მორმონები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მორმონები - „უკანასკნელი დღის წმინდანთა ეკლესიის“ წევრების საზოგადოდ გავრცელებული, მაგრამ არაოფიციალური სახელწოდებაა. მორმონთა ეკლესიის დაფუძნების თარიღად ითვლება 1830 წლის 6 აპრილი, როდესაც ფაიეტში (ნიუიორკის შტატი) ჯოზეფ სმიტმა (Joseph Smith) დააარსა „ქრისტეს ეკლესია“. ეკლესიამ თავისი ამჟამინდელი სახელწოდება 1834 წელს მიიღო.

ამჟამად მსოფლიოში მორმონების რაოდენობა 12 მილიონს აჭარბებს ეკლესიის წევრთა ნახევარზე მეტი აშშ-ს საზღვრებს გარეთ ცხოვრობს. ეკლესია აქტიურ მისიონერულ მსახურებას ეწევა: დღესდღეობით მათ 56 ათასი მისიონერი ჰყავთ 162 ქვეყანაში. სხვადასხვა ქვეყანაში მორმონთა 124 ტაძარი არსებობს (უახლესი მათგანი იკურთხა 2006 წლის 23 ოქტომბერს ფინეთის დედაქალაქში).

წმინდა ტექსტი - „მორმონის წიგნი“ - ნათარგმნია 93 ენაზე (საერთო ტირაჟი 100 მილიონი ეგზემპლარი). ეკლესიას აქვს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო - ჟურნალი „Liahona“, რომელიც ორმოცდაათამდე ენაზე გამოიცემა (ქართულად, ჯერჯერობით, არ გამოსულა).

სარჩევი

ისტორია

ჯოზეფ სმიტის მტკიცებით, ღმერთი მასთან სამი სახით ურთიერთობდა: ხილვებით, წინასწარმეტყველებებით და განმარტების უნარის მინიჭებით. პირველი ხილვა მას 14 წლის ასაკში ჰქონია, რომლის დროსაც გასხივოსნებულ იქნა ღვთაებრივი ნათლით. ამ ნათელში მან დაინახა მამა ღმერთი და ძე ღმერთი.

მომდევნო ხილვა მას ეწვია 1823 წლის 21 სექტემბერს, რომლის დროსაც ანგელოზმა, სახელად მორონმა, სმიტს მიუთითა, რომ მის სახლთან დამარხული იყო ოქროს ფირფიტებზე დაწერილი წიგნი სახეცვლილი ეგვიპტური იეროგლიფებით. წიგნს თან ახლდა ორი ქვა - ურიმ და თუმიმ, რომლებიც, შესაბამისი რიტუალური წესით, სმიტს ამ წიგნის განმარტების დროს უნდა გამოეყენებინა. ამგვარად იქნა მის მიერ შედგენილი „მორმონის წიგნი“.

აღნიშნული წიგნის გარდა, მორმონთა შორის წმინდა წიგნებად ითვლება: „სწავლებანი და აღთქმანი“, „ძვირფასი მარგალიტი“ და „ბიბლიის ღვთივშთაგონებული თარგმანი”. ამათ შორის ყველაზე ცნობილი „მორმონის წიგნია“, რომელიც მორმონთა რწმენით, ამერიკის კონტინენტის პირველ მკვიდრთა შესახებ მოგვითხრობს. წიგნის ძირითად ნაწილში გადმოცემულია ვინმე ლეხისა და მისი ოჯახის ამბავი. ლეხს ჩვ. წ. აღრიცხვამდე დაახლ. 600 წელს დაუტოვებია იერუსალიმი და ამერიკის კონტინენტზე დასახლებულა. ამერიკელი ინდიელები, რომლებიც, წიგნის მიხედვით, ებრაელთა შთამომავლები ყოფილან, ცოდვათა გამო შავკანიანებად ქცეულან, მართალ ადამიანებს კი კანის თეთრი ფერი შეუნარჩუნებიათ. ამ ორ ჯგუფს შორის ომი ატყდა, რომელშიც ინდიელებმა გაიმარჯვეს. სიკვდილის წინ მორონმა, უკანასკნელმა თეთრკანიანთაგან, თავისი ერი აღწერა და წიგნი მიწაში დამარხა. სწორედ ეს გმირი გამოეცხადა ანგელოზის სახით სმიტს.

1829 წლის 15 მაისს ჯოზეფ სმიტსა და „მორმონის წიგნის“ გადამწერს, ოლივერ კაუდერს, გამოეცხადა იოანე ნათლისმცემელი, რომელმაც მათ უბრძანა ერთმანეთი მოენათლათ სესკვიანის მდინარეში (პენსილვანიის შტატი). ამ ნათლობით ისინი მღვდლები გახდნენ აარონის წესისამებრ. მოგვიანებით მათ გამოეცხადათ პეტრე, იაკობ და იოანე მოციქულები. მათ აღადგინეს მღვდლობა მელქისედეკის წესისამებრ, რომელიც იძლეოდა „ხელდასხმის ძალაუფლებას“. მღვდლობის ეს ორი წესი დადგინდა მხოლოდ მამაკაცებისთვის და მხოლოდ თეთრკანიანთათვის. ასე იყო 1978 წლამდე, როდესაც მორიგი ხილვის საფუძველზე ნებადართული შეიქნა „მორმონული“ მღვდლობა სხვა რასის წარმომადგენელთათვისაც.

მორმონთა პირველი საკრებულოები ჩამოყალიბდა ოჰაიოსა და მისურის შტატებში, სადაც ისინი იმთავითვე ზეწოლის ქვეშ მოექცნენ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. ამის გამო მისურის შტატში მყოფი მორმონები, სმიტის ხელმძღვანელობით, ილინოისში გადასახლდნენ, სადაც საკუთარი სოფელი შექმნეს. თუმცა აქაც დაუპირისპირდა მათ ადგილობრივი მოსახლეობა. სწორედ ამ დროს სმიტი ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ კი მოკლეს.

ამის შემდეგ ხელმძღვანელობა ბრაიამ იაშუს გადაეცა. მან მორმონები შორეულ დასავლეთში გადაიყვანა, სადაც 1847 წელს იუტას ტომის ინდიელთა ნასახლარზე დაფუძნდა კოლონია ცენტრით მარილიანი ტბის ქალაქში (SaltLakeCity).

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არსებობდა კიდევ ერთი მიზეზი მორმონთა დევნისა: პოლიგამია. მართლაც, XIX საუკუნის შუა წლებში ამ ეკლესიის წევრებს ერთდროულად რამდენიმე ცოლი ჰყავდათ. ამას მორმონები იმით ხსნიან, რომ იმ სექტებთან შეტაკებებისას, რომლებიც შემდეგ საკუთარი ქვეყნიდან წავიდნენ, რათა აღმსარებლობის თავისუფლება ჰქონოდათ, მათ ბევრი მამაკაცი დაკარგეს, ბავშვებსა და ქალებს კი დაცვა ესაჭიროებოდათ. ეს დაცვა იმით გამოიხატებოდა, რომ მათ მამაკაცები საკუთარ ოჯახებში ღებულობდნენ, ხოლო იმისათვის, რომ ამ ქალებს ახალ გარემოში უცხოდ არ ეგრძნოთ თავი და უფლებრივადაც გათანაბრებოდნენ ოჯახის სხვა წევრებს, თავიანთი მფარველებისთვის ცოლობა უნდა გაეწიათ. ერთ მამაკაცს შეეძლო 20-მდე ცოლიც კი ჰყოლოდა.

XIX საუკუნის დამლევს, ფედერალურ ხელისუფლებასთან მრავალწლიანი შეხლაშემოხლის შემდეგ, მორმონებმა პოლიგამია უარყვეს. ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ზოგიერთმა წევრმა დატოვა ეკლესია და საკუთარი საკრებულოები ჩამოაყალიბა, სადაც პოლიგამიის პრაქტიკამ არსებობა განაგრძო. დღეს მორმონთა ოფიციალური ეკლესიის მიერ პოლიგამია აკრძალულია (ამ აკრძალვას ემორჩილებიან საქართველოში მცხოვრები მორმონებიც).

მორმონთა ეკლესიის ცენტრად იუტას შტატი მიიჩნევა. უნდა ითქვას, რომ ეს შტატი საკმაოდ განსხვავდება ქვეყნის სხვა შტატებისგან. მაგალითად, 2004 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, იუტას შტატში შობადობა საშუალო დონეზე ბევრად მაღალი იყო აშშს სხვა შტატებთან შედარებით. ასევე „Center for Disease Control and Prevention“ ის მონაცემთა მიხედვით, იუტას შტატში მხოლოდ 12% პროცენტია მწეველი. ეს შტატი ლიდერობს ასევე იმ მოხალისეთა აქტიურობის ხარისხით, რომლებიც უანგაროდ ასრულებენ საზოგადოებისთვის სასარგებლო სხვადასხვა სახის სამუშაოს.

მოძღვრება

მორმონთა მტკიცებით, ღმერთს ადამიანური იერსახე აქვს და ამიტომ ადამიანსაც შეუძლია ღმერთში განვითარება. სამების სამი ჰიპოსტასი წარმოადგენს სამ დამოუკიდებელ ღვთაებრივ არსებას, რის გამოც რელიგიათმცოდნეები ზოგჯერ თავს იკავებენ იმისაგან, რომ მორმონებს მონოთეისტები უწოდონ. მორმონთა სწავლებით, ადამიანის სული სამყაროს შექმნამდე არსებობდა; მეორედ მოსვლის დროს ქრისტეს ათასწლოვანი სამეფო დაფუძნდება, რომლის დასრულების შემდეგ დედამიწა ზეციურ სფეროდ გარდაიქმნება და ყველა ადამიანი მარადიულ სამეფოში გადავა.

ღმერთი არ წარმოადგენს შემოქმედს, ის მხოლოდ „მომწყობია“, „გამფორმებელია“ სამყაროსი, რომელიც ყოველთვის არსებობდა. მას არ შეუქმნია გონიერი არსებები, მხოლოდ „მოიწვია“ ისინი, რათა შეერთებოდნენ მისი შესაქმის გეგმას. მართალია, ეს გონიერი არსებები ფლობენ თავისუფალ ნებას, მაგრამ უზენაეს კანონს ექვემდებარებიან, რომელსაც თვით ღმერთიც ემორჩილება.

მორმონთა რელიგიურ პრაქტიკაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მორწმუნის პირად მისტიკურ გამოცდილებას (ე.წ. „სულიერ ნიჭებს“), რომელიც მოიცავს წინასწარმეტყველებებს, გამოცხადებებსა და გლოსოლალიას (ენებზე მეტყველებას).

მორმონთა რწმენის სიმბოლო შეიცავს 13 მუხლს, რომლებიც, ძირითადად, ქრისტიანობის ტრადიციულ დებულებებს შეესაბამება. საერთოდ, „უკანასკნელი დღის წმინდანთა ეკლესიაში“ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადრეული სამოციქულო ეკლესიის ტრადიციისადმი ერთგულებას.

მორმონთა ეკლესიის წინამძღოლად გვევლინება წინასწარმეტყველი, რომელსაც ორი დამხმარე ჰყავს. სამივე ერთად კი წარმოადგენენ მორმონთა ეკლესიის უმაღლეს ორგანოს. ეკლესიაში არსებობს „თორმეტ მოციქულთა საბჭო“ და „სამოცდაათთა საბჭო“.

მორმონები საქართველოში

საქართველოში მცხოვრები პირველი ქართული ოჯახი, რომელიც მორმონთა ეკლესიას შეუერთდა, 1997 წელს მიმოწერას იწყებს სოლტლეიკ სითიში მცხოვრებ ახლო ნათესავთან. იგი ამ ოჯახს რეგულარულად უგზავნის ლიტერატურას ეკლესიის ცხოვრებისა და მისი დოქტრინის შესახებ.

1999 წლის თებერვალში იუტას შტატიდან ჩამოდის მისიონერი ცოლ-ქმარი, რომლებიც პირველ ეკლესიას აფუძნებენ თბილისში, ეს ეკლესია მაშინ სომხეთში არსებული მისიის ნაწილად ითვლებოდა. მათ მალე სხვა წყვილიც შეუერთდა, რომლებმაც ერთად დაიწყეს ეკლესიის ზრდა-განვითარებაზე ზრუნვა.

დღესდღეობით (2008 წ.), საქართველოს მორმონთა ეკლესიას სხვადასხვა ეროვნების 126 წევრი ჰყავს, რომელთა შორისაც არიან ქართველები, სომხები, რუსები, უკრაინელები, ჩეჩნები, გერმანელები, ნიგერიელები და სხვ.

საქართველოში მორმონთა ეკლესიის წევრები ყოველკვირეულად იკრიბებიან ავლაბარსა და საბურთალოზე არსებულ სამლოცველო სახლებში. ეკლესიაში არსებობს შემდეგი იერარქიული წოდებები: წინასწარმეტყველი, მოციქული, ევანგელისტი, ეპისკოპოსი, ხუცესი, მასწავლებელი და დიაკვანი.

მორმონები თავიანთ ძირითად რელიგიურ შეხვედრებს საკრამენტულ შეხვედრებს (საცრამენტ მეეტინგ) უწოდებენ. ეს შეხვედრები ყოველ კვირას ეწყობა და დაახლოებით 70 წუთს გრძელდება. მათზე დასწრება სხვა ქრისტიანული ეკლესიის წევრებსაც შეუძლიათ. ღვთისმსახურება მოიცავს ლოცვებს, ჰიმნების გალობას, ევქარისტიის საიდუმლოსა და ქადაგებას.

სხვა შეხვედრებიც იმართება, ე.წ. საკვირაო სკოლებში, სადაც ყოველი ასაკობრივი ჯგუფისთვის სხვადასხვა წრე ფუნქციონირებს (ისწავლება რელიგიური საგნები, უცხო ენები და სხვ.).

რაც შეეხება ეკლესიის ჰუმანიტარულ აქციებს, ამ სფეროში მორმონთა ეკლესია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან (მაგ., Catholic Relief Services, USAID და სხვ.) ერთად მოქმედებს. პროექტები მოიცავს იმ ექიმთა ტრენინგებს, რომელთაც ბავშვთა დაავადებებთან აქვთ საქმე, ასევე დიაბეტით დაავადებულთა კონსულტაციებს, ბავშვების უზრუნველყოფას ინვალიდთა ეტლებით, სმენადაქვეითებული ბავშვების აუდიომეტრებით უზრუნველყოფას და სხვ.

მორმონთა ეკლესიაში ნათლობის აღსრულებისთვის აუცილებელი პირობაა, რომ მოსანათლი 8 წელზე მეტი ხნისა იყოს - ეს ის ასაკია, როდესაც მას უკვე შეუძლია გააცნობიეროს საკუთარ თავზე აღებული ვალდებულება. ასევე აუცილებელი პირობაა, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანს, ვინც ნათლობისთვის ემზადება, ჰქონდეს ქრისტეს რწმენა და სინანული საკუთარი ცოდვების გამო.

დავით თინიკაშვილი

წყარო

რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბილისი,2008

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები