მეგრელი დუტუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დუტუ მეგრელი

მეგრელი დუტუ - (დიმიტრი თომას ძე ხოშტარია), (26.X.1867, სოფ. სუჯუნა - 13.III.1938, თბილისი) - ქართველი მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა, სახელმწიფო ხარჯზე, ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო. 1891 წელს ქუთაისში გამოსულ კრებულში „ცდა“ შევიდა დუტუ მეგრელის ფსევდონიმით დაბეჭდილი ლექსები. 1892 წელს გამოსცა პირველი წიგნი „სურათები ჩვენი ცხოვრებიდან“. 1893 წელს ლექსების კრებული „ცრემლები“. 1893 წელს დაბრუნდა საქართველოში, მუშაობდა გადასახადთა ინსპექტორად და საგუბერნიო საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრად ყარსის ოლქსა და ერევნისა და განჯის გუბერნიებში. 1901 წელს დაწერა პოპულარული ლექსი „პატარა ქართველი“.

1917 წლიდან საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში. მუშაობა დაიწყო მეხუთე კლასის საგანგებო საქმეთა მოხელედ ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის სამმართველოში. მუშაობდა საქართველოს დამფუძნებელი კრების საქმეთა სამმართველოში და თბილისის ოლქის სასამართლოს წევრად.

1919 წელს ცალკე წიგნად გამოიცა პოემა „პრომეთე“. 1919 წლის 26 მაისს გაზ. „ერთობაში“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის ლექსი „განთავისუფლდა ამირან გმირი“, რომელიც ივ. გომართელს მიეძღვნა. ასევე, 1919 წელს მონაწილეობა მიიღო ქართულ კლუბში სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდასაჭერ საღამოში. 1920 წლის 5 სექტემბერს სიღნაღში გამართულ ვასილ ბარნოვის 30 წლის მოღვაწეობის იუბილეზე წაიკითხა მოხსენება. 1920 წლის 15 ივლისს მეორე ქართულ კლუბში (პლეხანოვის პროსპ.) გაიმართა საღამო გალაკტიონ ტაბიძის, ვ. რუხაძის, გ. ქუჩიშვილის, დუტუ მეგრელის, რობაქიძის, თაგუნას და სხვ. მონაწილეობით.

საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მუშაობდა საფინანსო კომისარიატში ჯერ განსაკუთრებული საგადასახადო საბჭოს წევრად, ხოლო შემდეგ უფროს რევიზორ-ინსტრუქტორად. დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე, 1968 წელს გადაასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ეკა ჯავახიშვილი

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994;
  • გაზ. „ერთობა“, 15 ივლისი, 1920;
  • გაზ. „სახალხო საქმე“, 28 დეკემბერი, 1919.

იხილე აგრეთვე

დუტუ მეგრელი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები