ლაგოდეხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:22, 3 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლაგოდეხიქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთის ძირში, მდინარე ლაგოდეხისწყლის (მაწიმისწყლის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე, წნორ-ბელაქნის საავტომობილო გზაზე (ქალაქიდან გზატკეცილი გადის ყვარლის მიმართულებითაც). ზღვის დონიდან 435 მ, თბილისიდან 165 კმ.

ლაგოდეხში ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 12,6 °C, იანვარში 0,9 °C, აგვისტოში 24 °C. აბსოლუტური მინიმალური –23 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 38 °C. ნალექები 1080 მმ წელიწადში. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ლაგოდეხის სიახლოვეს მდებარეობს ლაგოდეხის ნაკრძალი. ლაგოდეხში არის ნეკრესის ეპარქიის რეზიდენცია.

ქართულ საისტორიო წყაროებში ლაგოდეხი XI საუკუნის ამბებთან დაკავშირებით მოიხსენიება: „კათალიკოს-პატრიარქმა მელქისედეკმა „მოიგო ჰერეთს მონასტერი დიდითა ძალითა და ლაგოდეჴი.

IV ს-ში ალექსანდრე მეფეს განუახლებია ლაგოდეხის შეწირულება სვეტიცხოვლისადმი (დოკუმენტი 1398 წელს არის შედგენილი). ტოპონიმი ლაგოდეხი (ლაგოდეჴი) რთული შედგენილობისაა. ძველი დაწერილობა ამ სახელწოდებაში ეხ- სეტყვას გვავარაუდებინებს: „ბუნებრივი გამოქვაბული“, „კლდე-ეხი“, „ეხიანი ადგილები“ რაც შეეხება პირველ ფუძეს (ლაგო), იგი, ჩვენი აზრით, მდ. ლაკვისხევთან უნდა ავლენდეს ნათესაობას. ადგილობრივთა ცნობით, აქ ჩამოდის ლაკოს ხევი, შემორჩენილია ლაკვასტის||(ლაკუასტის ციხის ნანგრევები; იგი ქართველ მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია ყოფილა.

ლაგოდეხის რაიონის მოსახლეობაში გავრცელებულია ერთი საკმაოდ გულუბრყვილო ვერსია, თითქოს მათი მშობლიური დაბის სახელი რუსული „лагерь отдыха“-ს შემოკლებული ფორმა იყოს: лаг. отдыха: „აქ უწინ მდგარა რუსის ჯარი. მოდიოდა აფიცრობა ოჯახებით, ისვენებდენ და ატარებდენ დროს, წყალი კაია და ჰაერი, დაჩებათ ჰქონიათ ლაგოდეხი“ (სერგო კურტანიძე, სოფ. ყარსუბანი).


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ.,1983

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები