მონაზვნობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მონაზვნობა - მონაზვნად (ბერად) აღკვეცა საიდუმლოდ არ ითვლება, რადგან იგი არ არის სავალდებულო ქრისტიანისათვის. მაგრამ ის ქრისტიანულ ცხოვრებაში მეტისმეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებს და მას ეკლესია ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს მართლმადიდებლურ გარდამოცემაში სამონაზვნო მოწოდება ითვლება ცალკეული პიროვნებებისადმი ღვთის განსაკუთრებულ საბოძვარად, რომელიც მიმართულია მათი ხსნისა და მხოლოდ ღმერთისადმი მსახურებისაკენ. მონაზვნბი მთავარ ქრისტიანულ სათნოებას – სიყვარულს მარხვითა და ლოცვით, ასევე, სხვადასხვა სათნოებაში – უპოვარებაში, სიწმინდეში, სიმდაბლესა და მორჩილებაში მოღვაწეობით აღწევენ.

მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ბევრი მისიონერი, მოძღვარი და ეპისკოპოსი მონაზონთა წრიდან გამოვიდა. თუმცა, ამგვარი მოღვაწეობა არ არის მონაზვნობის მთავარი მოწოდების მიზანი და არსი. მონაზონი, შესაძლოა, ეკლესიაში სულაც არ ასრულებდეს კონკრეტულ მსხურებას – მღვდლობას, მოძღვრობას, სწავლებას, ავადმყოფთა მოვლას ან ღარიბთა დახმარებას. ის მონასტერში მიდის მხოლოდ იმისთვის, რათა მოინანიოს საკუთარი ცოდვები, ემსახუროს უფალს და იხსნას თავისი სული სამონაზვნო ასკეტიზმის მოძღვრების შესაბამისად. ასე მაგალითად, წმინდა გერმანე ალიასკელი თავდაპირველად ბერად აღიკვეცა და მხოლოდ შემდეგ, თავისი სულიერი მოძღვრის შეგონებით, დატოვა განდეგილობა, რათა მისიონერი გამხდარიყო.

სარჩევი

მონაზვნობის ხარისხები

მართლმადიდებლურ მონაზვნურ ტრადიციაში ოთხი ხარისხის მონაზვნობაა, რომლებიც საერთოა როგორც ქალების, ასევე მამაკაცებისათვის. პირველი მათგანი არის მონაზვნობის კანდიდატის – მორჩილის ხარისხი; მორჩილი, უბრალოდ, ცხოვრობს მონასტერში სულიერი მამის ან დედის ხელმძღვანელობით.

მეორე ნაბიჯი არის ანაფორაში აღკვეცა, რომელიც ნიშნავს, რომ ადამიანი მიღებულია მონაზონთა დასში და მას აქვს უფლება, ატაროს მონაზვნური სამოსი – „ანაფორა”. მაგრამ არც ეს არის მონაზვნური ცხოვრებისათვის საბოლოო კურთხევა.

მესამე ხარისხს ეწოდება მცირე სქემა. მისი მიმღები ითვლება ნამდვილ მონაზვნად: ის იღებს ახალ სახელს, ატარებს სქემას (ტანსაცმლის ნაწილი ჯვრის გამოსახულებით), კუნკულ-ბარტყულს მასზე მიმაგრებული შავი საფარველითა და მანტიას. იგი აღქმას დებს, რომ დარჩება მონაზონთა თემში და იქნება თავისი სულიერი მამისა და მონასტრის წინამძღვრის (რომელსაც იღუმენი ან იღუმენია ჰქვია) მორჩილებაში. მცირე სქემაში აღკვეცის წეს-განგება, საგალობლებისა და ლოცვების გარდა, შეიცავს შეკითხვების გრძელ წყებას ახალი მონაზვნის მოწოდების ნამდვილობის შესამოწმებლად, აღკვეცასა და სამონაზვნო სამოსელით შემოსვას.

და ბოლოს, მონაზვნობის საბოლოო საფეხურია დიდი სქემა. ამ ბოლო ნაბიჯს მცირედნი დგამენ, რადგან იგი ითვალისწინებს მონაზონთა იდეალების უმკაცრესად შესრულებას, რომელიც მიიღწევა უსრულყოფილესი განმარტოებით, განუწყვეტელი ლოცვითა და გონებამჭვრეტელობით. მონაზონი ისევ ახალ სახელს იღებს და მას მოსავენ ახალი შესამოსელით – დიდი სქემით.

მონაზვნური მოწოდების განსაკუთრებულად პირადული ხასიათის გამო არ არსებობს განსაზღვრული განწესებანი ამა თუ იმ ხარისხის გასავლელად საჭირო დროის შესახებ. შესაძლოა, ზოგიერთმა ეს გზა სწრაფად გაიაროს, მაშინ როცა სხვებს ამისთვის წლები დასჭირდეს, მესამენი კი, შეიძლება, ვერასოდეს აღიკვეცონ მონაზვნად, მაგრამ მაინც დარჩნენ მონასტერში. ყველა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს სულიერი მოძღვარი და მონასტრის წინამძღვარი.

მონაზვნობის სახეები

თუმცა მართლმადიდებელ ეკლესიაში, კათოლიკური ეკლესიისგან განსხვავებით, არ არსებობს რელიგიური ორდენები, მონასტრები სტილით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან: ზოგს უფრო ლიტურგიული მიმართულება აქვს, სხვებს – უფრო ასკეტური, მესამენი აძლიერებენ სულიერი ცხოვრების მისტიკურ მხარეს, მე ოთხენი კი უფრო გახსნილნი არიან სამყაროს მიმართ ადამიანების სულიერი დაპურების მიზნით. მონაზვნობის ეს განსხვავებული სტილი ფორმალურად განსაზღვრული ან ოფიციალურად დაწესებული არ არის, ისინი ჩნდება ბუნებრივი განვითარების შედეგად ღვთის ცოცხალი მადლის მოქმედებით.

სხვადასხვა სულიერი მიმართულების გარდა, არსებობს მონაზვნური ცხოვრების კიდევ სამი ფორმა. საერთო საცხოვრებელ მონაზვნობაში კრებულის ყველა წევრი ერთად მუშაობს და ერთად ფლობს სამონასტრო ქონებას. შერეულ მონაზვნობაში მონაზვნები ერთად ლოცულობენ, მაგრამ ტრაპეზობენ და მუშაობენ ცალ-ცალკე. ზოგჯერ ბერები დამოუკიდებლად აღასრულებენ არა ევქარისტიულ მსახურებებს და მხოლოდ ლიტურგიის აღსასრულებლად (ან დიდ დღესასწაულებზე) იკრიბებიან. და ბოლოს, არსებობს განდეგილობა, როცა მონაზვნები ცხოვრობენ სრულ მარტოობასა და დაყუდებულობაში, არასოდეს არ უერთდებიან კრებულს ლიტურგიულ ლოცვაში ყველაზე საზეიმო შემთხვევის გარდა; ან ზოგჯერ წმინდა ნაწილები განდეგილებთან მიაქვთ დაყუდების ადგილზე.

დასავლეთში მართლმადიდებელ ეკლესიაში ამ დროისათვის არსებობს მხოლოდ რამდენიმე ნამდვილი სამონაზვნო თემი, მაგრამ ტრადიციულ-მართლმადიდებლურ ქვეყნებში მონაზვნობა კვლავინდებურად ყვავის, თუმცა, პოლიტიკური და სულიერად არახელსა რელი პირობების გამო მათი რიცხვი შემცირდა. ბოლო წლებში სამონაზვნო ცხოვრებისადმი ინტერესი ყველგან იზრდება, განსაკუთრებით, განათლებულ ადამიანებში.

წყარო

იხილე აგრეთვე

მონაზვნობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები