კაკალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიგოზი

კაკალი, ნიგოზი - Juglans regial - ფოთლოვანი ხე მცენარე, მისი სიმაღლე აღწევს 25-35 მ.-ს, დიამეტრი – 1,5მ. გაშლილ ადგილზე მდგომს ვარჯი ფართოდ აქვს გადაშლილი, კორომში კი ვიწროდ არის აზიდული. ქერქი – ლეგა და დაშაშრული, ყვავილები ერთსქესიანი და ერთსახლიანი, ფოთოლი – კენტფრთართული, პრიალა, რომელიც ეთეროვან ზეთს შეიცავს. ნაყოფი – ორლებნიანი კურკიანაა (ე. წ.„კაკალი“).


სარჩევი

კაკალის ზოგადი დახასიათება

კაკლის ლებანი – ნიგოზი დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმს (65-70%), ნახშირწყლებს (23-25%), მინერალურ მარილებს (1,5-2%), მასში არის აგრეთვე ისეთი სახის ვიტამინები, როგორიცაა A, B1, B2, B6, E, C, P და სხვა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა ვიტამინი C, რომელიც კაკლის მწვანე ნაყოფში 300 მგ-ზე მეტია, მწვანე ნაყოფიდან მაღალი ხარისხის მურაბა მიიღება.

კაკლის ხის ძირითადი პროდუქტია ნაყოფი – რომელიც შედგება ნაჭუჭის, ფარისა და ლებნებისაგან.

ლებნები გამოიყენება მშრალი სახით, როგორც სადესერტო ხილი, საკონდიტრო წარმოებაში და როგორც საკვები, იგი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია. ტექნიკური მიზნებისათვის მაღალხარისხოვანი ზეთის მისაღებად, ზეთის გამოხდის შემდეგ რჩება მაღალი კვებითი ღირებულების ნარჩენები კოპტონის სახით.

კაკლის ნედლი ნაყოფი

ნაჭუჭი გამოიყენება აქტივიზირებული ნახშირის და დინამიტის მისაღებად.

კაკლის მწვანე ნაყოფ-გარემოს იყენებენ სხვადასხვა ქსოვილებისათვის საღებავების დასამზადებლად, აგრეთვე ხის საღებავის დასამზადებლადაც. ტანინების დიდი რაოდენობის არსებობის გამო იგი იხმარება ტყავების თრიმლისათვის, აგრეთვე საუკეთესო ხარისხის ლიქიორის დასამზადებლად.

კაკლის ხის ფოთლები დიდი რაოდენობით შეიცავენ ალკალოიდ იუგლანდინს, ფოთლები გახევების შემდეგ გამოიყენება მედიცინაში – თვალის ანთების, ტუბერკულიოზის მკურნალობის დროს, იგი დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებასა და სისხლის მიმოქცევაზე.

კაკლის ხის მერქანს იყენებენ ავეჯის დასამზადებლად და გარედან მოსაპირკეთებლად.

კაკლის ხე საუკეთესო ფიტონციდი მცენარეა და ხასიათდება ბაქტერიოციდული თვისებებით. იგი ამავე დროს საუკეთესო დეკორატიული მცენარეა, ფართოდ გამოიყენება გამწვანებაში, აგრეთვე ქარსაფარების გასაშენებლად.

კაკალი ფართოდაა გავრცელებული ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. სამრეწველო სორტიმენტში იგი წარმოდგენილია როგორც ინტროდუცირებული ასევე აბორიგებული ჯიშებით და ფორმებით.

საქართველო შეიძლება ამ კულტურის წარმოშობის ერთ-ერთ კერად ჩაითვალოს, რაც მრავალ ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალებით დასტურდება.

მეხილეობის ზონების ნიადაგურ-კლიმატური პირობები კაკლის კულტურის გავრცელების კარგ შესაძლებლობას იძლევა.

ქვეყანაში კაკლის კულტურის მოსავლიანობის გადიდების და ეფექტურობის ამაღლების ძირითად მიმართულებას თანამედროვე ინტენსიური ტიპის ბაღების გაშენება წარმოადგენს, რომელიც პერსპექტიული შიშების სორტიმენტის შერჩევაზეა დამყარებული. ეს ჯიშები გამოირჩევიან მსხმოიარობაში ადრე შესვლით, მცირე მოცულობის ვარჯით და ლატელარული ტიპის მსხმოიარობით.

კაკალი სითბოსა და სინათლის მოყვარულო მცენარეა, მიუხედავად ამისა კარგად იტანს ზამთარში -25-280C ყინვას. გაზაფხულის გვიან წაყინვების მიმართ კი მგრძნობიარეა, იქ სადაც ხშირია ასეთი შემთხვევები, ბაღი კაკლის გვიან ვეგეტაციის დამწყები ჯიშებით უნდა გაშენდეს. კაკალი ტენის მომთხოვნი კულტურაა.

საქართველოში კაკალი კარგად ვითარდება, უხვ და ხარისხიან მოსავალს იძლევა ისეთ ადგილებში სადაც აქტიურ ტემპერატურათა ჯამი (>100-ზე) 2300-36000C-მდე აღწევს. მისი გავრცელების ოპტიმალური პირობებია ზღვის დონიდან 800-1100 მეტრამდე.

საქართველოში კაკლის წარმოება საშუალოდ შეადგენს 6-8 ათას ტონას. მისი მთავარი მწარმოებელი რეგიონებია რაჭა-ლეჩხუმი, იმერეთი, კახეთი, შიდა ქართლი და აჭარა.

კაკლის წარმოება მსოფლიოში საშუალოდ შეადგენს მილიონ 900 ათას – 2 მილიონ ტონას.

კაკლის ხის ტოტები

გამრავლება

კაკლის ბაღები უნდა გაშენდეს დარაიონებული ჯიშების ან მოცემული ზონისათვის ადგილობრივი საუკეთესო ფორმების ნამყენი ნერგით.

კაკალი მრავლდება მყნობით.

სანერგედ უნდა შეირჩეს სწორი, ოდნავ დაქანებული, ქარისგან დაცული, სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი. კარგი წყალგამტარი, ღრმა, ჰუმუსით მდიდარი ნიადაგი. სანერგისათვის გამოყოფილი ნიადაგი მოხნული უნდა იქნეს 35-40 სმ სიღრმეზე.

კაკლის საძირეებად გამოიყენება ჩვეულებრივი კაკლის, შავი კაკლის, ზიბოლდას, ჰინდზის, სკალნის, ერთი და ორწლიანი თესლნერგები. ძირითადი საძირეა ჩვეულებრივი კაკლის და კაკალი ზიბოლდას (დასავლეთ საქართველოს მჟავე ნიადაგებისათვის) თესლნერგები. ღია გრუნტში მყნობისათვის გამოიყენება ორწლიანი ხოლო სათბურში მყნობისათვის ერთწლიანი კარგად განვითარებული თესლნერგები. თესლის დამზადება ხდება წინასწარ აპრობირებული ჯანსაღი სადედე ხეებიდან. საუკეთესოა წვრილნაყოფა, კირკიტა ფორმებიდან დამზადებული თესლი.

საღი სათესლე მასალა დათესვამდე ინახება მშრალ ადგილას გაშილი, ისეთ სათავსოში, სადაც უზრუნველყოფილია კარგი განიავება. შრომა ხდება 25-30 დღის მანძილზე. გაშრობის შემდეგ დათესვამდე კაკალი იყრება ტომრებში და ისე ინახება.

საძირეებად კაკლის თესვის საუკეთესო ვადაა შემოდგომა ან ადრე გაზაფხული სტრატიფიცირებული თესლით. კაკალი ღია გრუნტში დასამყნობად დაითესება 90-20 სმ-ზე ხოლო სათბურში მყნობისთვის – 50-10 სმ-ზე. ჩათესვის სიღრმე 6-8 სმ.

გაშენება

კაკლის სამრწეველო ინტენსიური ტიპის ბაღების გასაშენებლად შეირჩევა ნოყიერი, სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი ადგილები. ბაღის გაშენებამდე ნიადაგის აგროქიმიური კვლევის საფუძველზე შეტანილი უნდა იქნას ორგანული და მინერალური სასუქები, ჩატარდება პლანტაჟი ბაღის გაშენებამდე 3-4 თვით ადრე. გაშენების წინ მოხდება ნიადაგის გადახვნა, დადისკვა-დაფარცხვა. ნაკვეთის დაგეგმვის შემდეგ წინასწარ მომზადდება (ამოიღება) ორმოები 50X50 სმ სიღრმეზე.

ძლიერი მოზარდი ჯიშები დაირგვება 10X10 კვ.მ-ზე ან 10X12 სმ. კვების არეზე, ხოლო საშუალო სიძლიერის ზრდის ჯიშები 8-10 მ კვების არეზე. ნერგი დარგვისთანავე უნდა მოირწყას, გაუკეთდეს ჭიგო და აიკრას. დარგვა – (გაშენება) ხდება შემოდგომაზე, ან ადრე გაზაფხულზე. ბაღის მოვლა ითვალისწინებს რიგი აგროტექნიკური ღონისძიებების გატარებას: დარგვისთანავე და მომდევნო წლებში სხვლა-ფორმირებას, საძირიდან ამონაყრების შეცვლას, რიგთაშორისების დამუშავება-გაფხვიერებას, მცენარეების გამოკვებას მინერალური და ორგანული სასუქებით, სარეველების და მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლას, მორწყვას 3-4-ჯერ. რწყვის ჯერადობა დამოკიდებულია კლიმატზე.

მოსავლის აღება

კაკალი საქართველოში მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში. მოსავლის აღება იწყება, როცა ლენჯო (საფურველი) ფერს იცვლის, ჭკნება და ნაყოფები იწყებს ცვენას. ჩამოცვენილი ნაყოფი თავისუფლდება ლენჯოსგან, თხელ ფენად დაიყრება გადახურულ სათავსოში, სადაც პერიოდულად მოხდება არევა – რათა არ მოხდეს ჩახურება. 20-25 დღის შემდეგ საღი, გადარჩეული ნაყოფი მოთავსდება სელის (ჯვალოს) ტომრებში. შესანახად დალაგდება მშრალ, მღრნელებისგან დაცულ სათავსოში.

კაკალი (Lugas Regial) მსოფლიოში როგორც „წმინდა მცენარე“ უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს, იგი ცნობილია, როგორც საუკეთესო ნაყოფისა და მერქნის მომცემი მცენარე. იშვიათად თუ მოიძებნება კულტურა, რომელსაც შეიძლება ისეთო მრავალმხრივი გამოყენება ჰქონდეს, როგორც კაკალს, მისი დიდი მნიშვნელობა განპირობებულია ფართო გამოყენებით ადამიანის კვებაში, ასევე ნედლეულად კვების მრეწველობაში, საკონდიტრო წარმოებაში და სამედიცინო დანიშნულებით.


კაკალი – ბიბლიური მცენარე

„ჩავედი ნიგვზნარში, რომ მენახა მწვანე ჭალები; მენახა, თუ აყვავდა ვაზი, თუ გაიფურჩქნა ბროწეული“. (ქებათა ქება 6,11)


წყარო

  • ჟურნალი „აგრო ბაზისი“; 2016, №5. სტატია: სტატია: „კაკალი – გამრავლება, გაშენება, მოვლა“; ავტორი: ნუგზარ შენგელია.
  • ბიბლიური მცენარეები
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები