მგელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მგელი
ფოტო ი. ბადრიძე

მგელი - მგელი ძაღლისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წარმომადგენელია. მისი სიმაღლე 60-80 სანტიმეტრია, ძუს წონა 18-55, ხვადის - 20-80 კილოგრამია. შეფერილობა სხვადასხვაგვარია: სუფთა თეთრი, შავი, რუხი, ჩალისფერი, მურა. ჩრდ. ამერიკაში შეიძლება შეგვხვდეს ფერის ყველა ვარიანტი.

სარჩევი

გავრცელების არეალი

გავრცელებულია ევრაზიისა და ამერიკის კონტინენტებზე ჩრდილოეთ განედის 20-დან ზემოთ. ახასიათებს შეგუების ფართო დიაპაზონი: ბინადრობს უდაბნოში, დაბლობ და მაღალმთიან ველებზე, ტყის გავრცელების ყველა ზონაში. სუბალპურს და ალპურ სარტყელებში. მძუნაობა იწყება ადრე გაზაფხულზე (ზოგჯერ ზამთრის დამლევს). მაკეობის ხანგრძლივობა 63 დღემდე აღწევს. შობს 3-10 თვალაუხელელ და უსუსურ ლეკვს, რომლებიც თვალებს ახელენ 9-10 დღის ასაკში, პატარებზე ზრუნავენ არა მარტო ორივე მშობელი, არამედ ოჯახის სხვა წევრებიც: დეიდები და ბიძები და უფროსი და-ძმებიც კი. ძირითად საკვებს შეადგენენ მსხვილი და წვრილი ძუძუმწოვრები. დასავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში მგელი გადაშენდა, მთლიანობაში მისი რიცხოვნობა შემცირებულია, რაც უარყოფითად მოქმედებს ეკოსისტემის მდგომარეობაზე. იგი არამარტო სანიტრის ფუნქციას ასრულებს, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსხვილი სახეობების პოპულაციათა სტრუქტურის რეგულირებაში.

ოჯახი

მგლის ოჯახი, როგორც წესი შედგაბა რეპროდუქციული დომინანტი (ანუ ძუ) და დომინანტი (ხვადი) და სხვა ზრდასრული და ახალგაზრდა ინდივიდებისგან, რომლებიც იერარქიულ კიბეზე რანგის მიხედვით არიან განთავსებულნი. ჯგუფის წევრების უმეტესობა ერთმანეთთან ნათესაურ კავშირში არიან. ოჯახში, ჩვეულებრივ, მხოლოდ დომინანტი წყვილი მრავლდება, თუმცა დანარჩენებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ პარატების აღზრდაში, რომლებიც მათ დისშვილებად, ძმიშვილებად ან უმცროს და-ძმად ეკუთვნიან. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამგვარი რეპროდუქციული სისტემა კარგად უზრუნველყოფს პოპულაციის სიმჭიდროვის ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნებას. შედეგად გვაქვს ის, რომ ყოველ კონკრეტულ მომენტში ჯგუფის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე საკვები უფრო მეტია, ვიდრე მოცემული რაოდენობის ინდივიდებს ესაჭიროებათ და საკმარისია ახალი თაობის გამოსაზრდელად.

მგლის ოჯახში იერარქიულ სტრუქტურას დიდი მნიშვნელობა აქვს ჯგუფის შიგნით სტაბილიზაციის შესანარჩუნებლად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოჯახი სტატიკური წარმონაქმნია. დრო და დრო აუცილებლად ხდება რანგების გადანაწილება, ურთიერთობის გამწვავებას კი დაბალი რანგის წევრების გაძევება მოყვება. გაძევებული წევრები უმეტესად ახალგაზრდები ან ბებერი ინდივიდები არიან. კონფლიქტის ერთ-ერთი მოტივაცია გამრავლების ინსტინქტი შეიძლება ოყოს, რადგან ინდივიდი ვერ მიიღებს გამრავლებაში მონაწილეობას, თუ იგი მდგომარეობას არ დაიკავებს. თუ ამის მიღწევა მოცემულ ჯგუფში ვერ მოხერხდა, მაშინ იგი იძულებულია ოჯახი დატოვოს და სხვაგან ეძებოს გამრავლების შესაძლებლობა. იერარქიულ მოწყობაში ერთი მოტივია ფრიად საგულისხმო: არ არის აუცილებელი, რომ დომინანტი მგელი ფიზიკურად ყველაზე ძლიერი იყოს, ე.ი. ინდივიდის რანგს განსაზღვრავს არა მარტო ფიზიკური სიძლიერე, არამედ მისი გამოცდილება და გონებრივი შესაძლებლობები. ასე რომ, მგლებში ჩამოყალიბებულია ისეთი სოციალური სტრუქტურა, რომ წინა პლანზე ინდივიდის გონებრივი მონაცემებიდან მოდის.

ტერიტორია

მგლის ერთი ოჯახის მიერ დაკავებული ტერიტორიის ფართობი საკვების რაოდენობაზეა დამოკიდებული. თუ საკვები ბევრია, მაშინ ოჯახს არ სჭირდება დიდი ტერიტორიის დაცვა. თუმცა, ზოგადეკოლოგიურად კანონზომიერების გამო, მსხვილი მტაცებელი ყოველთვის დიდ ტერიტორიას საჭიროებს და, შესაბამისად, მისი სიმჭიდროვეც შედარებით დაბალია.

მგლის პოპულაციის სივრცობრივ განაწილებაში ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფენომენი აღინიშნება, რომელიც სხვა მტაცებლებში გამოვლენილი არ არის. სხვადასხვა ოჯახის ტერიტორიები უშუალოდ არ ესაზღვრება ერთმანეთს; მათ შორის არის ე.წ. ბუფერული (ნეიტრალური) ზონები, რომლებშიც შესვლას მოსაზღვრე ოჯახის წევრები აქტიურად ერიდებიან. მგლის ოჯახის ტერიტორიებს შორის ამგვარი ზონების არსებობას ძირითადად ორი ეკოლოგიური შედეგი აქვს. პირველი დაკავშირებულია იმასთან, რომ ტერიტორიის დაცვა საკმაოდ „ძვირად“ უჯდება ოჯახს - დომინანტები იძულებულნი არიან რეგულარულად „გაამაგრონ“ თავიანთი ტერიტორიის საზღვრები, რასაც პერიოდული შემოვლითა და შარდით ან ექსკრემენტით მონიშვნით აკეთებენ. თუ უცხო და ურჩი მგელი ამ ნიშნებს ყურადღებას არ მიაქცევს და მაინც შეიჭრება სხვის ტერიტორიაზე, კონფლიქტი გადაუვალია. სწორედ ასეთი კონფლიქტების თავიდან აცილებაა შესაძლებელი საზღვრებს შორის ნეიტრალური ტერიტორიების არსებობით. ეს არის ბუფერული ზონის თავდაპირველი და ევოლუციურად ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია. მაგრამ ამგვარი ზონების არსებობას სხვა საყურადღებო ეკოლოგიური შედეგიც აქვს. ბუფერული ზონა ნაკლებად განიცდის მტაცებლი ზეწოლას და, შესაბამისად, ყველაზე უსაფრთხო ადგილია მსხვერპლი სახეობისათვის. მსხვერპლის დომინანტი ინდივიდები აქ შედარებით მშვიდად მრავლდებიან. ნამატის გაჩენა და კონკურენციის გაძლიერება შედარებით სუსტ ინდივიდებს აიძულებს ბუფერული ზონები დატოვონ და მგლის ოჯახების მიერ უფრო აქტიურად კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისებური სივრცობრივი განაწილების წყალობით მგელი, ერთის მხრივ, თავს არიდებს მეზობლებთან კონფლიქტს, მეორე მხრივ კი, თავისდაუნებურად, მსხვერპლის „საშენს“ აწყობს, რაც საკვები ბაზის გეგმაზომიერ გამოყენებას უზრუნველყოფს.

ნადირობა

მგელი იდეალურ მტაცებლად შეიძლება წარმოვიდგინოთ. მაგრამ, განსხვევებით ბევრი სხვა მტაცებლისაგან, რომლებიც მარტო ნადირობენ, იგი წარმატებული მონადირე მხოლოდ ჯგუფური (კოლექტიური) ნადირობის წყალობით ხდება, რაც ნადირობის დროს ფუნქციების გადანაწილებას

მგლის ლეკვები ჯერ მშობლების მიერ მოტანილი წვრილი ცხოველების ჭამას „სწავლობენ“, მერე კი იმას თუ რომელია მათი პოტენციური მსხვერპლი. მგელში ეტაპობრივად ვითარდება მტაცებლური და მონადირული ქცევა, სწორედ უფროსებისგან ნასწავლისა და საკუთარი გამოცდილების წყალობით ყალიბდება ის წარმატებულ მტაცებლად და მონადირედ. ასე რომ, დასწავლასა და გამოცდილებას მგლის ცხოვრებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.



წყარო

აფთარი, გიურზა და სხვები‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები