მახა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 5: ხაზი 5:
  
 
[[ფაილი:Xorblis lewva kaloze.jpg|thumb|250პქ|'''ხორბლის ლეწვა კალოზე''']]
 
[[ფაილი:Xorblis lewva kaloze.jpg|thumb|250პქ|'''ხორბლის ლეწვა კალოზე''']]
მახას გავრცელების არეალია: რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, იმერეთი და სამეგრელო. მახას ნათესებში დადასტურებულია საინტერესო ვარიაციები, რომელთა შესატყვისი ადგილობრივი სახელწოდებებია:  
+
მახას გავრცელების არეალია: რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, [[იმერეთი]] და სამეგრელო. მახას ნათესებში დადასტურებულია საინტერესო ვარიაციები, რომელთა შესატყვისი ადგილობრივი სახელწოდებებია:  
  
 
* „წვრილი მახა“;
 
* „წვრილი მახა“;

15:14, 15 იანვარი 2020-ის ვერსია

მახა – Triticum macha Dekapr. & Menabde საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთი

მახა - (Triticum macha Dekapr.& Menabde) მეგრულად - „მახა“, ჭანურად - „მოხა“. მახა ხორბლის კულტურის პალეორელიქტია და, როგორც ასეთი, მატერიალური კულტურის უნიკალური ძეგლია. მისი კარბონიზირებული მარცვლები აღმოჩენილია სამეგრელოში (ზუგდიდის რაიონი, დიხაგუძუბა).

ამ ძეგლზე აღმოჩენილი ხორბლის კარბონიზირებული მარცვლების გარკვევის შედეგად ვლ. მენაბდე (Менабде, 1969) გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ენეოლითში კოლხეთის ტერიტორიაზე ხორბლის მეურნეობა ხორბლის კილიანი სახეობებით იყო წარმოდგენილი.

ხორბლის ლეწვა კალოზე

მახას გავრცელების არეალია: რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, იმერეთი და სამეგრელო. მახას ნათესებში დადასტურებულია საინტერესო ვარიაციები, რომელთა შესატყვისი ადგილობრივი სახელწოდებებია:

  • „წვრილი მახა“;
  • „კენტეხელა მახა“;
  • „ფართე მახა“;
  • „ჩელტა მახა“;
  • „ფიცარა მახა“ (ბრეგაძე, 2004).

აჭარაში, მდ. მაჭახლის ხეობაში ხორბლებიდან დამოწმებულია „ხასი პური“, „ხარმენი პური“, იგივე მახა (კახიძე, 1974).

მახა საშემოდგომო ხორბალია. იგი სახესხვაობათა და ფორმათა სიმრავლით აჭარბებს საქართველოს ყველა სხვა ენდემურ კილიან ხორბლებს.

ლ. დეკაპრელევიჩი (Декапрелевич, 1942) გამოჰყოფს მახას ორ ჯგუფს:

  1. Triticum tubalicum Dekapr. – „გვაწა მახა“, ახასიათებს ფაშარი, მტვრევადი თავთავი.
  2. Triticum imereticum Dekapr. - „ჩელტა მახა“, ახასიათებს უფრო მკვრივი, ნაკლებად მტვრევადი თავთავი.

გ. ჯალაბაძე (1990) სამეგრელოში გავრცელებული ხორბლეული კულტურებიდან ასახელებს „კენტეხილას“ (მახასნაირი); „დურუს“ და „რუხუს“ (ნაგულისხმევია „ჩელტა ზანდური“).

მახა ნიადაგის მიმართ ნაკლებმომთხოვნი პურეულია, ადვილად ეგუება კირქვიან, ხრეშიან ნიადაგსა და ტენიან პირობებს. ახასიათებს მაგარი ღერო, ფოთლების დიდი მასა, გუდაფშუტისადმი გამძლეობა. მას აქვს ველური ხორბლის ნიშნები: თავთავის ღერძის ძლიერი მტვრევადობა, მარცვლის კილიანობა, რის გამოც ძნელად ლეწვადია. მტვრევადთავთავიანი მცენარეა, ამიტომ აუცილებელია მისი მოსავლის დროულად აღება (მაისაია, 2009).

ლეჩხუმში, პეტრე-პავლობის შემდეგ ორშაბათს „მახიკრეფის ჭაბუკობას“ ეძახდნენ. ამ დროიდან იწყებოდა მახას კრეფა. ოჯახის დიასახლისი გამოაცხობდა ერთ ნიგვზიან და მარილიან ტაბლას, დაკლავდა მამალს და მოხარშავდა. ტაბლასა და მოხარშულ მამალს ქალი წაღმა შეატრიალებდა და შელოცავდა: „ღმერთო, გაგვიკეთე ჩვენი ნათესი, მოგვაწევინე მახა - „პური“, ნუ დაგვიბნევ და ბედნიერებაში მოგვახმარეო“ (რუხაძე, 1968).

ლეჩხუმი

მთხრობელთა გადმოცემით, „...1940-იანი წლებიდან ხორბალი მახა ლეჩხუმში უკვე ფაქტობრივად აღარ ითესებოდა; მხოლოდ იმ ყანებს ახსენებდნენ, სადაც მახას მოსავალი კარგი იყო. მახას ფქვილისაგან მოზელილი ცომი წელვადი იყო და კარგად მაგრდებოდა თონის კედლებზე - პურები არ ცვიოდა, ცომი სახაჭაპურედაც კარგი იყო. დაახლოებით 1950-იანი წლებიდან კოლმეურნეობის ფართობებზე შემოდგომით ითესებოდა ხორბლის სხვა ჯიშები. მოსავალს იღებდნენ ზაფხულში. ხორბალს მკიდნენ ნამგლით, ნამჯებს კრავდნენ კონებად და მიჰქონდათ გასალეწად კალოზე. ხორბლის ლეწვის პროცესს „კალოობას“ უწოდებდნენ. ხორბლის მკის დაწყების წინ კალოს ასუფთავებდნენ. სოფელში რამდენიმე კალო იყო. მკის დამთავრების შემდეგ იწყებოდა ლეწვა - „კალოობა“. კალოზე თანაბრად აფენდნენ ხორბლის ნამჯებს. კალოობა გრძელდებოდა რამდენიმე დღე (ხანგრძლივობა დამოკიდებული იყო მოსავლის სიდიდეზე). ხორბალს ლეწავდნენ კევრებით. მათში შებმული იყო ხარები, რომელთა რაოდენობა კალოს სიდიდით განისაზღვრებოდა. კევრი ფიცრისა იყო, ძირზე ჩასმული ჰქონდა კაჟის ნატეხები. ხარები მთელი დღე ატრიალებდნენ კევრებს, დღის ბოლოს ხორბლის ნამჯა სულ დაქუცმაცებული იყო. განიავებით აცალკევებდნენ ბზეს და მარცვალს. ბზეს ინახავდნენ საბძელში (საქონლის საკვების შესანახი ნაგებობა, რომელიც უმეტესად ხის ძელებისაგან იყო აშენებული) და იყენებდნენ პირუტყვის საკვებად“ (ცაგერის რ-ნი, სოფ. ზედა ღვირიში, მთხრ. ლ. ხეცურიანი, 2014 წ.).

მახას პური დიდად ფასობდა მოსახლეობაში. მისი ფქვილისაგან ცხვება თეთრი, კარგი გემოსა და არომატის მქონე სურნელოვანი პური, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ინარჩუნებს სირბილეს. საზოგადოდ, საპატიოდ ითვლებოდა წვეულების დროს მახას პურით გამასპინძლება. უხუცესთა გადმოცემით, ძველად მხედველობის გასაუმჯობესებლად სვამდნენ მახას მარცვლის ნახარშს; ხოლო, მისი ფქვილისაგან მზადდებოდა “ხაბიზგინა” - ნიგვზითა და ხახვით შეზავებული პური (მაისაია, 2009). ამჟამად მახას ნათესი, ისევე როგორც ზანდურისა,იშვიათად გვხვდება.


წყარო

პური ჩვენი არსობისა: წიგნი II /საქართველო სამიწათმოქმედო კულტურის უძველესი კერა/,-ავტ: ფრუიძე ლევან, მაისაია ინეზა, სიხარულიძე შალვა, თავართქილაძე მაია. თბილისი: პალიტრა L, -2016

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები