მუსხელიშვილი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ მუსხელიშვილი

მუსხელიშვილი ნიკოლოზ ივანეს ძე - (1891, ქ. თბილისი - 1976, ქ. თბილისი) - მათემატიკოსი და მექანიკოსი. საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი.

სარჩევი

ბიოგრაფია

ნიკოლოზ მუსხელიშვილმა 1914 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი. 1920 წლის 15 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ ნ. მუსხელიშვილი თეორიული მექანიკის კათედრის დოცენტად აირჩია და პროფესორის ჯამაგირი დაუნიშნა. თავდაპირველად პროფესორთა საბჭო მუსხელიშვილის პროფესორის მოადგილედ არჩევას გეგმავდა, თუმცა ხარისხის არქონის გამო საბოლოოდ უარი უთხრეს.

ნიკოლოზ მუსხელიშვილი იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1939), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941), მისი პრეზიდენტი (1941-1972), 1933-1935 წლებში და 1941 წლიდან გარდაცვალებამდე - ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, სომხეთისა (1961) და აზერბაიჯანის (1972) მეცნიერებათა აკადემიების საპატიო წევრი, ბულგარეთის (1952), პოლონეთის (1960), ბერლინის (1967) აკადემიების წევრი, სსრკ სახელმწიფო პრემიის (1941, 1947), ლომონოსოვის სახელობის ოქროს მედლის (1972), ტურინის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო პრემიისა და ოქროს მედლის (1969), სლოვაკიის მეცნიერებათა აკადემიის მედლის მფლობელი.

ავტორია ფუძემდებლური გამოკვლევებისა დრეკადობის თეორიასა და ინტეგრალურ გამოკვლევებში. მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო კომპლ. ცვლადის ფუნქციათა გამოყენება დრეკადობის თეორიის ამოცანებისათვის, შემოიღო მრავალი მეთოდი, რომლებსაც წარმატებით იყენებენ მათემატიკის სხვა დარგებშიც თეორიულ ფიზიკასა და მექანიკაში. მან მეტად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ანალიზური ფუნქციების წრფივი სასაზღვრო ამოცანებისა და ერთგანზომილებიანი განსაკუთრებული ბირთვების მქონე ინტეგრალური განტოლებების თეორიაში. ნიკოლოზ მუსხელიშვილმა აღმოაჩინა არეთა ფართო კლასი, რომელთათვისაც ბრტყელი ამოცანა რედუცირდება ალგებრულ განტოლებათა სასრულ წრფივ სისტემაზე. იგი ავტორია ფუნდამენტური სახელმძღვანელოებისა ანალიზურ გეომეტრიასა და თეორიულ მექანიკაში. მისი მონოგრაფია „დრეკადობის მათემატიკური თეორიის ზოგიერთი ძირითადი ამოცანა“ სამაგიდო წიგნია მსოფლიო მათემატიკური სკოლის წარმომადგენელებისთვის. ნ. მუსხელიშვილი დაჯილდოებულია მრავალი ორდენითა და მედლით.

მანანა ლილუაშვილი

ლიტერატურა

ი. ვეკუა, აკადემიკოსი ნიკოლოზ მუსხელიშვილი, თბ., 1961; გ. მანჯავიძე, აკადემიკოსი ნიკოლოზ მუსხელიშვილი, თბ., 1982.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ნიკო მუსხელიშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები