კომუნისტური პარტია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კომუნისტური პარტია - რევოლუციურ-რადიკალური ფრთა საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში ჯერ კიდევ „მესამე დასის“ პირველ კონფერენციაზე, 1892 წელს ჩაისახა. 1903 წლიდან, როცა ქართული სოციალ-დემოკრატია ოფიციალურად გახდა რსდმპ-ის შემადგენელი ნაწილი, რადიკალურ-რევოლუციური ფრთა მოქმედებდა ბოლშევიკური ფრაქციის სახით. 1907 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში საბოლოოდ გაიმარჯვა მენშევიკურმა ფრთამ, რის გამოც ბოლშევიკების გავლენა ადგილობრივ რევოლუციურ მოძრაობაში მნიშვნელოვნად შესუსტდა.

1917 წლის რევოლუციების შემდეგ საქართველოში დროდადრო შეიმჩნეოდა ხოლმე ბოლშევიკების გააქტიურება, რასაც განაპირობებდა საბჭოთა რუსეთის ხელისუფლებისა და რუსეთის ბოლშევიკური პარტიის მხრიდან ფინანსური, მატერიალური და, ხშირ შემთხვევაში, სამხედრო რესურსებით მხარდაჭერა.

1917 წლის ოქტომბერში შეიქმნა რსდმპ (ბ)-ის, შემდგომში კი - რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკებისა) კავკასიის სამხარეო კომიტეტი, რომელიც ხელმძღვანელობას უწევდა საქართველოსა და კავკასიის ადგილობრივი ხელისუფლებების: „ოზაკომის“, კომისარიატის, სეიმის და, რაც მთავარია, - დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობას, ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებს თუ აჯანყებებს. ყველა ცდა მარცხით დასრულდა (შამქორის ამბები, 1918 წლის გლეხთა გამოსვლები; 1919 წლის საყოველთაო აჯანყების მცდელობა და სხვ).

1920 წლის გაზაფხულიდან საბჭოთა რუსეთმა ამიერკავკასიის სახელმწიფოებისა და საქართველოს ოკუპაციაზე აიღო გეზი, „რევოლუციის ექსპორტის“ გზით. 1920 წლის 7 მაისის საქართველო-რუსეთის ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოში ბოლშევიკური ორგანიზაციების საქმიანობა ლეგალური გახდა. 1920 წლის 8 აპრილს რკპ(ბ) ცკ-მა მიიღო გადაწყვეტილება რკპ(ბ) კავკასიის ბიუროსა და საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის კომუნისტური პარტიების შექმნის შესახებ. 1920 წლის 20 მაისს კავკასიის ბოლშევიკური სამხარეო კომიტეტი გაუქმდა და ფორმალურად გარდაიქმნა საქართველოს კომუნისტურ პარტიად (შესაბამისად გაფორმდა აზერბაიჯანის და სომხეთის კომპარტიები). 3 ივნისს გამოვიდა ახალგაფორმებული პარტიის ორგანო - გაზ. „კომუნისტი“. საქ. კომპარტია მოქმედებდა რკპ(ბ) კავკასიის ბიუროს მითითებებით, რომელსაც სათავეში ს. ორჯონიკიძე ედგა და, თავის მხრივ, საბჭოთა რუსეთის ხელისუფლების მეთაურის ვ. ლენინის მითითებებს ასრულებდა.

საბჭოთა რუსეთის მიერ აზერბაიჯანისა და სომხეთის „გასაბჭოების“ შემდეგ მოსკოვის დღის წესრიგში საქართველოს დაპყრობის ამოცანა დადგა. 1920 წლის ნოემბრის ბოლოს თბილისში გაიმართა საქ. კომუნისტური ორგანიზაციების კონფერენცია, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების მომზადების საკითხი განიხილა. კონფერენციამ აირჩია კპ(ბ)-ის ცენტრალური კომიტეტი ფ. მახარაძის, გ. სტურუას, მ. ორახელაშვილის, მ. ტოროშელიძის და სხვათა შემადგენლობით. 1921 წლის დასაწყისში კავკასიის ბიურომ საქ. კპ(ბ) ცკ-ს „ოპერატიული დავალება“ მისცა, მოემზადებინა აჯანყება. მოსკოვის მითითებით და კავკასიის ბიუროს დავალებით, საქ. კპ(ბ) ცკ-მა შექმნა ე. წ. საქართველოს რევოლუციური კომიტეტი, რომელმაც ფორმალურად ჩაიბარა შეიარაღებული აჯანყების ხელმძღვანელობა და საბჭოთა რუსეთის ხელისუფლებას სთხოვა „ინტერნაციონალური“ დახმარება საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დასამხობად. საქ. კომუნისტურმა პარტიამ წარმატებით შეასრულა ტიპური „მეხუთე კოლონის“ როლი და საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის დახმარებით განახორციელა „რევოლუციის ექსპორტი“ საქართველოში.

1921 წლიდან შემდგომი 70 წლის მანძილზე საქართველოს დამოუკიდებელი კომპარტია მხოლოდ იურიდიულად არსებობდა, ფაქტობრივად კი, საბჭოთა კავშირის კომპარტიის შემადგენელ ნაწილს შეადგენდა და ადგილობრივ ავტონომიურ მარიონეტულ ხელისუფლებას წარმოადგენდა.

დიმიტრი შველიძე

ლიტერატურა

ლ. თოიძე, ინტერვენციაც, ოკუპაციაც, ძალდატანებითი გასაბჭოებაც, ფაქტობრივი ანექსიაც. თბ., 1991.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები