მიწა (გაზეთი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიწა - (1920-1921) - მიწის მესაკუთრეთა ეროვნული პარტიის ორგანო. 1921 წლიდან ყოველდღიური, ოთხგვერდიანი გაზეთი, ყოველკვირეული გახდა. გამოიცემოდა თბილისში. რედაქტორ - გამომცემელი გრიგოლ ვეშაპელი (ვეშაპიძე), მისი მოადგილე იყო გიორგი ლეონიძე, რომელმაც 1920 წლის რამდენიმე ნომერს რედაქტორის ნაცვლად მოაწერა ხელი. სულ გამოვიდა 45 ნომერი.

გაზეთის თემატიკა მრავალფეროვანია. მასში აისახებოდა იმ პერიოდის საქართველოს ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა; იბეჭდებოდა როგორც ქვეყნის ეკონომიკური, ისე პოლიტიკური ცხოვრების ამსახველი პუბლიკაციები, აგრეთვე, სტატიები უცხოეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ. გამოცემა განსაკუთრებით აკრიტიკებდა მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას და, საზოგადოდ, მის მიერ გატარებულ საშინაო პოლიტიკას. მთავარი ტენდენციაა ნაციონალური იდეოლოგიის ერთგულება, ეროვნული პრობლემების მწვავედ წარმოჩენა. გაზეთი გამოირჩევა პრაქტიკული მიზანდასახულობით. აქტიურად უჭერს მხარს სამუსლიმანო საქართველოსათვის ავტონომიის მინიჭებას: „სამუსლიმანო საქართველოს დაუყოვნებელი ავტონომია“, „სამუსლიმანო საქართველოს ავტონომიისათვის“ და სხვ. ხშირად იბეჭდება პუბლიკაციები აჭარასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, აგრეთვე, ამ რეგიონში ინგლისისა და რუსეთის ინტერესებზე. მაგ., „ინგლისის განზრახვანი ბათუმში და რუსეთის პროტესტი“, „ჩიჩერინის ნოტა ბათუმის შესახებ“ და სხვ. გაზეთი აქტიურად განიხილავს ოსმალეთის საკითხს. მაგ., „ანტანტა და ქემალი“, „საფრანგეთი და ქემალი“, „სტამბოლი და ქემალისტები“, „მუსტაფა ქემალის პირობები“ და სხვა. მუდმივად აშუქებს სომხეთ-ოსმალეთის ომის მიმდინარეობას. „ეკონომიკური პოლიტიკისათვის“ - ამ რუბრიკით დაიბეჭდა რ. გაბაშვილის რამდენიმე წერილი: „შრომის ბეგარა“ , „იძულებითი სესხი“, „იძულებითი პური“. „მიწა“ დიდ ადგილს უთმობს ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულების საკითხს. გაზეთი უყურადღებოდ არ ტოვებს ქართული კულტურის ისტორიულ ძეგლებს: „შიომღვიმის მონასტერი“, „ბედია და ბედიის ტაძარი“. წერილებს გელათის მონასტრის შესახებ მთლიანად დაეთმო 1920 წლის 5 დეკემბერის (№30) გაზეთი. „მიწაში“ სისტემატურად ქვეყნდება განცხადებები და რეკლამები. მაგ., განცხადებას „ქიზიყ-კახეთის სავაჭრო სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ბანკის აქციონერთა პირველი დამფუძნებელი კრება“

1920 წლის დეკემბრის ნომრების პირველი გვერდი თითქმის მთლიანად დაეთმო. გაზეთის მუდმივი რუბრიკებია: „უცხოეთის დეპეშები“, „საქართველოს ქრონიკა“, „რუსეთის ცნობები“ და სხვ. თითქმის ყველა ნომერში ვხვდებით: „პრესის მიმოხილვას“, „უცხოეთის დეპეშებს“, „საქართველოს ქრონიკას“, „რუსეთის ცნობებს“, იშვიათად იბეჭდება ფელეტონები და ლექსები.

მარი წერეთელი


ლიტერატურა

  • გაზ. „მიწა“, 1920, №1 (2/XI) - №40 (26/XII). 1921 №1 (იანვ. ) - №5 (30/I. );
  • გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, თბ., 1947.

იხილე აგრეთვე

საქართველოს გაზეთები

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები