კაენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კაენი - ძველი აღთქმის პერსონაჟი. დედამიწაზე დაბადებული პირველი ადამიანი ადამისა და ევას უფროსი ვაჟი, აბელის ძმა.

ადამსა და ევას, უკვე დაცემულთ, შეეძინათ შვილები - აბელი და კაენი. პირველი მწყემსი იყო, მეორე - მიწისმუშა. ორივემ მიართვა უფალს შესაწირავად თავ-თავისი შრომის ნაყოფი. მოხედა უფალმა აბელის ძღვენს, კაენისა კი უარყო... „ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა. უთხრა უფალმა კაენს: რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი? თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე“ (4:5-7). გაფრთხილების მიუხედავად, კაენმა ძმა ველად გაიხმო და მოკლა.

ამრიგად, სამოთხეში ჩადენილი ცოდვა გაღრმავდა: შურის საფუძველზე ძმამ დაღვარა ძმის სისხლი. ადამიანი არა მარტო მოკვდავია, არამედ პოტენციური მკვლელიცაა.

მიზანშეწონილია დაისვას კითხვა: რატომ არ შეიწირა ღმერთმა კაენის მსხვერპლი? მარტივი პასუხი ასეთია: იგი ორგულებით და ანგარებით იყო გაღებული, მისი ძმისა - წრფელი გულით და სარწმუნოებით. არსებობს სხვაგვარი ინტერპრეტაციაც. აქ მსხვერპლშეწირვის ორი სახეა წარმოდგენილი - სისხლიანი და უსისხლო, და მოცემულია წინასწარმეტყველება მომავალი, ჭეშმარიტი და გამომსყიდველი მსხვერპლის რაგვარობის შესახებ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭა სისხლიან მსხვერპლს, რაც, უნდა ვიფიქროთ, გამომსყიდველი მსხვერპლის სიმბოლოდ დაისახა. დავაკვირდეთ და გავიხსენოთ, რომ აბელი იყო მწყემსი. მრავალი წლისა და ჟამის შემდეგ მხსნელი და მაცხოვარი სწორედ მწყემსთა გარემოცვაში მოევლინა სამყაროს; ბოსელმა და ბაგამ უმასპინძლა მას; მან დაღვარა სისხლი და ამ სისხლმა გამოგვისყიდა.

„უთხრა უფალმა კაენს: სად არის შენი ძმა აბელი? მიუგო: არ ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ? უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს. ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან. დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე. უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი. აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა. უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს“ (4:10-15).


წყარო

პაპუაშვილი, ნუგზარ. მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი]. - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები