კონდილიაკი ეტიენ ბონო დე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეტიენ ბონო დე კონდილიაკი

კონდილიაკი ეტიენ ბონო დე - Condillac Étienne Bonnot de, Кондильяк, Этьенн Бонно де, 1715-1780

ფრანგი ფილოსოფოსი-განამანათლებელი, ადრეული ემპირიული ფსიქოლოგიის ფრანგული მიმართულების ერთერთი ძირითადი წარმომადგენელი. საფრანგეთის აკადემიის წევრი. მისი მოძღვრება ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული სენსუალისტური სისტემაა ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში. როგორც ემპირისტი, კონდილიაკი უარყოფდა ყველა იმ შეხედულებას, რომლებშიც ლაპარაკია თანაყოლილ იდეებზე (რ. დეკარტე, გ. ლაიბნიცი) ან თანდაყოლილ ნიჭებზე (შოტლანდიური სკოლა, ქ. ვოლფი). მიჰყვებოდა ჯ. ლოკის ემპირიზმს, თუმცა მიაჩნდა, რომ ლოკი ცდებოდა, როცა რეფლექსიის სახით მეორე, შეგრძნებებისაგან განსხვავებულ ცოდნის წყაროს უშვებდა. რეფლექსიის უნარიც ინდივიდუალურ გამოცდლებაში შეიძინება და შეგრძნებებიდან გამოიყვანება, ისევე როგორც ცნობიერების ყველა შინაარსი და ფსიქიკური ფუნქცია/პროცესი. ამის ნათელსაყოფად, თავის მთავარ ნაშრომში „ტრაქტატი შეგრძნებათა შესახებ” (1754), კონდილიაკი მიმართავს გონებაჭვრეტით ექსპერიმენტს (ე.წ. კონდილიაკის ქანდაკება). დაშვებულია, რომ ქანდაკება ცოცხალია, სულიერია, მაგრამ მისი სული თითქმის ცარიელია - ქანდაკებას ეძლევა მხოლოდ ერთი, ყველაზე დაბალი შეგრძნება - ყნოსვა. ამ დაშვებიდან გონებაჭვრეტით და არცთუ გამართულ მსჯელობათა გზით კონდილიაკს გამოჰყავს ყველა იდეა თუ სულის თვისება (დანარჩენი შეგრძნებები, მეხსიერება, ყურადღება, აზროვნება, ფანტაზია, ნებისყოფა, თვითცნობიერება) - ერთი სიტყვით, მთელი შინაგანი სამყარო. კონდილიაკის რწმენით, ჩვილი ბავშვიც, არსებითად, ამ ქანდაკებასავითაა.

კონდილიაკის სენსუალიზმი და მისი ლოგიკური შედეგი - სუფთა დაფის თეორია - სრულიად მცდარია. ესაა ზერელე მატერიალისტური ფილოსოფია და გულუბრყვილო ფსიქოლოგია, რომელიც არ ითვალისწინებს იმხანად უკვე ცნობილ და აღიარებულ თეორიებს: რენესანსის ჰუმანისტებისა, ლაიბნიცისა, დეკარტესი, სპინოზასი და სხვათა. ამ თეორიების მრავალი ძვირფასი და ღრმა აზრი ფსიქოლოგიის საგანძურშია - განსხვავებით კონდილიაკის თეორიისგან, რომელსაც მხოლოდ ისტორიული მნიშვნელოვნება შემორჩა. (ჩანამატის ავტორი ზურაბ ვახანია).


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები