მაჭავარიანი იოსებ კონსტანტინეს ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოსებ კონსტანტინეს ძე მაჭავარიანი

მაჭავარიანი იოსებ კონსტანტინეს ძე (3.XI.1873, სოფელი ილემი, შორაპნის მაზრა - 17.IX.1937, თბილისი) - იურისტი, ნაფიცი ვექილი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაასრულა პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ჩაერთო საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ საქმიანობაში, თანამშრომლობდა გაზეთ „ცნობის ფურცელში“. 1909 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი. მონაწილეობდა ლიტერატურულ გასამართლებებში. დ. ერისთავის პიესის „სამშობლო“ გმირების გასამართლებაზე მის მიერ ქართულ თეატრში წარმოთქმული სიტყვა 1910 წელს დაიბეჭდა ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“. რუსეთის პირველი სახალხო რევოლუციის შემდეგ დაუახლოვდა ეროვნულ-დემოკრატიულ მიმდინარეობას. 1917 წლის ივნისში, ედპ-ის დამფუძნებელ ყრილობაზე, აირჩიეს პარტიის მთავარი კომიტეტისა და მისი პრეზიდიუმის წევრად, ასევე, ედპ-ს თავმჯდომარის მოადგილედ. აგვისტოში, როგორც ედპ-ის წარმომადგენელი, მონაწილეობდა მოსკოვის დემოკრატიული თათბირის მუშაობაში, იმავე წლის სექტემბერში დაესწრო კიევში გამართულ ერთა წარმომადგენლების ყრილობას და წარმოთქვა სიტყვა. მან ორივეგან საქართველოს პოლიტიკური უფლებების აღდგენა მოითხოვა. იოსებ მაჭავარიანი შედიოდა საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს შემადგენლობაში. საბჭოს მეორე გაფართოებისას, 1918 წლის ოქტომბერში, ედპ-ის სიით გახდა ეროვნული საბჭოს წევრი, არჩეული იყო საბჭოს მუდმივმოქმედ იურიდიულ კომისიაში. 1919 წლის თებერვალში, ედპ-ის სიით არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატად, იყო კრების იურიდიული კომისიის წევრი. 1921 წლის იანვარში, ედპ-სა და მისგან გამოყოფილი ორგანიზაციების გაერთიანებისას, აირჩიეს გაერთიანებული დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად. 1921 საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისას, უცხოეთში არ გახიზნულა, სამშობლოში დარჩა და ძირითადად საადვოკატო მუშაობას ეწეოდა.

1922 კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს. 1923 წელს სხვა ცნობილ ეროვნულ-დემოკრატებთან ერთად, აიძულეს, ხელი მოეწერა დეკლარაციაზე, რომელიც პარტიის ლიკვიდაციისათვის კონფერენციის მოწვევას ითვალისწინებდა. კონფერენცია 1923 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა და ედპ დაშლილად გამოაცხადა. ამის შემდეგ იოსებ მაჭავარიანი მთლიანად ჩამოშორდა პოლიტიკურ მოღვაწეობას. იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი.

1928 საიდუმლო-პოლიტიკურმა განყოფილებამ ეჭვი შეიტანა კომუნისტური ხელისუფლებისადმი იოსებ მაჭავარიანის ლოიალობაში და იგი ისევ დააპატიმრა. ძიება დიდხანს გრძელდებოდა, თუმცა არასაკმარისი ბრალდების გამო, 1934 სისხლის სამართლის საქმე შეწყდა და გაათავისუფლეს. 1937 ხელახლა დააპატიმრეს. საქმე სსრკ სამხედრო კოლეგიამ განიხილა. ძიების საქმის შენიშვნაში აღნიშნულია: „გადის საქართველოს სახელმწიფო პოლიტსამმართველოს საიდუმლო განყოფილებაში, როგორც საგანგებო რაზმელი“. რეპრესირებულთა სია, რომელშიც შეტანილია იოსებ მაჭავარიანის გვარი და რომელთა სიკვდილით დასჯის თაობაზე თანხმობას ხელს ი. სტალინი, ვ. მოლოტოვი და ლ. კაგანოვიჩი აწერენ, 1937 წლის 10 აგვისტოთი თარიღდება. სამხედო კოლეგიის გადაწყვეტილებით, იოსებ მაჭავარიანი 1937 წლის 17 სექტემბერს დახვრიტეს. საფლავი უცნობია, ცნობა არ მოიპოვება არც მისი რეაბილიტირების შესახებ. იოსებ მაჭავარიანი ავტორია ნაშრომისა: „სამი სიტყვა - თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა-ერთობა“ (თბ., 1905).

ოთარ ჯანელიძე

ლიტერატურა

  • ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002;
  • სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონულ მონაცემთა ბაზა] /ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia, 2013.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები