კლემანსო ჟორჟ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟორჟ კლემანსო

კლემანსო ჟორჟ ბენჟამინ - (28.IX.1841, მუი რო ნანპარე, ვანდეას რეგ. – 24.XI.1929, პარიზი), საფრანგეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი. საფრანგეთის რადიკალური პარტიის ლიდერი.

ბიოგრაფია

დაიბადა ფრანგი პოლიტიკური აქტივისტის ოჯახში. ფიზიკის განხრით უმაღლესი განათლება ნანტის უნივერისტეტში მიიღო. შემდგომში პარიზში მოიპოვა მედიცინის დოქტორის ხარისხი. ადრეული ასაკიდან ჩაება პოლიტიკურ საქმიანობაში, იყო ანტიკლერიკალური რადიკალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 1861 წელს პარიზში თანამებრძოლებთან ერთად დააარსა ყოველკვირეული გაზეთი „Le Travail“. 1862 წელს დააპატიმრეს დემონსტრაციის გამართვისათვის. ნაპოლეონ მესამის რეჟიმთან დაპირისპირების შემდეგ იძულებული გახდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასულიყო საცხოვრებლად და სამუშაოდ. მესამე რესპუბლიკის პერიოდში დაბრუნდა სამშობლოში, არჩეულ იქნა წარმომადგენელთა საბჭოს წევრად. შემდგომში აგრძელებდა პოლიტიკურ და ჟურნალისტურ საქმიანობას. ეწინააღმდეგებოდა სინო-ფრანგულ ომს. 1906 წელს რადიკალურ პარტიასთან ერთად მოიგო არჩევნები და გახდა ქვეყნის პრემიერ მინისტრი. 1909 წელს დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი. 1917 წლის ნოემბერში კლემანსო მეორე ვადით გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ამავდროულად იკავებდა ომის მინისტრის პოსტსაც.

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ლოიდ ჯორჯთან და აშშ-ის პრეზიდენტ ვუდრო ვილსონთან ერთად გახსნა პარიზის სამშვიდობო კონფერენცია. კლემანსოსა და ზოგადად საფრანგეთის მთავრობას კავკასიის რეგიონისადმი ინტერესი არ გამოუხატავს, იმპერიული რუსეთისთვის გაცემული მილიონობით ფრანკის ვალის დაბრუნების იმედით, მხარს უჭერდა დენიკინის არმიას. საფრანგეთი ამიერ კავკასიაში მხოლოდ სომხეთისადმი ინტერესს გამოხატავდა, ისიც კონკრეტული მიზნის მისაღწევად - კილიკიაში საფრანგეთის დაფუძნებისათვის და საიქს-პიკოს შეთანხმების სარეალიზაციოდ. კლემანსოს კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრი პიშონი რამდენიმეჯერ შეხვდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციას, თუმცა უშედეგოდ, რადგანაც საფრანგეთის ინტერესები არ ემთხვეოდა დამოუკიდებელი საქართველოს ინტერესებს. 1919 წლის ბოლოს გამართულ არჩევნებზე კლემანსოს პარტია დამარცხდა, 1920 წლის დასაწყისში კი ხელისუფლების სათავეში სოციალისტი ალექსანდრე მილეირანი მოვიდა. 1920 წლის სექტემბრიდან მილეირანმა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა, პრემიერ-მინისტრის პოსტს კი ჯერ - ჟორჟ ლეიგი, ხოლო შემდეგ არისტიდ ბრიანი იკავებდა. კლემანსოს შემდგომი საფრანგეთის სოციალისტი პრემიერ-მინისტრები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართ ბევრად უფრო კეთილგანწყობილი აღმოჩნდნენ, 1920 წლის იანვარში სწორედ არისტიდ ბრიანმა ითამაშა მთავარი როლი მოკავშირეთა მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე იურედ აღიარების საკითხში.

პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ იმოგზაურა აფრიკაში. 1921 წელს მიანიჭეს ოქსფორდის უნივერისტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი. სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა პუბლიცისტურ საქმიანობას.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

ბ. კობახიძე, „საქართველოს საკითხი პარიზის საზავო კონფერენციაზე“, ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია, თსუ, 2015.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები