მარტყოფის ბრძოლა 1625
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მარტყოფის ბრძოლა 1625 – ბრძოლა ქართველებსა და სეფიანთა ჯარებს შორის. შაჰ აბას I-ის მხედართმთავარი ყარჩიხა-ხანი, რომელსაც დავალებული ჰქონდა კახელების ამოწყვეტა და ქართლელების ირანში გადასახლება, 30 ათ-ანი ჯარით მარტყოფის ველზე იდგა. მასთან ბანაკში იმყოფებოდა გიორგი სააკაძე რამდენიმე ქართველი მეომრის თანხლებით. სააკაძეს კავშირი ჰქონდა აჯანყებულ ქართლელებთან, რომლებიც 25 მარტს, გამთენიისას, ირანელთა ბანაკს მიუახლოვდნენ. როდესაც მოწინააღმდეგის გუშაგებმა ქართული ლაშქარი შენიშნეს და განგაში ატეხეს, გიორგი სააკაძემ და მისმა მხლებლებმა თათბირზე სასწრაფოდ შეკრებილი ყარჩიხა-ხანი და კიდევ რამდენიმე ირანელი სარდალი დახოცეს, რამაც არევ-დარევა შეიტანა მტრის ჯარში. ფიცხელი ბრძოლა საღამომდე გაგრძელდა და ქართველების სრული გამარჯვებით დამთავრდა.