მობილიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მობილიზაციაომის მიზნების მისაღწევად სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების კომპლექსი, რომელთა მიზანია არსებული რესურსების, ძალების და საშუალებების აქტიურ მდგომარეობაში მოყვანა, თავის მოყრა. ეს პრაქტიკულ გამოხატულებას პოულობს ქვეყნის შეიარაღებული ძალების, ეკონომიკის და სახელმწიფო ინსტიტუტების (საერთო მობილიზაცია) ან მათი რაიმე ნაწილის (ნაწილობრივი მობილიზაცია) სამხედრო მდგომარეობაზე გადაყვანაში. შეიძლება განხორციელდეს ღია ან ფარული ხერხით. მობილიზაციის გამოცხადება არის სახელმწიფოს მეთაურის (პრეზიდენტის) და სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების კომპეტენცია. მობილიზაციის გამოყენება დაიწყო მასობრივი არმიების შექმნის შემდეგ, რომლებიც კომპლექტდებოდა საყოველთაო სამხედრო ბეგარის საფუძველზე (XVIII–XIX საუკუნეები).

მობილიზაციის შინაარსში არსებითი ცვლილებები შეიტანეს XX საუკუნის დამდეგის ომებმა და განსაკუთრებით პირველმა მსოფლიო ომმა, რომელმაც მოითხოვა არმიაში ადამიანების უზარმაზარი რესურსების მოზიდვა და სახელმწიფოს ეკონომიკის დიდი დაძაბვა. II მსოფლიო ომმა კიდევ უფრო მეტად გამოავლინა ომისა და ეკონომიკის ურთიერთდამოკიდებულება, მნიშვნელოვნად გაიზარდა მობილიზაციის მასშტაბი. მობილიზაციის ძირითად შინაარსს შეადგენს შეიარაღებული ძალებისა და ეკონომიკის მობილიზაცია.

ეკონომიკის მობილიზაცია

შეადგენს ქვეყნის საერთო მობილიზაციის ძირითად ნაწილს იმ მიზნით, რომ გაიშალოს იარაღის, სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალების, ეკიპირების, აღჭურვილობისა და სხვა მატერიალური საშუალებების მასობრივი წარმოება. აღნიშნული საშუალებები ომის მსვლელობის დროს საჭიროა შეიარაღებული ძალების, სახელმწიფო საქმიანობისა და მოსახლეობის საჭიროებების ყოველმხრივი უზრუნველყოფისათვის.

მოიცავს:

  • სამრეწველო წარმოების გაშლას,
  • კავშირგაბმულობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის ორგანოებისა და საშუალებების მუშაობის გარდაქმნას,
  • ადამიანური რესურსების გადანაწილებას და სხვა.

შეიარაღებული ძალების მობილიზაცია

შეიარაღებული ძალების მობილიზაციის არსია ჯარებისა და ფლოტის ძალების გეგმაზომიერი გადაყვანა ომიანობის დროის ორგანიზაციასა და შემადგენლობაზე. ამასთან, იზრდება შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა რეზერვში მყოფი მოქალაქეების მობილიზაციით გაწვევის ხარჯზე, ხორციელდება ჯარების მობილიზაცია, ახალი სამხედრო ფორმირებების გაშლა და საბრძოლო შერწყმა.

შეიარაღებული ძალების მობილიზაციის წარმატებით ჩატარების ფაქტორებია:

  • მომზადებული ადამიანების რესურსის არსებობა,
  • შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სხვა მატერიალური საშუალებების საჭირო მარაგი,
  • მიწერილი შემადგენლობის და სამობილიზაციო სატრანსპორტო საშუალებების მოგვარებული სამხედრო აღრიცხვა,
  • შეტყობინება და შეგროვება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები