მაყაშვილი მარო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარო მაყაშვილი

მაყაშვილი მარო (მარიამ) კონსტანტინეს ასული (დ. 1901 — გ. 1921) – პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. რუსი საბჭოთა ინტერვენტებისგან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დასაცავად წარმოებული ბრძოლების მონაწილე 1921 წლის თებერვალში. ცნობილი პოეტის და საზოგადო მოღვაწის კოტე მაყაშვილის ქალიშვილი.

დაამთავრა თბილისის წმ. ნინოს ქალთა სასწავლებელი (1919). სწავლა განაგრძო თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. იყო სპორტსაზოგადოება "შევარდენის“ წევრი, ჩინებული ტანმოვარჯიშე.

1921 წლის თებერვალში, როდესაც საბჭოთა რუსეთის XI არმიამ თბილისს შემოუტია, ივ. ჯავახიშვილის მოწოდებით ფეხზე დადგა ქართველი სტუდენტობა.

მაყაშვილი 17 თებერვალს ჩაეწერა წითელ ჯვარში მოწყალების დად და სანიტარულ რაზმთან ერთად კოჯორს მიაშურა. ორი მომცრო ფრონტული ბარათის გამოგზავნა მოასწრო. 19 თებერვალს კი, როცა დაჭრილებს თბილისისაკენ აცილებდა, მტრის ყუმბარამ სიცოცხლეს გამოასალმა. სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პირველი მსხვერპლი ქალის დაღუპვა, მძიმედ განიცადა ქართველმა საზოგადოებამ. მას ქართველი ჟანა დარკიც კი უწოდეს.

დაკრძალულია ქართველ იუნკრებთან ერთად ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში (ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობის ტერიტორია რუსთაველის გამზირზე). შემორჩენილია მაყაშვილის დღიურები და წერილები. მარო მაყაშვილის პატივსაცემად, ზაქარია ფალიაშვილმა თავისი ოპერის დაისის მთავარ გმირს მისი სახელი - მარო - დაარქვა.

2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, გ. მარგველაშვილმა მაყაშვილს გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

მარო მაყაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები