მგელაძე ვლასა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვლასა მგელაძე

მგელაძე ვლასა დარისპანის ძე (1868, ზომლეთი - 1943, პარიზი) - ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, თვალსაჩინო სოციალ-დემოკრატი.

სარჩევი

ბიოგრაფია

ადრე დაობლდა და სასწავლებლად თავის სახლში წაიყვანა მთავარდიაკონმა ექვთიმემ. მღვდლის ოჯახიდან დაბრუნების შემდეგ შეიყვანეს სოფ. აკეთის სკოლაში, რომელიც მატერიალური გაჭირვების გამო ვერ დაამთავრა. ამის შემდეგ შეგირდად მიაბარეს პ. წულუკიძის სტამბაში, ქუთაისში. სტამბაში მუშაობა კარგად გამოიყენა თვითგანათლებისათვის. თბილისში გადმოსვლის შემდეგ მალე მუშაობა დაიწყო ჯერ ექვთიმე ხელაძის, შემდეგ კი გაზეთ „ივერიის“ სტამბაში, მაქსიმე შარაძესთან, ასოთამწყობად. აქ გაიცნო ქართველ სამოციანელთა არაერთი წარმომადგენელი, რომლებიც „ივერიის“ გარშემო იყრიდნენ თავს. 1894 წლიდან მატინიანცის სტამბაში გაზეთ „კვალს“ აწყობდა და ამჯერად რედაქტორ გიორგი წერეთელს და მის ოჯახს დაუახლოვდა. „კვალში“ დაიწყო პირველი წერილების ბეჭდვა. აქ მუშაობის პერიოდში ჩაება პირველი ქართული სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის - „მესამე დასის“ - საქმიანობასა და რევოლუციურ მოძრაობაში. ორგანიზაციის დავალებით, კარლო ჩხეიძესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ბათუმის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების ჩამოყალიბებაში, მუშებს შორის ეწეოდა რევოლუციურ პროპაგანდას. 1902 წელს დააპატიმრეს და იჯდან მეტეხის ციხეში.

1907 წლის სექტემბერში, ილია ჭავჭავაძის დასაფლავებაზე, მან მუშების სახელით წარმოთქვა გამოსათხოვარი სიტყვა. 1908 წელს ევროპაში ყოფნის დროს, ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერებთან: პლეხანოვთან, აქსელროდთან და სხვებთან. რევოლუციურ მოძრაობაში მისი პარტიული მეტსახელი იყო „ტრია“. მონაწილეობა მიიღო სპარსეთის რევოლუციაში.

1910 წელს დაესწრო თეირანში მეჯლისის გახსნას და წარმოთქვა სიტყვა, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს სიტყვა გამოქვეყნდა „რუსსკოე სლოვოში“ და ევროპაშიც გავრცელდა. ამავე წელს ევროპაში ჩავიდა და ლექციებს კითხულობდა სპარსეთის რევოლუციის შესახებ სხვადასხვა ქალაქებში. ამავე პერიოდში მაქსიმ გორკის მიწვევით იყო კუნძულ კაპრიზე, სადაც გაიცნო ლენინი. 1911 წელს ჩამოვიდა სამშობლოში, სადაც დააპატიმრეს, ჯერ იჯდა ბათუმისა და მეტეხის ციხეებში, 1913 წელს კი ეტაპით გადაასახლეს ციმბირში, საიდანაც მალე გამოიქცა და, ბაქოს, საქართველოს და პეტერბურგის გავლის შემდეგ, მოახერხა გერმანიაში წასვლა. პირველი მსოფლიო ომის წლებში ევროპაში განაგრძობდა რევოლუციურ საქმიანობას და, ზოგიერთი ცნობით, შედიოდა რსდმპ-ის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს შემადგენლობაში (შესაძლოა, მცირე ხნით, რადგან ეს ცნობა წყაროებით არ დასტურდება).

1917 წლის თებერვლის დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ- სახელმწიფოებრივ პროცესებში. მხურვალე სიტყვებით მიესალმა ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნას, ხოლო შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, მერე მამადავითის ეკლესიაში აიჭრა და როგორც თვითონ ამბობდა, ზარების რეკვით ამცნო ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, დ. ყიფიანის საფლავებს სასიხარულო ამბავი: „აღსდგა საქართველო!“. გრიგოლ რობაქიძე წერდა: „მარტოდმარტო ეს ფაქტი საკმაოა, რომ ვლასა მგელაძე შევიდეს „ქართლის ცხოვრებაში“, როგორც რაინდი, მზიური შარავანდედით მოსილი“. ვლასა მგელაძე იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი.

ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების ძალდატანებითი დამყარების შემდეგ მცირე ხნით დარჩა საქართველოში. შემდეგ ემიგრაციაში წავიდა და ჯერ - ბერლინში, შემდეგ კი საფრანგეთში დამკვიდრდა. ძირითადად ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას, ნაწარმოებებს ბეჭდავდა ჟურნალ „კავკასიონში“ და სხვა ემიგრანტულ ჟურნალ-გაზეთებში. 1934 პარიზში, დავით ხელაძის სტამბაში დაიბეჭდა ვლასა მგელაძის წიგნი „26 მაისი“, რომელშიც აღწერილია რამდენიმე საერთო-ეროვნული მნიშვნელობის მოვლენა, რომელთა თვითმხილველიც თავად იყო: დ. ყიფიანის დაკრძალვა; ნ. ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენება მთაწმინდაზე; კრწანისის ომის პანაშვიდი და სხვ. ვ. მგელაძის პიროვნებასა და მოღვაწეობაში შესანიშნავად იყო შერწყმული ეროვნული ღირებულებების ერთგულება და სოციალური სამართლიანობისათვის მებრძოლი რევოლუციონერის თვისებები. თავისი ცხოვრებისეული წარსული მან აღწერა „მოგონებების“ სამ წიგნში, რომლებიც 1936, 1972-1974 წლებში გამოქვეყნდა პარიზში. დაკრძალულია საფრანგეთში, დაბა ლევილის ქართველთა სავანეში.

დიმიტრი შველიძე

ლიტერატურა

  • ვ. მგელაძე, რუსეთის მობრუნება საქართველოში, პარ., 1936, თბ., 1991;
  • გ. შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ, წიგნი მეორე, თბ., 1993.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები