მონოფიზიტობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 82: ხაზი 82:
 
პაპუაშვილი, ნუგზარ. მსოფლიო რელიგიები საქართველოში
 
პაპუაშვილი, ნუგზარ. მსოფლიო რელიგიები საქართველოში
  
[[კატეგორია:რელიგია]]
+
[[კატეგორია:ქრისტიანობა]]
[[კატეგორია:ქრისტიანული მიმდინარეობები]]
+
[[კატეგორია:ქრისტოლოგიური კონცეფციები]]
 
[[კატეგორია:ქრისტიანობის ისტორია]]
 
[[კატეგორია:ქრისტიანობის ისტორია]]

17:22, 25 სექტემბერი 2017-ის ვერსია

მონოფიზიტობა - (ბერძნ. monos – ერთი, physis – ბუნება). ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ერთბუნებიანობას. მიმართულებაა ქრისტიანობაში, რომელიც აღიარებს ქრისტეს მხოლოდ ერთ ბუნებას, რაც ეწინააღმდეგება ქალკედონის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებას – დიოფიზიტურ პოზიციას ქრისტეში ორი ბუნების შესახებ.

მონოფიზიტური მიმართულება 433 წელს ბიზანტიაში ჩამოყალიბდა და დანარჩენ ქრისტიანობას 451 წელს ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ გამოეყო. ერესიარქებად ითვლებიან დიოსკორე და ევტიქი. გამოჩენის დღიდანვე იგი დაიყო რამდენიმე შტოდ იაკობის, პეტროსის, სევეროზის, თეოდოსისა თუ გაიანეს მოძღვრებათა მიხედვით.

მონოფიზიტების საერთო პოზიცია ასეთია:

იესო ქრისტე წუთისოფელში მოვიდა ორი ბუნებით, მაგრამ განკაცების ანუ განსხეულების ჟამს საღმრთო ბუნებამ გამოუთქმელად და სასწაულებრივად შეირწყა კაცობრივი და ერთ ბუნებად გამოჩნდა; ღმრთეებამ შთანთქა კაცება და, ამდენად, ერთიანი ბუნება ჩასახლდა ქრისტეს გვამში და მოგვევლინა ერთი პიროვნებით, ერთი არსებით, ერთი ნებით. მაშასადამე, ქრისტეს სინკრეტული ბუნება აერთიანებს ღვთიურს და ადამიაურს, რომელთაგან მეორემ დაკარგა თვითმყოფადობა და მხოლოდ ლოგიკით თუ განირჩევა ღვთიურისაგან. აქედან მივდივართ დასკვნამდე, რომ მაცხოვარი, მოსული სოფლად, მხოლოდ ღმერთია. მისი ადამიანური სახე, ცხოვრება და ვნება - მოჩვენებითი, ილუზიური, არაარსებითი.

სარჩევი

ისტორია

ყველაფერი ასე დაიწყო:

ერთხელ, ნესტორთან კამათის დროს, წმ. კირილე ალექსანდრიელმა, რომელიც აყალიბებდა ღმერთკაცის პიროვნული ანუ ჰიპოსტასური ერთიანობის, უცვალებლობისა და შეურწყმელობის დოგმატს, თქვა: „ღვთის სიტყვის ერთიანმა ბუნებამ ხორცი შეისხა“ („Mia fiusis to teu logu sesarkomene“). ამ სიტყვებს მონოფიზიტობასთან კავშირი არა აქვს, მაგრამ იგი მაინც გაუგებრობათა თავსაკიდურ ლოდად იქცა. ეგვიპტელმა ბერებმა იგი ანბანურად აღიქვეს და წმ. კირილეს გარდაცვალების შემდეგ (441) შეითვისეს რწმენა, რომ განხორციელების შედეგად მაცხოვარს აღარ შერჩა ადამიანური ბუნება, - კაცება გაითქვიფა ღვთაებაში. ამიტომაც, ცხადია, იესო ყველაფერს აკეთებდა და იქმოდა მხოლოდ და მხოლოდ ღვთიური ნებით, ზრახვითა და შეგნებით. ეს მოძღვრება, მონასტრიდან მონასტერში ზეპირმოარული, აიტაცა კონსტანტინოპოლელმა არქიმანდრიტმა, თანამედროვეთა თქმით, - მცირეგანათლებულმა, მაგრამ ბერების წრეში და სასახლის კარზე პოპულარულმა ევტიქიმ. მან მალე თანამოაზრენიც შეიძინა და წამოიწყო ქადაგება, რამაც სერიოზულ მასშტაბებს მიაღწია. გაცხარდა კამათი. ვითარების გასაანალიზებლად პატრიარქმა ფლაბიანემ 448 წელს მოიწვია ადგილობრივი საეკლესიო კრება 32 ეპისკოპოსის შემადგენლობით.

მონოფიზიტობა ერესად გამოაცხადა, მისი ჯიუტი ქომაგი კი განიკვეთა, რაც ოფიციალურად ეცნობა რომის პაპს - წმ. ლეონს. თავის მხრივ ევტიქიმაც იჩივლა პაპთან, მაგრამ წარუმატებლად. შემდეგ იმპერატორს მიმართა გავლენიანი მინისტრის - საჭურისი ქრიზანთოსის - შემწეობით. მას აგრეთვე მხარში ამოუდგა ალექსანდრიის პატრიარქი, წმ. კირილეს მემკვიდრე, - დიოსკორე, რომელმაც გააღრმავა და ზურგი გაუმაგრა ერესს. ფიქრობენ, რომ მას, რელიგიურთან ერთად, ძალაუფლებითი მოტივიც ამოძრავებდა. კერძოდ ის, რომ ალექსანდრიის უხუცესი საპატრიარქო ვერ ეგუებოდა უმრწემესი კონსტანტინოპოლის აღზევებას. დიოსკორეს თვალწინ ედგა წინამორბედების მაგალითი, - ალექსანდრიელი მწყემსმთავრების მიერ კონსტანტინოპოლელთა საქმეების განხილვა: თეოფილემ წმ. იოანე ოქროპირი გაასამართლა, წმ. კირილემ - ნესტორი. მან კი ამჯერად ფლაბიანეს განკითხვა მოინდომა და კეისრის - თეოდოსი მცირის - თანადგომაც ჰპოვა.

ავაზაკთა კრება

449 წელს, ევტიქის საკასაციო განცხადების საფუძველზე, ქ. ეფესოში შედგა კრება, რომელიც ცნობილია „ავაზაკთა კრების“ სახელით. მას დიოსკორე თავმჯდომარეობდა. ევტიქის მოწინააღმდეგეები დარბაზიდან გაყარეს, მომხრეებს კი ფართოდ გაუღეს კარი. ევტიქი ხარისხში აღადგინეს, ფლაბიანეს ახალი, თითქოს წინა კრების დადგენილების საწინააღმდეგო, დოგმატის შემოღება დასწამეს, თანამდებობიდან გადააყენეს და გადაასახლეს, რის შემდეგაც მალე გარდაიცვალა. ასევე გაასამართლეს ევსევი დორიელი, ევტიქის ბრალმდებელი, და დომნა ანტიოქიელი.

გამარჯვება მოჩვენებითი და ხანმოკლე აღმოჩნდა: პაპმა ლეონმა, როგორც კი ლეგატმა ინფორმაცია მიაწოდა, რომში სასწრაფოდ მოიწვია კრება, დიოსკორე და ევტიქი სამღვდელო მადლისაგან განშიშვლებულად გამოაცხადა და „ავაზაკთა კრების“ ყველა დადგენილება - ბათილად, რაც საგანგებო ეპისტოლით აცნობა კონსტანტინოპოლის სამღვდელოებას, სენატს და ხალხს. დიოსკორე არ დაემორჩილა პაპის ავტორიტეტს და მეტიც - ანათემა შეუთვალა. შეიქმნა კრიზისული სიტუაცია. ამასობაში სამეფო კარზე ცვლილებები მოხდა: გარდაიცვალა თეოდოსი და ტახტზე ავიდნენ მარკიანე და დედოფალი პულხერია, რომელიც ფლაბიანეს თაყვანისმცემელი იყო. მათ გაილაშქრეს მონოფიზიტების წინააღმდეგ და ალექსანდრიის განკანონებული პატრიარქის თვითნებობის ასალაგმად 451 წელს, პაპთან შეთანხმების შემდეგ, ქალკედონში IV მსოფლიო საეკლესიო კრება მოიწვიეს.

IV მსოფლიო საეკლესიო კრება

კრება გაიხსნა 8 ოქტომბერს და 1 ნოემბრამდე გასტანა.

შვიდთაგან ეს ყველაზე მრავალრიცხოვანი კრება იყო. თუ ნდობით აღჭურვილ პირებსაც არ მივიღებთ მხედველობაში, დელეგატების რიცხვი 630-მდე აღწევდა. აქტიურად მონაწილეობდნენ: ანატოლი კონსტანტინოპოლელი, დომნა ანტიოქიელი (რომელიც საპყრობილედან მარკიანემ გამოიყვანა), მაქსიმე ანტიოქიელი (დომნას შემცვლელი), იუბენალი ალექსანდრიელი, პალადი კესარია-კაბადუკიელი, თვით დიოსკორე ალექსანდრიელი, პაპის ლეგატები და სხვანი. აგრეთვე იმპერატორი, სენატორები და მორწმუნე ერის წარმომადგენლები. თავმჯდომარეობდა ანატოლი კონსტანტინოპოლელი.

პირველ რიგში განიხილეს „ავაზაკთა კრების“ საქმე. ევსევი დორიელმა წაიკითხა დოკუმენტი, სადაც აღნუსხული იყო დიოსკორეს ძალადობის მამხილებელი ფაქტები. დაკითხეს მოწმეები. ბრალდება დადასტურდა, რის გამოც დიოსკორეს გაუუქმეს მანდატი და საბრალდებო სკამზე დასვეს. მის გვერდით რამდენიმე ეგვიპტელი ეპისკოპოსიც აღმოჩნდა. კრებამ ანათემა გამოუცხადა დიოსკორეს, ევტიქის და „ავაზაკთა კრების“ იმ მოქმედ პირებს, რომელთაც არ მოინანიეს.

შემდეგ მსჯელობამ თეოლოგიის სფეროში გადაინაცვლა. უნდა გაერკვიათ ქრისტეს ორი ბუნების ურთიერთმიმართების საკითხი ანუ უნდა დაეღწიათ თავი ორი უკიდურესობისაგან - ნესტორიანობისა და მონოფიზიტობისაგან. გააანალიზეს წმ. კირილე ალექსანდრიელისა და იოანე ანტიოქიელის თხზულებები მოცემულ თემაზე.

სახელმძღვანელოდ შეიწყნარეს წმ. ლეონის ეპისტოლე ფლაბიანესადმი, რომელიც პაპის ლეგატებმა წაიკითხეს. ეს დოკუმენტი (ქართული თარგმანი შესულია ანტონ კათალიკოსის „მზამეტყველებაში“) დაედო საფუძვლად განჩინებას, რითაც დაიგმო ქრისტეში როგორც ორი პირის ანუ პიროვნების რწმენა (ნესტორიანობა), ისე - ერთი ბუნების (მონოფიზიტობა). ამავე ეპისტოლის ანუ ტომარის მიხედვით განსაზღვრეს უფალ იესო ქრისტეს გვამში ორი ბუნების შეერთების, უფრო ზუსტად კი - თანაარსებობის, თანამყოფობის დოგმატი. რომლის დედააზრი ასეთია:

ერთი და იგივე პირი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, არის სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი კაცი, ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი გონიერი სულით და სხეულით; თანაარსი მამისა ღვთაებით და თანაარსი ჩვენი კაცებით, ყოვლითურთ ჩვენი მსგავსი ცოდვის გარეშე; შობილი საუკუნეთა უწინარეს მამისაგან ღვთაებით, ხოლო უკანასკნელ ჟამს - ჩვენთვის და ჩვენი ხსნისათვის მარიამ ქალწული ღვთისმშობელისაგან კაცებით. ერთი და იგივე ქრისტე, ძე, უფალი მხოლოდშობილი ორი ბუნებით შეურწყმელად, შეუცვლელად, განუყოფლად, მამისაგან განუშორებლად განკაცდა ისე, რომ შეერთებით არანაირად არ დარღვეულა ორი ბუნების განსხვავება, არამედ მეტად შეინახა თითოეული ბუნების თავისებურება და გაერთიანდა ერთ პირში, ერთ ჰიპოსტასში, - არა ორ პირად განწვალდა ანუ გაიყო, არამედ სუფევს ერთი და იგივე მხოლოდშობილი ძე, ღვთის სიტყვა, უფალი იესო ქრისტე, როგორც ძველი წინასწარმეტყველები გვაუწყებდნენ მასზე და როგორც თვით უფალი იესო ქრისტე გვასწავლის ჩვენ და როგორც გადმოგვცემს ჩვენ მამათა სიმბოლო.

ამ დოგმატს ეწოდება მართლმადიდებელი რწმენის განვრცობილი სიმბოლო, რასაც კრების უმრავლესობამ მოაწერა ხელი. ეგვიპტელმა ეპისკოპოსებმა, თუმცა დიოსკორეს განკვეთის სამართლიანობა აღიარეს, ზოგიერთი პუნქტისაგან, მაგალითად, პაპი ლეონის დოგმატური ეპისტოლისაგან (ტომარისაგან), შორს დაიჭირეს თავი და თქვეს: მთავარეპისკოპოსი ჯერ დადგენილი არა გვყავს, მისი ლოცვა-კურთხევის გარეშე კი ნაბიჯს ვერ გადავდგამთო...

ბოლო სხდომაზე მობრძანდა იმპერატორი. გამოთქვა კმაყოფილება კრების შინაარსიანი მოღვაწეობის გამო და მონაწილეებს კეთილწარმატება უსურვა.

თეორიულად თითქოს ყველაფერი მოგვარდა, მაგრამ მოვლენები მაინც არასასურველი გზით განვითარდა.

საქრისტიანო ორ ბანაკად გაიყო: დიოფიზიტებად (ორბუნებიანებად), ე.ი. ორთოდოქს-ქალკედონიტებად ანუ სინოდიტებად და მონოფიზიტებად, ე.ი. მწვალებელ-ანტიქალკედონიტებად. პირველს მიემხრენ ბერძნები და ლათინები, მეორეს - უმეტესად აღმოსავლეთის ქვეყნები: სირია, პალესტინა, ეგვიპტე (მეტადრე კოპტების ეკლესია) და სომხები.

ბერი თეოდოსი

აჯანყების პირველი ალამი პალესტინელმა მონოფიზიტმა ბერმა თეოდოსიმ ააფრიალა. აიღეს იერუსალიმი. დაარბიეს მართლმადიდებელთა უბნები, შებილწეს სიწმიდეები. მხოლოდ საიმპერიო ჯარებმა დაიცვეს მორწმუნეთა სიცოცხლე. შემდეგ შფოთისთავი სინაზე გადავიდა, იქიდან - ალექსანდრიაში, სადაც ნამდვილი „ბართლომეს ღამე“ დაატრიალა: შეიარაღებული ფანატიკოსების ბრბო დაძრწოდა და კარდაკარ დაეძებდა „ერეტიკოსებს“. მათ დაწვეს სერაფისის განთქმული ტაძარი, რომელშიც ჯარისკაცების დიდი რაზმი იმყოფებოდა, ხოლო პატრიარქი პროტერიუსი საკათედრო ტაძარშივე განგმირეს (+457)). მწყემსმთავრობა კი უკიდურეს მონოფიზიტ ტიმოთე ელურს (კატას, დედოფალას, - ბერძნების ზედწოდებით) ჩააბარეს. აწმყო საგოდებელი გახდა. იმპერატორმა ლეონმა დემოკრატიულ საშუალებებს მიმართა: სახელმწიფოს ეპისკოპოსთა და მთავარ არქიმანდრიტთა შორის 460 წელს რეფერენდუმი ჩაატარა, რითაც გაირკვა, რომ იერარქთა დიდი უმრავლესობა ქალკედონის პოზიციაზე იდგა, მაგრამ ამის აღნიშვნამ ოპოზიცია უფრო გააბოროტა.

პეტროს მკაწვრელი

V ს-ის 70-იან წლებში მონოფიზიტების ბუდე სირიაშია. ლიდერი კი - ანტიოქიის პატრიარქი პეტრე, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია პეტროს მკაწვრელის სახელით (ბერძნ. კნაფევს ანუ კანაფა, ლათ. ფულონი, სომ. თაფიჩ, რუს. სუკოვშჩიკ). ამგვარი ეპითეტი განაპირობა უკუღმართმა მოძღვრებამ, მისი მტკიცებით - ჭეშმარიტი რწმენის დევიზმა, რაც წარმოადგინა ფორმულით: - „ღმერთი ჯვარს ეცვა“ („თეოს ესტავროთე“). ესაა „თეოპასქია“ („ღმერთის ტანჯვა“, ბერძნ.), რაც, მკაწვრელის თეორიის მიხედვით, ნიშნავს: ივნო არა მარტო ქრისტემ, არამედ მთელმა სამებამ; არა ტრიადის ერთ-ერთმა წევრმა, არამედ ერთიანმა ღვთაებამ, რაც აისახა კიდეც ლოცვებში და სამწმიდაობის საგალობელი ჩამოყალიბდა ასე: „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, რომელი ჩვენთვის ჯვარს ეცვი“.

ამ მოძღვრების მქადაგებლები ცნობილი არიან „თეოპასქიტებად“. თვით საგალობელს სომხურად ეწოდება „ხაჩეცარი“ (ხაჩ. „ჯვარი“, ხაჩეცარი - „ჯვარცმული“), რასაც მათ ლიტურგიაში ცენტრალური ადგილი უჭირავს. ცხადია, დამატება („რომელი ჯვარს ეცვი“) ქრისტეს ადამიანური არსების იგნორირებამ თუ დამცრობამ განაპირობა. ამას კი, თავის მხრივ, ახალი გართულებები მოჰყვა.

სქიზმა აკაკის გამო

სამეფო კარზეც არ იყო ერთსულოვნება. მაგალითად: კეისარმა ბასილიკემ 474 წელს შეთხზა ანტიქალკედონური „საყოველთაო ეპისტოლე“, 500 ეპისკოპოსს ძალდატანებით მოაწერინა ხელი და გაავრცელა, რასაც რომის პაპის პროტესტი მოჰყვა, აიმხედრა ადგილობრივი დიოფიზიტი მოსახლეობაც.

მისი პოლიტიკა თითქოს შეარბილა ზენონმა. 482 წელს მან გამოსცა უნიატური დოკუმენტი, ერთიანობის აქტი - ჰენოტიკონი, რაზეც პატრიარქმა აკაკიმაც მოაწერა ხელი. ესაა მოწოდება საყოველთაო შერიგებისა და თანხმობისაკენ. იგი ნეიტრალურია კამათის ობიექტის მიმართ; მოუწოდებს მხარეებს, დაივიწყონ ურთიერთგანსხვავებანი და ყურადღება საერთოზე, სახელდობრ, პირველი სამი საეკლესიო კრების დადგენილებებზე გაამახვილონ, დანარჩენი კი - საკითხი ქრისტეს ერთი თუ ორი ბუნების შესახებ - გვერდზე გადადონ.

სამწუხაროდ, ვერც ამან გამოიღო სასურველი ნაყოფი. პირიქით, რომსა და ბიზანტიას შორის 35 წლიანმა განხეთქილებამ (სქიზმამ) დაისადგურა, რაც გამოიხატა შემდეგში: პაპმა ფელიქს III დაგმო ჰენოტიკონი, ეკლესიისაგან განკვეთა აკაკი და შემცვლელთ მოსთხოვა, მოსახსენიებლიდან (დიფტიქიდან) ამოეშანთათ მისი სახელი. მართალია, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსები ჰენოტიკონს მხარს არ უჭერდნენ, მაგრამ არც მოსახსენებელში შეჰქონდათ ცვლილება, რაც პაპისადმი ურჩობის პირველი მაგალითი იყო. აღნიშნული პერიოდი ცნობილია „სქიზმად აკაკის გამო“. იგი გაგრძელდა იმპერატორ იუსტინე პირველსა და პაპ ორმიზდამდე.

518 და 536 წლებში კონსტანტინოპოლს შედგა ადგილობრივი კრებები. გაასამართლეს ანტიქალკედონიტი პატრიარქი სევეროზი და დაგმეს მისი თხზულებები. პაპის მითითების საფუძველზე კათედრა ჩამოართვეს ანთიმოზს, საიდუმლოდ რომ ერთგულებდა მონოფიზიტებს და მის ადგილზე დანიშნეს მინა.

ვითარება აფრიკასა და აღმოსავლეთში

ალექსანდრიისა და ანტიოქიის სამღვდელმთავრო კათედრებზე დიოფიზიტები და მონოფიზიტები ელვისებურად ცვლიდნენ ერთმანეთს. უკანასკნელნი ორად გაიყვნენ: უნიის მომხრეებად და მოძულეებად, რომელთაგან უკიდურესი მიმართულების პარტია ეპისკოპოსობის ინსტიტუტზეც კი ამბობდა უარს, თუკი განწესებული მღვდელმთავარი ჰენოტიკონის მომხრე აღმოჩნდებოდა. ასეთ მორწმუნეებს კონსტანტინოპოლის 536 წლის კრებაზე აკეფალისტები (უთავოები) შეარქვეს. მათ აგრესიას და ტერორს საზღვარი არ ჰქონდა. ერთ-ერთი იერარქისაგან დაგეშილი და მგლად ქცეული ბერები 488 წლის ახლო ხანს შეიჭრნენ ანტიოქიის სამეუფო ტაძარში და იმდენი ურტყეს მართლმადიდებელ პატრიარქს, რომ მეორე თუ მესამე დღეს გარდაიცვალა.

ვერც იერუსალიმსა და კონსტანტინოპოლში დამყარდა წესრიგი. მთავრობის ვერანაირმა ღონისძიებამ - დიალოგმა, ფერებამ, თხოვნამ, მუქარამ თუ ჰენოტიკონმა - ვერ დააცხრო ფანატიკოსების ვნებები. მიუხედავად ამისა, იმპერატორები - იუსტინე I, იუსტინიანე დიდი და იუსტინე II - მაინც დიალოგის პლატფორმაზე იდგნენ, მაგრამ სიმშვიდეს ყოველთვის ვერ ინარჩუნებდნენ და უკიდურეს ზომებსაც მიმართავდნენ. ცნობილია ასეთი ფაქტი: იუსტინე მეორის დროს, 567 წელს, კვლავ შეიმუშავეს უნიის პროექტი. წამოიწყეს შეთანხმების კამპანია. შედგა მოლაპარაკება ქ. კალინიკის ერთ მონასტერში, მაგრამ გრაგნილი, რაზეც ტექსტი იყო წარმოდგენილი, ბერებმა მეფის მოციქულს თავზე გადაახიეს. დაიწყო სამოქალაქო ომი, ულმობელი და გამანადგურებელი, - მონოფიზიტების დაჭერა, ქონების წართმევა, გასახლება, ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა, დასახიჩრება, დახოცვა და ა.შ. თვითმხილველი გვიამბობს: „ანტიოქიის მიდამოებში, მთელს არაბისტანსა და პალესტინაში... მოსახლეობა გაძევებული იყო სამკვიდრებელი ადგილებიდან და გაფანტული. ვისაც დაიჭერდნენ, ბორკილებს ადებდნენ, ამწყვდევდნენ სატუსაღოში და ყოველგვარ სასჯელსა და ტანჯვას აყენებდნენ. ბევრი, ქონების ჩამორთმევის შემდეგ, კვდებოდა შეუბრალებელი ცემისაგან. სხვებს თავს ესხმოდნენ რაზმები და ულმობელი ჯალათები, რომელნიც ერეკებოდნენ მათ ერთი ადგილიდან მეორეზე... თუ ვინმე გაბედავდა ამ საბრალოთა შეფარებას სოფლებსა და სახლებში, მათ აწიოკებდნენ, სცემდნენ და ტანჯავდნენ... დიდსა თუ პატარა მონასტრებს სირიაში უდიდესი სულგრძელობით უხდებოდათ გადატანა ყოველგვარი დევნულობისა, სიმძიმისა, ტანჯვისა, შიმშილისა, წყურვილისა, სიცივისა და სიტიტვლისა... (ბერები) მსგავსად ნადირისა, მთელ ღამეებს ატარებდნენ ცის ქვეშ, დაეხეტებოდნენ მთასა და ბარში, სუსხიან ზამთარში ღამეებს ათევდნენ თოვლსა და ყინულზე, ქვებზე მჯდომარენი, სიცივისა და ძლიერი ქარისაგან შეწუხებულნი...“ „ვერავინ ბედავდა მათთვის თავშესაფარი მიეცა სახლში, ვინაიდან ასეთ სახლს კონფისკაციას უშვებოდნენ, ხოლო მის პატრონს პასუხისგებაში აძლევდნენ. ამიტომ მრავალი იძულებული იყო, მსგავსად ნადირისა, შეფარებოდა გამოქვაბულებსა და მიუვალ ადგილებს ევფრატის გაღმა. ზოგი კიდევ გარბოდა თოვლით დაფარულს მთებში და იმალებოდა თხისა და ცხვრის ბაკებში...“ (იხ. კ.კეკელიძე, ეტიუდები..., I, თბ., 1956, 28-30).

ასე რომ, ბიზანტიის იმპერიაში ერესის წინსვლა ძალის მეშვეობით აღიკვეთა, თუმცა მავნე შედეგების გაქარწყლება ვერ მოხერხდა. ყველასათვის ნათელი იყო, რომ რელიგიური ორომტრიალის წიაღში თანდათან იჩეკებოდა და ფრთიანდებოდა ნაციონალური სეპარატიზმი, რასაც სარწმუნოებრივ ცნობიერებაში პროვინციული ელემენტები შეჰქონდა და დღეს ფილეტიზმის სახელითაა ცნობილი

მონოფიზიტები ერთიან ფრონტს ვერ ქმნიდნენ შინააშლილობისა და მიმდინარეობებად დაყოფის გამო.

მიმდინარეობები

სევერიანობა

სევერიანობ ეფუძნება სევეროზ ანტიოქიელი პატრიარქის (V-VI) მოძღვრებას, რომელსაც ლიბერალურ, ე.ი. ზომიერ ფრთად მიიჩნევენ და თვლიან, რომ იგი შედარებით ახლოსაა დიოფიზიტურ თვალსაზრისთან. მართალია, სევეროზიც ერთ ბუნებას აღიარებდა ქრისტეში, მაგრამ ქადაგებდა, რომ ღვთაებას მთლიანად არ შთაუნთქავს კაცებრივი - მხოლოდ არსებითობა დაუკარგა მას. სამაგიეროდ შეუნარჩუნა თვისებები. ასე რომ, სევეროზი იესოს პიროვნებაში ასხვავებდა ანუ ერთმანეთისაგან მიჯნავდა ადამიანურ და ღვთიურ თვისებებს; სწამდა, რომ მაცხოვრის ხორცი აღდგომამდე იყო ჩვენი მსგავსი, - ხრწნადი. ამის გამო მოწინააღმდეგეებმა სევერიანებს „ხრწნისთაყვანისმცემლები“ („ფთარტოლატრაი“) შეარქვეს.

სევერიანთა ფრაქციას დამოუკიდებელი ეკლესიის სახე მისცა ედესის ეპისკოპოსმა იაკობმა (VI), რომელიც დიოფიზიტთა შორის ცნობილია „წანწალას“ (ბერძნ.) და „ბარადასის“ (სირ.) ანუ „ჩამოფლეთილის“ სახელით. მას საკუთარი სისტემა არ შეუქმნია, მაგრამ იმდენად დიდი კვალი დატოვა ისტორიაში, რომ ხშირად სევერიანებს იაკობიტებად იხსენიებენ.

ივლიანიტობა

ივლიანიტობა ანუ ეპ. ივლიანე ჰალიკარნასელის (VI) სწავლება, რომლის რეზიუმე ასეთია: ქრისტე მოგვევლინა როგორც ახალი ანუ მეორე, ე.ი. ცოდვამდელი ადამი, ვისი ხორციც არ იხრწნებოდა და არ კვდებოდა (ხრწნა ცოდვის შედეგია). აქედან ცხადია, - მაცხოვრის გვამი განკაცებისთანავე შეიმოსა უხრწნელებით და ამ ფაქტთან მისი მიწიერი ცხოვრების (მას რომ სციოდა, სტკიოდა, შიოდა, რცხვენოდა) შეუთანხმებლობა არის მხოლოდ მოჩვენებითი, ზედაპირული. მაშასადამე, ივლიანეს აზრით, ღმერთკაცი იყო უვნებო; თურმე მას რეალურად არც სციოდა, არც სტკიოდა, არც შიოდა და არც რცხვენოდა (როდესაც ყვრიმალს სცემდნენ). ამიტომ ივლიანიტებს „უხრწნელმოჩვენებითებს“ („აფთარტოდოკეტაი“) ეძახდნენ.



წყარო

პაპუაშვილი, ნუგზარ. მსოფლიო რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები