კრამიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კრამიტი


კრამიტი - სამეურნეო და საცხოვრებელი ნაგებობების გადასახური.

მეკრამიტეთა საქმიანობა კრამიტის თიხის გახმობა-დალბობით იწყება. დაზელილ თიხა გაბრტყელდება და მოსუფთავებულ სოხანეს თხლად დაეკვრება. გაბრტყელებული თიხის შუაგულში მარცხენა ფეხს დააბჯენენ და მარჯვენა ფეხის ქუსლის ცემით ირგვლივ შემოვლას დაიწყებენ. ქუსლისავე დახმარებით თიხას ნაწილებად დაჭრიან და შლამმოყრილ დაზგაზე გუნდებს დააწყობენ. ამის შემდეგ ხდება ხელით დარჩევა, რათა საკრამიტე მასა განთავისუფლდეს მინარევებისაგან. აქედან იწყება კრამიტის მოჭრა ყალიბის საშუალებით. ყალიბი ხისაგან გაკეთებული მოგრძო ჩარჩოა, რომელსაც ერთი მხარე ფართო, ხოლო ბოლო ვიწრო აქვს. ყალიბში გაყვანილსა და ზედაპირგადასწორებულ თიხას ე.წ. ქობუნაზე (ქობუნა) გადაიტანენ.

სარჩევი

ქართული კრამიტი

საქართველოში ადრე სწორი ქართული კრამიტი იჭრებოდა, შემდგომ პერიოდში ქართული კრამიტი შეცვალა ღარიანმა კრამიტმა.


ღარიანი კრამიტი

ღარიან კრამიტს ამობურცული ზურგი აქვს, რომლის ერთი ნაპირი ბრტყელია, მასზე კარგად რომ მოთავსდეს მეორე ცალი. ღარიანი კრამიტი შუაზე გაჭრილი მილის ფორმისაა. ორ ერთმანეთთან მიჯრით მოწყობილ ამოყირავებულ კრამიტს ზემოდან დამხობილი აქვს მესამე კრამიტი. სახლის გადახურვა ძველად სწორი და ღარიანი კრამიტის მონაცვლეობა-შერწყმით ხდებოდა. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან მარტო ღარისებური კრამიტი იჭრებოდა.

იტალიური (ქსნური) კრამიტი

საქართველოში არსებობს „ქსნური კრამიტიც“, რომელსაც იტალიურ კრამიტსაც უწოდებენ. საკრამიტე ქარხანა სოფ. ქსანში იტალიელს აუშენებია და სახელიც ქედან მომდინარეობს. სოფ. ქსანში დამზადებული კრამიტი მთელ საქართველოში ვრცელდებოდა.

როგორც ცნობილია, თავდაპირველად კრამიტი და აგურიც საკულტო დანიშნულების ნაგებობებისათვის იყო განკუთვნილი. არქეოლოგების აზრით, კრამიტი სამეფო, გაბატონებული წრისათვის განკუთვნილი ნაგებობების გადასახურავად იხმარებოდა.

მოჭიქული კრამიტი

ეთნოგრაფიულ ყოფაში შემოგვრჩა მოკალული, ანუ მოჭიქული კრამიტიც. რომლითაც იხურებოდა საკულტო ნაგებობები. ამგვარი კრამიტის გავრცელების ფაქტი დასტურდება ბაგინეთის, ვანისა და ურეკის არქეოლოგიურ ძეგლებზე. მოჭიქული კრამიტით გადახურული ყოფილა ალავერდის ტაძარი და ლურჯი მონასტერი ქ. თბილისში. ს. ჯანაშიას სახ. მუზეუმის კერემიკის ფონდში დაცულია სოფელ შროშიდან ჩამოტანილი ლურჯად მოჭიქული კრამიტი.

ლიტერატურა

  • ლ. ბოჭორიშვილი, კახური კერამიკა. მ. ზანდუკელი, ქართული კერამიკა, 1982.
  • ა.ბოხოჩაძე, რუსთაველის ეპოქის სამშენებლო კერემიკა ძველ საქართველოში, 1968.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები