კალგინი ანატოლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანატოლი კალგინი

კალგინი ანატოლი ნიკოლოზის ძე (20.IV.1875, ვლადიკავკაზი - 20.III.1943) - ინჟინერი, არქიტექტორი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1900 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამოქალაქო-საინჟინრო ინსტიტუტი. არქიტექტორის თანაშემწედ მუშაობდა პიატიგორსკში. 1901-1905 წლებში ცხოვრობდა ბაქოში. 1905-1907 წლებში ასწავლიდა სტროგანოვის სასწავლებელში - მოსკოვში. 1907 წლიდან თბილისში გადმოვიდა. მონაწილეობდა სხვადასხვა კვლევით ექსპედიციებში. 1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილთან და მოყვარულ ფოტოგრაფ ედუარდ ლიოზენთან ერთად, იმოგზაურა კოლა-ოლთისისა და არტაანის ძეგლების შესასწავლად.

1917 წელს ე. თაყაიშვილთან, ლადო გუდიაშვილთან, მიხეილ ჭიაურელთან და კირილე ზდანევიჩთან ერთად ტაო-კლარჯეთში იმოგზაურა. 1913-1916 წლებში მხატვარ ჰენრიხ ჰრინევსკისთან ერთად სათავადაზნაურო ბანკის შენობის პროექტი შექმნა და განახორციელა.

1920 წლის 13 აგვისტოს საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებულ იქნა დეკრეტი „ძველი ხუროთ-მოძღვრების ძეგლების შეკეთება დაცვისთვის - 2 000 000 მან. გადადებისა“. მუზეუმის სამეცნიერო საბჭომ ამ სამუშაოების შესასწავლად და შესასრულებლად შექმნა კომისია, რომელშიც გ. ჩუბინაშვილი, ნ. სევეროვი და ა. კალგინი შევიდნენ. მკვლევრები ჯერ მცხეთის ჯვრისა და სვეტიცხოვლის ეკლესიების შესასწავლად გაემგზავრნენ, შემდეგ, კახეთის რეგიონის რამდენიმე ძეგლი შეისწავლეს და შეაკეთეს, ასევე, მუზეუმში გადაიტანეს წრომის ეკლესიის მოზაიკის ფრაგმენტები. 1920 წლიდან ეროვნული მუზეუმის შენობის ფასადის გასაფორმებლად ნ. სევეროვი და ა. კალგინი მიიწვიეს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ამ სამუშაოების დასრულება ვერ მოხერხდა.

1922-1930 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორი. 1927 წელს ააგო ზემო ავჭალის ჰესი კ. ლეონტიევთან და მ. მაჭავარიანთან ერთად. 1930 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ინდუსტრიული ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე ასწავლიდა.

ანდერძის თანახმად, დაკრძალეს მცხეთაში, სამთავროს ეკლესიის ეზოში.

სალომე ჭანტურიძე

ლიტერატურა

  • ვ. ბერიძე, თბილისის ხუროთმოძღვრება 1801-1917, ტ. II, 1963;
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული, თბ., 1990;
  • ქსე, ტ. V, თბ., 1980; გ. ჩხაიძე, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, თბ., 2003;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა, 1920, №188.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები