ლიტურგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლიტურგია - (ეტიმ. ბერძ. léiton érgon „საზოგადო საქმე“) როცა ეკლესია, რაც სიტყვა სიტყვით ნიშნავს „შეკრებას“, ერთად იკრიბება ღვთისმსახურებაზე, როგორც ღვთის ერი, ამას ჰქვია — ლიტურგია. სიტყვა „ლიტურგია“ ნიშნავს ერთობლივ საქმეს ან ადამიანთა ჯგუფის მოქმედებას, აღსრულებულს ყველას სასიკეთოდ. ამრიგად, ქრისტიანული ეკლესიის საღვთო ლიტურგია არის ღმერთისა და მისი ერის ერთობლივი მოქმედება.

ძველი აღთქმის ღვთისმსახურება ტარდება იერუსალიმში მოსეს სჯულის მიხედვით და იგი თავის თავში მოიცავდა დღესასწაულებს, მარხვებს, კერძო ლოცვებსა და მსახურებებს, რომლებსაც იუდეველები აღასრულებდნენ თავიანთ სახლებსა და სინაგოგებში. სიტყვა „სინაგოგა“ ნიშნავს „შესაკრებელ სახლს“; სინაგოგები არ არის ტაძარი, რადგან სჯულის მიხედვით, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი ტაძარი, იერუსალიმში, სადაც ღვთისმსახურებას აღავლენდნენ მღვდლები, ხოლო სინაგოგებში იუდეველები იკრიბებოდნენ ლოცვისთვის, წმინდა წერილის შესასწავლად, უფლის სიტყვის საქადაგებლად და მასზე ფიქრისთვის.

ქრისტიანულმა ეკლესიამ კი არ უარყო ძველი აღთქმის ღვთისმსახურება, არამედ იგი ჩართო ახალ, მარადიულ პერსპექტივაში. ეკლესია ძველი აღთქმის ლოცვებს, წიგნებსა და ფსალმუნებს ხედავს ქრისტეს თვალთახედვით. ქრისტეს ხორცისა და სისხლის მსხვერპლმა შეცვალა მსხვერპლშეწირვა ძველი აღთქმის ტაძარში, ხოლო „საუფლო დღემ“ – კვირამ ჩაანაცვლა ებრაული შაბათი. ასევე, ახალი მნიშვნელობა შეიძინა ებრაულმა დღესასწაულებმა; მაგალითად, მთავარი დღესასწაული – პასექი გახდა ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის დღესასწაული; ერგასობის დღესასწაული იქცა სულიწმინდის (რომელიც აღასრულებს ძველი აღთქმის სჯულს) გარდამოსვლის დღესასწაულად... ამგვარად, მთელი ქრისტიანული ლიტურგიკული წელი აგებულია ძველი აღთქმის ლიტურგიკული ციკლის მიხედვით.

ეკლესიამ განავითარა ძველი აღთქმის ღვთისმსახურებიდან აღმოცენებული თავისი საიდუმლოებების განსაკუთრებული ქრისტიანული ფორმები – ნათლისღება წმინდა სამების სახელით, მირონცხება, ზიარება, ქორწინება, სინანული, ზეთისცხება და მღვდელთა ხელდასხმა. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში შეიქმნა ნამდვილი და უშრეტელი საგანძური საკუთრივ ქრისტიანული ლოცვებისა, კურთხევების, ქრისტიანული დღესასწაულების, ახალი აღთქმის მოვლენებისა და წმინდანთა ღვაწლის მოგონებისა.

ასე ერთიანდება ერთ მთლიანობად საეკლესიო ღვთისმსახურებაში წმინდა წერილი და წმინდა გარდამოცემა და ასე, ლოცვისა და ღვთისმსახურების საშუალებით, ადამიანები „ღმრთის სწავლულ“ იქნებიან, როცა მესია მოვა, როგორც ეს ნაწინასწარმეტყველები იყო წინასწარმეტყველ ესაიას მიერ (იოანე, 6:45)

ცოცხალ ლიტურგიკულ გამოცდილებას ავსებს თვით მსახურებათა ტექსტები, – გალობანი, კურთხევანი, ლოცვანი და წეს-განგებანი, რომლებიც ეკლესიის სწავლა-მოძღვრების სარწმუნო წერილობითი წყაროებია. ეკლესიის აზრით, ისინი არ შეიცავს შეცდომებსა და რწმენის დამახინჯებას. თუმცა, რა თქმა უნდა, შესაძლოა, იქ დაცული ზოგიერთი ისტორიული ცნობა შეიძლება იყოს უზუსტო ან სიმბოლური, მაგრამ ეს არ ცვლის საქმის არსს. ეკლესიას მტკიცედ სწამს, რომ მათი საღვთისმეტყველო და სულიერი არსი ნამდვილი და ჭეშმარიტია.


წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები