაზუსტება და განმარტება. თავიდან იგი ზეპირად გადაეცემოდა თაობიდან თაობას, მაგრამ IX საუკუნეში მას წიგნის სახე მისცეს. სუნას საფუძველია ჰასიდები, ანუ გადმოცემები, ისტორიული მოთხრობები მუჰამედსა და მუსლიმთა პირველ საკრებულოებზე, ომებსა და საზოგადოებრივპოლიტიკურ მოვლენებზე. სუნა ასევე მუჰამედის ოჯახის წევრებისა და თანამოღვაწეების ახსნა-განმარტებებსა და მემუარებსაც მოიცავს.

საღვთო მოძღვრება. „ისლამი“ არაბული სიტყვაა და ნიშნავს „ერთი და საყოველთაო ღმერთის მორჩილებას“ („ალისლამ“ - „ალაჰისადმი თავის მიცემა“, „მორჩილება“). ყურანში აღნიშნულია: „ჭეშმარიტი რელიგია ალაჰის წინაშე ისლამია“ (3:17). სიტყვა „ისლამი“, თავისი მნიშვნელობით, ახლოს დგას სიტყვებთან „იმან“ (რწმენა) და „დინ“ (რელიგია). ამიტომ ყურანში სიტყვები „იმანი“ და „ისლამი“ ხშირად ერთმანეთის ნაცვლად იხმარება და განუყოფელი ნაწილები არიან ცნებისა რელიგია - „დინ“.

ისლამური ღვთისმეტყველების თანახმად, რელიგიას სამი ძირითადი ელემენტი განსაზღვრავს:

  1. ალლაჰის, მისი წერილისა და მოციქულების ჭეშმარიტებათა სიტყვიერი აღიარება,
  2. შინაგანი რწმენა, ანუ ალლაჰის ჭეშმარიტებათა გულით (არა მხოლოდ გონებით) გაცნობიერება (გულწრფელობა) და
  3. კეთილი საქმეები, ანუ რელიგიური ვალდებულებებისა და ისლამის მითითებების შესრულება.

ისლამური ღვთისმეტყველება დაფუძნებულია ექვს ძირითად თეზისზე (დოგმატზე):

ერთი ღმერთის რწმენა. ისლამი მკაცრად და თანმიმდევრულად მონოთეისტური და თეოცენტრული რელიგიაა. იგი ქადაგებს ერთ ღმერთს, როგორც ყოვლისშემოქმედს, ყოვლისმპყრობელსა და ყოვლადმოწყალეს. მისი სახელია ალლაჰ (არაბ. ალლაჰ, ალილლაჰ - „ღვთაება“). ისლამი კატეგორიულად უარყოფს ტრიადას - ერთარსება სამების დოგმატს. მუჰამადის თქმით, ქრისტიანები სამ ღმერთს ეთაყვანებიან: ალლაჰს, ისას და მარიამს, რაც მისთვის ყოვლად მიუღებელია, რადგან ასეთი ღვთისმეტყველება წარმართობის ელემენტებს შეიცავს.

ალლაჰი აბსოლუტია; არსებობს თავის თავში, თავისთავად და სამყაროზე; არ შობს და არ შობილა; არ ჰყავს შვილები, ამხანაგები და მოზიარეები. ის განსაზღვრავს ადამიანთა ბედს და ადამიანები მას უნდა ემორჩილებოდნენ. იმის მიუხედავად, რომ ალლაჰი არის უსხეულო სული, ყურანში გვხვდება ფრაზები, რომლებიც მკითხველებს მის შესახებ ანთროპომორფულ წარმოდგენებს უქმნიან: ის ლაპარაკობს, ზის ტახტზე და ა.შ., რაც მეტაფორებია. რწმენა და მოძღვრება ალლაჰის ერთობისა და ერთადერთობის შესახებ (ალთავჰიდ) იმდენად მძლავრია, რომ ალლაჰის რომელიმე ქმნილებასთან მიმსგავსება ან შედარება უდიდეს და უპატიებელ ცოდვად ითვლება - შირქად, იგივე მრავალღმერთიანობად, „ვინმეს ალლაჰის თანამონაწილედ მიჩნევად“.

ალლაჰის ერთადერთობის რწმენა, რომლის საფუძველზე მუსლიმთა მთელი ცხოვრება უნდა მოეწყოს, ასახულია ღვთის სადიდებელ „ბასმალასა“ და რწმენის სიმბოლო „შაჰადში“. ისინი (ყურანისეული ექსცერპტების გარდა) პირველად დადასტურებულია ბაჰიბ ბ. მასლამის „დაცვის სიგელში“, რომელიც შედგენილია VII საუკუნის 40-50-იან წლებში და წარმოადგენს სახელმწიფო ხელშეკრულებას არაბეთსა და საქართველოს შორის.

ანგელოზების რწმენა. მუსლიმთა აზრით, არსებობენ უამრავი უსხეულო და გონიერი ქმნილებანი - ანგელოზები (არაბ. მალაიქა; მხ. რ. მალაქ), რომლებსაც ალლაჰსა და ადამიანს შორის შუალედური ადგილი უჭირავთ. ისინი უსქესონი არიან (ჰარუთისა და მარუთის გარდა); ცხოვრობენ ზეცაში, დგანან ალაჰის ტახტის გარშემო და ხოტბას ასხამენ მას, იცავენ ადამიანებსა და წინასწარმეტყველებს ალლაჰის სიტყვას გადასცემენ, თვალყურს ადევნებენ ადამიანებს და აღნუსხავენ ყველაფერს, რასაც ისინი ჩადიან.

ყურანი ანგელოზთა რამდენიმე კატეგორიას ასახელებს. უმაღლესი რანგისანი ის ანგელოზები არიან, რომლებიც ალლაჰის ტახტთან დგანან - ჯაბრაილი, მიქაილი, ისრაფილი და იზრაილი. ჯაბრაილი (ჯაბრილ, ჯიბრაილ, იგივე გაბრიელი), ყურანის მიხედვით, მუჰამედის მფარველია, გამოგზავნილი ალლაჰისაგან ყურანის ზეშთაგონებისათვის. მიქაილი (მიქალი, იგივე მიქაელი, მიხაილი) ემსახურებოდა ალლაჰს, როდესაც მიწისაგან ადამიანს ქმნიდა და იცავდა მუჰამედს ურწმუნო ხალხისაგან. ისრაფილი (სხვაგვარად სარაფილ) კითხულობს რჯულის ფიცარზე ნაწერ გადაწყვეტილებებს ადამიანთა და სამყაროს ბედის შესახებ, აქვს საყვირი, რომელსაც ჩაბერავს იერუსალიმის წმინდა კლდეზე მაშინ, როდესაც საყოველთაო აღდგომისა და განკითხვის დღე მოახლოვდება. იზრაილი არის სიკვდილის ანგელოზი, რომელმაც დედამიწაზე მოიპოვა თიხა, რისგანაც ღმერთმა ადამი შექმნა.

ალლაჰმა ანგელოზები ცეცხლისაგან შექმნა: თავდპირველად ისინი, შემდეგ - ადამი. მან უბრძანა ანგელოზებს: „თაყვანი ეცით ადამს!“ უფლის ნებას მხოლოდ იბლისი არ დაემორჩილა. მიზეზად ის დაასახელა, რომ ადამი მიწისგანაა შექმნილი, თვითონ კი ცეცხლისაგან (ყურანი 7:1012). ამის გამო ის ზეციდან იქნა გამოძევებული და გახდა ეშმაკი, სატანა. სახელი „იბლისი“ ბერძნული სიტყვისაგან მომდინარეობს - „დიაბოლოს“. იბლისი მორწმუნეთა ჭეშმარიტი გზიდან გადაცდენას ცდილობს და წუთისოფელში ღვარძლს თესს. მან მრავალი ბოროტი სული (დემონი) შვა - შაიტნები და ჯინები, რომელთა გარდაუვალი ხვედრი ჯოჯოხეთია. განკითხვის დღეს, იბლისისა და მისი ჯინების გარდა, სატანჯველი კიდევ ორ ანგელოზს ელოდება - ჰარუთს და მარუთს, რომლებმაც ამქვეყნიურ სიამოვნებაზე უარი ვერ თქვეს.

საღვთო წერილის რწმენა. საღთვო წერილი (ყურანის გარდა) გულისხმობს წიგნებს, რომლებიც იუდეველებსა და ქრისტიანებს გამოცხადების გზით ებოძათ. ასეთად ყურანში სამი წიგნია დასახელებული: თავრათი (თორა, მოსეს ხუთწიგნეული), ზებური (ფსალმუნნი დავითისი) და ინჯილი (სახარება). ამის გამო იუდეველებსა და ქრისტიანებს, ყურანის მიხედვით, დანარჩენ ხალხთა შორის გამორჩეული ადგილი უჭირავთ. ისინი არ არიან უბირები, ურჯულოები და ურწმუნოები, არამედ - წერილის, წიგნის ხალხი. მართალია, ეს წიგნები, მუსლიმ ღვთისმეტყველთა აზრით, სრულყოფილ ცოდნას არ შეიცავს, რადგან არც შესაბამისი (ე.ი. ყურანამდელი) გამოცხადებანი იყო სრულყოფილი და არც ჩაწერა მომხდარა სრულყოფილად, მაგრამ მათ სტრიქონებში უხვადაა სიბრძნე და ჭეშმარიტი მეცნიერება. გამოცხადებათა გვირგვინი არის ყურანი როგორც მარადიული, ალლაჰისაგან განუყრელი ფენომენი, ალლაჰის მარადიული ნებასურვილი, რომელსაც მთავარანგელოზი ჯაბრაილი მუჰამადს უკითხავდა და აწერინებდა. ხილული ყურანის დედანი ზეცაშია. იგი შეუქმნელი და მარადიულია.

წინასწარმეტყველთა რწმენა (რასულ და ნაბ). ყურანი და სუნა მუსლიმს ალლაჰის ყველა მოციქულისა (რასულ) და წინასწარმეტყველის (ნაბი) აღიარებას მოუწოდებს.

წინასწარმეტყველთა რიცხვი, ჰადისების მიხედვით, 124 000-ს უდრის, მაგრამ ყურანში დასახელებულია მხოლოდ 28. მათგან განსაკუთრებით საპატიოა ცხრა - „დიდნი და მყარნი“, შეუპოვარნი. ესენია: ნუხი (ნოე), რომელსაც ალლაჰისაგან მომავალი წარღვნის ამბავი ეუწყა და რომელმაც კიდობანი ააგი (ამ კიდობნით, სხვათა შორის, ეშმაკი იბლისიც გადარჩა, რადგან ის ვირში შევიდა და იქ ამ გზით აღმოჩნდა); იბრაჰიმი (აბრაამი) - არაბებისა და ებრაელების მამათმთავარი, რომელსაც ალლაჰისაგან წერილის გრაგნილი ებოძა და რომელმაც შვილთან, ისმაილთან, ერთად მიწიერი ქააბა ააგო; მუსა (მოსე), რომელსაც თავრათი (თაირი, თორა) ებოძა; დაუდი (დავუდი, დავითი), რომელმაც ალლაჰისაგან ზებური (ფსალმუნნი) მიიღო და რომელმაც გოლიათი (ჯალუთი) დაამარცხა; იაკუბი (იაკობი); იუსუფი (იოსები); აიუბი (იობი); მარიამის ძე ისა (იესო) - მერვე წინასწარმეტყველი, რომელსაც ალლაჰმა ინჯილი (სახარება) გარდამოუვლინა, რის გამოც იგი ცნობილია როგორც, „რუჰ ალაჰ“ (ალლაჰის სული). წინასწარმეტყველთა რიგს აგვირგვინებს უკანასკნელი წინასწარმეტყველი და „წინასწარმეტყველთა ბეჭედი“ მუჰამედი, რომელსაც ალლაჰმა ყურანი უკარნახა. წინასწარმეტყველთა შორის (ნაბი) იხსენიებიან, აგრეთვე, ალისქანდარ (ალექსანდრე მაკედონელი), ჯირჯისი (წმ. გიორგი) და სხვა ქრისტიანი წმინდანები.

ყურანში აღნიშნულია, რომ თავრათი და ინჯილი „უწიგნური (წერაკითხვის არ მცოდნე) წინასწარმეტყველის“ მოვლინებას წინასწარმეტყველებს. სწორედ მას დააკისრებს ალლაჰი მართალი ადამიანების მხრებიდან „ტვირთებისა და ხუნდების ჩამოხსნას“ (7:156). მუსლიმი თეოლოგები ამბობენ, რომ აქ ლაპარაკია აჰმადის („ყველაზე დიდებულის“), ე.ი. მუჰამედის შესახებ, რომელმაც წერაკითხვა მართლაც არ იცოდა. რაც შეეხება ინჯილს, მათი თქმით, ამ შემთხვევაში იესო ქრისტეს შემდეგი სიტვები იგულისხმება: „თუ არ წავედი, ნუგეშინისმცემელი ვერ მოვა თქვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ“ (იოანე 16:7). ეს წინასწარმეტყველი, მუსლიმთა კომენტარით, მუჰამედია.

ყურანისა და ძველი ისლამური ტრადიციის თანახმად, ისა არ მომკვდარა, ის ალლაჰმა აიყვანა თავისთან და კვლავ მოვა საყოველთაო განკითხვის დღეს. მუჰამედის საფლავის პირდაპირ არის ცარიელი ადგილი, გამზადებული ისასათვის, რომელსაც იქ მეორედ მოსვლის შემდეგ დაკრძალავენ. მოციქულმა ისამ (თურქ. ისა ფეიღანბარმა) მოციქულ მუჰამედის საქმე უნდა გააგრძელოს და სრულყოს, ქვეყნიერებას აღსასრულის მოახლოება უნდა აუწყოს, დაჯალი (მაცდური სული, ცრუ მესია, ანტიქრისტე) უნდა გაანადგუროს და სამართლიანობა აღადგინოს. პიროვნება, რომელსაც ეს მისია აკისრია, არის მაჰდი. მაჰდი არაბულად „ალლაჰის გზის გაყოლას“ ნიშნავს. ჭეშმარიტი მაჰდი არის ის, ვინც მუჰამედის საქმეს გააგრძელებს და სრულყოფს. იგი მესიაა, რომელიც ქვეყანას ისტორიაში კი არა, ისტორიის დასასრულს ან დასრულების შემდეგ მოევლინება.

დაისმის კითხვა: მაჰდი დამოუკიდებელი, თავისთავადი პიროვნებაა, თუ მეორედ მოსული ისა? თავდაპირველად მაჰდი იესო ქრისტესთან იყო გაიგივებული. მისგან გამიჯნვა მუსლიმთა შემდგომდროინდელ რელიგიურ წარმოდგენებში მოხდა. სუნიტური ტრადიციის თანახმად, ეს არაა დოგმატური შინაარსის კითხვა და, მაშასადამე, ღია საკითხია. შიიტები კი მას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და თვლიან, რომ მაჰდი „ფარული იმამია“. მისი ეპოქა 878 წელს დაიწყო და შესაძლებელია ნებისმიერ დღეს დასრულდეს მისი (იმამიმაჰდის) დაბრუნებით. იგი განაგრძობს მოციქულის საქმეს, აღადგენს ხალიფა ალის საგვარეულოს შელახულ უფლებებს, ისლამის პირვანდელ სახეს, ანუ თეოკრატიას, აღავსებს სამყაროს სიმართლითა და სამართლიანობით, მოსპობს ტირანებსა და ტირანიას. მაჰდის დაბრუნების მოლოდინი განსაკუთრებით გამძაფრდა XVI-XIII საუკუნეების ირანში, როდესაც შიიზმი ამ ქვეყნის ოფიციალური რელიგია გახდა. ისლამის ისტორიაში ცნობილია რამდენიმე პოლიტიკური მოღვაწე, რომლებსაც თავი მაჰდად გამოუცხადებიათ.

საყოველთაო აღდგომისა და უკანასკნელი სამსჯავროს რწმენა. - მაადი. ესაა მოძღვრება, რომელიც გულისხმობს მომავალი სამყაროსეული კატასტროფის, საყოველთაო აღდგომის, განკითხვის დღის, ჯოჯოხეთისა და სამოთხის რწმენას. სიტყვა მაადი („ალმაად“) არაბულია და ღმერთთან დაბრუნებას ნიშნავს, რაც სამყაროს აღსასრულის ჟამს მოხდება. მაშინ აღდგებიან მკვდრები (ალკიიამა) და ალლაჰის სამსჯავროს წინაშე წარდგებიან - მართალნი სამოთხეს დაიმკვიდრებენ (ალჯანნა), ცოდვილნი - ჯოჯოხეთს (ჯაჰანნამ).

ბედისწერის რწმენა. კადარი. „კადარ“-ი (ბედისწერა) შინაარსით ახლოს დგას ასევე არაბულ სიტყვასთან „ყისმათ“, რომელიც ნიშნავს ბედს, იღბალს. პირველი წინასწარგანსაზღვრულობას გულისხმობს, მეორე - შემთხვევითობასა და საქმეში გამართლებას. ისლამური ღვთისმეტყველების თანახმად, ყველაფერი, რაც მომხდარა, ხდება ან მოხდება, ალლაჰის ნებაზეა დამოკიდებული. ყურანში ნათქვამია: „არაფერი დაგვემართება იმის გარდა, რაც დაგვიწერა ალლაჰმა“ (9:51); „არც ერთი სული ისე არ მოკვდება, თუ არ იქნება ალლაჰის ნება, ჟამი წინასწარ განსაზღრული და დაწერილი“ (ყურანი 9:51). მართალია, ადამიანებს თავთავიანთი ზრახვები და საქციელი ღმერთმა წინასწარ განუსაზღვრა, მაგრამ ცუდ საქციელსა და დანაშაულზე პასუხისმგებლობაც დააკისრა. ბუნებრივად დაისმის კითხვა: რატომ ან როგორ უნდა აგოს პასუხი ადამიანმა მასზე, რაც მის არსებაში მისი ნების გარეშეა განსაზღვრული? ესაა ანტინომია, - წინააღმდეგობა ბედისწერასა და ნების თავისუფლებას შორის, რაც მუსლიმურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს: იყვნენ ჯიბრიტები, რომლებიც უარყოფდნენ ნების თავისუფლებას და ცნობდნენ აბსოლუტურ ბედისწერას და იყვნენ კადარიტები, რომლებიც აღიარებდნენ ადამიანის თავისუფალ ნებას და არჩევანის უნარს კეთილსა და ბოროტს შორის.

ღვთისმოსაობა და პრაქტიკა

„ხუთი ბურჯი“ (რუქნ) და ჯიჰადი. მუსლიმთა რწმენისმიერ ცხოვრებას, ანუ ისლამურ სათნოებას „ხუთი ბურჯი“ განსაზღვრავს. ესაა მუსლიმთა ხუთი მცნება, ხუთი ძირითადი მოვალეობა (რუქნ):

  1. ერთადერთ ღმერთად ალაჰის აღიარება - შაჰადა („მოწმობა“). ესაა რიტუალური და ყველაზე ტევადი ფორმულა, რომელიც ისლამის ორ მთავარ თეზისს გამოხატავს.
  2. ყოველდღიური ხუთგზისი ლოცვა - სალათი (არაბ. ალსალათ, სპარს. ნამაზი). ყოველ ასეთ (წესისმიერ) ლოცვას წინ უძღვის განბანვა (ვუდუ). ლოცვა შესაფერის პირობებში სრულდება - ნოხზე დადგომით და დაჩოქებით, პირით მექისაკენ (კიბლა). ლოცვის ყოველდღიური ციკლი ასეთია: ფაჯრი - სრულდება განთიადზე, ზუჰრი - შუადღისას, ასრი - მზის ჩასვლამდე, მაღრიბ - მზის ჩასვლის ჩემდეგ და, მეხუთე, იშა - ღამით, ძილის წინ.
  3. მოწყალება - ზაქათი (სიტყვა-სიტყვით: განწმენდა, გასუფთავება). ყურანის თანახმად (2:211, 216219 და სხვ.), მორწმუნე ვალდებულია, მოწყალება გაიღოს და გაჭირვებულებს დაეხმაროს. მუსლიმთა თვალსაზრისით, ყველა ამქვეყნიური სიკეთე (ფული, ქონება, დიდკაცობა) უწმინდურია. მათი მოპოვება და გამოყენება ნებადართულია მხოლოდ განწმენდისა და ღმერთისათვის ნაწილობრივი დაბრუნების პირობით. ვინც უპოვარს ხელს უმართავს, ის საკუთარ სულს ასუფთავებს. ზაქათის სინონიმია სადაკა.
  4. სავალდებულო მარხვა - საუმი. ესაა მუსლიმთა კალენდრის მეცხრე თვე. გადმოცემის თანახმად, ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა მუჰამადს წინასწარმეტყველისა და მოციქულის მისია და ყურანის პირველი გამოცხადებაც მიმადლა. მარხვა მორწმუნე მუსლიმს სულისა და გონების მობილიზაციას ავალდებულებს. მან დღის საათებში ყოველგვარი ფიზიკური სიამოვნებისაგან თავი უნდა შეიკავოს - ჭამისაგან, სმისაგან და ინტიმური ცხოვრებისაგან. ამ აკრძალვებისაგან იგი თავისუფლდება მზის ჩასვლის შემდეგ. თუმცა მორწმუნეს ღამის საათებშიც მხოლოდ სიკეთის ქმნა მართებს. მარხვა 30 დღეს გრძელდება და სამდღიანი ზეიმით მთავრდება.
  5. მომლოცველობა - ჰაჯი. ზოგადი აზრით, ჰაჯი ნიშნავს პილიგრიმობას (წმ. ადგილების მოლოცვას), მაგრამ ამ სიტყვას (ალჰაჯჯ) კონკრეტული შინაარსი აქვს და მექაში პილიგრიმობას გულისხმობს. ყურანის თანახმად, მექაში მოგზაურობა და ქააბას მონახულება სავალდებულოა ყველა მუსლიმისათვის, ვისაც ეს ძალუძს (3:9091 და სხვ.). ეს აქტი მორწმუნემ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა განახორციელოს. ვინც ამას ავადმყოფობის გამო ვერ ახერხებს, შეუძლია, წარმომადგენელი გააგზავნოს. ჰაჯისაგან მხოლოდ ფსიქიკური პრობლემების მქონე, უპოვარი და მონა თავისუფლდებიან. ჰაჯი მთვარის კალენდრის უკანასკნელ თვეში სრულდება. მორწმუნეს პილიგრიმობის უფლება ყოველთვის აქვს, მაგრამ ალჰაჯჯი მხოლოდ წელიწადის აღნიშნულ მონაკვეთში უნდა შესრულდეს.

ამ დროს მუსლიმები მუჰამადის „გამოსათხოვარ ჰაჯის (პილიგრიმობას)“ იხსენებენ. მორწმუნეები, როდესაც არაბეთის წმინდა მიწას (მექას) მიუახლოვდებიან, იჰრამით (თეთრი უნაკერო სამოსლით) იმოსებიან და განწმენდის წესებსაც ასრულებენ - შემოუვლიან ქააბას და შავ ქვას ეამბორებიან. ჰაჯის დამთავრების დღეს ქააბას ტაძარში სრულდება ქადაგება და საღამოს, ან მეორე დილით, პილიგრიმები მექას ტოვებენ.

არსებობს მცირე პილიგრიმობა (უმრა), რომელიც წლის ნებისმიერ დროს შეიძლება შესრულდეს. მისი რიტუალი შედარებით მოკლე და მარტივია.

ჯიჰადი

მას ისლამის მეესვსე ბურჯად და მუსლიმთა მეექვსე მოვალეობადაც მიიჩნევენ. სიტყვა არაბულია და „გულმოდგინებას“, „მონდომებას“, რწმენაში სიმტკიცეს ნიშნავს. ჯიჰადის იდეა და იდეოლოგია ემყარება რწმენას ისლამის უნივერსალურობის შესახებ, რაც მორწმუნეებს სარწმუნოებრივ შეუპოვრობას ჰკარნახობს.

VIII საუკუნეში, როდესაც ისლამური დოგმატიკა ჩამოყალიბდა და ყურანის კომენტარებიც დაიწერა, ჯიჰადის შინაარსი დაზუსტდა. იგი ნიშნავს სარწმუნოებისათვის ბრძოლაში თავგამოდებას, რაც შეიარაღებულ დაპირისპირებას არ გულისხმობს, თუმცა არც გამორიცხავს, როდესაც ამის გარდაუვალი აუცილებლობაა. ყურადღება ძირითადად გამახვილებულია პიროვნების საკუთარ თავთან ბრძოლაზე თვითაღზრდისა და თვითგაუმჯობესებისათვის, სულიერი და ზნეობრივი სრულყოფისათვის, ასევე - ქვეყანაში სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღებისათვის. თუკი სარწმუნოებას საფრთხე დაემუქრება, მაშინ შესაძლებელია გამოცხადდეს ღაზავათი („თავდასხმა“), ანუ ომი სარწმუნოებისათვის სარწმუნოების მტრებთან. ოღონდ ესაა ჯიჰადის უკიდურესი გზა და მისი გამოცხადება მხოლოდ უმაღლეს სულიერ ავტორიტეტს შეუძლია, თუკი დაასაბუთებს, რომ სხვა გზა აღარ დარჩა (ღაზავათის მაგალითია კავკასიელ მთიელთა ომი რუსეთის წინააღმდეგ). ასეთ ომში დაღუპული მუსლიმი ხდება შაჰიდი (მოწამე), რომელიც უცილობლად ცხონდება და მისი სულისთვის საგანგებო ლოცვების თქმა და რიტუალების შესრულება საჭირო აღარ არის.

განასხვავებენ ჯიჰადის რამდენიმე სახეს: „გულის ჯიჰადი“ - ბრძოლა ისლამის პირველი მტრის, საკუთარი ნაკლოვანების, აღმოფხვრისათვის, „ენის ჯიჰადი“ - ისლამის ფასეულობათა გაბედულად აღიარება და დაცვა, უსამართლობის მხილება, „ხელის ჯიჰადი“ - დისციპლინარული ზომების მიღება კანონისა და ზნეობრივი ნორმების დამრღვევთა მიმართ, „კალმის ჯიჰადი“ - ისლამის დაცვა წერილობით, „მახვილის ჯიჰადი“ - შეიარაღებული ბრძოლა ისლამის დასაცავად.

კერძო და საზოგადო ღვთისმსახურება

ღვთისმსახურება. ისლამური ღვთისმსახურების ენად არაბული დამკვიდრდა. ღვთისმსახურება და ღვთისმოსაობა კონცენტრირებულია რწმენის ფორმულაში შაჰადა, ანუ მოწმობა. იგი ასე ჟღერს: „ლა ილაჰა ილლა ლლაჰუ ვა მუჰამადუნ რასულულლაჰ“ („არ არის ღმერთი გარდა ალლაჰისა და მისი შუამავალი მუჰამედია“). ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ლოცვა, რადგან მასში ისლამის ორი მთავარი თეზისია გაცხადებული:

1) ერთი ღმერთის აღიარება და
2) მის მოციქულად მუჰამედის გამოცხადება.

ღვთის ყველაზე მოკლე და ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე გავრცელებული სადიდებელია ბასმალა, რომელიც ასე ჟღერს: ბისმილლაჰირაჰმანირრაჰიმი („სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა“). სხვაგვარად მას თასმია ეწოდება. ამ ფორმულით იწყება ყურანის ყველა სურა, გარდა მე-9-ისა. ბასმალას წარმოთქვამენ ყველა საქმის დაწყების წინ, მით უფრო ლოცვისა და ქადაგებისას. იგი წარმოადგენს დეკორატიულ მოტივსაც და ხშირად გამოიყენება ხელნაწერებსა და არქიტექტურულ ორნამენტებში.

ღვთისმსახურება შეიძლება ნებისმიერ ადგილზე შესრულდეს, მაგრამ საზოგადო მსახურება, თუკი ექსტრემალური ვითარება არაა, უნდა შედგეს საკრებულო ტაძარში, რომელსაც მეჩეთი, მასჯითი, მიზგითი ეწოდება (სიტყვა არამეულია და „ღვთის თაყვანისცემის ადგილს“ ნიშნავს), ანდა - ჯამე (ჯამაათის, ე.ი. მუსლიმთა თემის შესაკრებელი. არაბ.).

სასულიერო იერარქია

მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო პირი არის შეიხი. პიროვნება, რომელიც მუსლიმთა თემს, საკრებულოს (ერთს ან რამდენიმეს) ხელმძღვანელობს, სალოცავ სახლს ემსახურება, რიტუალებს ასრულებს და ქადაგებას წარმოთქვამს, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელითაა ცნობილი: იმამი, ახუნდი, მოლა და ხოჯა. ამასთანავე, ერთი და იმავე დასახელების სასულიერო პირს სასულიერო იერარქიაში (სხვადასხვა გარემოში) სხვადასხვა რანგი და თანამდებობა უჭირავს: იმამი ზოგან ზედამხედველი ღვთისმსახურია, ზოგან - რიგითი ახუნდი (სპარს. მასწავლებელი) ზოგან მაღალი თანამდებობის რჯულის მეცნიერია, ზოგან - მეჩეთის მსახური.

ისტორიული თვალსაზრისით ყველაზე გავრცელებული სახელწოდებაა იმამი, რაც სიტყვა-სიტყვით „წინამდგომელს“, „ხელმძღვანელს“ ნიშნავს. არსებობს „დიდი იმამი“ და „მცირე იმამი“. პირველი მოცემული ქვეყნის ან სახელმწიფოს მუსლიმთა სასულიერო და პოლიტიკური ლიდერია (მაგ. იმამი შამილი), მეორე კი ერთი რომელიმე ან (აუცილებლობის შემთხვევაში) რამდენიმე საკრებულოს წინამძღოლია. დიდი იმამის თანამდებობა სუნიტური ტრადიციით არჩევითია, შიიტურით კი - მემკვიდრეობითი და ის მეოთხე კანონიერი ხალიფა ალის (656-661) შთამომავლებს გადაეცემათ. მცირე იმამის ადგილზე ინიშნებოდნენ და ინიშნებიან სასულიერო განათლების მქონე პირები, რომლებიც მაღალი ზნეობითა და ღვთისმოსაობით გამოირჩევიან. ამავე თანამდებობას ასრულებს მოლა (არაბ. - მავლა, სპარს. - მოლლა „ბატონი“, „მბრძანებელი“, „მეუფე“), რომელსაც თურქულენოვან მუსლიმურ სივრცეში ზოგჯერ ხოჯა ეწოდება (აჭარა).

სიმბოლო

მუსლიმები მთვარის კალენდრით სარგებლობენ. ამის გამო მათი რელიგიის სიმბოლოდ ახალი ნამგალა მთვარე იქცა. ეს ბუნებრივია, რადგან მუსლიმთა მთავარი და სავალდებულო მარხვის (იხ. ქვემ.) დაწყება და დამთავრება ახალმთვარეობაზეა დამოკიდებული. ისლამის სიმბოლოდ ნახევრადმთვარე პირველად ხალიფა ომარ I-მა (634-644) გამოიყენა - მან ის ქააბაზე მიამაგრა და ამით მთელ მუსლიმურ სამყაროს მაგალითი მისცა. მოგვიანებით ნახევარმთვარემ მუსლიმთა სალოცავ სახლებში ის ადგილი დაიკავა, რაც ჯვარმა ეკლესიაში. XIX საუკუნის დასაწყისიდან ეს სიმბოლო ისლამური ტრადიციის ქვეყნებში (პირველად ოსმალურ თურქეთში) ჰერალდიკის (დროშებისა და გერბების) განუყოფელ ნაწილად იქცა.

დღესასწაულები

მუსლიმთა მთავარი მარხვა და დღესასწაულია რამადანი (რამაზანი). იგი რამადანის თვეში სრულდებ: იწყება სავსე მთვარის გამოჩენისთანავე და 29 ან 30 დღეს გრძელდება (თარიღი მოძრავია). ეს მარხვა მთავრდება დღესასწაულით, რომელსაც ურაზაბაირამი ჰქვია (სხვანაირად: იდ ალფიტრი ან ქუჩუკბაირამი, შექერბაირამი). დღესასწაულს, ზოგადად, არაბულ ენაზე უწოდებენ „yidun“-ს, რაც „გახსენებას“ ნიშნავს. რამაზანის მარხვით და დღესასწაულით მუსლიმები იმ დღეებს იხსენებენ, როდესაც ალაჰმა მუჰამედს ყურანი გარდმოუვლინა.

სხვა დღესასწაულებია: ყურბანბაირამი, მავლიდი, მიჰრაჯი, აშურა, ანუ შაჰსეი, ვაჰსეი და სხვა.

ისლამი და არამუსლიმები

მუსლიმებს, ისე როგორც სხვა რელიგიების მიმდევრებს, სწამთ, რომ ჭეშმარიტებას სრულყოფილად მხოლოდ ისინი ფლობენ. დანარჩენი კაცობრიობა, ალლაჰთან მიმართების თვალსაზრისით, ორ ნაწილად იყოფა:

  1. ხალხი, რომელსაც წერილობითად ჩამოყალიბებული რჯული არა აქვს. მათი სახელია მუშრიქ; ეს ადამიანები წარმართები და კერპთაყვანისმცემლები არიან და
  2. ხალხი, რომელსაც წერილობითად ჩამოყალიბებული რჯული აქვს და ეს რჯული საღვთო გამოცხადების ნაყოფია. მათი სახელია აჰლ ალქითაბ („საღვთო წერილის მქონე ხალხი“).

ისლამის მიხედვით, ერთ დროს ადამიანები ერთიან უმას („უმა“ არაბული სიტყვაა და ერს, ხალხს ნიშნავს) შეადგენდნენ, რადგან ერთი რელიგიით იყვნენ გაერთიანებულები. შემდეგ მოხდა მათი დაშლა. ისლამური თვალთახედვით, კაცობრიობის ისტორია რელიგიურ თემთა თანმიმდევრული მონაცვლეობაა. დედამიწაზე ჭეშმარიტების მოსატანად ალლაჰმა თავისი მოციქულები (რასულ), წინასწარმეტყველები (ნაბი), გამაფრთხილებლები (ნაზირ) და მაცნენი (მუბაშშირ) გამოგზავნა. მათი მეშვეობით შეიქმნა „საღვთო წერილის ხალხი“ - იუდეველთა და ქრისტიანთა უმები. ის უმა, რომელიც ალლაჰის მთავარმა მოციქულმა მუჰამედმა მედინაში შექმნა, წერილის ხალხებსაც მოიცავდა, მაგრამ მათ, ისლამის მტკიცებით, ჭეშმარიტებას თვალი ვერ გაუსწორეს და ახალი უმის მიღმა აღმოჩნდნენ. ამდენად, ახალი უმა მხოლოდ მართლმორწმუნე მუსლიმებს აერთიანებს.

მუშრიქებსა და აჰლ ალქითაბელებს შორის დგანან მაზდეანები (ზოროასტრიზმის მიმდევრები, თანამედროვე ღებრები და ფარსები). მათი სახელია მაჯუსი (სირ. მაგუსა - „მოგვი“). მათაც აქვთ წერილი („ავესტა“), მაგრამ ეს არაა საღვთო წერილი (გამოცხადება). ალბათ ამიტომ ისინი („მოგვნი“) ყურანში წერილის ხალხებსა და წარმართებს შორის მოიხსენიებიან (22:17).

ძველი ისლამური ტრადიციის თანახმად, მუსლიმთა ლაშქრობისა და გამარჯვების შემთხვევაში, მუშრიქების მოქცევა სავალდებულო იყო, აჰლ ალქითაბის წარმომადგენლების გამუსლიმება კი - არა, თუკი ისინი თავს მუსლიმი ხელმწიფის ქვეშევრდომად აღიარებდნენ და გადაიხდიდნენ სულადობრივ გადასახადს - ჯიზიას. სავალდებულო გამუსლიმება ძალმომრეობას არ გულისხმობდა, რადგან ყურანში პირდაპირაა ნათქვამი: „არანაირი იძულება სარწმუნოებაში!“ (2:257).

ისლამური ფუნდამენტალიზმი

თანამედროვე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში ხშირად გამოიყენება ცნება „ისლამური ფუნდამენტალიზმი“, თუმცა ტერმინი „ფუნდამენტალიზმი“ ისლამური წარმოშობის არ არის. ისლამურ სამყაროში ესაა იმ მისწრაფებებისა და ტენდენციების საერთო სახელი, რომელთა მიზანს საზოგადოებისა და სახელმწიფოს შარიათის საფუძველზე ორგანიზება წარმოადგენს. ასეთი პროგრამა და განწყობილება დამახასიათებელია ისლამის სხვადასხვა, ხშირად ურთიერთდაპირისპირებული, მიმდინარეობებისთვის. ისლამური ფუნდამენტალიზმი მუჰამადისა და ოთხი მართლმორწმუნე ხალიფის დროინდელი ისლამისაკენ დაბრუნების იდეას ეფუძნება. მუსლიმი ფუნდამენტალისტები ისლამის მთავარ საფრთხეს დასავლური პოლიტიკური მოდელისა და ცხოვრების წესის დანერგვაში ხედავენ. ფუნდამენტალისტთა დაპირისპირება დასავლური სამყაროსადმი სამ პრინციპს ემყარება: 1. იმის მტკიცებას, რომ სწორედ ისლამმა შეიტანა დასავლეთში ცივილიზაცია, 2. დასავლური ფასეულობებისა და კოლონიზატორული პოლიტიკის მხილებასა და 3. ისლამის აპოლოგიას (ყველაფერი ყურანსა და სუნაშია მოცემული და ისლამი საუკეთესო, სრულყოფილი რელიგიაა).


იხილე აგრეთვე

ისლამი საქართველოში

წყარო

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები