კენონი უოლტერ ბრედფორდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კენონი უოლტერ ბრედფორდ

კენონი უოლტერ ბრედფორდ - Cannon Walter Bradford, Кеннон Уолтер Брэдфорд, 1871-1945

ამერიკელი ფიზიოლოგი და ფსიქოფიზიოლოგი. განათლება მიიღო ჰარვარდში და აქვე ეწეოდა კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო ამერიკის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის წევრი და მრავალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (იელის, ვაშინგტონის, ჰარვარდის, ბარსელონას, მადრიდის, პარიზის, სტარსბურგის). ჰარვარდში განიცადა უ. ჯეიმსის დიდი გავლენა, დაინტერესდა მისი ემოციების თეორიით {ემოციების ჯეიმს-ლანგეს თეორია} და გადაწყვიტა ამ თეორიის ექსპერიმენტული შემოწმება. ჯეიმსი ამტკიცებდა, რომ ემოციები სხეულებრივ პროცესებზე დაიყვანება. ემოციების ხელოვნური გამოწვევით კენონმა დაასაბუთა, რომ ორგანიზმში ფიზიოლოგიური ძვრები თავისთავად არ განიცდება გრძნობებად. მაგ., ადრენალის შეშხაპუნებით გამოწვეული ფიზიოლოგიური ცვლილებები ორგანულ, შიდა შეგრძნებებად განიცდება - და არა ემოციებად. და პირუკუც, ემოციები სხეულებრივი პროცესების არყოფნის შემთხვევაშიც შეიძლება წარმოიქმნეს. ნაჩვენები იყო ისიც, რომ ნერვულ-ჯირკვლოვანი რეაგირება შედარებით ნელია და ამიტომ ვერ იქნება უმალვე აღმოცენებული ემოციის წყარო. გარდა ამისა, სხეულებრივი რეაქციები ძალზე დიფუზურია, რათა აგვიხსნას ემოციათა გასაოცარი მრავალფეროვნება. შიში და ბრაზი, მაგ., დაახლოებით ერთნაირ ორგანიზმულ ცვლილებებს იწვევს {სტრესი}, როცა გაავებული ძაღლი უცხოს უყეფს, შიში და ბრაზი ერთადაა; თუმცა ჩვენ შიშს ადვილად ვარჩევთ ბრაზისაგან. ამ ყოველივეს საფუძველზე კენონი დაუპირისპირდა თავისი მასწავლებლის თეორიას და წამოაყენა ემოციების საკუთარი, კენონ-ბარდის თეორია.


1920-იან წლებში კენონმა შეიმუშავა ჰომეოსტაზის თეორია (ეს ტერმინი მისი შემოტანილია). მან დაასაბუთა, რომ ფიზიოლოგიური წონასწორობა ორგანიზმში თვითრეგულაციის შედეგია, ე.ი. ორგანიზმი ეგუება ცვალებად გარეპირობებს ისე, რომ თავად უზრუნველყოფს შინაგანი მდგომარეობის მდგრადობას. ჰომეოსტაზის პრინციპმა უდიდესი გავრცელება პოვა არა მხოლოდ ფიზიოლოგიასა და ფსიქოლოგიაში, არამედ სოციოლოგიაში, კიბერნეტიკაში და სხვა. ჰომეოსტაზის პრინციპს ემყარება სტრესის კენონისეული თეორიაც.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები