მაისურაძე გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრიგოლ მაისურაძე, ჭიჭინაძის პორტრეტი

გრიგოლ მაისურაძე – (1817 -1885) პირველი ქართველი მხატვარი, რომელმაც უმაღლესი განათლება პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში მიიღო. იგი ცნობილი ქართველი პოეტის, ალექსანდრე ჭავჭავაძის ყმა იყო.

ბიოგრაფია

გრ. მაისურაძე დაიბადა 1817 წელს ჭავჭავაძეების საგვარეულო მამულში, კახეთში, სოფელ წინანდალში. პატარა გრიგოლი ალექსანდრე ჭავჭავაძის ბავშვებთან ერთად იზრდებოდა. მან ბავშვობიდანვე დიდი ნიჭი და მიდრეკილება გამოაჩინა ხელოვნებისადმი. განათლებულმა დიდებულმა თავადმა ყურადღება მიაქცია თავისი ყმის ნიჭს და ორი წლის განმავლობაში ასწავლიდა ჩვენთვის უცნობ მხატვართან, რომელიც ჭავჭავაძეს მოწვეული ჰყავდა მამულში ახლობელთა პორტრეტების დასახატად.

1837 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძემ მომავალი მხატვარი ყმობისაგან გაათავისუფლა და პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში სასწავლებლად გაგზავნა. 1837 წ. სექტემბერში გ. მაისურაძე პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა ცნობილი რუსი მხატვრის, პროფესორ კ.ბრიულოვის კლასში.

ხელოვნება აკადემიაში სწავლის დროს ახალგაზრდა მხატვარი უკიდურეს გაჭირვებას განიცდიდა. მას დიდ დახმარებას და მზრუნველობას უწევდნენ თავისი პედაგოგი ბრიულოვი და იმხნად პეტერბურგში მცხოვრები ბაგრატ ბატონიშვილი.

1844 წელს გრ. მაისურაძემ დაამთავრა დი პეტერბურგის სამხატვრო აკადემია. 1850 წლიდან იგი ქუთაისში დასახლდა, იქვე დაოჯახდა და მთელი სიცოცხლეც იქ გაატარა. რა ქუთაისში იგი იქაური კლასიკური გიმნაზიის ხატვა-ხაზვისა და კალიგრაფიის მასწავლებლად მუშობდა. მისთვის ეს საქმე ძალიან უინტერესო იყო და იძულებით ასრულებდა. იმდროინდელი ქუთაისი პატარა პროვინციული ქალაქი იყო და მაშინ იქ მხატვრული ცხოვრება საერთოდ არ არსებობდა და არც სურათების დაკვეთაზე ფიქრობდა ვინმე. გიმნაზიიდან მიღებული ხელფასი მცირე იყო და მხატვარი დიდ გაჭირვებას განიცდიდა. მთელი სიცოცხლე მან ასე ტანჯვა-ვაებაში გაატარა. ქუთაისში მუდამ მასწავლებელთა საზოგადოებაში უხდებოდა ყოფნა. მათ კი ნაკლებად აინტერესებდათ ხელოვნება და მის პროფესიასაც აგდებულად ეპყრობოდნენ. ასეთ გარემოცვაში გრ. მაისურაძე თავს უცხოდ და ეულად გრძნობდა. ამ გარემოებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მხატვრის შემოქმედებაზე. ისედაც ხელმოკლე მხატვარს ერთხელ სახლიც კი დაეწვა და სხვა მსგავსი უბედურებები მუდამ თან სდევდა.

გრ. მაისურაძე ბევრს მუშაობდა სურათების შექმნაზე. მისი ნიჭის თაყვანისმცემელი ახლო მეგობრები ცდილობდნენ მხატვარს დახმარებოდნენ, მაგრამ ეს საქმეს ვერ შველოდა. იგი თანდათან დასნეულდა, დაძაბუნდა, მუშობა სულ უფრო და უფრო უძნელდებოდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან სამხატვრო აკადემიაში გაგზავნა განცხადება, სადაც აღნიშნავდა თავის 35 წლის პედაგოგიურ მოღვაწეობას, ითხოვდა მიეცათ მისთვის პენსია იმ რაოდენობით რა რაოდენობითაც იგი ღებულობდა ჯამაგირს გიმნაზიაში.

1880 წლის 6 ივლისს მოხუცი შემოქმედი გარდაიცვალა. ქუთაისის ინტელიგენციის მრავალ ოჯახში ახლაც ინახება გრ. მაისურაძის მიერ შესრულებული პორტრეტები. ქუთაისის და მისი მიდამოების ეკლესიებში ჯერ კიდევ არის დაცული მის მიერ მოხატული კანკელები.

გრ. მაისურაძის მრავალრიცხოვან ნაწარმოებთაგან ჩვენამდე რამოდენიმე სურათმა მოაღწია. მათ შორის საუკეთესოა გ. ჭიჭინაძის, ალ. ბატონიშვილის, ნ. ჯავახიშვილის პორტრეტები. ისინი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

წყარო

სახვითი ხელოვნება, ნელი როსტომაშვილი

იხილე აგრეთვე

ალექსანდრე ბაგრატიონის პორტრეტი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები