კვინიტაძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი კვინიტაძე

კვინიტაძე გიორგი ივანეს ძე - (21.VIII.1874 - 7.VIII.1970) (ნამდვილი გვარი ჩიქოვანი) - გენერალი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაამთავრა ჯერ თბილისის კადეტთა კორპუსი, შემდეგ კონსტანტინეს სამხედრო სასწავლებელი. პოდპორუჩიკი (1894). გაგზავნილ იქნა ვლადიკავკაზის 152-ე ქვეით პოლკში. პორუჩიკი (1897). შტაბსკაპიტანი (1901). რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომის მონაწილე. მსახურობდა აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელთა მე-9 პოლკში. კაპიტანი (1905). 1910 1-ლი თანრიგით დაამთავრა გენერალური შტაბის ნიკოლოზის სახელობის აკადემია. გაგზავნილ იქნა მე-16 გრენადერთა პოლკში. 1911 კავკასიის სამხედრო ოლქის დავალებათა ობეროფიცერია. ამავე დროს მუშაობდა სამხედრო სასწავლებელში. პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. პოდპოლკოვნიკი (1915). კავკასიის მე-4 მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. პოლკოვნიკი (1916). 1917 წლიდან კავკასიის მე-15 მსროლელთა პოლკის მეთაური.

დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. ანას მე-4 ხარისხის, წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენებით. დაჯილდოებული იყო იარაღით.

1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. გენერალი (1918). 1918 სამხედრო მინისტრის ბრძანებით დაინიშნა რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლად და მინისტრის თანაშემწედ. ქართული შეიარაღებული ძალების შექმნის საკითხში ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან არსებული უთანხმოების გამო მალევე გადადგა. დეკემბერში სომხეთთან ომის დროს სადახლო-შულავერის ფრონტის სარდლის, გენერალ მაზნიაშვილის საველე შტაბის უფროსი. 1919 წელს მეთაურობდა ახალციხე-ახალქალაქის მაზრაში სეპარატისტთა წინააღმდეგ მებრძოლ სამხედრო შენაერთებს და შეძლო მათი დამარცხება. შემდეგ იბრძოდა ე.წ. „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის“ მთავრობის შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. მათთან ბრძოლისას, 1919 წლის აპრილში, გაათავისუფლა ძველი ქართული მხარე არტაანი. 1920 წლის 29 აპრილს დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალად. მაისის დასაწყისში დაამარცხა საბჭოთა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოში შემოჭრილი რუსეთის წითელი არმიის ნაწილები. სურდა შეტევის გაგრძელება და სამხედრო მოქმედებების გადატანა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რათა სრულად დაემარცხებინა სამხრეთ კავკასიაში იმ დროს მყოფი წითელი არმიის ნაწილები. თუმცა ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ამის ნება არ მისცა. 8 სექტემბერს დატოვა მთავრსარდლის თანამდებობა. იყო ქართული სამხედრო სკოლის დამაარსებელი და პირველი უფროსი. 1921 წლის 16 თებერვალს უკვე მესამედ დაინიშნა ქართული არმიის მთავარსარდლად. ენერგიულად დაიწყო მოქმედება და მთელი ყურადღება თბილისის დაცვას მიაქცია. 18 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით ქართული შეიარაღებული ძალები, მისი სარდლობით, წარმატებით იცავდნენ დედაქალაქს. თუმცა 24 თებერვალს, ფრონტზე შექმნილი ვითარების ანალიზის შედეგად, მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება თბილისის დროებით დატოვების შესახებ. მისი გეგმით, უკან უნდა დაეხიათ მცხეთამდე. აქ უნდა განხორცილებულიყო ჯარების გადაჯგუფება, მომზადება და შემდეგ ძლიერი კონტრშეტევით მტრის განდევნა-დამარცხება. სამწუხაროდ, გეგმა ვერ განხორციელდა და ქართული შენაერთები უკან დახევას განაგრძობდნენ. გ. კვინიტაძემ ვერც ოსიაურთან ბრძოლაში შეძლო მოწინააღმდეგის შეკავება.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. ცხოვრობდა საფრანგეთში. მუშაობდა გრამფირფიტების ქარხანა “Pathe”-ში. ერთი ხანობა, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, თავს ირჩენდა მაწვნის წარმოებით და გაყიდვით. იყო ემიგრაციაში შექმნილი სხვადასხვა ორგანიზაციების წევრი. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრაციაში გამომავალ ჟურნალ-გაზეთებთან. გარდაიცვალა 1970 პარიზის მახლობლად, დაბა შატუში.

მიხეილ ბახტაძე

თხზულებები

გ. კვინიტაძე, მოგონებები, ტ. I-II, თბ., 2014;

ლიტერატურა

  • გ. საითიძე, გენერალი გიორგი კვინიტაძე თბ., 1998;
  • მ. გოგიტიძე, გ. ბეჟიტაშვილი, სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015;
  • М. Гогитидзе, Военная элита Кавказа т. I, 2007.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები