მეორე მსოფლიო ომი 1939-45

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლონელი ჯარისკაცები. 1939

მეორე მსოფლიო ომი 1939-45 - უდიდესი საერთაშორისო კონფლიქტი, რომელსაც თავისი მასშტაბებით, დაღუპულთა რაოდენობითა და მატერიალური დანახარჯებით ანალოგი არ აქვს მსოფლიო ისტორიაში.

ომში მონაწილეობა მიიღო 61-მა სახელმწიფომ (მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი), სამხედრო მოქმედებები გავრცელდა 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე და აგრეთვე საზღვაო და ოკეანის თეატრებზე.

ომი გამოწვეული იყო ევროპაში გერმანიისა და შორეულ აღმოსავლეთში იაპონიის ექსპანსიონისტური პოლიტიკით. დაიწყო 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანიის ჯარების თავდასხმით პოლონეთზე (გერმანია-პოლონეთის ომი), რომლის შემდეგ ინგლისმა და საფრანგეთმა ომი გამოუცხადეს გერმანიას (3 სექტემბერს).

1940 წელს გერმანიამ, ბლიცკრიგის სტრატეგიით, დაიპყრო დანია, ნორვეგია, ნიდერლანდი, ბელგია, ლუქსემბურგი და საფრანგეთი. დიდი ბრიტანეთის დამარცხება გერმანელებმა ვერ შეძლეს, რადგან ვერ მოიპოვეს ჰაერში უპირატესობა (ინგლისისათვის ბრძოლა).

იტალია, ალბანეთის ანექსიის (1939) შემდეგ, გერმანიის მოკავშირე გახდა. 1941 წელს მათ დაიპყრეს იუგოსლავია, საბერძნეთი და გაინაწილეს მათი ტერიტორიები (ბალკანეთის კამპანია).

გერმანელი ჯარისკაცები საჰაერო თავდასხმის შემდეგ ცხედრებს ათვალიერებენ

1941 წლის 22 ივნისს გერმანია თავს დაესხა სსრ კავშირს (გერმანია-სსრ კავშირის ომი).

ჩრდილოეთ აფრიკაში ინგლისელთა გამარჯვებამ იტალიის ჯარებზე აიძულა გერმანია აფრიკაში გადაესროლა თავისი საექსპედიციო კორპუსი (ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიები).

1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიის თავდასხმით ფერლ-ჰარბორზე ომში ჩაბმული აღმოჩნდა აშშ. იაპონიის ჯარებმა სწრაფად დაიკავეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები (წყნარი ოკეანის კამპანიები).


1942 წლიდან მოვლენები ევროპაში გერმანიისათვის არასახარბიელოდ განვითარდა. ჩრდილოეთ აფრიკაში იტალიისა და გერმანიის ჯარების დამარცხების შემდეგ ინგლის-ამერიკის არმიები გადასხდნენ იტალიაში (იტალიის კამპანია), რომელიც იძულებული იყო სეპარატული ზავი დაედო (1943 წლის სექტემბერი). 1944 წელს გერმანიის ჯარები გააძევეს სსრ კავშირის თითქმის მთელი ტერიტორიიდან და წითელი არმია ევროპის ქვეყნებში შეიჭრა. ამავე წლის ივნისში ინგლის-ამერიკის ჯარები გადასხდნენ საფრანგეთში (ნორმანდიის სადესანტო ოპერაცია), სადაც გაიხსნა მეორე ფრონტი. მიუხედავად გერმანიის არმიის წინააღმდეგობისა (არდენების ოპერაცია), მიადგნენ გერმანიის საზღვრებს.

მოკავშირეები, ანტიჰიტლერული კოალიცია (აშშ, სსრ კავშირი, დიდი ბრიტანეთი), ერთმანეთს შეხვდნენ მდინარე ელბაზე (1945 წლის აპრილი). 2 მაისს საბჭოთა ჯარებმა აიღეს ბერლინი (ბერლინის ოპერაცია), გერმანიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს უსიტყვო კაპიტულაციის აქტს (1945 წლის 8 მაისი).

იაპონია წინააღმდეგობას განაგრძობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მის ტერიტორიაზე 1945 წლის აგვისტოში აშშ-მა ჩამოაგდო 2 ატომური ბომბი (ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვა), კაპიტულაცია გამოაცხადა (1945 წლის სექტემბერი). მიახლოებითი მონაცემებით, მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა 50 მლნ-ზე მეტი და დასახიჩრდა 28 მლნ. ადამიანი. პირდაპირმა სამხედრო ხარჯებმა შეადგინეს 1384 მილიარდი დოლარი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები