კულტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კულტი – „Cultus“ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს თაყვანისცემას, მოვლას, პატივის მიგებას. რელიგიურ ტერმინად ქცეულ ამ სიტყვაში სახელმწიფოს, ღმერთის, ადამიანის ან ადგილის თაყვანისცემის გამომხატველ წეს-ჩვეულებათა ერთობლიობა იგულისხმება.

კულტი ანუ თაყვანისცემის ობიექტი რელიგიის აღმოცენებასთან ერთად გამოჩნდა და მისი მიზანი იყო ღმერთის ან გმირის კეთილგანწყობის დამსახურება, ან მათი ხსოვნის პატივდება. ამ უკანასკნელს განეკუთვნებოდა მიცვალებულთა კულტი, წინაპართა კულტი, რომელიც წინაბერძნულ ან წინაეტრუსკულ ტრადიციაში იღებს დასაბამს. ძველ საკულტო ადგილებში „ loca sacra“ – ჭალებში, ხეივნებში, ტაძრებში) უცვლელად აღესრულებოდა ოდითგან დადგენილი წესები: მსხვერპლშეწირვები, პროცესიები, ლოცვები, როკვები.

ანტიკურ სამყაროში არსებობდა წლიური საკულტო კალენდარი, სადაც მკაცრად იყო განსაზღვრული ზეიმთა ჩატარების თარიღები. ღვთის მსახურები (ქურუმები და მათი თანამდგომები) საგანგებოდ ემზადებოდნენ კულტების თაყვანისცემის წესების აღსასრულებლად (წინასწარი განწმენდა, თავის შეკავება განსაზღვრული სახის საკვებისაგან და სხვა). სახელმწიფოებრივ კულტებთან ერთად არსებობდნენ მათგან განცალკევებული მისტერიალური კულტებიც (ორფიკული, გნოსტიკური). ძველ დესპოტურ სახელმწიფოებში, მათ შორის რომის იმპერიაშიც, ჩამოყალიბდა კულტები მეფისა და იმპერატორისა, რომელთაც სიცოცხლეშივე აღმერთებდნენ.

გადატანითი მნიშვნელობით კულტი ვინმეს ან რაიმეს განდიდებას, გარდამეტებულ თაყვანისცემას გულისხმობს. თანამედროვე მეტყველებაში დამკვიდრდა ტერმინი – პიროვნების კულტი.

რელიგიათმცოდნეობაში ამ ტერმინით სექტის ის სახეობა აღინიშნება, რომელიც ექსტრემიზმით და რადიკალურობით გამოირჩევა და რომელსაც ხშირად ტოტალიტარულს ეძახიან. მისი არსებითი ნიშანი პიროვნების შთანთქმის, ინდივიდუალობის წარხოცვის და კოლექტიურ ცნობიერებაში გათქვეფის მცდელობაა. ამერიკაში ასეთ სექტებს მიეკუთვნებიან მუნიტები („ერთობის ეკლესია“), „ქრისტიანული მეცნიერება“, „ღვთიური განათლების მისია“ და სხვა. ისინი ახალი წევრების მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით არაზნეობრივ მეთოდებს მიმართავენ, რის გამოც საზოგადოებასთან, სახელმწიფოსთან, ეკლესიებთან, დენომინაციებთან და ჩვეულებრივ სექტებთან კონფლიქტი აქვთ; ჰყავთ ქარიზმატული („სულიწმიდით მოლაპარაკე“) ლიდერები და თავიანთ თავს ქარიზმატებს ეძახიან.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები