კაბერნე სოვინიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაბერნე სოვინიონი - ფრანგული ვაზის ჯიში

კაბერნე სოვინიონი - ფრანგული ვაზის ჯიში, შეტანილია საქართველოს სარაიონო სტანდარტულ ასორტიმენტში და განკუთვნილია მაღალხარისხოვანი სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად.

მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურაში და ფრანგ მევენახეთა შორის კაბერნე სოვინიონი ცნობილია მრავალი სხვადასხვა დამატებითი სახელწოდებით (სინონიმით), მათ შორის უფრო ცნობილია. პტი კაბერნე, ვიდიური, ვენ დიური, მარშოპეტი და სხვ. საბჭოთა კავშირში მას შეცდომით ლაფიტსა და ლაფეტს უწოდებენ (პ. ბოლგარევი, 5).

კაბერნე სოვინიონი ერთ-ერთი უძველესი ჯიშია, საფრანგეთში იგი XVI საუკუნიდანაა ცნობილი, იგი იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის წითელ ღვინოს საფრანგეთში (ბორდო), საქართველოში (თელავის რ-ნი) და საბჭოთა კავშირის სამხრეთ ქვეყნებში: უკრაინასა და კრასნოდარის მხარეში, ხოლო დანარჩენ რაიონებში იგი საშუალო და კარგი ხარისხის ღვინოს იძლევა. განსაკუთრებით მაღალი ღირსების ღვინოს იძლევა იგი ჟირონდის დეპარტამენტის ზოგიერთ მეურნეობებში (შატო ლაფიტი, შატო მარგო, შატო ლატურ, მუტონ როტ-შილდი, გობრიონი და სხვ.).

ამ ადგილების ღვინოზე მაღალხარისხოვანი ღვინო უცხოეთის ვერც ერთმა სხვა რაიონმა ვერ შექმნა და როგორც ამას სამართლიანად აღნიშნავს ცნობილი სპეციალისტი პროფ. გ. გოგოლ-იანოვსკი (7) „მხოლოდ კახეთში, სუფრის ღვინოების ამ საუკეთესო რაიონში, მოგვცა კაბერნემ შედარების საშუალება ბორდოს კარგ სამარკო ღვინოებთან. კაბერნეს ღვინომ „თელიანი №48“ თელიანისა და ნაფარეულის მესამეული პერიოდის ქვიან დანალექებზე გამოამჟღავნა მაღალი ღირსება: მდიდარი შეფერვა, ნაზი ბუკეტი და გამშვენიერება ხანგრძლივი შენახვისას“.

აღნიშნულის გამო პროფ. გ. გოგოლ-იანოვსკი (7) სავსებით მართებულად თვლის კაბერნეს ღვინოს თელიანის ადგილიდან საბჭოთა კავშირის მეღვინეობის სიამაყედ. ასეთსავე მაღალ შეფასებას აძლევს თელიანის ღვინოს ცნობილი მეღვინე პროფ. კ. მოდებაძე (1), ვ. კანდელაკი (11), მ. ხოვრენკო (17) და სხვები.

ყველაზე მეტად კაბერნე სოვინიონი საფრანგეთში – ჟირონდის დეპარტამენტშია გავრცელებული, სადაც ამ ჯიშის დიდი მასივებია გაშენებული. ჯიში აგრეთვე გავრცელებულია ევროპის თითქმის ყველა მევენახეობის რაიონში და ნაწილობრივ ამერიკაშიაც, სახელდობრ: ჩილში, არგენტინაში, ბრაზილიასა და კალიფორნიაში. საბჭოთა კავშირში კაბერნე სოვინიონი პირველად ყირიმში შემოიტანეს XIX საუკუნის დასაწყისში, ახლა მას ყირიმში 170 ჰექტარი ფართობი უჭირავს. ყირიმიდან იგი გავრცელდა საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა მევენახეობის რაიონში, ძირითადად საბჭოთა და კოლექტიურ მეურნეობებში. საკარმიდამო ნაკვეთებზე კაბერნე სოვინიონი, მისი შედარებით მცირე მოსავლიანობისა და ულამაზო პატარა წვრილმარცვლიანი მტევნების გამო, თითქმის არ მოიპოვება. საქართველოში კაბერნე სოვინიონი გავრცელებულია, ძირითადად, სამტრესტის საბჭოთა მეურნეობებში, სახელდობრ წინანდალში, ყვარელსა და ნაფარეულში, შედარებით ნაკლებადაა იგი გავრცელებული კოლმეურნეობებში. ვენახების 1953 წლის აღწერის მასალების მიხედვით კაბერნე სოვინიონს საქართველოში უჭირავს 443 ჰექტარი. ეს ფართობი ცალკეული რაიონების მიხედვით განაწილებულია შემდეგნაირად (იხ. ცხრ. 1).


ცხრილი 1

კაბერნე სოვინიონის ვენახების ფართობი 1953 წ. აღწერის მასალების მიხედვით

რაიონის დასახელება ფართობი
ჰექტარობით
რაიონის დასახელება ფართობი
ჰექტარობით
თელავის რაიონი 363,8 ახმეტის რაიონი 1,16
გურჯაანის 43,1 ქუთაისის 0,7
ყვარლის 27,6 სოხუმის 0,46
სიღნაღის 3,2 მარნეულის 0,36
გულრიფშის 1,5 დანარჩენ რაიონებში 1,12
სულ საქართველოში 443,0

როგორც ცხრილიდან ჩანს, ყველაზე დიდი ფართობი კაბერნე სოვინიონს კახეთში – თელავის რაიონში უჭირავს, ძირითადად, სოფ. წინანდალში – თელიანის ნაკვეთზე, სადაც მისგან სახელგანთქმული ღვინო „თელიანი №2“ მზადდება. ასეთივე მაღალი ღირსების ღვინო დგება აგრეთვე კახეთის სხვა (გურჯაანისა და ყვარლის) რაიონებშიც.


სარჩევი

ბოტანიკური აღწერა

ჯიში ბოტანიკურად აღწერილია მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ნაკვეთზე სოფ. კურდღელაურში. საკოლექციო ვენახი მდებარეობს ცივ-გომბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთით სუუსტად დაქანებულ ფერდობზე 562,3 მ. სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ვენახი 20 წლისაა, ვაზი გაფორმებულია, ძირითადად, ორმხრიანი შპალერის წესით, კვების არე 3 მ2 უდრის, შტამბის სიმაღლე 50 სმ შეადგენს.

ახალგაზრდა ყლორტი

მოზარდი ყლორტის (10-15 სმ) წვეროები (გვირგვინი და პირველი ორი ფოთოლაკი), შებუსვილია სქელი აბლაბუდისებრი ბუსუსით და თეთრი ფერისაა, მოვარდისფრო არშიით გვირგვინისა და ფოთოლაკების ირგვლივ. ქვემოთ მდებარე მესამე და მეოთხე ფოთოლაკი ზევიდან კარგავს შებუსვას და იღებს მოყვითალო მწვანე ფერს მოწითალო იერით, ხოლო ქვედა მხრიდან ინარჩუნებს შებუსვას და მორუხო-თეთრ ფერს.

ერთწლიანი რქა

კარგად შემოსული ერთწლიანი რქა შემოდგომით შეფერილია ყავისფრად. მუხლთაშორისები მოკლეა – სიგრძით 8-9 სმ. მუხლები კარგადაა გამოსახული და მუხლთაშორისებთან შედარებით უფრო მუქადაა შეფერილი. მუხლთაშორისები დასერილია წვრილი ზოლებით.

ფოთოლი

შუა იარუსის ფოთოლი საშუალო (16,0 X 16,0 სმ) სიდიდისაა, ფორმით მომრგვალოა და ხუთნაკვთიანი. ფირფიტა ძლიერ ღრმადაა დანაკვთული, თათებს ახასიათებს მეორადი დანაკვთაც. ფოთლის ზედაპირი სწორია ან ოდნავ ტალღისებრი, მუქი მწვანეა, ოდნავ ბრჭყვიალა, იშვიათად სამნაკვთიანი ფოთლებიც გვხვდება. ფოთლის შუა ნაკვთი ბლაგვი სამკუთხედისებრია.

ზედა ამონაკვეთები ღრმაა და მომეტებულ შემთხვევაში დახურული. ამონაკვეთებს სამკუთხედისებრი ან გულისმაგვარი თვალი აქვს, მომრგვალო ან ბრტყელი ფუძე და ერთიმეორეზე გადასული ნაკვთები. იშვიათად გვხვდება აგრეთვე ღია ჩანგისებრი ან ნაპრალისებრი ამონაკვეთები, მომრგვალო ან ბრტყელი ფუძით.

ქვედა ამონაკვეთები ნაკლებად ღრმაა, ხშირად საშუალო სიღრმისაა, ღიაა, ფორმით ჩანგისებრია, უფრო ხშირად მომრგვალო ან წაწვეტებული ფუძე აქვს. იშვიათად გვხვდება მომრგვალოთვლიანი დახურული ამონაკვეთები მომრგვალო ან წამახვილებული ფუძით.

ყუნწის ამონაკვეთი ღრმაა, უფრო ხშირად ელიფსურთვლიანია და დახურული. ამონაკვეთის ფუძე შემდგარია წყვილი ძარღვისაგან. იშვიათად გვხვდება აგრეთვე ღია ჩანგისებრი ამონაკვეთები მომრგვალო ფუძით.

დაკბილვა

კბილები მთავარ ძარღვებზე განიერი გამოწეულგვერდებიანი სამკუთხედისებრია, ბლაგვი ან წაწვეტებული წვერით, იშვიათად გვხვდება აგრეთვე გუმბათისმაგვარი ფორმის კბილები. გვერდითი კბილები გამოწეული გვერდებით სამკუთხედისებრი ან ხერხისებრ სამკუთხედისებრია. კბილები მსხვილი და არათანაბარი ზომით.

ფოთლის ქვედა მხარე შებუსვილია თხელი აბლაბუდისებრი ბეწვებით. ძარღვები გამოწეულია, უბუსუსო, ღია მწვანეა, ხოლო ყურძნის სიმწიფის დროისთვის მურა იისფერს იღებს.

ყუნწი ფოთლის მთავარ ძარღვზე მოკლეა, უბუსუსო, მუქი მწვანე, შემოდგომით კი მუქი იისფერი ხდება.

ყვავილი

ყვავილი ორსქესიანია. უფრო ხშირად ყვავილში ხუთი, იშვიათად ექვსი მტვრიანაა. მტვრიანების ძაფის სიგრძის შეფარდება ბუტკოს სიმაღლესთან მეტად ცვალებადია, იგი მერყეობს 1,5-2,0-მდე; ხშირად ეს შეფარდება 1,75 უდრის. ბუტკო სწორი სურისებრია, კარგად გამოსახული ცილინდისებრი ყელით და მომრგვალო დინგით. ყვავილები კარგი თვითდამტვერვის უნარით ხასიათდება.

მტევანი

მტევანი საშუალო ზომისაა, მისი სიგრძე მერყეობს 12-16 სმ შორის, ხოლო სიგანე 8-დან 10 სმ-მდე. საშუალო მტევნის სიგრძე-სიგანე 14X9 სმ უდრის. მტევანი საკმაოდ მკვრივია, კონუსისებრი ან ცილინდრულ-კონუსისებრი, ხანდახან ერთი ან ორი პატარა ფრთით. მტევნის ზედა ნაწილი განიერია, ბოლო კი წოწოლაა. მტევნის ყუნწი 6-7 სმ სიგრძისაა, ფუძესთან გახევებულია და შეფერილია რქისფრად. მარცვლის ყუნწი 0,4-0,6 სმ სიგრძისაა, იგი მუქი მწვანეა, ხოლო სიმწიფეში იფერება წითლად, ღეროს ბალიში კონუსისებრია და დაფარულია პატარა მეჭეჭებით.

მარცვალი

უფრო ხშირად მარცვალი საშუალოზე წვრილია, ფორმით მრგვალი, იშვიათად გვხვდება შეზნექილი ან ოვალური ფორმის მარცვლებიც. მარცვლის სიგრძე 1,4-1,5 სმ არ აღემატება. საშუალო მარცვლის სიგრძე-სიგანე 1,3X1,3 სმ უდრის, მარცვლის შეფერვა მუქი წითელია, მაგრამ სქელი მორუხო-ცვილისებრი ფიფქის გავლენით იგი მუქ იისფერს იღებს, მარცვლის კანი სქელია, მაგარი და ელასტიკური, ხორცი მკვრივი, წვნიანი, წვენი უფერული, ტკბილი, ბალახის გემო და სპეციფიკური არომატი ახასიათებს.

წიპწა

მარცვალში უფრო ხშირად 2-3 წიპწაა, იგი საშუალო სიდიდისაა (7,3 მმ სიგრძით და 4,2 მმ სიგანით), ფორმით მომრგვალო-ოვალურია. ნისკარტი მომსხო და გრძელია წიპწის სხეული მუქი ყავისფერია. ქალაძა მდებარეობს წიპწის შუა ნაწილში, მომრგვალო და ოდნავ ჩაზნექილია შუაში. ნაწიბური მუცლის მხარეზე კარგადაა გამოსახული. ღარები ნაწიბურის მარჯვნივ და მარცხნივ არა ღრმაა და მიემართება ნისკარტისაკენ.


აგრობიოლოგიური დახასიათება

სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლდიობა და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობა

დაკვირვებანი ვაზის განვითარების ფაზებზე წარმოებდა მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში სოფ. კურდღელაურში – 4 კმ დაშორებით ქ. თელავიდან. საკოლექციო ვენახი გაშენებულია ცივ-გომბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთით სუსტად დაქანებულ ფერდობზე 562,3 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.

ფენოლოგიური დაკვირვებანი შეფარდებულია საკოლექციო ვენახის გვერდით მდებარე მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებთან (იხ. ცხრ. 2).

კაბერნე სოვინიონის ზრდა-განვითარების ფაზების მსვლელობა მევენახეობის სხვადასხვა რაიონებში
ცხრილი 2.

როგორც მე-2 ცხრილიდან ჩანს, კაბერნე სოვინიონის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა განისაზღვრება 130-161 დღით. ტემპერატურათა ჯამი ამ პერიოდის განმავლობაში 3,010-3,250º შეადგენს. ამ მონაცემების მიხედვით ჯიში კაბერნე შეიძლება მიეკუთვნოს სიმწიფის II პერიოდის ვაზის ჯიშებს. ჩვენს პირობებში იგი შედარებით უფრო გვიან მწიფდება, სახელდობრ III პერიოდის დასაწყისში.

რქის მომწიფება

კახეთის ჰავის პირობებში, რომელიც ხასიათდება გრძელი სავეგეტაციო პერიოდით და საკმაოდ დიდი ტემპერატურული ჯამით (3500-4000º) კაბერნეს ერთწლიანი რქა ყურძნის სრული სიმწიფის დადგომისათვის თავისუფლად ასწრებს მომწიფებას და კარგად შემოსული და გახევებული ხვდება ზამთრის ყინვებს.

ვაზის ზრდის სიძლიერე

სპეციალურ ლიტერატურაში მოყვანილი ცნობების მიხედვით კაბერნე სოვინიონი საკმაოდ ღონიერი ზრდის ვაზია. პროფ. გ. გოგოლ-იანოვსკი (7), პ. ბოლგარევი (6), ს. კორჟინსკი (12) და სხვ. კაბერნეს ძლიერი ზრდის ვაზად მიიჩნევენ. საქართველოს პირობებში კი კაბერნე სოვინიონი საშუალოზე უფრო ძლიერი ზრდით ხასიათდება.

მოსავლიანობა

კაბერნე სოვინიონი მაღალი მოსავლიანობით არ ხასიათდება, ის შეიძლება მიეკუთვნოს საშუალო მოსავლიან ვაზის ჯიშებს. პროფ. გ. გოგოლ-იანოვსკის (7) მიხედვით ჟირონდის საუკეთესო ვენახებში კაბერნეს მოსავლიანობა, ღვინოზე გაანგარიშებით, ჰექტარზე 50-60 ჰექტოლიტრს აღწევს. პ. ბოლგარევის (5,6) ცნობით კაბერნე სოვინიონის მოსავლიანობა ყირიმის ტრამალებიან ნაწილში 60-65 ცენტნერს არ აღემატება. საბჭოთა მეურნეობა ჯემეთეში – 90 ცენტ., ხოლო საბჭოთა მეურნეობა აბრაუ-დიურსოში (კრასნოდარის მხარე) იგი იძლევა 80 ცენტნერამდე ყურძენს ჰექტარიდან.

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია კაბერნე სოვინიონის 1938-1941 წლების მოსავლიანობა სამტრესტის საბჭოთა მეურნეობებში (იხ. ცხრ. 3).

კაბერნე სოვინიონის მოსავლიანობა სამტრესტის საბჭოთა მეურნეობებში ცენტნერობით
ცხრილი 3.

მეც. კანდ. ი. რცხილაძის მიერ წინანდლის საბჭოთა მეურნეობაში (თელიანი) ჩატარებული აღრიცხვისა და შეკრებილი ცნობების თანახმად კაბერნე სოვინიონის საშუალო მოსავალი 55,74 ჰექტარ ფართობიდან ცალკეული წლების მიხედვით იყო შემდეგი: 1953 წელს – 47,8 ც, 1955 წელს – 47,9 ც და 1956 წელს 46,2 ც. ამავე თელიანის ზვრის ცალკეულ ნაკვეთებზე მოსავალი გაცილებით მეტი იყო, 1953 წელს – 67,93 ც, 1955 წელს – 87,4 ც და 1956 წ. 108 ც უდრიდა. ამრიგად, კაბერნე სოვინიონის მოსავალი თავისუფლად აღწევს ჰექტარზე საშუალოდ 80 და მეტ ცენტნერს. დასავლეთ საქართველოს პირობებში კ. გორაევის (9) ცნობით კაბერნეს ათი წლის (1903-1912 წ.) საშუალო მოსავალი საქარის საცდელ სადგურზე შეადგენდა 40,3 ც, ხოლო ცალკეულ წლებში მისი მოსავლიანობა 68 ცენტნერამდე აღწევდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ წელს და ზოგ ნაკვეთზე კაბერნე სოვინიონის მოსავლიანობა შედარებით მაღალია. ასე მაგალითად, 1908 წელს ნაფარეულის საბჭოთა მეურნეობაში კაბერნეს მოსავლიანობამ ზოგიერთ ნაკვეთზე 117 ცენტნერს მიაღწია. ამავე მეურნეობის ერთი ნაკვეთი, ზომით 1,63 დესეტინა ყოველწლიურად მაღალ მოსავალს იძლეოდა. ამ ნაკვეთის 9 წლის საშუალო მოსავალი 69,78 ც უდრიდა.

ავადმყოფობა-მავნებლების მიმართ გამძლეობა

ყირიმში აკად. ს. კორჟინსკის (12) და პროფ. გ. გოგოლ-იანკოვსკის (7), კახეთში წინანდლის მეურნეობის მევენახეთა, ხოლო თელავში ჩვენი დაკვირვებით კაბერნე სოვინიონი კარგი გამძლეობით ხასიათდება მილდიუმისა და ბლეკროტის (შავი სიდამპლის) მიმართ, სამაგიეროდ მგრძნობიარეა ნაცრისა და ერინოზისადმი. განსაკუთრებით აღსანიშნავია კაბერნეს მარცვლების გამძელოა ლპობის წინააღმდეგ, მისი მარცვლები წვიმიან ამინდშიაც კი არ ლპება და საჭიროების დროს შეიძლება დიდხანს დაუკრეფავად დატოვება ვაზზე.

ჯიშის აგროტექნიკის სპეციფიკური თავისებურებანი

ჯიში კაბერნე სწრაფი ზრდა-განვითარებით ხასიათდება, ფილოქსერგამძლე ვაზის საძირეზე დამყნობილი უკვე მეორე წლიდან იძლევა საკმაო მოსავალს, სამაგიეროდ მისი ნამყენები შედარებით ადრე ბერდება და დარგვიდან დაახლოებით 35-45 წლის შემდეგ გამოდის წყობიდან. ეს გარემოება შემჩნეულია როგორც ყირიმში, ისე ჩვენშიაც ნაფარეულის ქვიან ნაკვეთებზე.

მეორე თავისებურება ჯიშისა იმაში მდგომარეობს, რომ კაბერნე სოვინიონი ვერ ეგუება მოკლე გასხვლას და ჯამისებურად ფორმირებას. სანაყოფე რქის ფუძესთან ახლო მდებარე 3-4 კვირტი, როგორც წესი, მცირე მოსავლიანია, ამიტომ იგი გრძლად უნდა გაისხლას. კვების არის შესაბამისად მას უნდა მიეცეს 16-20 კვირტი ვაზზე. ჩვენს პირობებში ჯიში კაბერნე უნდა დაირგას მექანიზაციის ზოლში 2X1,25, ხოლო დანარჩენ ადგილებში 1,5X1,25 მ კვების არეზე, მიეცეს ორმხრიანი შპალერის ფორმა და გაისხლას ვაზის ზრდის სიძლიერის მიხედვით; პირველ შემთხვევაში 16-20, ხოლო მეორე შემთხვევაში 12-16 კვირტზე. ჩვენი მევენახეების დაკვირვების თანახმად საუკეთესო საძირედ კაბერნესათვის ითვლება რიპარიაXრუპესტრისის 3309. კირნარ ნიადაგებზე მისთვის უნდა შეირჩეს ბერლანდიერიXრიპარია 5ბბ, ან 420 ა, ხოლო მომეტებულად კირნარ ნიადაგებზე (60% ზევით) შასლა X ბერლანდიერი 41 ბ. დასასრულ აღსანიშნავია კიდევ ის, რომ კაბერნე სოვინიონი ნაადრევად იწყებს შეთვალებას და შედარებით ნელა და არათანაბრად მწიფდება, როგორც მთელი მტევნები, ისე ცალკეული მარცვლები. ამის გამო რთველი არ უნდა ჩატარდეს ყურძნის სრულ მომწიფებამდე, მით უმეტეს, რომ მარცვლების ლპობის საშიშროება ამ ჯიშისათვის წვიმიან ამინდებშიც კი არ არის მოსალოდნელი.

ჯიშის დამოკიდებულება გარემო პირობებისადმი

ჩვენი და უცხოელი მევენახეების მიერ წარმოებულ დაკვირვებათა მიხედვით გამოირკვეულია, რომ კაბერნე სოვინიონი გარემო პირობებისადმი შედარებით კარგი გამძლეობით ხასიათდება. აკად. ს. კორჟინსის (12) დაკვირვებით კაბერნე სოვინიონი შედარებით კარგად უძლებს ზამთრის ყინვებს. ასეთივე კარგი გამძლეობით ხასიათდება იგი, როგორც ყირიმში, ისე კახეთში გვალვების მიმართაც. იგი კარგად ვითარდება მშრალ ქვიან ნიადაგებზე და კარგად იტანს მშრალ ჰავას. თუმცა ყირიმის გვალვიან ტრამალებში ისე კარგად ვერ ხარობს. მისთვის საუკეთესო ადგიმდებარეობად ითვლება შემაღლებული ადგილები, მთაგორაკების მზისყური ფერდობები. ცივ და ძლიერ ტენიან ნიადაგებზე იგი ცუდად ვითარდება, გვიან მწიფდება და უარომატო დაბალი ხარისხის ღვინოს იძლევა. საერთოდ კაბერნე კარგად ეგუება, როგორც ნაწილობრივ ტენიან, ისე მშრალ ქვიან ნიადაგებს. მაგრამ ყველაზე უკეთ ხარობს კაჟოვან, სილნარ, ჩონჩხიან ქვეთიხნარ ნიადაგებზე. ჯიშისათვის დამახასიათებელ ყველაზე უკეთეს ღვინოს კაბერნე იძლევა მშრალ, მწირ, ჩონჩხიან ნიადაგებზე, სადაც იგი, ჩვეულებრივ, შედარებით მცირე მოსავალს, მაგრამ მეტად ნაზსა და ძლიერ არომატიან ღვინოს იძლევა. დასასრულ უნდა აღინიშნოს კაბერნეს კარგი გამძლეობა ყვავილცვენის მიმართ, რის გამო იგი ზოგიერთი წლის ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებშიაც კი მარცვლების კარგი გამონასკვით ხასიათდება.


ტექნოლოგიური დახასიათება

მტევნის მექანიკური შედგენილობა

კაბერნე სოვინიონის მტევნის მექანიკური შედგენილობა
ცხრილი 4.

მტევნის გარეგნული შეხედულების, მისი მექანიკური შედგენილობისა და ყურძნის წვენის ქიმიური ბუნების მიხედვით კაბერნე სოვინიონი უდავოდ საღვინე ვაზის ჯიშია. მართლაც, მცირეოდენი გამონაკლისს გარდა, კაბერნე სოვინიონისაგან ძირითადად სასუფრე წითელი ღვინო მზადდება. სხვადსხვა ადგილზე წარმოებული ანალიზების მიხედვით გამორკვეულია, რომ კაბერნე სოვინიონის მტევნები შემდეგი მექანიკური შედგენილობით ხასიათდება (იხ. ცხრ. 4).

როგორც მე-4 ცხრილიდან ჩანს, ლაბორატორიულ პირობებში კაბერნე სოვინიონის მტევნების მექანიკური შედგენილობა კარგი მაჩვენებლებით ხასიათდება1

ტკბილის ქიმიური შედგენილობა

კაბერნე სოვინიონის სხვა ჯიშებთან შედარებით ბევრ შაქარს აგროვებს ყურძენში. მისი შაქრიანობა, ცალკეული წლების მიხედვით, დიდი ცვალებადობით არ ხასიათდება. ყირიმში, ნიკიტის ბოტანიკურ ბაღში ჩატარებული ანალიზების მიხედვით 16 წლის საშუალომ კაბერნე სოვინიონისათვის შეადგინა 20,97% შაქარი და 6,25‰ სიმჟავე.

ცალკეული ადგილების და წლების მიხედვით კაბერნე სოვინიონის ტკბილის შაქრიანობა-მჟავიანობის შესახებ ცნობები მოცემულია ქვემოთ მოყვანილ მე-5 ცხრილში.


ცხრილი 5

კაბერნე სოვინიონის შაქრიანობა-მჟავიანობა რთველის პერიოდში
ანალიზების წარმოების ადგილი წელი თარიღი შაქრიანობა
%
მჟავიანობა
თელავი, მევენახეობა-მეღვინეობის
ინსტიტუტი
1946
1947
1948
1950
1951
1953
1955
1956
15.IX
13.IX
7.X
12.IX
1.X
28.IX
21.X
18.X
21,6
21,5
17,0
22,0
19,0
18,7
17,3
16,5
6,4
6,3
7,0
5,0
5,8
5,9
6,0
8,6
ანაპის საცდელი სადგური
(კრასნოდარის მხარე)
1939
1941
20.IX
30.IX
19,5
21,2
6,7
7,4
საბჭოთა მეურნეობა „აბრაუ დიურსო“
(კრასნოდარის მხარე)
1949
1950
7.X
9.IX
18,6
18,9
9,1
7,0
საბჭოთა მეურნეობა
(„როსია“) .........................
1949
1950
26.IX
15.IX
18,6
19,9
9,0
7,3
უკრაინის მევენახეობა-მეღვინეობის
ინსტიტუტი (ქ. ოდესა)
16 წლის
საშუალო
5.X 21,7 7,5
ყირიმი, ნიკიტის ბოტანიკური ბაღი
......................
16 წლის
საშუალო
20,9 6,3
საბჭოთა მეურნეობა „პარტიზანი“,
დაღესტანი......
1947
1948
1949
29.IX
29.IX
7.X
19,1
19,6
17,5
8,4
6,5
5,0
საბჭოთა მეურნეობა „წინანდალი“
........................
1947
1948
1949
27.IX
3.X
25.X
19,2
21.0
25,0
8,0
7,5
8,5
ინსტიტუტი „მაგარაჩი“, კიშინიოვი
.............................
1948 8.X 21,5 9,1

საქარის საცდელ სადგურზე კ. გორაევის (9) მიერ ჩატარებული ანალიზების მიხედვით 10 წლის განმავლობაში (1903-1912 წ.) კაბერნეს შაქრიანობა-მჟავიანობა და მოსავალი შემდეგ ფარგლებში მერყეობდა (იხ. ცხრ. 6).


ცხრილი 6

კაბერნე სოვინიონის შაქრიანობა-მჟავიანობა შუა იმერეთში
ანალიზების
წარმოების
ადგილი
რომელი
წლებიდანაა
აღებული
საშუალო
რთველის
ვადები
მონაცემების
დაჯგუფება
ხვედრითი
წონა
შაქრიანობა
%-ით
მჟავიანობა
‰‰-ით
მოსავალი
ფუთობით
დესატინაზე
საქარის
საცდელი
სადგური
1903-12 25.VIII-დან
7.IX-ე
საშუალო
მაქსიმუმი
მინიმუმი
1,088
1099
1076
20,5
23,5
17,2
8,6
10,6
6,2
245
413
168

დანიშნულება და ღვინის დახასიათება

კაბერნე სოვინიონისაგან მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, მზადდება სუფრის მაღალხარისხოვანი წითელი ღვინო, ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე კაბერნესაგან წითელ პორტვეინს ამზადებენ, ხოლო ლივადიაში კარგ სამარკო ღვინოს – პორტვეინს №80. ამჟამად ყირიმში, მხოლოდ ზღვისპირა დასავლეთ რაიონების მთისწინა ზოლში და მდ. ინდოლის ნაპირებზე, ჯიში იძლევა შედარებით კარგ სუფრის წითელ ღვინოს.

კაბერნე სოვინიონის ღვინო სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო სუფრის წითელ ღვინოდ მსოფლიოში და მას გარდა კახური საფერავისა მეტოქე არა ყავს, რომელსაც სამეურნეო თვისებების ჯამით შეეძლო კაბერნეს საუკუნოების განმავლობაში მოხვეჭილი სახელის შერყევა. კაბერნეს ღვინო ხასიათდება ცოცხალი, მუქი წითელი შეფერვით, ჰარმონიული გემოთი და ნაზი თავისებური ბუკეტით. ცნობილი მეღვინეები ა. ეგოროვი და მ. პოპიჩი თელიანის კაბერნეს ღვინოს შემდეგნაირად აფასებენ: „კახურ წითელ ღვინოებს შორის ბორდოს ტიპის ღვინოდ თელიანის კაბერნე უნდა ვიგულვოთ. თელიანის კაბერნემ განსაკუთრებით მაღალი ღირსების ღვინოები 1893, 1896, 1898, 1900, 1903 და 1906 წლებში მოგვცა. ოდნავ სხვა მიმართულებით ვითარდება საფერავი, რომელიც იძლევა აგრეთვე მეტად მაღალი ღირსების ღვინოს, რომელიც საშუალოა ბორდოსა და ბურგონის ტიპის ღვინოებს შორის. პროფ. გოგოლ-იანოვსკი (7) თელიანის ღვინოს აღიარებს ბორდოს ტიპის ღვინოდ და თვლის მას საუკეთესო წითელ ღვინოდ მთელ საბჭოთა კავშირში.

კაბერნე სოვინიონი უფრო ხშირად სხვა ჯიშებთან ერთად იხძლევა კარგად შეზავებულ, მკვიდრ სუფრის წითელ ღვინოს, სინაზესთან ერთად მას ახასიათებს საკმაო სხეული, ჰარმონიულობა, მკვიდრი ინტენსიური შეფერვა და ძლიერი, სასიამოვნო ბუკეტი. სუნსა და გემოზე მას ემჩნევა თვით ყურძნის სპეციფიკური, ე.წ. „კაბერნეს გემო“, რომელიც მოგვაგონებს მწვანე ბალახის გემოს. ეს სპეციფიკური გემო უფრო მკვეთრად ახალგაზრდა ღვინოში გამოსჭვივის, ვიდრე ძველში, კაბერნეს ღვინო ნელა ძველდება (მწიფდება), იგი ახალგაზრდობაში ოდნავ უხეშია.

პროფ. გ. გოგოლ-იანოვსკის (7) ცნობით საფრანგეთში ყირონდის ვენახების დიდი უმეტესობა გაშენებულია ჯიშ კაბერნესა და მისი სახესხვაობებისა და ზოგიერთი სხვა ჯიშების ვაზებით – სხვადასხვა მეურნეობაში სხვადასხვა შეფარდებით. ასე მაგალითად, მეურნეობა „მალესკოს“ ვენახებში შვიდ მერვედს კაბერნე სოვინიონი შეადგენს, ერთ მერვედს მალბეკი ან მერლო. „ბრუნკატენაკის“ ვენახებში ორი მეხუთედი კაბერნე სოვინიონია, ორი მეხუთედი მისი მსხვილმარცვლიანი სახესხვაობა – კაბერნე ფრანი და ერთი მეხუთედი ვერდო. მეურნეობა „ჰოტ ბაილის“ (გრავი) ვენახში შვიდი მეთორმეტედი კაბერნე სოვინიონია, ხოლო თითო მეთორმეტედები მალბეკს, მარლოს, ვერდოს, კაბერნე კარმენერსა და კაბერნე ფრანს უჭირავს. მრავალი ჯიშისაგან შედგება აგრეთვე ცნობილი „შატო მარგოს“ ვენახებიც, მაგრამ ამ ვენახებშიაც კაბერნე სოვინიონი ჭარბობს.

ზოგიერთ მეღვინეობის წამოწყებაში, მაგალითად, მუტონ როტშილდის მეურნეობაში, კაბერნეს ღვინოს მხოლოდ ერთ ჯიშ კაბერნესაგან ამზადებენ. უფრო ხშირად კი ამჯობინებენ სხვა ჯიშების, სახელდობრ, მალბეკის, მერლოს, კარმენერის და სხვათა მიმატებას. ბორდოში, მდ. ჟირონდისა და გარონის მარცხენა ნაპირზე განლაგებულ მედოკის გრავის, სოტერნის და აგრეთვე სენ ემილონის ადგილების განთქმული წითელი ღვინოები დგება ძირითადად კაბერნე სოვინიონისაგან, ხოლო ღვინისათვის თავისებური იერის მისაცემად მას სხვადასხვა რაოდენობით უმატებენ მალბეკს, მერლოს და კარმენერს თითოეულ მეურნეობაში ცდით განსაზღვრული რაოდენობით. უფრო ხშირად ამჯობინებენ მაღალმოსავლიანი და ხარისხოვანი ჯიშების მალეკისა და მერლოს მიმატებას. ეს ჯიშები ანელებს კაბერნეს სპეციფიკურ გემოს, მატებს სინაზეს და ამშვენიერებს მის შეფერვას ძველად კახეთშიც, ცნობილი მეღვინის ა. ეგოროვის გადმოცემით, საბჭოთა კავშირის საუკეთესო სამარკო ღვინო „თელიანი №48“, რომ უფრო ნაზი გამოსულიყო, შემდეგი პროპორციით მზადდებოდა . იღებდნენ ჯიშ კაბერნეს თელიანის ნაკვეთიდან 50%, კაბერნეს ნაფარეულის ნაკვეთიდან 30% და მალბეკს თელიანის ნაკვეთიდან 20% რაოდენობით. წინანდლის საბჭოთა მეურნეობის მთავარი მეღვინის გ. კანდელაკის გადმოცემით, სამარკო ღვინო „თელიანი №48“ უკანასკნელ წლებში მხოლოდ წმინდა კაბერნე სოვინიონისაგან მზადდება. იმასთან დაკავშირებით, რომ კაბერნე ფართოდ ვრცელდება კახეთის სხვადასხვა რაიონში, აუცილებელია მისი ღვინის ცალკეული მიკრორაიონების (უბნების) მიხედვით შესწავლა და ამის შემდეგ უბნების შერჩევა და ჯიშების უკეთესი შეფარდების დადგენა მაღალხარისხოვანი სამარკო ღვინის მისაღებად. მეღვინეობის ძველ რაიონებში (საფრანგეთი) მრავალი ასეული წლის დაკვირვებით უკვე გამოვლინებულია შედარებით პატარა, მაგრამ მეტად მაღალხარისხოვანი ღვინის მომცემი ადგილები. ასე, მაგალითად, პროფ. გოგოლ-იანოვსკის (7) ცნობით სახელგანთქმული „შატო-მარგოს“ ვენახის მთლიანი ფართობი არ აღემატება 80 ჰექტარს და შედგება 149 ცალკეული ნაკვეთისაგან. მომატებულ შემთხვევაში ამ ნაკვეთების ფართობი არ აღემატება ¼-1/2 ჰექტარს და, რაც მთავარია, ეს ნაკვეთები მთლიანი ფართობის სახით კი არაა წარმოდგენილი, არამედ პატარა ნაკვეთების სახით შეჭრილია გლეხების ვენახებში, რომლებიც ჩვეულებრივ უფრო დაბალი ხარისხის ღვინოებს იძლევა.

მსოფლიოში განთქმული სუფრის წითელი ღვინოები კაბერნესა და პინო შავისაგან მზადდება, პირველი ბორდოსა და მეორე ბურგონში. მათ თავისი მაღალი ღირსებით არ ჩამოუვარდება კახეთში დამზადებული ჯიშ საფერავის წითელი ღვინო, თუმცა ამ ღვინოს ჯერ საერთო აღიარება და ღირსეული სახელი არ აქვს მოპოვებული.

ამ სამი ჯიშის ღვინოების ერთმანეთთან შესადარებლად მოგვყავს პროფ. მ. ხოვრენკოს დახასიათება: „ბორდოს წითელი ღვინოები ხასიათდება ზომიერი სიმაგრით, ნაზი ძლიერი და სასიამოვნო ბუკეტით, გემოს სისრულით, ჰარმონიულობით, სიხალისითა და სირბილით და მეტად ლამაზი ლალისფერი შეფერვით“.

ბურგონის წითელი ღვინოები ჯიშ პინო-ფრანისაგან მზადდება. ეს ღვინოებიც მაღალი ღირსებისაა. პროფ. მ. ხოვრენკოს გმნმარტებით ბურგონის წითელი ღვინოები ხასიათდება „განსაცვიფრებელი, ბორდოს ღვინოებისაგან განსხვავებული ბუკეტით. ამ ორი ბუკეტის განსხვავების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია ისევე, როგორც შეუძლებელია დახასიათებით ვიქონიოთ წარმოდგენა ვარდის ან იის სუნზე. შეიძლება ითქვას, რომ ბორდოს ღვინის ბუკეტში გამოსჭვივის იის, ხოლო ბურგონისაში – სოკოს ან უფრო სწორად ქამა სოკოს არომატი“. ასეთი განმარტება, თვით ავტორისავე თქმით, არ შეიძლება მივიჩნიოთ მეტისმეტად ზუსტად ან ამომწურავად.

კახური ღვინოები მზადდება ძირითადად ჯიშ საფერავისაგან და მცირე რაოდენობით კაბერნე სოვინიონისაგან. საფერავის ღვინო ხასიათდება კარგად განვითარებული, ძლიერი ჯიშური ბუკეტით, სისრულით, სიხალისით, ხავერდოვნებით. იგი მუქი შვინდისფერია.

კაბერნეს ღვინის ანალიზის შედეგები მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო-საკვლევ ინსტიტუტის, საქარის საცდელი სადგურის და წინანდლის საბჭოთა მეურნეობის ქიმიური ლაბორატორიების მონაცემების მიხედვით
ცხრილი 7.

ზოგიერთი სპეციალისტის დახასიათებით კახური ღვინოები თავისი სისრულით და ძლიერი ჯიშური ბუკეტით უფრო უახლოვდება ბურგონის, ვიდრე ბორდოს ტიპის ღვინოს. ჩვენი შეხედულებით კახეთში დაყენებული საფერავის წითელი ღვინოები იმდენად თავისებური და მდიდარია შინაარსით, რომ ღირსია დამოუკიდებელ ტიპად იყოს მიჩნეული.

თელიანის კაბერნეს ღვინო ხასიათდება კარგად განვითარებული ბორდოს ღვინის ბუკეტით, მკაფიოდ გამოჭვივის მასში იის სუნი, ახასიათებს სინაზე, სისრულე, სასიამოვნო გემო, ნაზი ბუკეტი და ლალისფერი შეფერვა.

ჩამოთვლილი ღვინოებიდან, როგორც ამას ქვემოთ მოყვანილი ქიმიური ანალიზის მონაცემები მოწმობს, სუფრის ტიპის ღვინისადმი წაყენებულ მოთხოვნებს ყველაზე უკეთ ბორდოს ღვინოების შედგენილობა აკმაყოფილებს. ბურგონის ღვინოები უფრო მეტი სიმაგრით და სხეულით ხასიათდება, პროფ. მ. ხოვრენკოს გამოთქმით მათში „მეტი სიმხურვალეა“, ანუ ისინი უფრო ენერგიულია. ამის თქმა თამამად შეიძლება კახური სუფრის ღვინოების შესახებაც.

კაბერნეს ღვინოების ქიმიური ბუნების დასახასიათებლად ქვემოთ მოყვანილია კაბერნე სოვინიონის ღვინის ქიმიური შედგენილობა (იხ. ცხრ. 7).

საერთო შეფასება და რაიონირება

ჯიში კაბერნე სოვინიონი ჩვენს პირობებში საუკეთესო სუფრის წითელ ღვინოს იძლევა. ამიტომ მას სამართლიანად თვლიან წითელი ჯიშების მესვეურად, რადგან როგორც ცალკე, ისე სხვა ჯიშებთან ერთად კაბერნე სოვინიონი იძლევა მაღალი ღირსების სუფრის წითელ ღვინოს. მართლაც, კაბერნე სოვინიონი, პინო ფრანი, საფერავი, ოჯალეში და ოცხანური-საფერე თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს წითელი ჯიშების საუკეთესო წარმომადგენლებად. როგორც უცხოეთში, ისე ჩვენში პინომ, კაბერნემ, საფერავმა და ოჯალეშმა გამოამჟღავნეს ნათლად და მკაფიოდ თავიანთი მაღალი ჯიშური თვისებები და მოგვცეს მაღალხარისხოვანი წითელი ღვინო, რომელიც ჟირონდის ცნობილ სამარკო ღვინოს არ ჩამოუვარდება თავისი მაღალი ღირსებით.

ჯიშის სრული შეფასებისათვის მხედველობაშია მისაღები ჯიშის, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვისებები. დადებით თვისებებს შორის აღსანიშნავია ღვინის მაღალი ხარისხი, მისი შენახვის ხანგრძლიობა, ჯიშის რეგულარული მოსავლიანობა, ზამთრის ყინვების, გვალვის, მილდიუმის, ბლეკროტისა და მარცვლების სიდამპლის მიმართ შედარებით კარგი გამძლეობა ჯიშურ თვისებათა შედარებით სიმყარე და ცვალებად გარემო პირობებში კარგი დაყვავილების უნარი. ჯიშის უარყოფით თვისებებს უნდა მიეკუთვნოს საშუალო მოსავლიანობა, ნაცრისა და ანტრაკნოზის მიმართ შედარებით სუსტი გამძლეობა და ვენახების ნაადრევად (35-40 წ.) გამოსვლა მწყობრიდან (მობერება), განსაკუთრებით მწირსა და ქვიან ნიადაგებზე. მაგრამ ჯიშის ეს უარყოფითი თვისებები ადვილად შეიძლება გამოსწორდეს, რა თქმა უნდა, თანამედროვე მოწინავე აგროწესების წარმოებაში დანერგვით და გატარებით. მაღალხარისხოვანი ღვინის მისაღებად საჭიროა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს კაბერნესათვის მიკრორაიონებისა და ცალკეული ადგილების სწორ შერჩევას. მის გასაშენებლად პირველ რიგში გამოყენებული უნდა იქნეს ის მიკრორაიონები, სადაც კაბერნეს უშუალო გამოცდამ კარგი შედეგები გამოიღო, სახელდობრ წინანდლისა და ნაფარეულის მეურნეობის ნაკვეთები, მეორე რიგში უნდა შეირჩეს ისეთი უბნები, რომლებიც უფრო უახლოვდება თელიანის ნაკვეთის ჰავასა და ნიადაგებს. ასეთი ადგილები კახეთში შეიძლება გამოინახოს – ცივ-გომბორის მთისწინა ზოლში – ახმეტიდან თელავამდე და შაშიანიდან ვაზისუბნამდე, უკანასკნელის ჩათვლით, შემდეგ ბაკურციხის ფერდობებზე, ხოლო ალაზნის გაღმა – კავკასიონის მთის სამხრეთ-აღმოსავლეთის ფერდობებზე სოფ. ნაფარეულიდან სოფ. ყვარლამდე. ფართოდ უნდა გამოიცადოს კაბერნე საფერავთან ერთად აგრეთვე იმ რაიონებში, სადაც ჰავისა და ნიადაგის პირობები სავსებით აკმაყოფილებს ვაზის მოთხოვნას და მასთან ამ რაიონებს არ მოეპოვება კაბერნე-სოვიონზე უფრო ხარისხოვანი წითელი ღვინის ჯიში. ასეთია ძირითადად ქართლის და ნაწილობრივ იმერეთის რაიონები, სადაც კაბერნესაგან მოსალოდნელია მაღალხარისხოვანი ღვინის მიღება.

ჯიშისათვის საუკეთესო ადგილმდებარეობის გამოსავლინებლად საჭიროა ყველა მიკრორაიონიდან მიღებული კაბერნეს ღვინოების დეტალური შესწავლა უკეთესი მიკრორაიონებისა და უბნების გამოსავლენად.


სქოლიო

ლიტერატურა

1. მოდებაძე კ. მეღვინეობა, თბილისი, 1931.
2. მოდებაძე კ. შორაპნის მაზრის ჩრდილო-აღმოსავლეთის მაღლობი ნაწილის ღვინოები, საქარის საცდელი სადგურის შრომები, ტ. VIII, თბილისი, 1925.
3. ჯავახიშვილი ივ. საქართველოს ეკონომიური ისტორია, წიგნი II, თბილისი, 1934.
4. Агабальянц Г.Г. Влияние степени зрелости винограда и времени настоя на мезге на получение «Каберне Абрау-Дюрсо», «Вестник виноградарства, виноделия и виноторговли СССР», Одесса, №5, 1930.
5. Болгарев, П.Т. О промышленном виноградном ассортименте для Кубани, «Труды Кубанской окружной постоянной помологической комиссии за 1928 г. Краснодар, 1929.
6. Болгарев П.Т. Монографическое описание сорта Каберне-Совиньон. «труды Северо-Кавказского института специальныхи технических культур», т. I, вып. I. Красно¬дар, 1931.
7. Гоголь-Яновский Г.И. Руководство по виноделия, М.-Л. 1932.
8. Герасимов М.А. Виноделие, Москва, 1938.
9. Гораев К.Н. Анализы вин Кутаисской губ. скраткими характеристиками районов и почв.», Труды лабор. при Сакарском пит. амер. лоз. Вып. 7. Тифлис, 1914.
10. Давитая Ф.Ф. Климатические зоны винограда в СССР, Москва, 1948.
11. Канделаки В.А. Грузинские вина «Заря Востока», Тбилиси, 1937.
12. Коржинский С. И. Ампелография Крыма. Описание сортов винограда разводимыхв Крыму, т.I-III, СПБ, 1905.
13. Макаров С.Н. О фенологических наблюдениях в 1925 году на виноградниках «Абрау-Дюрсо», Известия Одесской винодельческой станций», №1, Одесса, 1927.
14. Мержаниан А. С. Об осыпании и мелкоягодности у винограда, Известия Одесской винодельческой станции, т. I, вып. I. Одесса, 1919.
15. Негруль А.М. Эволюция культурных форм винограда. Доклады АН СССР, том XVIII, №8, 1938.
16. Фролов-Багреев Г.А. Лоза В.М. Материалы для установления типов вин Новороссийского района, Труды Краснодарского с-х института, вып. 5, Краснодар, 1935.
17. Ховреко. Общее состояние винодельческой промышлен¬ности и пути его развития в СССР, «Вестник виноде¬лия Украины», №8, Одесса, 1926.


წყარო

საქართველოს ამპელოგრაფია / ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი, დ. ტაბიძე; რედ.: დავით მაღრაძე, ლარისა ვაშაკიძე, თეიმურაზ ღლონტი; მხატვ. გიორგი მაღლაკელიძე. - მე-2 გამოც.. - თბილისი, 2012 (შპს Exclusive Print+). - 552 გვ. : ილ., ცხრ.; 32 სმ.. - იბეჭდება 1960 წლის გამოცემის მიხედვით. - გარეკანზე ავტ. აღნიშნულნი არ არიან. - განმარტებები: გვ. 548-549

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები