მიწათმოქმედების სამინისტრო (1918-1921)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:06, 6 აგვისტო 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიწათმოქმედების სამინისტრო - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაში მნიშვნელოვან სახელმწიფო ორგანოს წარმოადგენდა. 1918 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე მთავრობის ფორმირებისას, ცალკე ორგანოდ ჩამოყალიბდა მიწათმოქმედების სამინისტრო. მიწათმოქმედების მინისტრად სოციალ-დემოკრატი ნოე ხომერიკი შეირჩა, მის მოადგილედ კი - პეტრე გელეიშვილი.

სამინისტროს უმთავრეს ფუნქციად თავიდანვე აგრარული რეფორმის მომზადება და განხორციელება განისაზღვრა. ქართული სახელმწიფო კანონმდებლობის შემუშავებამდე სამინისტროს საქმიანობა ამიერკავკასიის სეიმის 1918 წლის 20 (7) მარტს მიერ მიღებულ კანონს ეყრდნობოდა. ამიერკავკასიის აგრარული რეფორმის კანონი მრავალ ნაკლს შეიცავდა, რის გამოც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა ქართულ რეალობაზე მორგებული საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, პარლამენტთან ერთად ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდა თავად მინისტრი ხომერიკიც. მიწათმოქმედების სამინისტროს სტრუქტურა შემდეგი განყოფილებებისგან შედგებოდა:

ა) აგრარული რეფორმის განყოფილება; ბ) სახელმწიფო მამულთა განყოფილება; გ) იურიდიული განყოფილება; დ) საიჯარო განყოფილება; ე) გადასახადების განყოფილება; ვ) შინა-მრეწველობის განყოფილება; ზ) სატყეო განყოფილება.

სამინისტროს საქმიანობას უმნიშვნელოვანესი გავლენა ჰქონდა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაზე, თავდაპირველად აგრარული რეფორმის შეფერხებამ კარგი ნიადაგი მისცა ბოლშევიკურ ჯგუფებს ანტისამთავრობო გამოსვლებისათვის, თუმცა აგრარული რეფორმის ამოქმედებისა და რეალობაში გატარების შემდეგ ამ მიზეზით აჯანყებებს ადგილი აღარ ჰქონია. 1919 წლის 28 იანვარს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა აგრარული რეფორმის კანონი, რის შემდეგაც მიწათმოქმედების სამინისტრო მის გატარებას შეუდგა. სამინისტროს საქმიანობის უმთავრესი საკითხი თავდაპირველად მიწების მემამულთაგან ჩამორთმევა, საერთო ფონდის შექმნა და შემდგომში მისი სამართლიანი განაწილება იყო. სამინისტრომ საკუთრება 4000-მდე მსხვილ მემამულეს ჩამოართვა, ჯამში, 640 000 ჰა. სამინისტროს განკარგულებაში არსებული მიწის ფონდი, რომელიც სახნავ-სათეს და ბაღების გარდა ტყეებსა და საძოვრებსაც მოიცავდა, 3 900 000 ჰექტარი შეადგინა. სამინისტრომ, კანონის შესაბამისად, მიწის განაწილება დაიწყო, მიწა თითქმის სიმბოლურ ფასად - ჰა დაახლოებით 400-1000 მანეთამდე - გადაეცემოდათ გლეხებს კერძო საკუთრებაში. საბოლოო ჯამში, სამინსიტროს გეგმით, სასოფლო-სამეურნეო მიწა 290000 მცირემიწიან გლეხს უნდა გადასცემოდა. სამინისტრო ტყეებსა და საძოვრებს ძირითადად ერობებს გადასცემდა გამოსაყენებლად, თუმცა სამრეწველო და რეკრეაციული დანიშნულების ტყეები სახელმწიფო საკუთრებად ცხადდებოდა. მიწათმოქმედების სამინისტრომ ყოფილი საიმპერატორო მამულების ნაწილი სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა, ნაწილი კი (ძირითადად ვენახები) სამრეწველო დანიშნულებას ატარებდა, რომლის უმეტესი ნაწილის შემდგომში სანერგე თუ სხვა მსგავსი სამუშაოებისათვის გამოყენებას გეგმავდა. მიწათმოქმედების სამინისტრო, გარდა არსებული მიწის ფონდისა, გეგმავდა დამატებით 65 000 ჰა ახალი ფონდის შექმნას, რომელსაც ტყე-ბუჩქნარების გაწმენდით, ჭაობების დაშრობითა და საირიგაციო სისტემით სტეპების ათვისებით მიიღებდა.

1920 წლის 3 დეკემბერს მიწათმოქმედების მინისტრმა ნოე ხომერიკმა თანამდებობა დატოვა, მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ მინისტრის თანამდებობაზე სოციალ-დემოკრატი დავით ონიაშვილი დანიშნა.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • ვ. ვოიტინსკი, „ქართული დემოკრატია“, თბ., თსუ, 2018;
  • სცსა, ფ. 1915, აღწ. 2, საქ. 12, 13, 14, 63, 64.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები