ლონდონის IV ოლიმპიური თამაშები (1908)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლონდონის IV ოლიმპიური თამაშები (1908)“ გადაიტანა გვერდზე „[[ლონდონის ...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლონდონის მეოთხე ოლიმპიური თამაშები (1908)“ გადაიტანა გვერდზე „[[ლონ...)

16:28, 2 დეკემბერი 2020-ის ვერსია

ლონდონის IV ოლიმპიური თამაშები - IV ოლიმპიური თამაშები ჩატარდა 1908 წელს (27 აპრილი -31 ოქტომბერი) დიდ ბრინატეთში, ლონდონში.

  • მონაწილე ქვეყანა - 22
  • სპორტსმენი - 2,008/ 37 ქალი / 1,971 კაცი
  • სპორტის სახეობა - 22
  • მედლების კომპლექტი - 110

რიგით IV ოლიმპიური თამაშებისთვის რომს უნდა ემასპინძლა, მაგრამ ფინანსურმა სიდუხჭირემ მასზე უარი ათქმევინა. გარდა ამისა, 1906 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევამ ქვეყანას დამატებითი პრობლემები შეუქმნა. დროში შეზღუდულ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (ოლიმპიადამდე 2 წელზე ნაკლები რჩებოდა) სასწრაფოდ უნდა მოეძებნა შესაფერისი მასპინძელი, ასეთი კი ლონდონი აღმოჩნდა, რომელიც, თავის მხრივ,იქამდე ბერლინთან და მილანთან ერთად სწორედ რომს ეცილებოდა მასპინძლობის უფლებას.

1908 წელს ლონდონი მსოფლიო გამოფენას მასპინძლობდა. დროის სიმცირის გამო გადაწყდა, რომ ასპარეზობები ფრანკო-ბრიტანული გამოფენის პარალელურად ჩატარებულიყო. ასე, რომ პარიზისა და სენტ ლუისის მსგავსად, ლონდონის ოლიმპიური თამაშებიც გამოფენას დაუკავშირდა.

ეს ოლიმპიადა ისტორიაში შევიდა, როგორც „პირველი ნამდვილი თამაშები”. პირველად მოხდა, რომ ოლიმპიადისთვის საგანგებოდ ააგეს სტადიონი („უაით სითი სთედიუმი”). პირველად ისტორიაში, მასში მონაწილე ქვეყანათა დროშების აღლუმი შედგა. რეკორდული იყო თამაშებში მონაწილე ქვეყნების რაოდენობაც და ასპარეზობათა ხანგრძლივობაც, რომელიც 6 თვესა და 4 დღეს გაგრძელდა.

ლონდონში ოლიმპიური ნათლობა მიიღეს ფინეთმა, თურქეთმა და ავსტრალაზიამ,რომელმაც ავსტრალია და ახალი ზელანდია გააერთიანა (1912 წლის თამაშებზეც ავსტრალაზიის სახელით წარსდგნენ).

ამას გარდა, ლონდონში ოლიმპიური დებიუტი ჰქონდა ბალახის ჰოკეის, ჟო დე პომს, აკვა-მოტო სპორტს, რაკეტსსა და ერთ ზამთრის სახეობას - ფიგურულ ციგურაობას, რომელიც პირველად სწორედ ზაფხულის ოლიმპიადაზე გამოჩნდა. ამასთან, აკვა-მოტო სპორტი, ჟო დე პომი და რაკეტსი ერთადერთხელ იყო ოლიმპიური პროგრამის ნაწილი.

ლონდონში სათავე დაედო ლეგენდარული შვედი მამა-შვილის ოსკარ და ალფრედ სვანების ტრიუმფალურ ოლიმპიურ კარიერას. მამა-შვილმა ლომის წილი შეიტანა „გაქცეულ ირემზე” სროლაში შვედეთის გუნდის გამარჯვებაში, რისთვისაც ოქროს მედლები დაიმსახურეს. ეს იყო უნიკალური შემთხვევა, როცა მამა-შვილი ერთდროულად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ამასთან, უფროსმა სვანმა – ოსკარმა ჩემპიონობა იზეიმა ერთმაგ სროლაში, ხოლო ორმაგში მესამე იყო.

ლონდონში პირველმა აფრო-ამერიკელმაც იზეიმა ჩემპიონობა. ამერიკელმა ჯონ ტეილორმა 1600 მეტრზე (შემდეგი თანმიმდევრობით: 200, 200, 400 და 800 მეტრზე რბენა) საესტაფეტო გარბენი თანაგუნდელებთან ერთად მოიგო. თავისუფალ ჭიდაობაში ინგლისელმა ჯორჯ დე რელვისკოვმა ჯერ მსუბუქ წონაში გაიმარჯვა, მერე კი საშუალოში აინაცვლა (მაშინდელი წესებით ნებადართული იყო) და მეორე ადგილზე გავიდა. მოცურავეთა შეჯიბრებაში თავი ყველაზე მეტად გამოიჩინა ბრიტანელმა ჰენრი ტეილორმა, რომელმაც 3 ოქროს მედალი დაიმსახურა. მოცურავეთა ასპარეზობები უმთავრეს სტადიონზე საგანგებოდ მოწყობილ 100-მეტრიან აუზში ჩატარდა და არა ღია წყალში, როგორც ეს აქამდე იყო (1896 - ხმელთაშუა ზღვა, 1900 - მდინარე სენა, 1904 - ხელოვნური ტბა).

წყალბურთელთა პაექრობაში ჩემპიონები გახდნენ ბრიტანელები, რომელთა შორის იყო 4X200 მეტრზე ცურვაში გამარჯვებული კვარტეტის წევრი პოლ რადმილოვიჩი. ამგვარად, რადმილოვიჩი მოგვევლინა ამ ოლიმპიადის უნიკალურ სპორტსმენად, რომელმაც სპორტის ორ სახეობაში იზეიმა ჩემპიონობა.

მძლეოსნობაში, თავის მესამე ოლიმპიურ თამაშებზე, ადგილიდან სიგრძეზე და სიმაღლეზე ხტომაში კვლავ ოქროს მედლები მოიპოვა ამერიკელმა რეი იურიმ და თავისი ოლიმპიური მედლების რაოდენობა რვამდე გაზარდა. თუ მის მიერ 1906 წლის ათენის რიგგარეშე ოლიმპიადაზე დამსახურებულ კიდევ ორ „ოქროსაც“ მივიღებთ სათვალავში, იური ათგზის ოლიმპიურ ჩემპიონად წარმოგვიდგება.

და მაინც, ლონდონის ოლიმპიური თამაშების ყველაზე ღირსსახსოვარ ამბად იქცა მარათონელთა ასპარეზობა და მისი იტალიელი მონაწილე დორანდო პიეტრი. ორგანიზატორებმა მარათონის მანძილი 536 მეტრით გაზარდეს, რამაც ჯამში 42 კილომეტრი და 195 მეტრი შეადგინა. ეს მხოლოდ იმისთვის გაკეთდა, რომ მარათონელებს სტარტი უინძორის სასახლიდან აეღოთ და სტადიონზე — სამეფო ლოჟის და უშუალოდ დედოფალ ალექსანდრას გასწვრივ დაესრულებინათ, რათა სამეფო ოჯახის წევრებს გარბენისთვის მოხერხებულად მიედევნებინათ თვალყური (მანძილი სტანდარტული გახდა 1921 წლის მაისიდან).

დორანდო პიეტრი ბოლო მეტრებამდე დიდი უპირატესობით იგებდა, მაგრამ სტადიონზე ლასლასით შესულმა ორიენტაცია დაკარგა, შეცდომით მარშრუტიდან გადაუხვია და რამდენიმეჯერ წაიქცა კიდეც. საბოლოოდ, პიეტრიმ მსაჯთა დახმარებით პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი, რაც ამერიკელებმა გაასაჩივრეს. შედეგად იტალიელს დისკვალიფიკაცია მისცეს, პირველობა კი მეორე ადგილზე მყოფ ამერიკელ ჯონი ჰეისს გადაეცა.

ლონდონის ოლიმპიური თამაშების ამ უგვირგვინო ტრიუმფატორმა ხალხის უდიდესი სიყვარული და პატივისცემა, ხოლო ინგლისის დედოფალ ალექსანდრასგან მოოქროვილი ვერცხლის თასი დაიმსახურა.

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები