მცხეთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მცხეთა

მცხეთა - ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში. მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესაყართან, მტკვრისა და არაგვის ორივე ნაპირზე, თბილისიდან დასავლეთით 21 კმ-ზე.

ისტორია

მცხეთასა და მის შემოგარენში („დიდი მცხეთა“) არქეოლოგიური გათხრები დაიწყო XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოების (ხელმძღვანელი დ. ბაქრაძე) თაოსნობით. განსაკუთრებით გეგმიანი ინტენსიური არქეოლოგიური კვლევა გაიშალა 1930-იანი წლებიდან (ხელმძღვანელები: ი. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, გ. ნიორაძე, ა. კალანდაძე, მ. ივაშჩენკო, ნ. ხოშტარია, გ. გობეჯიშვილი, გ. ლომთათიძე, ა. აფაქიძე).

არქეოლოგიური გათხრებით დადგინდა, რომ მცხეთა და მისი შემოგარენი დასახლებული იყო ჯერ კიდევ ადრინდელ და შუა ბრინჯაოს ხანებში (III-II ათასწლეული) გვიანდელ ბრინჯაოსა და ადრინდელ რკინის ხანებში (II-I ათასწლეული) კი აქ მჭიდრო მოსახლეობაა. ძვ. წ I ათასწლეულის შუახანებისათვის ძველი სამოსახლოები ერთ დიდ ქალაქად – „დიდ მცხეთად“ გაერთიანდა. ლეგენდის მიხედვით ქალაქი დააარსა ეთნარქმა მცხეთოსმა.

ძვ. წ III ს-ის დასაწყისში მცხეთა აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოს – ქართლის (იბერიის) დედაქალაქია, გადმოცემა ქართლის სამეფოს დამაარსებლად თვლის მცხეთის მკვიდრს ფარნავაზს, რომელსაც ქართლიდან განუდევნია უცხოელი დამპყრობლები და განთავისუფლებული ქართლის მეფე გამხდარა.

აღმოსავლურ-ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა მესხურმა ელემენტმა. მესხების სამოსახლო დღევანდელი მცხეთის ტერიტორიაზე უნდა გაჩენილიყო ძვ. წ VIII საუკუნის შემდეგ. ზოგიერთი მკვლევარი სახელწოდებას – „მცხეთა“ მესხების სატომო სახელს უკავშირებს. მცხეთის გადედაქალაქებაში დიდი როლი ითამაშა მისმა ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ აქ იყრიდა თავს გზები დასავლეთ საქართველოდან, მესხეთიდან, სომხეთიდან, ალბანეთიდან, ჩრდილო კავკასიიდან, მცხეთაზე გადიოდა მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო გზები – ე. წ აბრეშუმის გზა, აქლემის გზა და ცხვრის გზა.

ანტიკური ხანის მცხეთა შედგებოდა ორი ძირითადი ნაწილისაგან „არმაზით კერძი ქალაქისა“ (მტკვრის მარჯვენა სანაპირო) და „მუხნარით კერძი ქალაქისაგან“ (მტკვრის მარცხენა სანაპირო). მისი მოსახლეობა სოციალურად და პროფესიულად დიფერენცირებული და ეთნიკურად ჭრელი იყო. მცხეთას რამდენიმე უბანი ჰქონდა: საკუთრივ მცხეთა, შიდაციხე (არმაზციხე, აკროპოლისი, რომელიც სამეფო რეზიდენცია და საჭირო შემთხვევაში მოქალაქეთა თავშესაფარიც იყო), საპიტიახშო, მოგვთა, სარკინე, წიწამური, ნაქულბაქევი (ურიათუბანი) და სხვ. თითოეულ უბანში მოსახლეობა ძირითადად მისდევდა მეურნეობის ერთ რომელიმე დარგს – ლითონის წარმოებას (სარკინე), სოფლის მეურნეობას (წიწამური) და სხვ. უბნების ციხე-სიმაგრეები ქმნიდნენ „დიდი მცხეთის“ ერთიან სათავდაცვო სისტემას, მცხეთას ჩრდილოეთიდან იცავდა ღართისკარ-ბებრისციხე-წიწამურის, დასავლეთიდან –სარკინე-სავანის, აღმოსავლეთიდან კი ნაქულბაქევ-ზემო ავჭალის სასიმაგრო ნაგებობები. გორაკებზე აღმართული იყო კერპები (არმაზი-ბაგინეთის მთაზე, აინინა და დანინა არმაზის გზის პირას, ზადენი წიწამურის მთაზე და ა.შ.). ხოლო დაბლობში განლაგებული იყო სახელოსნოები, ბაღ-ვენახები, სასაფლაოები.

ფარნავაზისა და მისი მემკვიდრეების (საურმაგი, მირიან I, ფარნაჯომი, არსოკი, არტაგი) დროს მცხეთაში აშენდა სათავდაცვო, საკულტო და სხვა სახის ნაგებობანი. ამ პერიოდის მაღალ სამშენებლო და ხუროთმოძღვრულ კულტურაზე მიუთითებს არმაზციხესა და პიტიახშების რეზიდენციაში გათხრილი ნაგებობების ნაშთები, ქალაქის მხატვართუხუცესისა და ხუროთმოძღვრის თანამდებობის არსებობა და სხვ.

დედაქალაქობის ხანის მცხეთა ხელოსნობა-ვაჭრობის ცენტრი იყო. არქეოლოგიური მასალით დასტურდება, რომ ხელოსნური წარმოების უმთავრესი დარგები იყო მეთუნეობა, მელითონეობა, ქვითხუროობა, ხითხუროობა და მინის წარმოება. იყვნენ: მეთუნეები (მეკრამიტენი, მეაგურენი, მეჭურჭლენი, წყალსადენის მილების მკეთებელნი), კვერითხურონი, ქვითხურონი, ხითხურონი, მინის მბერავნი, ოქრომჭედელნი, წამწერელნი, ქვის მკვეთელნი (გემათა მომჭრელნი), ფულის მომჭრელნი და სხვ. „ევსტათი მცხეთელის მარტვილობის“ მიხედვით ირკვევა, რომ VI საუკუნეში მცხეთაში არსებობდა მეხამლე და მეჯადაგე ხელოსანთა რელიგიურ-ეთნიკური პრინციპების სფუძველზე შექმნილი კორპორაცია.

ფართო საგარეო სავაჭრო ურთიერთობის მაჩვენებელია მცხეთაში აღმოჩენილი უცხოური მონეტები (რომაული, პართული, სასანური) და ძვირფასი ნივთები. „ქართლის მოქცევის“ ქრონიკის ავტორი გვამცნობს, რომ მცხეთაში რელიგიური დღესასწაულების დროს იმართებოდა დიდი ბაზრობა.

ძვ. წ. 65 წ. რომაელთა მრავალრიცხოვანი და კარგად შეიარაღებული ჯარი პომპეუსის სარდლობით იბერიაში შემოიჭრა და ისე მოულოდნელად მიადგა მცხეთის აკროპოლისს (არმაზციხეს), რომ მისი დავცა შეუძლებელი გახდა. იბერთა მეფე არტაგი საჩქაროდ გადავიდა მტკვრის მარცხენა ნაპირზე და მტრის შეჩერების მიზნით ხიდი დაწვა. მტერმა არმაზციხე აიღო. იბერიის ჯარმა დამპყრობლებს შეუპოვარი წინააღმდეგობა მტკვრის მარცხენა ნაპირზე გაუწია, მაგრამ მაინც დამარცხდა. არტაგმა ამ ბრძოლაში 19 ათასი კაცი დაკარგა მოკლულთა და ტყვეთა სახით. საზავო ხელშეკრულებით რომაელებმა არტაგს თავს მოახვიეს რომის პოლიტიკური „მეგობრობა“ და სამხედრო „მოკავშირეობა“.

რომაელებთან „მეგობრული“ ურთიერთობა გაგრძელდა შემდეგ პერიოდშიც, რასაც ადასტურებს ნაქულბაქევთან აღმოჩენილი ქვაზე ამოკვეთილი ბერძნული წარწერა (ახ. წ. 75 წ.). წარწერის მიხედვით რომაელთა იმპერატორ ვესპასიანეს იბერთა მეფე მითრიდატესათვის ქალაქის ზღუდე გაუმაგრებია.

მცხეთის მიდამოებში სხვადასხვა დროს აღმოჩენილი ეპიგრაფიკული ძეგლებით გაირკვა, რომ იბერიაში არსებობდა რთული სახელმწიფო აპარატი, დიდი სამოხელეო თანამდებობანი მემკვიდრობით გადადიოდა. ცნობილი გახდნენ ისტორიული პირები: „იბერთა დიდი მეფე“ ქსეფარნუგი; მეფე ფლავიოს დადე, დედოფალი იამაზასპი, პიტიახშები – აგრიპა, ასპარუგი, არზამესი, ბურსუმა, ზევახი (ჯავახი). ეზოსმოძღვარი იოდმანგანი. ზევახის მეუღლე კარპაკი და მათი ასული 21 წლის ასაკში გარდაცვლილი სერაფიტი, მცხეთის მხატვართუხუცესი და ხუროთმოძღვარი ავრელიუს აქოლისი და მისი მეუღლე ბევრაზურია, ქვისმჭრელი პლატონი და ა.შ.

IV საუკუნის დასაწყისში, მირიანის მეფობის დროს, ნინო კაპადოკიელმა ქართლში ქრისტიანობა იქადაგა. ჯერ გაბატონებული კლასის წარმომადგენლებმა მიიღეს ქრისტიანობა, ხოლო შემდეგ ხალხიც მონათლეს, 337 წელს ქრისტიანობა იბერიაში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, მცხეთაში, სამეფო ბაღში, აშენდა ხის პირველი ეკლესია (ამჟამად მის ადგილზე სვეტიცხოვლის ტაძარი დგას). შემდეგ ხის სამი დიდი ჯვარი აღმართეს: ერთი იმ მთაზე, სადაც ახლა მცხეთის ჯვარია, მეორე – თხოთის მთაზე, მესამე კი – უჯარმაში.

IV-V საუკუნეებდან საქართველოში იწყება ფეოდალური ურთიერთობების განვითარება. ქართლში შექმნილმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ (ბრძოლა სპარსელების წინააღმდეგ, აღმოსავლეთის პროვინციების ექსპანსია) გამოიწვია თბილისის მნიშვნელობის გაზრდა. ვახტანგ გორგასალის ძის დაჩის მეფობის დროს (VI საუკუნის დასაწყისი) თბილისი ქართლის დედაქალაქი გახდა. დედაქალაქის თბილისში გადატანის შემდეგ მცხეთა საეკლესიო-რელიგიური ცენტრია, სვეტიცხოველი – საპატრიარქო ტაძარი.

მურვან ყრუს გამანადგურებელი ლაშქრობის (736-38 წწ) შემდეგ მცხეთა ქალაქად აღარ იხსენიება. ქალაქის ტერიტორია საგრძნობლად შემცირდა და შემოიფარგლა მტკვრისა და არაგვის შესართავთან არსებული სამკუთხა კონცხით. XV საუკუნის დასაწყისში მცხეთა თემურლენგვა დაარბია.

მცხეთასა და მის მიდამოებში ფეოდალური ხანის მატერიალური კულტურის არაერთი ღირსშესანიშნავი ძეგლია; მცხეთის ჯვარი (VI-VII სს.), სვეტიცხოველი (XI ს.), სამთავრო (XI ს.), ზედაზენი (დაარსებულია VI ს., ნათლისმცემლის ბაზილიკა VIII ს.), ანტიოქია (VII-VIII სს.), კალოუბნის ეკლესია (XII ს); ბებრისციხე (ადრინდელი შუა საუკუნეები) და სხვ.

ფეოდალური ხანის მცხეთაში ფართოდ იყო გაშლილი საგანმანათლებლო მუშაობა. VI საუკუნეში აქ შეიქმნა „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“. მცხეთაში მოღვაწეობდნენ არსენ დიდი (IX ს.), არსენ II (X ს.), მწიგნობარ-კალიგრაფები მაღალაძეები (XV-XVIII სს.) და სხვ.

აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთთან შეერთების (1801 წ.) შემდეგ მცხეთა დუშეთის მაზრის პატარა სოფლად იქცა. 1872 წლის 10 ოქტომბერს გაიხსნა ფოთი-თბილისის რკინიგზის ხაზი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მთელი საქართველოს, კერძოდ კი მცხეთის ეკონომიკურ ცხოვრებაში.

1940 წელს არმაზის მიდამოები გამოცხადდა ნაკრძალად. 1955 წელს მცხეთაში დაარსდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

1957 წელს მცხეთის ტერიტორია მდინარეებს არაგვსა და მტკვარს შუა ბებრისციხემდე გამოცხადდა არქეოლოგიურ ნაკრძალად. 1966 წელს მთლიანად მცხეთა გამოცხადდა არქეოლოგიურ ნაკრძალად, ხოლო 1968 წლის 6 ნოემბერა – ქალაქ-მუზეუმად.

1973 წელს დამტკიცდა ქალაქ-მუზეუმ მცხეთის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი (ავტორები – არქიტექტორები: ე. ბაგრატიონი, ა. გოცირიძე, ც. დიდებულიძე, თ. მენაბდე, ა. ლომთაძე, ვ. საგინაშვილი, ვ. ფაფერაშვილი, ინჟინერ-ეკონომისტი ვ. ბარათაშვილი). გენერალური გეგმა ითვალისწინებს მცხეთის ძველი ნაწილის ისტორიულად ჩამოყალიბებული განაშენიანების მასშტაბის და სილუეტის შენარჩუნებას.

1984 წელს შედგენილ იქნა მცხეთის ისტორიული ზონის არქიტექტურულ-ფუნქციური ორგანიზების იდეა-პროგრამა (ავტორები – არქიტექტორები: რ. ბერიძე, მ. გედენიძე, მ. გუგუნავა, ი. მასხარაშვილი) გ. შაიშმელაშვილი – ხელმძღვანელი). იგი ითვალისწინებს ჩამოყალიბებული, ურთიერთშეწონასწორებული არქიტექტურულ-ლანდშაფტური დომინანტების (მცხეთის ჯვარი, სვეტიცხოველი, სამთავრო, ბებრისციხე და სხვ.) ვიზუალური კომუნიკაციების არსებული სისტემის შენარჩუნებას, ხაზგასმას და, საჭირო შემთხვევაში დაკარგული კომპონენტების აღდგენას.

1974 წლის 24 აპრილს ჩამოყალიბდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მცხეთის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღვ. ა. აფაქიძე). 1977წლის 14 სექტემბერს მცხეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ბაზაზე შეიქმნა მცხეთის ხელოვნებისა და ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი ყოველი წლის ოქტომბრის თვეში ტარდება სახალხო დღესასწაული მცხეთობა.


წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები