მე-7 დღის ადვენტისტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უილიამ მილერი

ადვენტიზმი (ლათ. Adventus - მოსვლა) განეკუთვნება ქრისტიანობის ერთ-ერთ პროტესტანტულ მიმდინარეობას. სახელწოდება გამოხატავს მის საღვთისმეტყველო სპეციფიკას - ქრისტეს მეორედ მოსვლის მოლოდინს.

დღეს მეშვიდე დღის ადვენტისტები წარმოადგენენ დინამიკურად მზარდ მსოფლიო ქრისტიანულ ეკლესიას, რომელსაც 208 ქვეყანაში ჰყავს წევრები და, რომელიც 735 ენაზე ქადაგებს. მეშვიდე დღის ადვენტისტთა რაოდენობა 25 მილიონს აღემატება მოზარდების ჩათვლით. (2006 წ. 30 ივნისის მონაცემი).

სარჩევი

ისტორია

ადვენტისტური მოძრაობის ისტორია (და არა უშუალოდ მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიისა) იწყება XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან, როდესაც ერთ-ერთი ბაპტისტი ფერმერი, უილიამ მილერი, წმ. წერილის გამოკვლევისა და შესწავლის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ 1844 წლის 22 ოქტომბერს ქრისტეს მეორედ მოსვლა უნდა მომხდარიყო. ამ დროისათვის ყალიბდება ადვენტისტთა რელიგიური მოძრაობა, რასაც შედეგად რამდენიმე ეკლესიის წარმოშობა მოჰყვა. ამ ეკლესიათა შორის ყველაზე მსხვილ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა მეშვიდე დღის ქრისტიან ადვენტისტთა ეკლესია (აქვე უნდა აღინიშნოს იმ არასწორი შეხედულების შესახებაც, რომლის მიხედვით ადვენტისტურმა ეკლესიამ თითქოს რამდენჯერმე იწინასწარმეტყველა ქრისტეს მეორედ მოსვლის თარიღი. სინამდვილეში ეს ერთხელ მოხდა და, როგორც ზემოთ ვთქვით, იგი უილიამ მილერის სახელს უკავშირდება, იმ დროს კი ადვენტისტური ეკლესია, როგორც ასეთი, ჯერ არც არსებობდა).

საერთოდ, XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დამდეგს ახალი ტალღის გაძლიერება შეინიშნება ქრისტეს მეორედ მოსვლისადმი განსაკუთრებული ინტერესის თვალსაზრისით. იეზუიტი მღვდელის მანუელ დე ლაკუნზის წიგნი „მესიის დიდებით მოსვლა“ მრავალ ენაზე ითარგმნება ამ პერიოდში. ლუთერანი ღვთისმეტყველის იოჰან ბენგელის აპოკალიფსური შეხედულებებიც დიდ გავლენას ახდენს გერმანიისა და ინგლისის საეკლესიო წრეებზე. მეორედ მოსვლის ყველაზე უფრო ცნობილ მქადაგებელთა შორის შეიძლებოდა დაგვესახელებინა ედვარდ ირვინგი (ინგლისი), ლუის ჰაუსენი (შვეიცარია), იოჰან რიხტერი (გერმანია) და სხვ. აშშ-ში კი ამ თემას მთავარი ადგილი უკავია უილიამ დევისის, იოსებ ვოლფის, თომას კემპელისა და, ზემოთ უკვე ნახსენებ, უილიამ მილერის ნაშრომებში. ეს ავტორები დიდი ინტერესით ეკიდებოდნენ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს.

მეშვიდე დღის ქრისტიან ადვენტისტთა ეკლესიის განვითარება და ფორმირება მჭიდროდ არის დაკავშირებული ელენე უაითის (1827-1915) სახელთან. მისმა საღვთისმეტყველო ნაშრომებმა, რომლებიც 50-მდე ტომს შეადგენს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ ეკლესიის მოძღვრების ჩამოყალიბებაში.

ეკლესიის სახელწოდების პირველი ნაწილი - „მეშვიდე დღის“ - გულისხმობს შაბათი დღის მეშვიდე დღედ აღიარებას უფლის მეოთხე მცნების თანახმად, ანუ ეს დღე ყოველდღიური საქმეებისაგან დასვენებისა და ღვთისმსახურების დღეა, განსხვავებით სხვა ქრისტიანული ეკლესიებისგან, რომელთათვისაც ასეთ დღეს კვირა წარმოადგენს. ეს სახელწოდება ეკლესიას, ოფიციალურად, 1860 წლიდან ჰქვია. უკვე XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან ადვენტისტი მისიონერები ქადაგებენ ევროპაში, აფრიკასა და აზიაში.

რუსეთში ადვენტიზმის მიმდევრები 1880-იან წლებში გამოჩნდნენ სამხრეთ უკრაინისა და ჩრდილო კავკასიის გერმანელ კოლონისტებს შორის. 1890 წელს სტავროპოლში ჩამოყალიბდა პირველი ადვენტისტური საკრებულო. თავდაპირველად ადვენტისტები იდევნებოდნენ ხელისუფლებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან. თუმცა პოლიტიკაში ჩაურევლობის ხაზგასმულმა პოზიციამ გაადვილა მათი ლეგალიზაცია 1906 წელს, რის შედეგადაც ადვენტისტები უფლებებით ბაპტისტებს გაუთანაბრდნენ. 1917 წლისათვის მათი რიცხვი დაახლ. 7 ათასი იყო.

1920-იან წლებში მიმდევართა რაოდენობა და ეკლესიის გავრცელების არეალი შესამჩნევად გაიზარდა, ჩამოყალიბდა მრავალი ახალი საკრებულო. 20-იან წლებში რუს ადვენტისტებს შორის განხეთქილება მოხდა ხელისუფლებასთან დამოკიდებულებისა და ჯარში მსახურების საკითხებთან დაკავშირებით. გამოყოფილი ნაწილი ადვენტისტ-რეფორმისტების სახელით არიან ცნობილნი.

1930-იან წლებში ადვენტისტებმა, სხვა კონფესიებთან ერთად, საბჭოთა ხელისუფლებისგან მძიმე რეპრესიები განიცადეს. მხოლოდ 1945-46 წლებში მოხერხდა რამდენიმე ათეული საკრებულოს ხელახალი რეგისტრაცია. თუმცა ეს უკანასკნელნი 1960 წელს კვლავ ლიკვიდირებულ იქნენ ხელისუფლების მიერ.

მხოლოდ 1981 წლისთვის მოხერხდა ადვენტისტური საკრებულოების გაერთიანება რუსეთის ტერიტორიაზე. 1990 წელს გენერალურ კონფერენციაზე ინდიანოპოლისში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ევროაზიური დივიზიონის შესაქმნელად.

მოძღვრება და პრაქტიკა

ადვენტისტურ ეკლესიაში აღესრულება ნათლობის, ზიარების, ზეთისცხების, ხელდასხმისა და ქორწინების საიდუმლოებები. ქალთა ხელდასხმა დაშვებული არ არის, თუმცა ისინი ერთობ აქტიურ როლს ასრულებენ ეკლესიაში. სხვადასხვა სახის საქმიანობასთან ერთად, მათ ქადაგების უფლებაც აქვთ.

ადვენტისტურ ეკლესიაში არ არსებობს სტაბილურად დადგენილი სამარხვო პერიოდები. ეკლესია თავად ნიშნავს მარხვის დღეებს. მარხვა კი ადვენტისტურ ეკლესიაში გულისხმობს საკვებისგან სრულ თავშეკავებას. მარხვის შენახვა ნებაყოფლობითია, მის ხანგრძლივობას კი თვითონ მარხული განსაზღვრავს. ადვენტისტები არ ჭამენ ბიბლიაში მოხსენიებულ უწმინდურ ცხოველთა ხორცს, საერთოდ არ მიირთმევენ ალკოჰოლურ სასმელებს, რეკომენდებულია ჩაისა და ყავისაგან თავშეკავება კოფეინის შემცველობის გამო.

სხვა ქრისტიანებისგან განსხვავებით, ადვენტისტებისთვის უქმე და ღვთისმსახურებისთვის განკუთვნილი დღე არის შაბათი. ამ დღეს ისინი თავს იკავებენ მუშაობისგან, სასწავლო დაწესებულებებში სიარულისგან, ვაჭრობისაგან, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ წესების ფორმალისტური დაცვა არ ევალებათ.

ადვენტისტთა ეკლესია ღიაა საზოგადოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეკუმენურ მოძღვრებას არ იზიარებენ, ადვენტისტებს თითქმის ყველა კონფესიათაშორის კომიტეტში ჰყავთ წარმომადგენლობა, მონაწილეობენ დიალოგებში და მზად არიან ითანამშრომლონ სხვა ორგანიზაციებთან სოციალურ სფეროში.

ეკლესია კანონმორჩილებას მიიჩნევს აუცილებელ პირობად მორწმუნეებისთვის, ხოლო თავის მხრივ, იღწვის რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დასაცავად. ამის დასტურია რელიგიის თავისუფლების განყოფილების არსებობა ამ ეკლესიაში და ადვენტისტთა მიერ ინიცირებული და ჩამოყალიბებული მსოფლიო ორგანიზაცია IRLA („რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ასოციაცია“). აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში ეკლესიის ჩაურევლობა მისი მნიშვნელოვანი პრინციპია.

სოციალური და საგანმანათლებლო მსახურება

მიუხედავად აშკარად გამოხატული ესქატოლოგიური მიმართულებისა, ადვენტისტთა ეკლესია იმთავითვე დიდ ყურადღებას უთმობდა საზოგადოებრივი ცხოვრების სოციალურ მხარეს - განათლების, ჯანდაცვის სფეროებს, ქველმოქმედებას.

ეკლესიის ყურადღების ცენტრში იყო მოწყალების საქმეც. იგი თავის საქველმოქმედო საქმიანობას 1893 წელს ჩამოყალიბებული საქველმოქმედო ასოციაციის მეშვეობით ახორციელებდა. 1894 წელს გაიხსნა პირველი თავშესაფარი ობოლი ბავშვებისათვის. ეკლესია აარსებდა უფასო სასადილოებს უპოვართათვის, აგებდა ღამის გასათევ შენობებს უსახლკაროთათვის.

მსოფლიოში ადვენტისტებს გახსნილი აქვთ 169 საავადმყოფო და სანატორიუმი, 393 კლინიკა და დისპანსერი, 128 მოხუცებულთა სახლი, 33 ბავშვთა სახლი.

განვითარებისა და დახმარების ადვენტისტური სააგენტო (Adventist Development and Relief Agency ADRA) მეშვიდე დღის ქრისტიან ადვენტისტთა ეკლესიამ 1984 წელს დააფუძნა. დღეს ADRA წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციას, რომელსაც თავისი წარმომადგენლობები აქვს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში (არსებობს საქართველოს ფილიალიც - ADRA Georgia). მისი საქმიანობის ძირითადი სფეროებია: სტიქიური უბედურობების დროს დაზარალებულებისათვის დახმარების აღმოჩენა, საზოგადოდ, ჰუმანიტარული პროგრამების განხორციელება, ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის ხელშეწყობა. „განვითარებისა და დახმარების ადვენტისტური სააგენტო“ არ ეწევა მქადაგებლურ საქმიანობას და ეხმარება ყველა ადამიანს, მიუხედავად ეროვნებისა და რელიგიური მრწამსისა.

ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი ადვენტისტთა ეკლესიისა ის არის, რომ იგი დიდ ყურადღებას უთმობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. ეკლესია გამოსცემს წიგნებს, ჟურნალებს, რომლებშიც მოცემულია რაციონალური კვების პრინციპები, დიდი ადგილი უჭირავს ანტინიკოტინურ და ანტიალკოჰოლურ პროპაგანდას. მთავარი აქცენტი გადატანილია დაავადებათა პროფილაქტიკაზე. მოქმედებს პროფილაქტიკური და სამკურნალო ცენტრები. ადვენტისტური სანატორიუმი ბეთლქრექში (აშშ) XIX საუკუნის ბოლოს ჯანმრთელობის უმსხვილეს ცენტრად ითვლებოდა. ეკლესია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, აგრეთვე სამედიცინო დარგის სპეციალისტების მომზადებას, რადგან მიაჩნია, რომ ქრისტიანობა მხოლოდ ადამიანის სულს კი არ უნდა კურნავდეს, არამედ მის სხეულსაც.

მსოფლიო მასშტაბით ფუნქციონირებს ეკლესიის მიერ გახსნილი 99 კოლეჯი და უნივერსიტეტი, კვალიფიკაციის ამაღლების 37 ინსტიტუტი. ადვენტისტურმა ეკლესიამ დააარსა 338 გამომცემლობა, რომლებიც ბეჭდურ პორდუქციას უშვებენ 338 ენაზე, აქვს რადიოსადგურები და რადიოსტუდიები, რომლებიც მაუწყებლობენ 74 ენაზე. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედებენ ადვენტისთა ტელესტუდიები და მედიაცენტრები. 2003 წლიდან ჰოთბერდის (Hotbird) თანამგზავრის მეშვეობით მიმდინარეობს მუდმივი მაუწყებლობა Hope Channel-ის არხზე.

ადვენტისტურ ეკლესიას რუსეთში, ტულის ოლქში, საკუთარი უმაღლესი სასწავლებელი აქვს, ე.წ. ზაოკსკის აკადემია (დღეს უკვე ზაოკსკის ადვენტისტური უნივერსიტეტი. ამ უნივერსიტეტში შედის სასულიერო აკადემია და ქრისტიანული ჰუმანიტარულეკონომიკური ინსტიტუტი).

ადვენტისტური ეკლესია საქართველოში

პირველი ოფიციალური ადვენტისტი მისიონერი საქართველოში შემოდის 1904 წელს. ეს იყო ვაგან პანპანიანი, რომლის ძალისხმევითაც უკვე 1909 წლისთვის სოხუმში ჩამოყალიბდა ადვენტისტური საკრებულო. შემონახულია ცნობა, რომლის მიხედვითაც, მანამდე, 1822 წელს, თბილისში ამერიკელი მისიონერი იოსებ ვოლფი ჩამოსულა, მაგრამ დიდხანს არ დარჩენილა საქართველოში. 1906 წელს ამერიკიდან თბილისში საქადაგებლად ჩამოდის, აგრეთვე, ალბერტ ოზელი.

1925 წელს თბილისში ტარდება ადვენტისტურ ეკლესიათა ტრანსკავკასიური ყრილობა. ამის შემდეგ კომუნისტური ხელისუფლებისგან სასტიკი რეპრესიების შედეგად ადვენტისტური ეკლესია საქართველოში თითქმის წყვეტს თავის არსებობას. ამგვარი მდგომარეობა გაგრძელდა 1957 წლამდე.

1957 წელს მოსკოვიდან თბილისში ჩამოდის ადვენტისტი მქადაგებელი პავლე პანჩენკო. იგი სამ წელიწადს მოღვაწეობს თბილისში. 1960 წლისთვის მან მოახერხა 52 წევრის შეკრება, თუმცა მალევე ყველა მათგანი რეპრესიაში მოყვა. პავლე პანჩენკო კი საქართველოდან გაასახლეს.

1977 წელს ერევნიდან ჩამოდის იოჰან დრელინგი, ხოლო ბაქოდან - პავლე ლაგუტოვი. მათ, ფაქტობრივად, თავიდან მოუწიათ გაბნეული ადვენტისტების მოგროვება. მათი დაარსებულია ლოტკინის მთაზე პირველი ადვენტისტური ეკლესია, რომელმაც რეგისტრაცია 1982 წელს გაიარა.

1994 წელს ზაოკსკის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხნენ პირველი ქართველი „მსახურები“ („მსახური“ ადვენტისტურ ეკლესიაში დამწყები პასტორის წოდებაა). ესენი არიან: სერგო ნამორაძე და ბაგრატ გოგიაშვილი. დღესდღეობით პირველი მათგანი თელავის საკრებულოს პასტორია, ხოლო მეორე - რუსთავისა (სერგო ნამორაძეს ენდრიუსის უნივერსიტეტის (აშშ) თეოლოგიური ფაკულტეტის მაგისტრატურაც აქვს დამთავრებული).

2001 წლამდე საქართველოს ადვენტისტები მიეკუთვნებოდნენ ტრანსკავკასიის გაერთიანებას, რომელშიც შედიოდნენ, აგრეთვე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საკრებულოები. 2001 წლის ნოემბერში ჩამოყალიბდა საქართველოს მეშვიდე დღის ადვენტისტურ ეკლესიათა გაერთიანება, რომელსაც ამჟამად მოლდაველი პასტორი ვალენტინ გრუბი ხელმძღვანელობს (ამ პოსტზე იგი 2007 წლის იანვარში აირჩიეს, მანამდე ეს თანამდებობა პასტორ პეტრე ლაგუტოვს ეკავა, ხოლო შემდეგ პასტორ გრიგოლ წამალაშვილს). ადვენტისტური ეკლესიის ხელმძღვანელის არჩევნები ყოველ ოთხ წელიწადში ტარდება. ამჟამად ადვენტისტურ ეკლესიას 12 ხუცესი ჰყავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ეკლესიის წევრთა საერთო რაოდენობა 400-ს არ აღემატება (შედარებისთვის: აზერბაიჯანში ადვენტისტთა რაოდენობა თითქმის სამჯერ მეტია, ხოლო სომხეთში - ოთხჯერ).

2005 წლის მარტში ადვენტისტურმა ეკლესიამ განახორციელა პირველი სატელიტური სამქადაგებლო პროგრამა ევრაზიაში: კიევიდან პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცა პასტორ მარკ ფინლის ქადაგებები. ამ პროგრამაში საქართველოში მოქმედი ადვენტისტური ეკლესიაც მონაწილეობდა. საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში მორწმუნეებს შეეძლოთ ამ ქადაგებებზე დასწრება. მსგავსი პროგრამა 2007 წელსაც განხორციელდა.


დავით თინიკაშვილი

წყარო

რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბილისი, 2008. - 440 გვ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები