ლოკი ჯონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონ ლოკი

ლოკი ჯონ - Locke John, Локк Джон, 1632-1704

ინგლისელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი, პედაგოგი, პოლიტიკოსი. ფ. ბეკონის ნააზრევზე დამყარებით საფუძველი ჩაუყარა ემპირიულ ფსიქოლოგიას. განათლება ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც მომდევნო წლებში ლექციებს კითხულობდა. იყო ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი. უშუალოდ იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში, როგორც ინგლისის მეფის ოპოზიციის ლიდერის მდივანი და ნდობით აღჭურვილი პირი. მოუხდა ემიგრაციაში ყოფნა, საფრანგეთსა და ჰოლანდიაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაასრულა და გამოაქვეყნა თავისი ძირითადი ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური ნაშრომი „ნარკვევები ადამიანის გონების შესახებ” (1690).

ლოკს აინტერესებს შემეცნების სანდოობისა და საზღვრების პრობლემა. ამიტომ უპირველესად სვამს საკითხს ადამიანის ცნობიერებაში მოცემული იდეების წარმოშობის შესახებ. ლოკი ემიჯნება თანდაყოლილი იდეების რ. დეკარტესეულ თვალსაზრისს. მისი აზრით, თანდაყოლილი იდეები (მათ შორის ღმერთისა) არ არსებობს - სული არის „სუფთა დაფა” . იდეათა ერთადერთი წყარო ემპირიული გამოცდილებაა. ამ მტკიცებაში ლოკი ეყდნობა ფაქტებს სხვადასხვა ხალხებში განსხვავებული წარმოდგენების (მორალური, რელიგიური და ა.შ.) არსებობის შესახებ; აგრეთვე ბავშვებზე დაკვირვებებს, რომელთა ცნობიერება იმთავითვე ცარიელია და მხოლოდ თანდათანობით ივსება იდეებით. თანდაყოლილობის შემთხვევაში ეს ასე არ უნდა ყოფილიყო. ლოკისთვის მიუღებელია გ. ლაიბნიცის შეხედულება, რომ იდეები ახალშობილის გონებაში არაცნობიერად არსებობს. ლოკი კატეგორიულად უარყოფს სულის არაცნობიერი მდგომარეობის არსებობას: როგორ შეიძლება რაიმე იყოს გონებაში და მან არ იცოდეს ამის შესახებ?! „ცნობიერება არის იმის აღქმა, რაც ხდება ადამიანში, მის საკუთარ გონებაში” . ლოკის ეს კლასიკური განმარტება გულისხმობს, რომ ცნობიერება შეიძლება მიმართული იყოს როგორც ობიექტურ სინამდვილეზე, ისე სუბიექტურზე. ცოდნას საკუთარი სულის ცხოვრების შესახებ ლოკი შინაგან გამოცდილებას ან რეფლექსიას უწოდებს. რეფლექსია, არსებითად, თვითდაკვირვების უნარია, რომელიც გვაწვდის ცნობებს ჩვენი გონების მოქმედებათა თაობაზე (აღქმა, აზროვნება, მოგონება, ეჭვი, რწმენა, სურვილი, მისწრაფება). მისი საშუალებით მიღებული იდეები წარმოშობისა და შინაარსის მხრივ არსებითად განსხვავდება შეგრძნებათა გზით მიღებული იდეებისაგან. გამოცდილების ამ სახეობას „გარეგანი გამოცდილება” ეწოდება და მისი ობიექტი გარე სამყაროა, თავისი მატერიალური საგნებით. ემპირიული გამოცდილების ორად გაყოფა (გარეგანი და შინაგანი), თავის მხრივ, საფუძვლად ედება ბუნებისმეტყველებისა და ფსიქოლოგიის საგნების დასაბუთებას: გარეგან გამოცდილებას ბუნებისმეცნიერებანი შეისწავლის, ხოლო შინაგანს - ფსიქოლოგია. აქედანვე გამომდინარეობს ფსიქოლოგიური კვლევის მეთოდიკური თავისებურებაც. საკუთარ თავში დახშული ცნობიერების სამყაროში შეღწევის ერთადერთი გზა თვითდაკვირვება-ინტროსპექციაა. ფსიქოლოგიური კვლევისთვის ღია მხოლოდ საკუთარი ცნობიერებაა. ეს თეზისი გახდა განმსაზღვრელი ინტროსპექციული ემპირიული ფსიქოლოგიისთვის.

ლოკიდან მომდინარეობს მთელი ემპირიული ფსიქოლოგიისთვის, განსაკუთრებით კი ასოციაციური ფსიქოლოგიისთვის, დამახასიათებელი ელემენტარიზმი. ის მომდინარეობს ლოკის მიერ ორგვარი იდეების, კერძოდ, მარტივი და რთული იდეების გამიჯვნიდან. მარტივი იდეები არ იშლება, არ იყოფა, ისინი რთული იდეების ელემენტებია. რთული იდეები წარმოიქმნება მარტივი იდეების გადამუშავების საფუძველზე მათზე გარკვეულ სააზროვნო ქმედებათა ჩატარების გზით (შედარება, აბსტრაქცია, განზოგადება, შეჯერება, შეერთება, შეჯამება). ამგვარად, ლოკმა აღწერა მარტივი იდეიდან ან ცალკეული საგანიდან რთული ან ზოგადი იდეის (ცნების) მიღების კლასიკური ემპირისტული სქემა (ნომინალიზმი).

რთული იდეების წარმოქმნის ერთერთ მექანიზმს ლოკმა ასოციაცია უწოდა. ასოციაციური კავშირები იდეებს შორის არასწორი, არაბუნებრივი კავშირებია; ისინი სხვადასხვა ცრურწმენების, ჩვენი სიმპათია-ანტიპათიების, განსხვავებულ შეხედულებებს შორის არსებულ წინააღმდეგობათა და გაუგებრობათა საფუძველია. ამიტომ ლოკი პედაგოგებს მათთან ბრძოლისკენ მოუწოდებს. აღზრდის ამოცანა იმაშია, რომ წინ გადაეღობოს იდეათა შორის არასასურველი კავშირების შექმნას (ლოკი პედაგოგიკის ერთერთი უდიდესი თეორეტიკოსია და ასევე, ასაკობრივი და პედაგოგიკური ფსიქოლოგიის ერთერთი წინამორბედი).

ასოციაციის ასეთმა შეზღუდულმა მოაზრებამ ფეხი ვერ მოიკიდა. პირიქით, ასოციაცია იდეების დაკავშირების საყოველთაო და უნივერსალურ პრინციპად იქცა. ამან საფუძველი ჩაუყარა ასოციაციონიზმს, როგორც ემპირიული ფსიქოლოგიის ყველაზე მძლავრ მიმდინარეობას.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები