მოზაიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოზაიკა - ფრანგ. Mosaique. გამოსახულება, რომელიც შედგენილია ცემენტის ფენაზე დამაგრებული, ერთმანეთთან მჭიდროდ მიწყობილი ფერადი კენჭების, სხვადასხვა ფერის მინის (სმალტის), მარმარილოს, ემალისა და სხვ. პატარ-პატარა ნაჭრებისაგან;

ურუქი.
მესოპოტამია ძვ. წ. III ათასწლეული.

მოზაიკური გამოსახულების მისაღებად, სხვადასხვა გეომეტრიული ფორმის მასალას ამაგრებენ კირის, ცემენტის ხსნარზე და ან სანთლის ფენაზე. არსებობს მოზაიკის აწყობის 2 ხერხი: „პირდაპირი“, როცა მასალა უშუალოდ მაგრდება მისთვის განკუთვნილ ზედაპირზე; და „არაპირდაპირი“, როცა მას ჯერ მუყაოზე, ქსოვილსა და სხვა მაგარ ზედაპირზე აწყობენ და მოგვიანებით გადააქვთ კონკრეტულ ადგილას. მოზაიკის მასალა, როგორც წესი, მყარი და გამძლეა.

სარჩევი

განვითარების ისტორია

მოზაიკის ხელოვნება 4 000 წელზე მეტს ითვლის. თავდაპირველად დეკორატიულ ფიგურებს ფონზე თიხის ნატეხებით გამოსახავდნენ. ძვ. წ.-ით VIII საუკუნისთვის უკვე არსებობდა მოკირწყლული ბილიკები, რომლებიც სხვადასხვა ფერის კენჭებით იყო გაფორმებული. თუმცა, ეს უფრო არასტრუქტურირებული დეკორაციები იყო. ძვ.წ. IV საუკუნეში, ბერძნებმა კენჭებით გაფორმებას ხელოვნების სახე მისცეს და ზუსტი გეომეტრიული ფიგურების, ცხოველებისა და ცხოვრებისეული სცენების გამოსახვა დაიწყეს.

რომაული მოზაიკა კიოლნი.
კერამიკა და კენჭები

ძვ. წ. 200 წლისთვის, სპეციალური ნაწილების (ტესერების) დამზადებისას, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ ნამუშევრის დეტალებსა და ფერთა სპექტრს. პატარა ტესერებით, რომლებიც ზოგჯერ რამდენიმე მილიმეტრი იყო, ნახატების ასლებს აკეთებდნენ. მოზაიკის მრავალი ნიმუში დრომ შემოგვინახა, მაგალითად პომპეის მოზაიკები რომაელ ხელოვანთა ოსტატობის ნათელი მაგალითია. პომპეის მოზაიკაზე წარმოდგენილია ზღვის ღმერთი ნეპტუნი და ამფიტრიტე. იგი ჰერკულანიუმში, იტალიაში ინახება. კედლის მოზაიკაში გამოყენებულია მინის ნატეხები. იატაკის მოზაიკის დეტალებს მარმარილოს ან სხვა ქვებისგან ამზადებდნენ. ზოგჯერ შესაბამისი ფერების მისაღებად იყენებდნენ თიხის ან აგურის ნატეხებს. გრეხილებისგან შემდგარი ჩარჩოს ეფექტს გილოშებს უწოდებდნენ.

რომაული მოზაიკა

რომის იმპერიის გაფართოებასთან ერთად, მოზაიკის ხელოვნება კიდევ უფრო განვითარდა, მაგრამ ოსტატობის დონე დაქვეითდა. თუ რომაული მოზაიკის ნიმუშებს იტალიურს შევადარებთ, დავინახავთ, რომ გაფორმების თვალსაზრისით, პირველი უფრო მარტივი და ტექნიკურად ნაკლებ დახვეწილია. რომაული მხატვრობის ძირითადი თემატიკა იყო სცენები ღმერთებისა და ადამიანების ცხოვრებიდან, გეომეტრიული ფიგურები. რომაელები მოზაიკას იატაკისა და კედლების გასაფორმებლად იყენებდნენ.

პლატონის აკადემია.
მოზაიკა. პომპეი ძვ.წ. I. საუკუნის დასაწყისი.

ბიზანტიური მოზაიკა

ბიზანტიელები სმალტში ხსნარს არ ასხამდნენ, რაც განაპირობებდა მინაში შუქის გარდატეხას. მოზაიკას პატარა კუთხეებში სვამდნენ. ოქროს ტესერები შენობის სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვაგვარად ბრწყინავდა. მოზაიკის საუკეთესო ნიმუშებს ვხვდებით რავენაში, ვენეციასა და სტამბოლში.

ისლამური მოზაიკა

VIII საუკუნეში დასავლეთ ევროპაში, პირინეის ნახევარკუნძულზე მავრებმა შემოიტანეს ისლამური მოზაიკისა და ფილების ოსტატობა. ამავე პერიოდში, აღმოსავლურ ქვეყნებში მოზაიკისთვის გამოიყენებოდა ქვა, მინა და კერამიკა. ბიზანტიური მხატვრული მოზაიკისგან განსხვავებით, აღმოსავლური მოზაიკის გამოსახულებები ძირითადად, გემოტრიული სტილისაა. მოზაიკის ბრწყინვალე ნიმუშებს ვხვდებით კორდობას დიდ მეჩეთსა და ალამბრას სასახლეში.

დიონისე.
მოზაიკა, II საუკუნე, საბერძნეთი, დიონი

შუა საუკუნეები

შუა საუკუნეებში, ევროპის მრავალ ქვეყანაში, მოზაიკის მიმართ ინტერესი შემცირდა. თუმცა, მას ხშირად იყენებდნენ სააბატოებსა და სხვა მნიშვნელოვან რელიგიურ დაწესებულებებში. მაგალითად, ელის კათედრალის სამრეკლოს გაფორმება (1320 წ.), სადაც სამრეკლოს იატაკზე ადამისა და ევას გამოსახულებებს ვხვდებით. გამოყენებულია მოზაიკის სხვა ტექნოლოგიები, მათ შორის ფსევდო მოზაიკა (მოზაიკის დეტალებს ცალკე არ ამზადებენ და კენჭებს პირდაპირ სვამენ ფონზე მოზაიკის ეფექტის მისაღებად) და ოპუს სექტილი (ერთ მთლიან ფონს გამოსახულების მისაღებად დეტალებად ყოფენ). მოზაიკამ მაღალ განვითარებას მიაღწია იტალიაში, საქართველოსა და ძველ რუსეთში. XVI საუკუნეში, იტალიაში შენობათა ინტერიერსა და ავეჯს გახეხილი ფერადი ქვებით აწყობილი ე.წ. ფლორენციული მინით რთავდნენ.

XIX საუკუნის მოზაიკა

XIX საუკუნეში, მოზაიკის განსაკუთრებით, ბიზანტიური სტილის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ამის მაგალითია ლონდონში ვესტმინსტერის კათედრალისა და პარიზში საკრე-კეორის ტაძრის გაფორმება.

ქრისტე პანტოკრატორი.
მოზაიკა. წმინდა სოფიას ტაძარი. კონსტანტინოპოლი. XII საუკუნის მეორე ნახევარ...

ბრიტანეთში, ვიქტორიანულ ეპოქაში მოზაიკის ხელოვნება აღორძინდა, რაც ქვეყანაში მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებამ და კერძო თუ საზოგადოებრივი შენობების რიცხვის ზრდამ განაპირობა. ფილების მასობრივად წარმოებამ თავის მხრივ, გაზარდა მოთხოვნა იატაკის დეკორატიულ გაფორმებაზე. არქიტექტურასა და დიზაინში გოთიკური სტილის აღორძინებამ შუასაუკუნეების თემატიკისადმი ინტერესი გააღვიძა.

მოზაიკის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია ანტონიო სალვიატიმ, რომლის სახელსაც უკავშირდება ვენეციური მინის ინდუსტრიის აყვავება. მან ვიქტორიანული ეპოქის მოთხოვნების გათვალისწინებით მოზაიკის დამზადება ძველი ვენეციური ტექნოლოგიით დაიწყო.

ქალი სააბაზანოში.
თანამედროვე მოზაიკა.

თანამედროვე მოზაიკა

მოზაიკას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს არტ-ნუვოს მიმდინარეობაში. XX საუკუნის პირველ ნახევარში, ბარსელონაში, გუელის პარკში ანტონიო გაუდიმ და ხოსე მარია ჟუჟოლმა მთელი ბაღი მორთეს ულამაზესი მოზაიკით. მოზაიკის ამ ტექნიკას ტრენცადისი ეწოდება, რაც შენობის ზედაპირის დეტალებით მოპირკეთებას გულისხმობს. არქიტექტორებმა ჭურჭლის ნამტვრევები და სხვა საგნების დეტალებიც გამოიყენეს დეკორაციისთვის, რაც ხელოვნებაში გადატრიალებად ჩაითვალა.

ქართული მოზაიკა

1952-54 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბიჭვინთაში აღმოაჩინა IV საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა. ტაძრის იატაკი დაფარული იყო მოზაიკური მხატვრობით. ბიჭვინთის მოზაიკა შედარებით კარგად იყო დაცული საკურთხევლის აფსიდსა და სტოაში.

1971-77 წწ. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სოფელ ძალისის მიდამოებში, დიონისეს ტაძარში II საუკუნის იატაკის მოზაიკური მხატვრობა აღმოაჩინეს.

მოზაიკური მხატვრობის ნიმუში შემორჩენილი იყო მცხეთის მცირე ჯვრის ტაძრის საკურთხევლის აფსიდის კონქში.

VII ს. პირველი ნახევრით თარიღდება წრომის ტაძრის მოზაიკა. მხატვრობის უმეტესი ნაწილი არ შემორჩენილა. შედარებით მოზრდილი 3 ფრაგმენტი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება. მოზაიკა მოკირწყლულია შავი, სხვადასხვა ელფერის წითელი, მოცისფრო და ღია მწვანე განსხვავებული ზომისა და ფორმის კენჭებით.

XII ს.-ით თარიღდება ქართული მონუმენტური ხელოვნების მაღალმხატვრული ძეგლი გელათის მოზაიკა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები