კაციაშვილი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ კაციაშვილი

კაციაშვილი ნიკოლოზ აღდგომელის ძე - (დ. - 1975, სოფ. ქვემო გომი, გორის მაზ. - გ. - 19.II.1919, იქვე) - სოციალ-დემოკრატი. რუსეთის მეორე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია

დაიბადა შეძლებული გლეხის ოჯახში, საშუალო განათლება თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში მიიღო. 1899 წელს გახდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, აქტიურად მონაწილეობდა 1905 წელს რევოლუციაში, დაპატიმრებულ იქნა მეფის ხელისუფლების მიერ. 1907 მონაწილეობა მიიღო რსდმპ-ის ლონდონის ყრილობაში, 1907 წელს თბილისის გუბერნიიდან არჩეულ იქნა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრად. სათათბიროს დაშლის შემდეგ დააპატიმრეს, სასჯელს იხდიდა პეტერბურგის ციხეში. შემდგომში დაბრუნდა მშობლიურ სოფელში.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას გორის მაზრის პარტიულ ორგანიზაციაში. 1919 წელს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. მოიპოვა კრების წევრის მანდატი, თუმცა კრების გახსნამდე მოულოდნელად გარდაიცვალა. ნეკროლოგი დაიბეჭდა გაზეთ „ერთობაში“. სსდმპ-ის ცეკა ნიკოლოზ კაციაშვილს გამოსათხოვარ ნეკროლოგში მოიხსენიებს, როგორც ენერგიულ, დაუღალავ და ერთგულ ამხანაგს. დამფუძნებელ კრებაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ალექსანდრე ლომთათიძის წერილის თანახმად, გარდაცვლილი ნიკოლოზ კაციაშვილის ნაცვლად სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით კრებაში შევიდა ანა სოლოღაშვილი. გარდაიცვალა მშობლიურ სოფელში, დაკრძალეს იქვე.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016;
  • გაზ. „ერთობა“ , 1919, №43.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები