მთიულეთის აჯანყება 1804

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთიულეთის აჯანყება 1804 - ანტიკოლონიური აჯანყება აღმოსავლეთ საქართველოს მთიულეთში.

ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების და რუსული კოლონიური რეჟიმის დამყარების შემდეგ საქართველოს სამხედრო გზის გასწვრივ მცხოვრებ მთიულებს მძიმე დრო დაუდგათ. ამ გზაზე მიმომავალი რუსთა ჯარებისთვის მთავრობა მოსახლეობისაგან გზის ხშირ შეკეთებას, ტრანსპორტისა და სურსათის მიწოდებას და სხვა სამსახურს მოითხოვდა. ამას ემატებოდა მოხელეთა თვითნებობა და უსამართლობა. თავისუფლებისმოყვარე მთიულებმა ვერ აიტანეს ჩაგვრა და შეურაცხყოფა და რუსების წინააღმდეგ ბრძოლა გააჩაღეს.

აჯანყება დაიწყო 1804 წლის მაისში. ივნის-აგვისტოში განმათავისუფლებელი ბრძოლა გაფართოვდა, აჯანყებულ მთიულებს მიემხრნენ გუდამაყრელები, ფშაველები, ხევსურები, ოსები, ქართლელების და კახელების ნაწილი. საქართველოს სამხედრო გზა რუსებისთვის გადაიკეტა. მოძრაობას სათავეში ჩაუდგა ფარნაოზ ბატონიშვილი, ერეკლე II-ის ძე. აჯანყებულები ქართული სამეფოს აღდგენაზე ოცნებობდნენ.

მთიულეთის აჯანყება დაემთხვა რუსეთსა და ირანს შორის დაწყებულ ომს (რუსეთ-ირანის ომი 1804-13). საქართველოს მთავარმართებელი პ. ციციანოვი, რომელიც ერევანზე სალაშქროდ იყო წასული, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. იგი სექტემბერში თბილისში დაბრუნდა და აჯანყებულების წინააღმდეგ დაიძრა; რუსეთიდან კი მათ მეორე რაზმმა შემოუტია. აჯანყებულებმა ვერ შეძლეს რეგულარული ჯარის წინააღმდეგ დიდხანს ბრძოლა და დამარცხდნენ (1804 წლის ოქტომბერი). რუსები სასტიკად გაუსწორდნენ მოსახლეობას, გაანადგურეს და გადაწვეს სოფლები. ფარნაოზ ბატონიშვილი შეიპყრეს და რუსეთში გადაასახლეს.

მთიულეთის აჯანყება საქართველოში პირველი მასობრივი შეიარაღებული გამოსვლა იყო რუსეთის წინააღმდეგ. აჯანყების შედეგად რუსული ადმინისტრაცია იძულებული გახდა სამხედრო გზაზე მუშაობისათვის სათანადო ქირა დაეწესებინა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები