მანდატურთუხუცესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მანდატურთუხუცესი - ერთ-ერთი მაღალი თანამდებობა საქართველოს სამეფო კარზე - სასახლეში ვაზირობისა და დარბაზობის ორგანიზატორი (ობერცერემონმაისტერი), სახელმწიფო ფოსტისა და მიმოსვლის უფროსი; „საპოლიციო-ზედამხედველობითი“ სამსახურის ხელმძღვანელი, სასახლისა და დომენის სამეურნეო ზედამხედველი. მანდატურთუხუცესს ექვემდებარებოდა ცენტრალური აპარატის ორი დიდი უწყება - სააჯო კარი და საგანმგეო, რომელთა საქმიანობას მანდატურთუხუცესი უძღვებოდა ამირეჯიბისა და განმგეთუხუცესის (ეზოსმოძღვრის, მეშვეობით.

მანდატურთუხუცესის სამოხელეო ნიშანი იყო სამანდატურო ოქროს არგანი და „სკარამანგი“- ოქრომკედით ნაკერი ქსოვილისაგან დამზადებული ძვირფასი სამოსი.

ტერმინი „მანდატური“ (ლათ. მანდატორ - დავალების, ბრძანების გამცემი), წყაროებში უკვე ბაგრატ IV-ისა და გიორგი II-ის დროიდან გვხვდება. ეპიგრაფიკული მასალის საფუძველზე გამოთქმულია ვარაუდი, რომ მანდატურთუხუცესის თანამდებობა შემოღებულ იქნა XII ს-ის დამდეგს დავით IV აღმაშენებლის დროს (შ. მესხია). „ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, მანდატურთუხუცესს ამირსპასალარის სწორი პატივი ჰქონდა, თუმცა, XII-XIII სს-ის ქართულ-სომხურ ნარატიულ და ეპიგრაფიკულ წყაროებში მანდატურთუხუცესი ყოველთვის ამირსპასალარის წინ მოიხსენიება (ეს ტრადიცია მკაფიოდ ჩანს ისეთ შემთხვევებში, როცა ორივე სამოხელეო წოდება ერთ პირს, კერძოდ, „შანშეთ სახლის“ წარმომადგენლებს მიეკუთვნებოდა). მანდატურთუხუცესის და ამირსპასალარის თანასწორ ღირსებას ხაზს უსვამს გასამრჯელოს („ქრთამის“) თანაბარი ოდენობაც, რომელიც მათ ერგებოდათ გაცემულ სიგელებში გადახდილი საფასურიდან. სავაზიროს ჩამოყალიბების შემდგომ მანდატურთუხუცესი, ამირსპასალარი და ათაბაგი შედიოდნენ „სამთა ვაზირთა“ და „საპატიო დარბაისელთა“ შემადგენლობაში. სასახლეში გამართული საზეიმო დარბაზობებისა და პურობის დროს ამ სამეულს თანაბარი პატივით ემსახურებდნენ ეჯიბები და განმგეთუხუცესი. თუ პურობა ღამით დასრულდებოდა, მას, როგორც ერთ-ერთს „სამთა ვაზირთაგან“, გზაზე მემაშხლე მიაცილებდა.

„ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, მანდატურთუხუცესის განკარგულებების უშუალო შემსრულებელნი იყვნენ: მანდატურები (სამასი სახლი), რომლებიც ადგილებზე აღასრულებდნენ მანდატურთუხუცესის ბრძანებებს; ამირეჯიბი მისი მოხელე ეჯიბებითურთ, რომელსაც ჰქონდა ვალდებულება ნებისმიერ დროსა და ადგილას მოეხსენებინა მეფისათვის „სააჯო კარში“ შემოსული „საურავების“ შესახებ; გამგეთუხუცესი და მისი მოხელეები: მესტუმრე, მერიგე, მუქიფი, მეჯამეთუხუცესი, რომელთაც უნდა უზრუნველეყოთ სტუმრების მიღება-გამასპინძლება, ძღვენის ჩაბარება-გაცემა, სასახლის სამზარეულოს პროდუქტებით მომარაგება და მისი უსაფრთხოების დაცვა. მანდატურთუხუცესის უწყების განსაგებელი იყო სამეფო დომენის ზვრებიც. რთველის („ღვინისმკრეფელობის“) სამუშაოების ჩასატარებლად მანდატურთუხუცესის ბრძანების შესაბამისად, დადგენილი რიგითობით მანდატურებს უნდა გამოეყვანათ საჭირო მუშახელი („ქვეყანა“) და მეღვინეებთან ერთად მათთვის ზედამხედველობა გაეწიათ.

XII-XIII სს-ში მანდატურთუხუცესის თანამდებობა ეპყრათ იმდროინდელი საქართველოს უძლიერესი საგვარეულოების - ვარდანისძეების, ორბელების, მხარგრძელების, დადიანების და სხვ. წამომადგენლებს.

სარჩევი

მანდატურთუხუცესები. XII-XV ს-ის პირველი ნახევარი

დასავლეთ საქართველოს მანდატურთუხუცესები

წყაროები და ლიტერატურა

  • ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 33;
  • ხელმწიფის კარის გარიგება 1965: 82-3, 85, 88, 90, 91-93, 96;
  • ჯავახიშვილი 1982: 157-160;
  • სურგულაძე 1970: 180;
  • მესხია 1979: 20-28;
  • ანთელავა 1983: 122, 123, 126;
  • ბერაძე 1999: 138.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები