კორპუსი (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კორპუსი - (ლათინური corpus – სხეული, მთლიანი), ოპერატიულ რგოლში ჯარების ორგანიზაციის ფორმა, რომელიც ბევრ სახელმწიფოშია მიღებული. ოპერატიულ-აქტიკური (უმაღლესი ტაქტიკური) გაერთიანება (შენაერთი) შედის უფრო დიდი გაერთიანების შემადგენლობაში ან ცალკეა. ჩვეულებრივ, შედგება რამდენიმე გვარეობის ჯარების შენაერთებისა და ნაწილებისგან, საბრძოლო, ტექნიკური და ლოგისტიკური უზრუნველყოფის ნაწილების, ქვედანაყოფებისა და დაწესებულებებისგან.

როგორც მუდმივი ფორმირებები, კორპუსებიები პირველად 1800 წელს საფრანგეთში ჩამოყალიბდა. ნაპოლეონის ომების პერიოდში საკორპუსო ორგანიზაცია გავრცელდა საფრანგეთის მთელ არმიაში, შემდეგ - ევროპის სხვა ქვეყნებში.

XIX საუკუნის დამლევს საარმიო (ქვეითი) და კავალერიის კორპუსი მტკიცედ დამკვიდრდა თითქმის ყველა სახელმწიფოს არმიების შემადგენლობაში. შედგებოდა 2-4 დივიზიისგან (50 ათ-მდე კაცი). ქვეითი და კავალერიის კორპუსების ანალოგები გახდა მსროლელ და ცხენოსანთა კორპუსები.

სამხედრო მშენებლობის ისტორიაში ცნობილია, აგრეთვე კორპუსები: მექანიზებული, მოტორიზებული, საჰაერო-სადესანტო, სატანკო, სარაკეტო, საავიაციო, სარკინიგზო და სხვა.

გასული საუკუნის 90-იანი წლების დამლევს საკორპუსო ორგანიზაცია ინარჩუნებდა თავის მნიშვნელობას უპირატესად სახმელეთო ჯარებში. მიღებულია მთელი რიგი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებში.

სარჩევი

საავიაციო კორპუსი

სამხედრო-საჰაერო ძალების გაერთიანება. შეიქმნა მთელ რიგ ქვეყნებში გასული საუკუნის 30-იან წლებში. დიდი სამამულო ომის დროს წითელ არმიაში 1942 წლის II ნახევრიდან საავიაციო კორპუსში გაერთიანებული იყვნენ საფრონტო ავიაციისა და მთავარსარდლის რეზერვის ავიაციის შენაერთები და ნაწილები. ჩამოყალიბდა საავიაციო კორპუსები – ბომბდამშენი, საიერიშო, გამანადგურებელი და შერეული, რომლებიც შედიოდნენ საჰაერო არმიაში ან მოქმედებდნენ დამოუკიდებლად დაჯგუფებების, საერთო-საჯარისო და სატანკო არმიების ინტერესებისათვის.

ჩვეულებრივ, საავიაციო კორპუსში შედიოდა 2-3 საავიაციო დივიზია (200-375 თვითმფრინავი). არსებობდა აგრეთვე საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელი საავიაციო კორპუსი 1954-55 წლებში საავიაციო კორპუსები ბევრ არმიაში გაუქმდა.

კავალერიის (ცხენოსანთა) კორპუსი

სტრატეგიული კავალერიის შენაერთი, განკუთვნილი იყო შეტევით ოპერაციებში წარმატების განვითარებისათვის. პირველად შეიქმნა საფრანგეთში 1804 წელს, XIX საუკუნის შუახანებში ყველა არმიაში გაუქმდა. I მსოფლიო ომის დამდეგს იყო გერმანიასა და საფრანგეთში, რუსეთში შეიქმნა 1916 წელს.

კოსმოსური სივრცის კონტროლის ცალკეული კორპუსი

სარაკეტო-კოსმოსური თავდაცვის ჯარების გაერთიანება. მოიცავს კოსმოსური სივრცის კონტროლის შენაერთებსა და ნაწილებს, აგრეთვე კავშირგაბმულობის მართვის, მონაცემების გადაცემისა და უზრუნველყოფის ნაწილებსა და ქვედანაყოფებს. მშვიდობიანობის დროს თავის ამოცანებს ასრულებს საინფორმაციო-სადაზვერვო მოქმედებით.

მექანიზებული კორპუსი

სსრ კავშირში ჯავშანსატანკო და მექანიზებული ჯარების საერთო-საჯარისო შენაერთი. უპირატესად განკუთვნილი იყო შეტევითს ოპერაციებში წარმატების გასავითარებლად.

პირველად ჩამოყალიბდა 1932 წელს. ომის შემდეგ მექანიზებული კორპუსები მექანიზებულ დივიზიებად გარდაიქმნა.

მოტორიზებული კორპუსი

საერთო-საჯარისო შენაერთი გერმანიის შეიარაღებულ ძალებში II მსოფლიო ომის დროს. განკუთვნილი იყო მთავარი დარტყმის მიმართულებით შეტევის განვითარებისათვის თავდაცვაში - ზოლის შენარჩუნების ან კონტრდარტყმებისთვის. მოიცავდა 1-2 სატანკო, 1-2 მოტორიზებულ ან მსუბუქ დივიზიას, ხოლო ზოგჯერ ქვეით დივიზიასაც. შედიოდა, როგორც წესი, საველე არმიის ან სატანკო დაჯგუფების (არმიის) შემადგენლობაში 60-70 ათ. კაცითა და 350-700 ტანკით და სხვა.

მსროლელთა კორპუსი

მსროლელთა ჯარების საერთო-საჯარისო შენაერთი. პირველად გაჩნდა 1904-05 რუსეთ-იაპონიის ომში და მუდმივი შემადგენლობა არ ჰყავდა.

II მსოფლიო ომის დაწყებისას მსროლელთა კორპუსში შედიოდა 2-3 მსროლელთა დივიზია, 2 საარტილერიო პოლკი, საზენიტო-საარტილერიო დივიზიონი და სხვა ნაწილები. 1941 წელს თითქმის ყველა მსროლელთა კორპუსი დაშალეს, ხოლო 1942-43 წლებში კვლავ აღადგინეს, 50-იან წლებში დაიშალა.

საარმიო კორპუსი

სახმელეთო ჯარების საერთო-საჯარისო გაერთიანება. სტაბილური ორგანიზაციული სტრუქტურა არ გააჩნია იშვიათი გამონაკლისის გარდა.

წარმოიშვა მასობრივი არმიების გაჩენის შემდეგ, I და II მსოფლიო ომების პერიოდში იყო ბევრი სახელმწიფოს არმიებში. თანამედროვე საარმიო კორპუსი მოიცავს 2-4 და მეტ დივიზიას (მათგან 1-2 სატანკოს), ჯარების გვარეობებისა და სპეციალური ჯარების საკორპუსო ნაწილებს, კორპუსის ლოგისტიკის ნაწილებსა და ქვედანაყოფებს.


საარტილერიო კორპუსი

მთავარსარდლის რეზერვის არტილერიის შენაერთი II მსოფლიო ომში, განკუთვნილი იყო არტილერიის მასირებისთვის დაჯგუფების ძალისხმევის თავმოყრის მიმართულებებზე. ზოგიერეთი ქვეყნის არმიებში იქმნებოდა, როგორც გარღვევის საარტილერიო კორპუსი.

თითოეული საარტილერიო კორპუსი მოიცავდა 2-2 გარღვევის საარტილერიო დივიზიას, ხოლო თავდაპირველად - ერთ ნაღმსატყორცნების დივიზიას (სულ 1000-ზე მეტი ქვემეხი, ნაღმსატყორცნი და გამშვები დანადგარი).


სატანკო კორპუსი

საერთო-საჯარისო შენაერთი, განკუთვნილია არმიის (დაჯგუფების) მოძრავი ჯგუფის შემადგენლობით მოქმედებისათვის.

სსრ კავშირში პირველად ჩამოყალიბდა 1938 წელს მექანიზებული კორპუსის ბაზაზე. გერმანიაში II მსოფლიო ომის დროს სატანკო კორპუსი, ჩვეულებრივ, შედგებოდა 2 სატანკო და 1 მოტორიზებული დივიზიისაგან (დაახლოებით 500 ტანკი და საიერიშო ქვემეხი). ზოგჯერ მათში შეჰყავდათ ქვეითთა შენაერთებიც.

საბრძოლო მოქმედებას სატანკო კორპუსები აწარმოებდნენ საველე არმიების, სატანკო დაჯგუფებისა და სატანკო არმიების შემადგენლობით.

საჰაერო თავდაცვის კორპუსი

განკუთვნილია ქვეყნის დიდმნიშვნელოვანი ადმინისტრაციული, სამრეწველო, ეკონომიკური ცენტრებისა და რაიონების, აგრეთვე შეიარაღებული ძალების დაჯგუფებებისა და სამხედრო ობიექტების დასაცავად ჰაერიდან მოსალოდნელი დარტყმებისაგან.

საჰაერო-სადესანტო კორპუსი

საჰაერო-სადესანტო ჯარების საერთო-საჯარისო შენაერთი; II მსოფლიო ომის პერიოდში განკუთვნილი იყო ამოცანების გადასაწყვეტად მოწინააღმდეგის ზურგში საჰაერო-სადესანტო ოპერაციების დროს.

ზოგიერთი ქვეყნის არმიებში მათი შექმნა დაიწყო 1941 წლის აპრილიდან: ომის დაწყებიდან გამოიყენებოდა, როგორც მსროლელთა შენაერთი. 1942 წელს გარდაიქმნა მე-10 გვარდიის საჰაერო-სადესანტო დივიზიად.

გერმანიაში ლუფტვაფეს შემადგენლობაში ჰყავდათ საავიაციო კორპუსი, რომელშიც შედიოდა საპარაშუტო-სადესანტო დივიზია, პლანერისტთა მოიერიშე პოლკი, საბრძოლო-საავიაციო დაჯგუფება და სხვა ნაწილები.

1943 წლის დამლევს ჩამოყალიბდა ორი საჰაერო-საავიაციო კორპუსი, რომლებიც გაერთიანდა საჰაერო-სადესანტო (საპარაშუტო) არმიად. აშშ-ში საჰაერო-სადესანტო დივიზიები კორპუსებად ერთიანდებოდა მხოლოდ საბრძოლო მოქმედების პერიოდისათვის.

ქვეითი კორპუსი

საერთო საჯარისო შენაერთი (გაერთიანება) ზოგიერთი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში. განკუთვნილი იყო საბრძოლო მოქმედების წარმოებისათვის მცირე ტევადობის საოპერაციო მიმართულებებზე.

ჩვეულებრივ, შედგებოდა შტაბისგან, 2-4 ქვეითი დივიზიისგან, ზოგჯერ აგრეთვე 1-2 კავალერიის დივიზიისგან, კორპუსის ნაწილებისა და ქვედანაყოფებისაგან. რიცხოვნობა მერყეობდა 30-დან 100 ათ. კაცამდე.

ცალკეული სარაკეტო კორპუსი

სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების შენაერთი არსებობდა სსრ კავშირში 1961-70 წლებში. განკუთვნილი იყო მოწინააღმდეგის სტრატეგიული ობიექტების დაზიანებისათვის დაშორებულ ტერიტორიებზე. შედგებოდა სხვადასხვა ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი სარაკეტო დივიზიებისაგან. ნაწილი გარდაიქმნა სარაკეტო დივიზიებად, ნაწილი - დაიშალა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები