კახეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კახეთი

კახეთი - აღმოსავლეთ საქართველოს დიდი ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეგიონი.

კახეთი მდ. ივრისა და მდ. ალაზნის აუზებს მოიცავს. კახეთს დასავლეთიდან ქართლი ესაზღვრება (აქ ქართლსა და კახეთს შორის საზღვარი მდ. არაგვზე გადიოდა), აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან აზერბაიჯანი. ჩრდილოეთიდან კახეთს კავკასიონის ქედი დაღესტნისაგან ყოფს.

დღევანდელი კახეთი ოთხ მცირე ერთეულად იყოფა: შიგნით კახეთი (მდ. ალაზნის მარჯვენა სანაპირო), გარე კახეთი (მდ. ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდ. ივრისა და მდ. ალაზნის ქვემო წელს შორის მოქცეული ტერიტორია) და გაღმა მხარი (მდ. ალაზნის მარცხენა სანაპირო). XVII საუკუნიდან კახეთს ჩამოსცილდა ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც დღეს აზერბაიჯანის შემადგენლობაშია და საინგილოს სახელს ატარებს.

სარჩევი

კახეთის ისტორია

თავდაპირველად კახეთი გაცილებით მცირე ტერიტორიას მოიცავდა და იგი მდინარე ივრის ზემო წელით შემოისაზღვრებოდა. ადრე შუა საუკუნეების ხანაში კახეთის ცენტრს უჯარმა წარმოადგენდა. კახეთის ეთნოგრაფიული საზღვრები შემდეგ თანდათანობით აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოვდა. VIII საუკუნისათვის მან ჰერეთის მნიშვნელოვანი ნაწილი და კუხეთი გადაფარა. „ხოლო ქუეყანისა ამისა სახელნი არიან სამნი: რამეთუ ჰერეთი ეწოდა თარგამოზის ძისა ჰეროსის გამო, რომელსა ძმათა თʒსთა შორის წილად ხუდა ქუეყანა ესე და დაიპყრა საზღვარი თʒსი... ხოლო კახეთი და კუხეთი არიან წილნი ქართლოსისა რამეთუ შემდგომად ქართლოსის სიკუდილსა, განუყო დედამან მათმან ძეთა თʒსთა ქართლოსის წილი ქუეყანა“. შუა საუკუნეებში კახეთის მცხოვრებნი ჰერკახებად მოიხსენიებოდნენ. გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III, როდესაც კახეთის ტერიტორია შეიერთა, მისი მცხოვრებთ ჰერკახებს უწოდებდნენ. ვახუშტი ჰერეთის პროვინციის სახელის გაქრობას კახეთის მეფე გიორგი VII (1466–1476) უკავშირებს: „(გიორგი VII – რ.თ.) – მოსპო სახელი ჰერეთისა”. კახეთის მცხოვრებთა შესახებ ვახუშტი შემდეგს წერდა: „ხოლო კაცნი და ქალნი შუენიერნი, ჰაეროვანნი და მგზავსნი ყოვლითავე ქართველთა ზნითა, ჩუეულებით და ქცევით, არამედ ლაღნი, ამაყნი, მეხოტბენი, დიდ-მთქმელნი, მეჩხუბარნი, შემმართებელნი, უფრო გლეხნი, ერთგულნი, მოსილნი ქართულად, ენით და სარწმუნოებით ქართლისათა, და სამწყსონი ქართლის კათალიკოზისანი”.

საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ (XV საუკუნის მეორე ნახევარი) კახეთი ცალკე სამეფო ერთეულს წარმოადგენდა.

ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავდა, რომ „ჩვენი დროის კახეთში, მაგალითად, მცირე ვინმეა ძველ კახთა და ჰერთა ჩამომავალი, რომ ეთნიკურ-ნათესაურად ჩვენი დროის კახელს მცირე რამ აქვს საერთო ძველ კახთან და ჰერთან”. „ისე როგორც საქართველოს სხვა მხარეები, კახეთიც რთული ისტორიული პროცესის შედეგად წარმოქმნილი ქვეყანაა... აწინდელი კახეთი გაცილებით უფრო გვიან ყალიბდება, ვიდრე საქართველოს სხვა დანარჩენი კუთხეები და ამიტომაც ამ პროცესის შესახებ ცნობებიც მეტი მოგვეპოვება... კახნი, კოხნი, წანარნი, გარდაბანელნი, ალვან-ჰერნი, სოჯნი, ფხოელ-ფშაველნი, ხევსურნი, თუშები, ქისტები და შემდეგ ლეკები, თურქები, ოსები, სომხები და ყველა თემის ქართველები (მეგრელები, გურულები, იმერლები, რაჭველები, ჯავახ-მესხნი, სომხითარნი) – ყველა ამათ შერწყმა-„შეჯვარების” (ბრძოლისა და თანამშრომლობის) ისტორიული სარბიელი იყო ეს შედარებით პატარა, მაგრამ დიდი შესაძლებლობის ქყეყანა. თითოეულ ამათგანს თავისი წვლილი შეუტანია აწინდელი კახეთის შექმნაში. ათეულ საუკუნეთა სიგრძეზე მიმდინარეობდა აქ მოსულ-დამხვდურთა თუ მეზობელთა ეს რთული ურთიერთობა, მთისა და ბარის, ველისა და ზეგნის სამეურნეო და სოციალურ სისტემათა ჭიდილი”. სხვაგან ნ. ბერძენიშვილი იმასაც აღნიშნავდა, რომ XVII საუკუნეში ყიზილბაშთაგან ამოწყვეტილი კახეთი იმერეთიდან, ქართლიდან და მთიდან გადმოსახლებულებმა მოაშენეს. ნიკო ბერძენიშვილი როდესაც კახეთში ქართული მოსახლეობის ხელახლა შექმნაზე საუბრობდა, ის რეალურ საისტორიო წყაროებს ეყრდნობოდა. საამისოდ ყიზილბაში ისტორიკოსის ისქანდერ მუნშის სიტყვები შეიძლება მოვიყვანოთ, რომ შაჰ-აბასის 1614-1617 წლების შემოსევათა შედეგად „ქართველი მოსახლეობიდან იმ მხარეში (კახეთში – რ. თ.) აღარავინ დარჩა... მოსახლეობის სუნიც კი არსად იყო დარჩენილი... ისეთი ქვეყანა, რომელიც ყოველწლივ ურიცხვ სარგებლობას და შემოსავალს იძლეოდა, დაინგრა და მიწასთან იქნა გასწორებული”. უფრო ადრე, კახეთის აოხრებამდე, XVII საუკუნის დასაწყისში, სხვა სპარსელი ისტორიკოსი (მალიქ შაჰ-ჰუსეინ სისტანი) წერდა: „მთათა ფერდობებიდან მდინარე ალაზნამდე ყველგან სოფლები იყო გადაჭიმული, ნათესი ყანები, ქალაქები, მაღალი და დიდებული ნაგებობები, ტაძრები და ეკლესიები. ... ქიზიყისა და ალავერდის მიდამოები, ასევე ალაზნის მარცხენა სანაპირო ზაგემის საზღვრამდე სულ დასახლებული და კეთილმოწყობილი იყო”. კახეთში მოსახლეობის მიგრაცია საქართველოს სხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეებიდან ბოლო დრომდე არ შეწყვეტილა. მაგალითად, 1886 წლის საოჯახო სიებში ამ მიგრაციის არაერთი ფაქტია აღნუსხული. სოფელ ახმეტაში დროებით-მაცხოვრებლებად 56 კომლი იყო, რომელთა დიდი ნაწილი (31 ოჯახი) დასავლეთ საქართველოდან (ლეჩხუმი, ზემო იმერეთი) იყო გადმოსახლებული, დანარჩენები – აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთიდან.

სოფლის მეურნეობა

კახეთი დაწინაურებული მეურნეობის ქვეყანა იყო. „ხოლო ქუეყანა ესე არს ფრიად ნაყოფიერი ყოვლითა მარცვლითა, ვენახითა, ხილითა, პირუტყვითა, ნადირითა, ფრინველითა და თევზითა... რამეთუ თჳნიერ ნარინჯისა, თურინჯისა, ლიმონისა და ზეთისხილისა, ნაყოფიერებენ ყოველნი, რომელნიცა აღვსწერეთ, აბრეშუმით ბამბით, ბრინჯით და ხურმა წაბლი იმერეთისგანაცა აქ უმჯობესი არს”.

მევენახეობა-მეღვინეობა

კახეთში განსაკუთრებით მაღალგანვითარებას მიაღწია მევენახეობა-მეღვინეობამ. კახური ღვინო არა მარტო გვიან პერიოდში, არამედ ადრეც ექსპორტის საგანი იყო. თითქმის ყველა სოფელში ვაზის ადგილობრივი, მცირე რეგიონისათვის დამახასიათებელი ჯიშები იყო გავრცელებული. მეცნიერებს 80-ზე მეტი ვაზის ჯიში აქვთ დათვლილი, მაგრამ გვიანი პერიოდისათვის საბაზრო ურთიერთობების შედეგად განსაკუთრებით რქაწითელი და საფერავი გავრცელდა. გარე კახეთში ამ მხრივ მანავის მწვანე გამოირჩეოდა.

XIX საუკუნის კახეთში ვენახის დიდი მამულები გააჩნდათ კახეთის თავადებს – ჭავჭავაძეებს, ვაჩნაძეებს, ჯორჯაძეებს, ანდრონიკაშვილებს... (ამის შესახებ 1884 წელს საგანგებოდ აღნიშნავდა საფრანგეთის კონსული).

მემინდვრეობა

კახეთის ბუნებრივ-გეოგრაფიული და კლიმატური პირობები მემინდვრეობის ფართოდ განვითრების შესაძლებლობას იძლეოდა. მეცნიერები (გიორგი ჯალაბაძე) კახეთს მემინდვრეობის რამდენიმე ზონად ჰყოფენ; ესენია: გარე კახეთი, ივრის ხეობის დავაკება, ქიზიყი (შირაქის ჩათვლით), შიგნით კახეთი და გაღმამხარი. საერთო კახური მემინდვრეობისაგან, პირველ რიგში, მკვეთრად გამოყოფენ ქიზიყურ მემინდვრეობას. მასთან მსგავსებას იჩენდა გარეკახური მემინდვრეობა. ამ ორ რეგიონს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი აახლოვებდა – ურწყავი მიწათმოქმედება და მიწის თემური/სასოფლო საკუთრება. აგრეთვე აქ სოფლებიდან სახნავ-სათესი მიწები საკმაოდ დაშორებული იყო, რაც აქტიურ მემინდვრეობას მეტ-ნაკლებად ზღუდავდა. პურეულის მრავალსახეობით გამოირჩეოდა შიდა კახეთი და გაღმამხარი. აქ სახნავ-სათესი მიწის გარკვეული ნაწილი ირწყვებოდა კიდეც.

მეცხოველეობა

კახეთში განსაკუთრებით განვითარებული იყო მეცხოველეობა. ამ მხრივ პანკისის ხეობა (მდ. ალაზნის ზემო წელი) გამოირჩეოდა (XIX საუკუნის შუა ხანებამდე პერიოდი იგულისხმება), ცნობილი თავისი მდიდარი ტყეებით, სადაც ღორებისათვის ბუნებრივი საკვები უხვად მოიპოვებოდა. ვახუშტი ბაგრატიონის სიტყვით, ზოგიერთ გლეხს ოთხასი, ათასი და ზოგჯერ ორი ათასი ღორიც ჰყოლია. კახეთში მეაბრეშუმეობაც სათანადო დონეზე იყო.

კახეთი, ქართლთან ერთად, საქართველოს სხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეებისაგან განსხვავდებოდა სახედრების (ვირების) სიმრავლით, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა. განსაკუთრებით ბევრი ვირი ჰყავდათ ქიზიყში. მეცხვარეთათვის ვირი უფრო საჭირო იყო, ვიდრე ცხენი. ვირს ზედ ეკიდა მწყემსის ბარგი, ხურჯინი და სხვა რამ. ქიზიყში წყაროები შორს ჰქონდათ და წყლის საზიდად ვირს იყენებდნენ. ვირს გადაჰკიდებდნენ მოწნულ საკოკეებს, შიგ კოკებს ჩადგამდნენ და წყაროზე ხშირად ასე მიდიოდა წყლის მოსატანად პატარძალი. ასევე ვირის ყოლას განაპირობებდა ვენახების სიშორე. საგზლის მისატანად და იქიდან სხვადასხვა ჭირნახულის მოსატანად ვირს გამოიყენებდნენ. ამასთან ერთად, სახედარი ადვილი დასამორჩილებელია, ცოტა საჭმელი უნდა და ის უხეირო საჭმელსაც ჭამს. კახეთის სხვადასხვა კუთხეში, როგორც აღვნიშნეთ, ვირების სიმრავლით ქიზიყი გამოირჩეოდა, აქ ფაქტობრივად სახედრის გარეშე ოჯახი არ იყო. ამის შესახებ ხალხური ლექსიცაა: „თელაველებს თხა უყვართ, // სიღნაღელებს ვირები; // ორნივ ერთად გადავაბათ // და დავუკრათ სტვირები”. ქიზიყში ვირი, ჯორი, სახედარი, საკიდარი ერთიდაიმავე პირუტყვის აღსანიშნავად იხმარებოდა, ცხენისა და ვირის შეჯვარების ნაყოფს „ჯორ-ცხენას“ ეძახდნენ.

საცხოვრისი

გარე კახეთში ქართლური დარბაზული და ბანიანი ტიპის საცხოვრებლები იყო გავრცელებული. ქართლური მიწურის მსგავსი სახლები არსებობდა კახეთის მთისპირეთში. მათი ძირითადი ნაწილი ქვითკირით აგებული კრამიტით იყო გადახურული. ეთნოგრაფიული მონაცემებით კახეთში უფრო გავრცელებული იყო ერთსართულიანი ქვის შენობა, რომელიც ჭაობის ლერწმით ორფერდად იყო გადახურული. სახლი წარმოადგენდა დაუნაწილებელ ფართობს; მასზე იყო მიშენებული ისეთი სამეურნეო სათავსოები, როგორიცაა მარანი, ბოსელი, საბძელი. ირკვევა, რომ კახეთში უფრო ადრე სხვადასხვანაირი ტიპის საცხოვრებელი ნაგებობები ყოფილა გავრცელებული. მაგალითად, შინამრეწველობის მასალებში დაფიქსირებულია, რომ „უწინ ქიზიყში ბანიანი და დარბაზული სახლებიც ყოფილა, რომლებიც ამჟამად აღარ არის. ბანიან სახლს ზემოდან სახურავად მიწა ჰქონია გავაკებული, გატკეცილი, რომელზედაც გოგო-ბიჭები თამაშობდნენო. რადგან ბანიანი სახლი მიწაში იყო, ამიტომ მიწურ სახლსაც ეძახდნენ. მაღლა სათვალე ჰქონია, საიდანაც შუქი ჩამოდიოდა და ბოლი ადიოდაო. ურიათუბანში სანათურის სახელად დოლაბიც მითხრეს. ზედ ქვევრის პირს დაადგამდნენ ხოლმეო, რომ შიგ არავინ ჩავარდნილიყო და წყალი არ ჩასულიყო. ამ სახლს გვირგვინი ჰქონია, რომელიც 16 წყებისაგან შედგებოდა თურმე. გვირგვინი თანდათან ვიწროვდებოდა და სათვალეში ადიოდა. შუაში დედაბოძი ყოფილა ძალიან დაჭრელებული”.

კახეთში სცოდნიათ აგრეთვე „წნური სახლები”, „ფიცრული სახლები” (ფიცრული სახლი ორნაირი ყოფილა „ჯვარყურიანი” და „აფრიანი”), ქოხები. ქოხები დროებითი იყო და ძირითადად კალოებზე ჰქონიათ. სამეურნეო ნაგებობებიდან შეიძლება დავასახელოთ: გომი, საბძელი, ბეღელი, სათივე, სასიმინდე...

ოჯახი

კახეთში იყო დიდ ოჯახებად ცხოვრების ტრადიცია, მაგალითად, 1886 წლის საოჯახო სიებში არაერთი დიდი ოჯახია დაფიქსირებული ახმეტაში, მატანსა და მარილისში. სოფელ მარილისში მხცოვრებ ფილიპე თამაზის ძე ტუგულაშვილის ოჯახში 34 სული ყოფილა, თევდორე ნონიას ძე ბერძნიშვილის ოჯახში – 30 სული, ბერო გიორგის ძე ხოხობაშვილის ოჯახში – 24 სული. სოფელ კაკაბეთში დიმიტრი დავითის ძე ქიტოშვილის ოჯახში 37 სული იყო. ამ დიდ ოჯახში ერთად შვიდი ცოლშვილიანი ძმა და კიდევ მათი ბიძაშვილი ცხოვრობდა.

ფოლკლორი

გამორჩეული იყო კახეთი თავისი ხალხური მრავალხმიანი სიმღერებით. ბევრი სიმღერა კახელებს ქართლელებთან საზიარო ჰქონდათ, ზოგიერთი კი მხოლოდ კახეთისათვის იყო დამახასიათებელი, მაგალითად ასეთ სიმღერას შორის ასახელებენ „ოდურს”, რომელიც „მუშური” სიმღერების ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენდა. „ოდურს” შესვენების დროს ან სამუშაოდან დაბრუნების დროს ასრულებდნენ .

როგორც ეთნომუსიკოლოგებს აქვთ გარკვეული, კახეთში სუფრული სიმღერების გარკვეული თანამიმდევრობა არსებობდა, ოღონდ განსხვავაება იყო მაგალითად ქორწილი ქალის ოჯახში იყო, თუ კაცის ოჯახში. ნეფე-დედოფლის სადღეგრძელოს შემდეგ სრულდებოდა „წაიყვანეს თამარ ქალი“, პატარძლის მოსაყვანად როდესაც მიდიოდნენ „მაყრულს” მღეროდნენ, დაბრუნების შემდეგ ისევ მაყრულს ასრულებდნენ. ნეფის ოჯახში შემოსვლისას ფერხული „მუმლი მუხასა” იმღერებოდა, სახლში შესვლამდე – „ჯვარი წინა, ჯვარი უკან”. ამას რიგით „მრავალჟამიერი”, „თამარ ქალი”, „სუფრული”, „ბერიკაცი”, „თეთრო ბატო”, „დიამბეგი”, „შაშვი კაკაბი” მოსდევდა .

რიტუალები

კახეთში იცოდნენ ბავშვის (როგორც ვაჟის, ისე გოგონასი) ბერად შეყენება; ბერად შეყენებულ ბავშვს ლენტს შეაბამდნენ და სამი ან მეტი წლისას სალოცავში წაიყვანდნენ, მანამდე კი თმას არ შეკრეჭდნენ. ეკლესიაში ბერს თმას ცოტათი ააჭრიდნენ, შემდეგ კი სხვა „მოჰკრიჭამდა”. ზოგი მშობელი ამ თმას ინახვდა. ბერად შეყენებულის ეკლესიაში მიყვანისას თან შესაწირიც (ცხვარი, „ქათმის ზვარა”) მიჰყავდათ. ამ დროს ეკლესიისათვის აუცილებლად მუხლის „კვერით” უნდა შემოევლოთ. მესამედ შემოვლის დროს პირჯვარს „დაიწერამდნენ” და შვილის გაზრდას შეევედრებოდნენ

კახეთში ყანისა და ვენახის დაცვაზეც მაქსიმალურად ზრუნავდნენ, სადაც ფრინველისა და მღრღნელების გარდა ავი თვალისგან დამცავი რიტუალებიც იყო გავრცელებული. ამ მიზნით ყანაში ჯერ ლოცვას შეასრულებდნენ, შემდეგ სამ ადგილას ჯოხებზე დგამდნენ ფერადი ძონძებისგან გაკეთებულ ფიგურებს. ვენახშიც ასრულებდენენ ლოცვას და 3-4 მეტრის შუალედებით ვაზის ლერწზე მოაბამდნენ წითელი და თეთრი ქსოვილის შელოცვილ ნაჭრებს. გარდა ამისა დიდ ხუთშაბათს ვენახში შეჰქონდათ ასკილის ტოტი და სარზე კიდებდნენ. ეკლიან ტოტებს იყენებდნენ ყანის დასაცავადაც.

საინტერესო ტრადიცია არსებობდა ვაზის ყვავილობასთან დაკავშირებით. კერძოდ, ამ დროს ოჯახის დიასახლისი აცხობდა სპეციალურ კვერს. უფროს მამაკაცს ეს კვერი, სანთელი და ღვინო ვენახში მიქონდა. ვენახის ოთხი კუთხის მიხედვით, კვერს ოთხ ნაწილად დაჭრიდა ოთხივე კუთხეში სანთელს აანთებდა, ოთხ ჭიქა ღვინოს დაღვრიდა, ერთს თვითონ დალევდა და ვენახის დაცვა-შენარჩუნებაზე დაილოცებოდა. კვერის ნატეხებიდან თითო ლუკმას ვენახში შეაგდებდა, დანარჩენს კი თვითონ შეჭამდა.

იხილე აგრეთვე

ბოჭორმის კურატი

წყარო

საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები