კოვზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:35, 29 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოვზი

კოვზი - საქართველოში ნაირნაირი სახისა და დანიშნულების კოვზები იყო გავრცელებული როგორც ხის ასევე ლითონის.

ხანგრძლივი დროის მანძილზე მოსახლეობა ძირითადად ხის კოვზებს მოიხმარდა, რომლისთვისაც სათანადო ჯიშის ხეები ადრიდანვე შეურჩევიათ და ფუნქციის მიხედვით გამოუყენებიათ. კოვზების ჯგუფში ერთიანდება მარტივად გათლილი ჯოხებიც, რომლებსაც კერძის დამზადებისას იყენებდნენ, ასეთ ჯოხებს მთიანეთში სარეველს უწოდებენ და რძის მოსარევად ხმარობენ. დასავლეთ საქართველოში მას სუთი, კირზა, სარსარა, სარხე (სვან.) ჰქვია. ამავე ჯგუფში შედის ტოტებიანი ჯოხები - სამკაპა, ფუცხი. ეს უკანასკნელი საბას განმარტებით „არის კაკოედი რკინა ხორცთა ამოსაღებელი“. ტოტებიანი ჯოხები გამოიყენებოდა ფაფის, ფელამუშის, ლობიოს დასამზადებლად. ამ უკანასკნელი შეჭამანდისთვის, მისი პოპულარობის შესაფერისად, ასეთი ჯოხები უფრო მრავალფეროვანი იყო: მაგ:

  • ლაფეხა, ლაფერთხა (რაჭა,ლეჩხ. სვან.);
  • ბურეჭყი (გურ);
  • სამკაპალა, კიბორჩხალა (იმერ.) და სხვა.
კოვზი

საქართველოს მთიანეთში ძალზე გავრცელებული იყო ბრტყელპირიანი კოვზები და მათ სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელები აქვთ. მაგ.,

  • ჩეკი;
  • ჩოგანი;
  • ხოწი;
  • საკეპელა;
  • კიზი;
  • ლაფერა;
  • საფაფე, სარეველა (ხევსურული ორნაწილიანი კოვზი).

ეთნოგრაფიულ ყოფაში მრავალგან დასტურდება დახვრეტილ კოვზთა წყება ე.წ. ქაფქირები და სახინკლენი. მათი ნახვრეტების ფუნქცია დასამზადებელი საჭმლის პრაქტიკიდან გამომდინარეობს. მაგ., საქართველოს მთიანეთში ხინკლის ქაფქირს ერთი დიდი ნახვრეტი აქვს, ხაჭოსას 3-4, ხოლო ხორცის საქაფ-ამოსაღებს რამდენიმე.

ზიარების კოვზი

ქაფქირის მოყვანილობისაა ხის კოვზი ქიტი, რომელიც ღრმაა, დაუხვრეტავი და წვნიანი კერძის საჭმელად გამოიყენება. ზოგადად მთელ საქართველოში გამოიყენებოდა ტარიანი და მოგრძოპირიანი სხვადასხვა სიდიდისა და მოყვანილობის კოვზები ნაირნაირი სახელებით. მაგ. ახვაფი (ხევს);

  • ქიტი;
  • ქიტურა;
  • ქიტკოვზი (თუშ.);
  • კონჩხა, კოჩხო (ფშავ. ხევ.) და სხვა.

კოვზები იყო მრგვალი და ოვალური. იცოდნენ ხის, კამეჩის, თხის და ცხვრის რქისაგან კოვზების გამოთლა.

საკოვზე რქას ხერხავდნენ, ცეცხლზე შეარბილებდნენ, დანით გათლიდნენ, ჭოპოანით გაფხეკდნენ. ხმარობდნენ ძირითადად მწყემსები.

კოვზი, რომელსაც ეკლესიაში ზიარებისას იყენებენ არის სიმბოლო იმ ლერწმისა, რომლითაც ქრისტეს წყლის მაგივრად მიაწოდეს ძმარში დასველებული ღრუბელი.


ლიტერატურა

მ. ხარაძე, ქართული ხალხური ხის ჭურჭელი, ძმ, 1988, №1. ე. ნ. გ.გ.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები