მსახურთუხუცესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მსახურთუხუცესი - სასახლის „მინისტრი“, სასახლის დაწესებულებათა - საწოლის (მეფის კაბინეტი) და სალაროს, სასახლის ხელშინაურ მსახურთა, ნაწილობრივ მეფის დომენის სამეურნეო საქმეთა მმართველი. სამხედრო სფეროში მსახურთუხუცესს, როგორც სამეფო დომენის ციხე-ქალაქთა უფროსს, დაკისრებული ჰქონდა დომენის ლაშქრისა და „ტაძრეული სპის“ სარდლობა.

საისტორიო წყაროებში მსახურთუხუცესის სახელო XII საუკუნის დამლევიდან მოიხსენიება. სამეფო კარზე მსახურთუხუცესის აღზევება თამარის მეფობის დროს დაიწყო, ხოლო რუსუდანის დროს იგი სავაზიროში იქნა შეყვანილი.

„ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, მსახურთუხუცესს ექვემდებარებოდა: მეფის საწოლი (კაბინეტი), რომლის უშუალო გამგე მესაწოლეთუხუცესი იყო, მეფის სალარო, რომლის სათავეშიც მოლარეთუხუცესი იდგა და მეფის საფარეშოები, რომლებსაც ფარეშთუხუცესი განაგებდა. საკუთრივ სასახლისა და დომენის მართვა, სავარაუდოდ, მსახურთუხუცესს არ მოეთხოვებოდა, რადგან იგი მანდატურთუხუცესის მოვალეობაში შედიოდა. როგორც ჩანს, ამ უკანასკნელს ექვემდებარებოდა მსახურთუხუცესი მის ვაზირის რანგში აყვანამდე. სავაზიროში შეყვანის შემდგომ მსახურთუხუცესს მეჭურჭლეთუხუცესის სწორი პატივი ჰქონდა და მასთან ერთად ორთა „საბატიო დარბაისელთა“ შემადგენლობაში შედიოდა; დარბაზობისას მისი „წვევა“ მესაწოლეთუხუცესს ევალებოდა; მეფედ კურთხევისას იგი დედოფლის, კათალიკოსისა და ჭყონდიდლის შემდგომ, სავაზიროს წევრთაგან რიგით უკანასკნელი სცემდა თაყვანს მეფეს. მსახურთუხუცესის სამოხელო ნიშანი იყო მეფისაგან ბოძებული „თვალედი“ (თვლიანი) ბეჭედი.

მსახურთუხუცეს მოლარეთუხუცესთან ერთად მონაწილეობას იღებდა მეფის შეკაზმვაში - მისი საპატიო მოვალეობა იყო მეფისათვის ტაშტის დაჭერა და მისი შემოსვა; ვაზირობის დროს მსახურთუხუცესი მეჭურჭლეთუხუცესის გვერდით იჯდა, პურობაზე კი - საწოლის მწიგნობარის გვერდით. საკუთრივ მისი მომსახურება მუქიფს ევალებოდა. ვახუშტის ცნობით, მსახურთუხუცესი მონაწილეობდა სასახლის კარზე ტაძრეულად შეწყალების ცერემონიალში - შეწყალებული პირისათვის მას უნდა შეერტყა ხმალი.

საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის რღვევის პროცესში ცალკეულ სამეფო-სამთავროში საკუთარი ხელისუფლებისა და მმართველობის აპარატი შეიქმნა. თუ რა ცვლილებები განიცადა ან რა ფუნქციები ჰქონდა მსახურთუხუცესს ადგილობრივ სამოხელეო სისტემაში, ისტორიული წყაროებით ნაკლებადაა ცნობილი, რადგან მათში მხოლოდ ამ სახელოების მფლობელ პირთა ვინაობაა დასახელებული (მაგ. საფარის სამრეკლოს წმ. მარინეს ეგვტერის ფრესკული წარწერიდან ცნობილი ხდება საათაბაგოში მანდატურთუხუცეს ბექა (I)-ის (1285-1308) მსახურთუხუცესის ლასურ ლასურიძის ვინაობა და სხვ.). ვახუშტის თანახმად, გვიან შუა საუკუნეებში ძველი მსახურთუხუცესის ფუნქციები ყორჩიბაშს შეუთავსებია.


სარჩევი

მსახურთუხუცესები XII-XIV სს

დასავლეთ საქართველოს სამეფოს მსახურთუხუცესები

XIII ს-ის ბოლო მესამედი არიშიანი ვარდანისძე - ვარდან სვანთა ერისთავის ძე, მსახურთუხუცესი და სვანთა ერისთავი 1270-იანი წწ-დან XIII ს-ის მიწურულამდე. ამ თანამდებობის მფლობელად იხსენიება იგი 1273-1305 წწ-ით დათრიღებულ ჯვრის მონასტრის აღაპში. მას „სპარსთაგან“ დაკავებული ჯვრის მონასტრისათვის მიუცია ათას ხუთასი თეთრი იმ დროს, როცა მონასტრის ძმები მეტოქში იყვნენ გადასულნი.

წყაროები და ლიტერატურა

ხელმწიფის კარის გარიგება 1965: 83-84, 91, 93-96; წესი და განგება მეფეთ კურთხევისა 1965: 53; ვახუშტი 1973: 32; ჯავახიშვილი 1982: 314-319; ჩხატარაიშვილი 1979: 58; ანთელავა 1983: 142-143; ბერიძე 1955: 56-57.


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები