კინოთეატრები 1918-1921 წლების საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კინოთეატრი "აპოლო"

კინოთეატრები 1918-1921 წლების საქართველოში - კინოს დაბადებიდან, როცა ჯერ კიდევ კინო-თეატრები არ არსებობდა, ფილმებს საცირკო შაპიტოებში, სახლებსა და სასტუმროებში უჩვენებდნენ. კინოთეატრების არქიტექტურა მოგვიანებით გამოიკვეთა. თბილისი რამდენიმე თვით ჩამორჩა პარიზსა და პეტერბურგში გამართულ კინოჩვენებებს.

1895 წლის მაისში თბილისში კინოჩვენება გაიმართა. 1904 თბილისში, რესტორან „დათვში“ (გოლოვინის გამზირზე) პირველი სტაციონარული კინოთეატრი „ილუზიონი“ გაიხსნა. 1905 წელს სოფია ივანეცკაიამ მუშტაიდის ბაღში საზაფხულო კინოთეატრი გახსნა. 1907 წლიდან თბილისში კინოთეატრები აშენდა: „მუზა“, „აპოლო“, „კოლიზეი“, „ლირა“, „მინიონი“, „სინემა-დისკი“. მათ ხშირ შემთხვევაში პროჟექტორებს ან ელექტროთეატრებს უწოდებდნენ. პირველი ელექტროთეატრი „აპოლო“ იყო. მსოფლიოში მოდერნის სტილის კინოთეატრის არქიტექტურა რამდენიმეა, მათ შორის ერთ-ერთია „აპოლო“ (ევროპაში მოდერნისა და კინოს გავრცელება ერთმანეთს დაემთხვა). თბილისში კინოთეატრების უმრავლესობა მიხაილოვის გამზირზე იყო განლაგებული. მხოლოდ „არფასტო“ მდებარეობდა გოლოვინის გამზირზე (ახლანდელი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის შენობა).

თბილისში გაიხსნა უცხოური კინოკომპანიების ფილიალებიც: „პატე“, „გომონი“, „ამბროზიო“, „ჩინეზი“. თბილისის ქუჩებში 15 სარეკლამო ბოძი იდგა და მათზე სარეკლამო აფიშები იყო გაკრული. 1911-1915 წწ-ში ვინმე გაბელიამ ფოთში 500- ადგილიანი კინოთეატრი ააშენა. 1915 წელს მიხაილის პროსპექტზე შვიდი კინოთეატრი ფუნქციონირებდა: „სატურნი“, „მოდერნი“, „ლირა“, „ოდეონი“, „მულენ-ელექტრიკი“, „მულენ-ელექტრიკის“ საზაფხულო დარბაზი და „აპოლო“, ხოლო მუშტაიდის ბაღში - „ილუზიონი“. კინოთეატრებში „სკიფი“ და „ურანი“ ფრანგულ ფილმებს უჩვენებდნენ. სასტუმრო „მაჟესტიკის“ (თბილისის მარიოტი) სარდაფში იყო კინოთეატრი „მინიონი“.

1918-1921 წლებში საქართველოში ოცზე მეტი კინოთეატრი არსებობდა: „აპოლო“, „პალასი“, „ოდეონი“, „კოლიზეი“, „მუზა“, „მულენ-ელექტრიკი“, „კინოტიტანიკი“, „ილუზიონი“, „ამირანი“ და სხვ. თბილისის კინოთეატრებში საზღვარგარეთიდან ჩამოტანილ ამერიკულ, იტალიურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ფილმებს უჩვენებდნენ. ფილმებში მონაწილეობდნენ: ვივიენ მარტენი, მოჟუხინი, ლისენკი, მარია კარმი და სხვ. მოსკოვში გადაღებულ ფილმებში ძირითადად ქართველი მსახიობები: ლადო ალექსი-მესხიშვილი, ბარბარე ალექსი-მესხიშვილი, თამარ გედევანიშვილი, ნიკოლოზ წერეთელი და სხვ. მონაწილეობდნენ.

1918 წლის 26 ოქტომბერს გაზ. „საქართველოს რესპუბლიკამ“ გამოაქვეყნა ცნობა კინოთეატრებში მხოლოდ ბილეთებით შეშვებასთან დაკავშირებით. 1918 პირველმა კავკასიურმა კინემატოგრაფიულმა „კინოსაიუზმა“ კინომექანიკოსის სამთვიანი კურსებიც კი გამოაცხადა, რომლის დასრულების შემდეგ გაიცემოდა ცნობა. ამავე დროს, თბილისში ხოდოროვის და ლეონტოვიჩის დრამატული სტუდია ფუნქციონირებდა, სადაც კინოხელოვნების კლასიც იყო გაერთიანებილი.

1918-1921 წლებში პერიოდულ გამოცემებში აშუქებდნენ კინოთეატრებთან დაკავშირებულ სიახლეებს. 1918 წლის 27 ივლისს გამოქვეყნდა ცნობა კინოთეატრ „ამირანის“ უახლოეს დღეებში გახსნასთან დაკავშირებით. 1918 წლის 5 ოქტომბერს ახალი ელექტროთეატრი „კინოტიტანიკი“ გაიხსნა (მის. ჩერქეზიშვილის ქ. №93). „კინო მინიონში“ 9 და 10 მარტს წარმოდგენილი იქნება პირველი ქართული კინოდრამა „ქრისტინე“. დრამა გადმოკეთებულია ნინოშვილის მოთხრობიდან. რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა.

1919 მუშათა კლუბებში დაგეგმილ ღონისძიებებს შორის კინოს ჩვენებაც იყო დაგეგმილი. ფილმის ნახვის შემდეგ იმართებოდა დისკუსიები. 1920 წლის 17 ოქტომბერს თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე უჩვენებდნენ დოკუმენტურ კადრებს - „ევროპის სოციალისტური დელეგაციის ჩამოსვლა და მათი მოგზაურობა პროვინციებში“. „ტფილისისა და საქართველოს ყველა მხატვრული კუთხეები ეკრანზე“. ქართული დემოკრატიის უდიდესი საზეიმო დღეები. 1920 წლის 2 დეკემბერს კინო „არფასტოში“ 1,2,3, და 4 დეკემბერს გაიმართება ჩვენება დრამის არტისტის ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მიერ შესრულებული პროფესორი ვერხოვცევის როლისა. 1920 წლის 8 დეკემბერს სახალხო განათლების სამინისტრო მთავრობის წინაშე წარსდგა კინოატელიეების გაფართოების ინიციატივით. 1921 წლის 28 იანვარს ქალაქის თვითმმართველობის სოციალური დახმარების განყოფილებამ ჩერქეზიშვილის ქუჩაზე მუშათა კინოთეატრი გახსნა.

ლევან გელაშვილი, სალომე ჭანტურიძე

ლიტერატურა

  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა, 1918,№1, №34, №75; 1919 №279; 1921, №20;
  • გაზ. „სახალხო საქმე“, 1920. №773, №954;
  • გაზ. „ბარბა“, 1918, №128, 1919, №229.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები