მომარაგების და შრომის სამინისტრო (1918-1921)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მომარაგების და შრომის სამინისტრო - სახელმწიფო ორგანო, რომელიც 1918 წლის მაისიდან მიწათმოქმედების სამინისტროსთან ერთად არსებობდა, მინისტრი ნოე ხომერიკი, რომელმაც ამ მიმართულებით თავის მოადგილედ გიორგი ერაძე დანიშნა. 1919 წლის ბოლოს შრომისა და მომარაგების სამინისტრო ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა და სამინისტროს ხელმძღვანელად გ. ერაძე დაინიშნა, მის მოადგილეებად კი - ივანე ჭავჭანიძე და ილია გოლდმანი.

სამინისტრო მომარაგებისა და შრომის რეგულაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობდა, თუმცა ხშირად ოპოზიციის კრიტიკის მთავარი ადრესატი სოციალ-დემოკრატიულ მთავრობაში სწორედ მომარაგების მინისტრი იყო. მას ოპოზიცია არაკომპეტენტურობას სწამებდნენ და გამოცდილების არმქონედ მოიხსენიებდა, თუმცა ფაქტია, მთავრობაშიც და საკანონმდებლო ორგანოშიც დიდი ნდობით სარგებლობდა. სამინსიტროს დაქვემდებარებაში არსებული ორივე ძირითადი მიმართულება ძალზე პრობლემურად იდგა დამოუკიდებლობის პერიოდში. შრომის საკითხების მოგვარება სამინისტრომ პროფკავშირებთან ერთად, სატარიფო პალატის და შრომის კომისიების (საბჭოების) საშუალებით, მნიშვნელოვნად გადაჭრა. 1920-1921 წლების ბიუჯეტის თანახმად, შრომის სამინისტროს დაფინანსება 32 მილიონ მანეთს აღემატებოდა, სამინისტროს ბიუჯეტი ძირითადად მუშათა შემწეობებს, მუშათა ჯილდოებს, კომისიების მუშაობაზე და ადმინისტრაციულ ხარჯებს ხმარდებოდა. სამინისტროს, სატარიფო პალატის, შრომის კომისიებისა და დამფუძნებელი კრების შესაბამისი კომისიის ეფექტური მუშაობის შედეგად მიღებულ იქნა შრომის ეფექტური კანონმდებლობა, რომელიც მოიცავდა:

  • 8 - საათიან სამუშაო დროს,
  • შრომის პირობების მონიტორინგს,
  • დავების ეფექტურად გადაწყვეტის მექანიზმებს,
  • ქალთა და არასრულწლოვანთა შრომის რეგულაციას.

მომარაგების მიმართულებით სამინისტრო, საქართველოს გარშემო არსებული ვითარებიდან და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, დიდ პრობლემებს სწყდებოდა. საბჭოთა და თეთრგვარდიელთა რუსეთის მიერ საქართველოსათვის დაწესებულმა სასურსათო ბლოკადამ, საერთაშორისო კომუნიკაციების მოშლამ საქართველო მძიმე სასურსათო კრიზისის წინაშე დააყენა, სამინისტროს მცდელობები მიეღო სტაბილური სასურსათო მარაგები, ხშირად უშედეგოდ სრულდებოდა. მომარაგების სამინისტროს ბიუჯეტი 1920 წლისთვის ქვეყნის ბიუჯეტის 29%-ს აღემატებოდა და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი არა მხოლოდ სურსათის, არამედ ნავთობ პროდუქტების, სხვა მასალებისა და იარაღის შესყიდვაზე იხარჯებოდა. მომარაგების სამინისტრო ებრძოდა ქვეყნის შიგნით არსებული მარცვლეულის სპეკულანტების ხელში ჩავარდნასა და კონტრაბანდის სახით ქვეყნიდან გატანას.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • ალ. ბენდიანიშვილი, „საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918-21 წწ.)“, თბ., 2001;
  • ვ. ვოიტინსკი, „ქართული დემოკრატია“, თბ., 2018;
  • გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №185, №278, 1920, №1, 1921, №24.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები