კოპალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოპალას სალოცავი კართანაში. ჯვარი კოპალას ქვაზე აღმართულია მოგვიანებით

კოპალა – იგივე წმ. გიორგი, ამ ზედწოდებით, რომელიც მის საკუთარ სახელად იქცა, იგი ფშავის (უძილაურთის) და ხევსურეთის (ლიქოკის) საყმოთა პატრონი და სალოცავია. კოპალა იყო ხორციელი, ხორციელის შვილი.

ერთხელ, როცა შინ არავინ ჰყავდა, პატარა კოპალა დაიჭირეს დევებმა და თავისთან წაიყვანეს. აწვალებდნენ, ამუშავებდნენ, ისეთ საქმეს აკეთებინებდნენ, რაც არ შეეძლო. საჭმელსაც ისეთს აძლევდნენ, ადამიანისგან რომ არ იჭმეოდა. გაპარვას ვერ ახერხებდა, რადგან პატარა იყო და გზა არ იცოდა. ცოტა რომ მოიზარდა, გაიპარა და ბერებთან მივიდა. იფიქრა, ბერებთან ვილოცებ, დამბადებელს ძალას ვთხოვ და დევებს ამოვწყვეტო. ბერებმა კარგად მიიღეს. კოპალამაც ილოცა და დამბადებელმა შეუსრულა თხოვნა და იმდენი ძალა მისცა, რომ დევებს მორეოდა.

მაშინ დევები ციხეთგორს ცხოვრობდნენ. ერთი ხელმწიფე ჰყავდათ. მათი ფალავნები იყვნენ: მუსა, ბეღელა და ავთანდილი. ხელმწიფე ციხეთგორს იჯდა და იქიდან იძლეოდა ბრძანებებს. დევების კრებასაც იქ იწვევდა. ძალმოცემული კოპალა მივიდა ციხეთგორს და დევებს უთხრა: წადით აქედან, ეს ადგილი დამიცალეთ, მე უნდა დავბინავდეო. დევებს გაუკვირდათ მისგან ეს ნათქვამი: ეს ვინ არის, ასე გულდიდად რომ გველაპარაკებაო? ეს ბუკუკა (მწერი) ჩვენ რას დაგვაკლებსო. კოპალამ გაუმეორა: თუ არ წახვალთ, ძალით გაგრეკავთო. დევებმა ძალის გამოსაცდელად რკინის კუნძი დაედვეს წინ, ცული მისცეს და უთხრეს: თუ ეგეთი ძალის პატრონი ხარ, რომ ჩვენ აყრას აპირებ, აბა ეს კუნძი გააპეო. კოპალამ დაჰკრა ცული და კუნძი ორად გააპო. დევებს გაუკვირდათ, შეეშინდათ კიდეც ეს ვინ არის, ასეთი ძალის პატრონიო? მერე დევებმა უთხრეს: ირემთკალოდან ციხეთგორისკენ ქვები გავისროლოთ და, ვინც შორს გადაისვრის, ციხეთგორიც მას დარჩესო.

დათანხმდა კოპალა. დევებმა დაიბარეს ფალავნები: ხაშრიდან ბეღელა, კართანიდან მუსა და ავთანდილი. სხვა დევებიც აქ იყვნენ. დანიშნეს დღე, როდესაც უნდა შეყრილიყვნენ ირემთკალოზე ქვების სასროლად. დანიშნულ დღეს ყველამ მოიყარა თავი.

ირემთკალოზე, სადაც ახლა საზარეა, ისევ ეტყობა სიპებით დაზღვავებელი ადგილი. კოპალამ და დევებმა სიპები დააწყვეს იმ ადგილზე, საიდანაც ქვები უნდა ესროლათ. მერე დასხდნენ და მოემზადნენ სასროლად. მოიტანეს ერთი ქვა, მაგრამ კოპალამ სიმსუბუქით დაიწუნა და უკან გადმოაგდო, უძილაურთისკენ. მეორე ქვა მოიტანეს და ესეც ემსუბუქა. მერე ამ ქვას ზედ დააკრეს მეორე ქვა ცომივით და დაამძიმეს. მოიტანეს და ეს უკვე კარგი სიმძიმისა იყო. დევები ერთმანეთს თვალს უკრავდნენ, კოპალას დასცინოდნენ: კოპალა რა არის და რა ქვას გაჰკრავსო? გაღმა კი, აკუშოს ხევს იქით, კვირია ღვთისშვილი იყო დადარაჯებული კოპალას დასახმარებლად.

პირველად დევმა გაისროლა ქვა, იფრინა ქვამ, გასცდა ციხეთგორს და ბაშოთგორზე დაეცა. მეორედ კოპალამ გაისროლა. დევის გასროლილ ქვამდე ვერც კი მიაწვდენდა, რომ კვირიას მათრახის წვერი არ წაეკრა გასროლილი ქვისათვის. ქვასთ მეტი სისწრაფე მიეცა და გადააჭარბა დევის გასროლილს. მერე ამბობდა კოპალა მეენის პირით: კვირია რომ არ დამშველებოდა და ჩემი ნასროლი ქვა არ გაემალებინა, ჩამოვრჩებოდიო. ქვების გასასინჯად მე და დევები რომ წავედით, ჩემს გასროლილ ქვას ქაჯები ეხვეოდნენ და ვერ ძრავდნენ, უკან გადაწევა უნდოდათო. ჩვენ რომ დაგვინახეს, თავის ანებეს და გაიქცნენო. იმ ქვას ახლაც ეტყობა, რომ ნაბრძოლია, მაგრამ ვერ არის გადმოწეული, კოპალას ქვაზეა მიბჯენილი.

მერე დევები და კოპალა გაიყარნენ მტრობაზე. კოპალას დარჩა დევების ბინა ციხეთგორს. ტახტიც, რომელიც დევების ხელმწიფეს ჰქონდა, კოპალას დარჩა.

კოპალას ლექსი:
„გმირი კოპალა ცხენზე ზის, ცხენი მიდის და გოგდება.
მის სამტროდ დევნი აშლილან: ყველა დიდ მთაზე გროვდება.
გმირი კოპალა ცხენზე ზის, მიდის და მიუხარია,
მხარზე ჰკიდია მათრახი, სამოცდასამი მხარია.
გმირი კოპალას შიშითა დევებს ვერ გაუხარიათ,
მისი მარჯვენა მძლავრია, მისი დაკრული მწარეა“.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

იხილე აგრეთვე

კოპალას სკამი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები