კასპის აკლდამები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:55, 12 ივლისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კასპის აკლდამები - არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს ქ. კასპის დასავლეთით 1 კმ-ზე, მტკვრის ხეობაში. წარმოადგენს 10-15 მ სიმაღლის კირქვის კონცხებში გამოკვეთილ ძლიერ დაზიანებულ გამოქვაბულთა ცალკეულ ჯგუფებს შემორჩენილია თითქმის სრულად 4 აკლდამა, მათ შორის 3 კლდის ერთ მასივშია გამოკვეთილი, 1 – აღმსავლეთით ორასიოდე მ-ზე. აკლდამები მიწის ზედაპირიდან 3-5 მ-ითაა შემაღლებული; გამოკვეთილია ლითონის ოთხწახნაგა იარაღით, საკმაოდ სუფთად. მათი სტრუქტურა ძირითადად ტიპურია.


აკლდამა № 1 (2,5X2,3 მ, მაქს.სიმ. 1,96 მ) და აკლდამა № 2-ის (2,4X2,3 მ, მაქს, სიმ. 1,6 მ) სამარხი კამერები გეგმით კუთხეებმომრგვალებულ კვადრატს უახლოვდება; ჭერი შეისრული კამარისებურია. ორივე სათავსის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში 0,1-0,5 მ სიმაღლეზე გამოკვეთილია მიცვალებულის დასასვენებელი კუთხეებმომრგვალებული ნიში-თაროები (სიგრ. 1,6-1,75 მ, სიღრმე 0,55-0,6 მ, სიმ. 0,65-0,7 მ). კამერების წინ ღია კარიბჭეებია (1,2X0,75 მ), რომლებშიც გაჭრილია კარი. (სიმ. 0,65-0,9 მ, სიგ. 0,5-0,6 მ). შესასვლელები გარედან მარტივად ჩაჭრილ დეკორ. ჩარჩოშია ჩასმული. ასეთივე კარიბჭე აქვს №3 აკლდამასაც (2,5X2,5 მ, დაფერდებული ბრტყელი ჭერის სიმ. 1,4-1,6 მ), ამ აკლდამაში ნიში-თაროები არ არის. №4 აკლდამას (1,6X1,32 მ, ბრტყელი ჭერის სიმ. 1,8 მ) კარიბჭე არა აქვს. კარი 1,25 მ-ის სიმაღლიდან შევიწროებულია. შესასვლელის მოპირდაპირე და მარჯვენა კედლებში გამოკვეთილია ნიში-თაროები (სიგრ. 1,75-1,8 მ, სიგ. 0,6-0,9 მ).

აკლდამებში ნიში-თაროების დამხრობა ნებისმიერია, რაც დამარხვის არაქრისტიანულ წესზე მიგვანიშნებს. მსგავსი აკლდამები საქართველოში ჯერჯერობით არ არის მიკვლეული. მათი პროტოტიპები ახლო აღმოსავლეთის უძველეს სახელმწიფოთა (ურარტუ) კლდის აკლდამები უნდა იყოს. აკლდამები სტრუქტურით ოდნავ განსხვავდება აქემენიდური, პართული და სასანური ხანის ირანული აკლდამებისაგან. შეისრული ჭერი და კვეთის ტექნიკა საერთოს პოულობს გვიანდელ ანტიკურ (უფლისციხე), აგრეთვე ადრინდელ ფეოდალური ხანის ქართული კლდის ხუროთმოძღვრების ტრადიციებთან. პარალელური მასალისა და ისტორიული ფაქტების გათვალისწინებით აკლდამები თარიღდება გვიანდლიე ანტიკური ხანით ან IV-VI სს.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები